როგორ მოვარჯულოთ მოღალატე ქმარი - კვირის პალიტრა

როგორ მოვარჯულოთ მოღალატე ქმარი

"დილით, სამზარეულოს მაგიდაზე მოკლე წერილი დამხვდა: "მივდივარ"

რედაქციაში ახალგაზრდა ქალი გვესტუმრა და საკუთარი წუხილი და განცდები გაგვიზიარა, იქვე დასძინა, რომ  იმედი გაუჩნდა, მის ცხოვრებაში ამიერიდან ბევრი რამ შეიცვლება...

სარკესთან ვიდექი და ვტიროდი, - გვიყვება 30 წლის თამთა, - აქამდე ცხოვრება ისეთი სტაბილური და ჩემი ოჯახიც ისეთი მტკიცე მეჩვენებოდა, რომ დარწმუნებული ვიყავი, მუდამ ასე გაგრძელდებოდა. იმ დღეს კი “ოჯახის კეთილისმსურველების” წყალობით შევიტყვე, რომ ჩემს ქმარს მეორე ოჯახიც ჰყავდა. მერე გამახსენდა, ბოლო ხანებში როგორ ეძებდა მიზეზს, რომ კარი გაეხურა და ღამე რომელიმე მეგობართან” გაეთენებინა. სინამდვილეში კი, იმასთან მიდიოდა თურმე...

იმ ქალს” ნინო ერქვა და ჩემი ქმრისგან შვილს ელოდებოდა. მე კი უკვე ორი გოგონა მყავდა, 7 და 5 წლის.

ის საშინელი ორი თვე, სანამ მე სიმწრით ენას კბილი დავაჭირე და არც კი ვუთხარი, რომ მისი ღალატის შესახებ ვიცოდი, ჩემი ქმარი აქეთ-იქით დარბოდა ორ ოჯახს შორის. იმ პერიოდში რამდენჯერმე ვიფიქრე, ავიკრავ გუდა-ნაბადს და მშობლების სახლში დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ ოჯახის დასანგრევად გამბედაობა არ მეყო, თანაც, ყველაფრის მიუხედავად, რამაზი მაინც მიყვარდა.

ორი თვის შემდეგ, დილით, სამზარეულოს მაგიდაზე მოკლე წერილი დამხვდა: "მივდივარ". ძალიან განვიცადე, ავადაც კი გავხდი, ბავშვებს ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი, სულ ჩემს უბედურებაზე ვტიროდი, რამაზის საქციელზე ვფიქრობდი, მინდოდა, გამეგო, რატომ მომექცა ასე უსამართლოდ. ჩვენ ხომ სიყვარულით დავქორწინდით. გამახსენდა, როგორ გავიცანით ერთმანეთი: უმაღლესდამთავრებულმა სპეციალობით სამსახური ვერ ვიშოვე და მეგობრის, თამილას დახმარებით კაფე-ბარში მიმტანად დავიწყე მუშაობა, სადაც ერთ საღამოს რამაზი მეგობრებთან ერთად მოვიდა თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად. სანამ მათ მაგიდას ვემსახურებოდი, ჩემთვის თითქოს ყურადღება არ მოუქცევია, მე კი ძალიან მომეწონა.

მეორე საღამოს კვლავ მოვიდა კაფეში და გამომელაპარაკა, გამომკითხა, ცოტა საკუთარ თავზეც მომიყვა, პატარა ბიზნესი მაქვს, მარტოხელა ვარ, ჩემი მშობლები კი რაიონში ცხოვრობენო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, სამი თვის თავზე მისი ცოლი გავხდი და თავი უბედნიერესი ქალი მეგონა. თუმცა, ქმარმა მუშაობა ამიკრძალა, - ოჯახს ჩემი შემოსავლითაც მშვენივრად ვარჩენ, შენ კი შვილებსა და სახლს მიხედეო.

ჩემი ქმრის სახლიდან წასვლის შემდეგ “კეთილისმსურველებისგან” ისიც შევიტყვე, რომ რამაზმა 20 წლის ნინოც კაფე-ბარში გაიცნო. კარგა ხანს უმალავდა თურმე, ცოლ-შვილი რომ ჰყავდა, მაგრამ ქალმა მაინც გაიგო და არჩევანის წინაშე დააყენა: ან შენი ოჯახი, ან მე, თუ არა და, ვერასოდეს მნახავო. არ ვიცი, რით მოხიბლა ასე ძალიან, რომ ყველა და ყველაფერი დაავიწყა, მაგრამ ფაქტია, რომ მიგვატოვა.

ერთ დილას, როცა ისევ დივანზე ვიწექი და ჭერს მივშტერებოდი, ჩემი მეგობარი თამილა მესტუმრა. უUფრო სწორად, ქარიშხალივით შემოვარდა და დამეძგერა:

- რას წამოწოლილხარ, დიდხანს აპირებ უბედური ქალის როლის თამაშს?

- მიყვარს, - ვთქვი ჩუმად და ისევ ცრემლები წამსკდა.

- გიყვარდეს მერე, ვინ გიშლის? გაუკვირდა თამილას, - ოღონდ მე რომ კაცი ვიყო, შენნაირ ქალთან არ დავბრუნდებოდი...

მეწყინა მეგობრის სიტყვები. ისიც მიხვდა და შეეცადა, აეხსნა:

- ამდენი წელია, გათხოვილი ხარ, ტაფისა და ცოცხის გარდა ხელში არაფერი გჭერია, სულ წინსაფარი გიკეთია. ასეთ ქალთან ცხოვრება საინტერესო არ არის. გეყოფა დიასახლისობანა, თავს მიხედე, სამსახური დაიწყე, ეს თმა ან შეიჭერი, ან დაივარცხნე, ახალი ტანსაცმელი იყიდე და საერთოდ, იცხოვრე!

- როგორ? - –თამილას სიტყვებმა დამაფიქრა.

- როგორ და დასაწყისისათვის ხვალ ჩემთან სამსახურში გასაუბრებაზე მოხვალ, (თამილა იურიდიულ ფირმაში მუშაობდა), ვაკანსია გამოჩნდა. იმედია, ჯერ არ დაგვიწყებია, რაც უმაღლესში გასწავლეს...

მოკლედ, მუშაობა დავიწყე. გავხალისდი, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა დავიწყე. იმასაც კი ვახერხებ, რომ საღამოობით მეგობრებთან ერთად სადმე წავიდე..

სამი დღის წინ კი სასამართლოს შენობასთან, სადაც ჩვენი გაყრის პროცესი უნდა გამართულიყო, გალამაზებული და საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი მივედი. რამაზს კარშივე შევეჩეხე. ადვილად შესამჩნევი იყო,  თვალები  როგორ გაუფართოვდა:

- როგორ შეცვლილხარ, სანამ კარგად არ დაგაკვირდი, ვერც კი გიცანი! –- მის ხმაში აღფრთოვანება შემომესმა.

- ცხოვრება გრძელდება, - გავუღიმე და სასამართლოს შენობის კარი ამაყად შევაღე.

ახლა რამაზი გასაქანს არ მაძლევს. მემუდარება, შემირიგდიო და პატიებას მთხოვს. არ ვიცი, რა მოხდება ხვალ, დავიბრუნებ თუ არა მოღალატე ქმარს, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ გულხელი არ უნდა დაიკრიფო, წინსაფარი უნდა მოიხსნა, საკუთარ თავში ქალი გააღვიძო და კაცი იძუUლებული გახადო, "დაგინახოს"...