"ეს ბავშვი არ უნდა დაიბადოს!" - კვირის პალიტრა

"ეს ბავშვი არ უნდა დაიბადოს!"

"დედამ მასწავლა, როგორ მოვიშორო ზედმეტი ტვირთი"

- დედაჩემი გააღვიძე და უთხარი, წამალი მოგცეს, - უთხრა ანას მოღუშულმა ქმარმა, რომელსაც პირიდან მყრალი სუნი ამოსდიოდა და თეთრი ქაფი წვრილ ზოლებად ეღვრებოდა ნიკაპზე.

- რა გჭირს? - შეჰკივლა ნამძინარევმა ცოლმა.

- წამალი მინდა, გააღვიძე დედაჩემი! - გამოცრა კაცმა.

აკანკალებული ანა დედამთილის საძინებელში შევიდა და ქალი ფრთხილად გააღვიძა...

- ტანსაცმლის კარადის კუთხეში კოლოფია. შენთან წაიღე. თვითონ მიხედე შენს ქმარს, - ჩაილაპარაკა ქალმა და კედლისკენ გადაბრუნდა. ანა გაშეშდა.

- დროულად გაუკეთე, თორემ დაანგრევს ყველაფერს, რას უდგახარ? - პირმოუბრუნებლად შეუღრინა ქალმა.

ლუკას მკლავზე ლახტი უკვე გადაეჭირა, კოლოფს ეცა, ამპულა გატეხა და შპრიცი დაბერილ ვენას დაუმიზნა... მერე დამშვიდდა და ჩაეძინა.

ანა ციებიანივით კანკალებდა. პლედი შემოიხვია და სასტუმრო ოთახში დივანზე დაწვა. ლუკა ნარკომანია და დედამისი უწყობს ხელს - ტვინს უჭამდა ფიქრი 18 წლის გოგოს. დილით აღელვებულმა დედამთილს უამრავი კითხვა დააყარა...

- ლუკა დიდი ხანია წამალზე ზის, თავის დანებებას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. რომ არ მივცე, მომკლავს! - უპასუხა დედამთილმა.

- თქვენ საიდანღა გაქვთ ნარკოტიკი?

- რამდენს მეკითხები? წადი, თავს მიხედე, დატკბი ცხოვრებით. დაორსულებაზე არც იფიქრო. ლუკას ორგანიზმი ისე აქვს ნარკოტიკით გაჟღენთილი, რომ ნუ დაიდებთ ბავშვის ცოდვას, - ქალს დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, თვალები კი ბოროტად უელავდა.

ანა ფეხაკრეფით გავიდა ოთახიდან, თითქოს სურდა, რაღაცას ჩუმად, უმტკივნეულოდ გასცლოდა. საწოლზე დაემხო და შეეცადა, აზრები დაელაგებინა. გაახსენდა, სტომატოლოგი დედამთილის კაბინეტიდან როგორი ბედნიერი სახით მიდიოდნენ ხოლმე ბიჭები - იმ ოთახს არასოდეს პაციენტი ქალი არ სტუმრებია... ლუკას "სტომატოლოგი" დედა ნარკოტიკებით ვაჭრობს? "აქ სად მოვხვდი, - აქვითინდა გოგო და თავის ნივთებს ეცა ჩასალაგებლად, - ამ ცოდვის ბუდეში ვეღარ დავრჩები", - ჩურჩულებდა და ცრემლი ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. დედამთილმა არ იეჭვოს, რომ გავრბივარო და გადაწყვიტა, თავისი ნივთები ნაწილ-ნაწილ გადაეტანა მშობლების სახლში. მალე სამუდამოდ უნდა გასცლოდა ლუკას. ანას არასდროს ჰყვარებია ქმარი. სულ სამჯერ ნახა და ამის შემდეგ როგორც მხეცმა ნადავლი, ისე მოიტაცა...

...ანამ ლუკა მიატოვა. კატეგორიულად განუცხადა, - ნარკომანთან და, მით უფრო ამ საშინელებით მოვაჭრე ქალთან ვერ ვიცხოვრებო.

სიმწრისგან ღმუოდა ლუკა, ეხვეწებოდა, არ წახვიდე, სხვაგან ვიცხოვროთ, შენ ხარ ჩემი გადარჩენის ერთადერთი იმედი, სადაც შენ არ იქნები, იქ ნარკოტიკი მომერევა და ბოლოს მომიღებსო, მაგრამ... - შენ გვერდით ვიწექი და მაინც ნარკოტიკი მოგერია, მაიძულე, ჩემი ხელით მომეტანა წამალი. ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდაო, -  მტკიცედ უთხრა ანამ და კარი გაიჯახუნა.

რამდენიმე დღის მერე ლუკა რესტორანში ჩხუბის დროს დაჭრეს და ერთ კვირაში გარდაიცვალა. ანა კი მიხვდა, რომ ორსულად იყო...

- თქვენი შვილი მახინჯი იქნება, ბავშვი არ უნდა გააჩინო, ლუკას ორგანიზმი ნაგვით აქვს სავსე, - ჩაესმოდა დედამთილის სიტყვები და თავს ებრძოდა, ბოროტება არ ჩაედინა. დედას გაუმხილა, რომ ორსულად იყო, ეგონა, ის მაინც დაეხმარებოდა უმძიმეს წუთებში. ეს ბავშვი ავადმყოფი იქნება, შენი ქმარი ხომ ნარკომანი იყოო, - დაასკვნა დედამ.

იმ ღამეს მშობლებმა ითათბირეს და დილით ანას განაჩენი გამოუტანეს - ან აბორტი უნდა გაიკეთო, ან დაბადებისთანავე უარი თქვა ბავშვზე! ჯანმრთელიც რომ დაიბადოს, მერე მაინც აღმოაჩნდება ნაკლი. რად გინდა ასეთი შვილი, ცხოვრებას დაგინგრევს. ბავშვის შვილად აყვანის მსურველს ჩვენ მოვნახავთ, ფულს გადაიხდიან, რომელსაც შენს განათლებას მოვახმართ და მერე უკეთეს კაცს გაჰყვები ცოლად, ეს ბავშვი საშინელ ტვირთად დაგაწვება, რომელსაც ვერავინ შეგიმსუბუქებსო, - ეუბნებოდა დედა და წარბშეუხრელად სთავაზობდა ამ საზარელ გარიგებას ქალიშვილს, რადგან გადაწყვეტილების სისწორისა სჯეროდა.

- რა ბოროტი ყოფილხარ, დედა, ჩემს დედამთილზე არანაკლები ბოროტი. გავიქცევი შინიდან, ან თავს მოვიკლავ, - დაემუქრა მშობლებს, რომელთაც იმედი ჰქონდათ, რომ ანა მალე მოტყდებოდა. ასეც მოხდა - 18 წლის გოგო მშობლების ნებას დაჰყვა...

"მე ვისწავლე, როგორ მოვიშორო ზედმეტი ტვირთი. ეს დედამ მასწავლა. სჯობდა, თვითონ მოვეშორებინე, როდესაც მიხვდა, რომ მუცლით მატარებდა... Aაბორტის შემდეგ სასწავლებლად გერმანიაში გამიშვეს. იქ შემიყვარდა კაცი, რომელიც ჩემთვის დაბადებული მეგონა. საოცარი იყო სიყვარულის გრძნობა, მოვდუნდი, ერთიანად  ვნებას მივენდე, რომ წარსულისგან გავთავისუფლებულიყავი. ის ბიჭი დანიელი იყო. თბილი, ყურადღებიანი და როდესაც ვიფიქრე, ბედნიერების მწვერვალზე ვდგავარ-მეთქი, მითხრა, - ცოლს ვურიგდებიო. თურმე ამ ხნის განმავლობაში ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ...

გული მერეოდა, საშინლად ვიყავი. იმ მატყუარას ვუთხარი, ორსულად ვარ-მეთქი. დამამშვიდა, - ევროპაში მარტოხელა დედებისთვის ცხოვრება იოლიაო. შემიჩნდა ეშმაკი - ტვინში დედაჩემის სიტყვები მიტრიალებდა, - ბავშვი, რომელსაც მამა არ ჰყავს, ზედმეტი ტვირთია... მე ხომ მან მასწავლა ამ ტვირთის მოცილება, არ ვიცი, რატომ მეშინოდა ბავშვის გაჩენის, თითქოს პირველი აბორტის დროს რაღაც მოხდა ჩემს ტვინში და შვილების მკვლელად ვიქეცი. ამჯერადაც სასიკვდილოდ გავიმეტე ჩემი სიყვარულის ნაყოფი. ერთი კვირის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტყუპი მყოლია და აბორტი სრულფასოვნად არ მქონდა გაკეთებული. ექიმებმა დაასკვნეს, რომ სახიფათო იყო ტყუპისცალის საშვილოსნოში დატოვება. - შესაძლოა მახინჯი დაიბადოს, ან ბოლომდე ვერც მიიტანოთ ორსულობა, ნაყოფი აუცილებლად დაზიანდებოდა, როდესაც ერთი ემბრიონი გამოვფხიკეთო, - გამომიცხადეს და მეც იოლად დავთანხმდი. საღამოს დედამ დამირეკა თბილისიდან, - როგორ ხარო. კარგად დედა, ზედმეტი ტვირთისგან გავთავისუფლდი, ცოტა დავიღალე და შენთან ლაპარაკის თავი არა მაქვს-მეთქი და ყურმილი დავკიდე...

გავიდა დრო, ერთხელ, მატარებლით მგზავრობისას ძალიან საინტერესო ფსიქოლოგი გავიცანი, დავუახლოვდი. ფრანკი გერმანელი იყო. მას გავანდე ჩემი ტრაგედია. ხანგრძლივმა ფსიქოლოგიურმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. მტკიცედ გადავწყვიტე, რომ დავვორსულებულიყავი და შვილი გამეჩინა. ფრანკი უზომოდ მიყვარდა... მე ხომ არავისგან ისეთი ზრუნვა არ მიგრძნია, როგორიც მისგან, ის დამემხმარა ჩემს თავში წლების წინ დასამარებული ადამიანი აღმედგინა მკვდრეთით და დედობის სურვილით ავსებულიყო ჩემი სხეული. მერე რა, რომ ასაკით თითქმის ორჯერ დიდია ჩემზე. მიყვარს ისე, როგორც არავინ და ბედნიერი ვარ, რომ მისგან შვილი გავაჩინე...

ჩემს მშობლებს ბავშვის ნახვის უფლებას არ ვაძლევდი. მთხოვდნენ, თბილისში დაბრუნდი და გაგვაცანი ფრანკი (ჩვენ სამოქალაქო ქორწინებაში ვართ) და ბავშვიო, რომელიც თურმე დედაჩემის და მამაჩემის საყვარელი შვილიშვილია.

6 თვის წინ ჩამოვედი ევროპიდან, რადგან შემატყობინეს, - მშობლები ავტოკატასტროფაში მოჰყვნენო. მამა მაშინვე გარდაცვლილა. დედამ სამი კვირა იცოცხლა. ძალიან მინდოდა, გონზე მოსულიყო და სიცოცხლის ბოლოს სინანულით ეთქვა, შვილების მკვლელობა არ უნდა მესწავლებინა შენთვისო. ბედნიერი ვარ, რომ ასეც მოხდა. რამდენიმე დღით მოვიდა დედაჩემი გონზე და როდესაც ჩემი შვილი დაინახა, სინანულით აღმოხდა, - დამნაშავე ვარ, მაპატიეო..." - წერს ანა თავის დღიურებში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამაცნო...

სოფო გამრეკელი