"გახდომა პირსახოცით? - ეს ქართველების ჩვევაა, საითაც ტაშს დაუკრავენ, იქეთ გარბიან” - კვირის პალიტრა

"გახდომა პირსახოცით? - ეს ქართველების ჩვევაა, საითაც ტაშს დაუკრავენ, იქეთ გარბიან”

"მოსინჯეთ პირსახოცი!"

"უსაფრთხო პირსახოცი ჯობია კიდევ რაღაც წამლებს, რომლებსაც გამწარებით არეკლამებენ"

ათეული წელია, იაპონელი ექიმი ფუკუცუძი ქალებს უმოკლეს დროში წონის მოცილებაში ეხმარება და ეს ყოველგვარი დიეტის, გამთანგავი ფიზიკური ვარჯიშისა და ფულის ხარჯვის გარეშე ხდება… მეთოდი, რომელიც იაპონელმა თავის წიგნში აღწერა, აზიაში 6-მილიონიან ტირაჟად გაიყიდა. წიგნში მოთხრობილი მეთოდისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ დიდი პირსახოცი, მყარი, მსხვილი ძაფი, ჰორიზონტალური ზედაპირი და დღეში 5 წუთი…მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში თქვენ წევხართ სწორ ზედაპირზე და წელის ქვეშ ამოდებული გაქვთ რულონივით დახვეული პირსახოცი. შედეგად მუცელი ქრება. რამდენიმე სანტიმეტრად დახვეულ პირსახოცზე წოლისას წინ წამოიწევს მკერდი, სწორდება ხერხემალი და სიმაღლეც კი გემატებათ…

სწრაფად და უმტკივნეულოდ გახდომის ამ მეთოდის შესახებ Marao.ge-ზე გამოქვეყნებულმა სტატიამ შეიძლება ითქვას, ნამდვილი სენსაცია გამოიწვია - რამდენიმე დღის განმავლობაში იგი 110000 ზე მეტმა ადამიანმა ნახა. არის თუ არა პირსახოცით გახდომა რეალური და რამდენად შეესაბამება ფუკუცუძის პანაცეა რეალობას, ამაზე წარმატებული დიეტოლოგი - ასმათ კევლიშვილი გვესაუბრა.

- თუ მუცლის მოშორება პირსახოცით შეიძლება, დაველოდოთ და ვნახოთ შედეგები. უშუალოდ დინამიკა გვაჩვენონ და ყველა დავინახავთ, რამდენად მისაღები მეთოდია. ქართველების ამბავი კარგად მოგვეხსენება, საითაც ტაშს დაუკრავენ იქეთ რომ გარბიან. გაიქცნენ, ნახონ, გამოცადონ და შედეგი გვაჩვენებს, რაც არის. პირსახოცი საფრთხეს მაინც არ შეიცავს. იმას ნამდვილად ჯობია, წამლებს რომ უკეთებენ გამწარებით რეკლამას, რომლებიც მართლაც საშიშია და ათასგვარი გვერდითი მოვლენები ახლავს... პირსახოცის მეთოდი ნებისმიერმა მოსინჯოს, მეც მაინტერესებს, რა შედეგი იქნება..

- თუმცა ამბობენ რომ ეს მეთოდიც შეიცავს საფრთხეს... შესაძლოა, ხერხემლის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს...

- კითხვა ასე უნდა დაისვას, თუ რა მექანიზმი მუშაობს ამ დროს... ვფიქრობ, ერთი სანტიმეტრი, მაქსიმუმ სანტიმეტრ ნახევარი შეიძლება გაიზარდოს ადამიანი ამ მეთოდით. აი, მუცლიდან ცხიმების ალაგება როგორ ხდება ხერხემალქვეშ ამოდებული პირსახოცით, ეს უნდა აგვიხსნან. ვინც ამ მეთოდს გვთავაზობს უნდა ახსნას, რა პროცესები მიმდინარეობს... ჩემთან ხშირად მოდიან ადამიანები და შემომჩივიან, რომ უამრავი მეთოდი სინჯეს და მხოლოდ დროებითი ეფექტი მიიღეს. მე არავის მეთოდის მიმართ კრიტიკულად არ ვარ განწყობილი. რაც არ უნდა კრიტიკული მოსაზრება გამოვთქვა, ადამიანები ამას ვერ გაიგებენ, სანამ თავის თავზე არ გამოცდიან. მგლის თავზე სახარებაო, ზუსტად ასეა... ყოველთვის მირჩევნია თავად გამოსცადონ და მერე მოვიდნენ. ისე, სწორი კვებით არა მხოლოდ სიმსუქნე, არამედ უამრავი დაავადება იკურნება.

- თქვენ კოლეგებს რომ დავუკავშირდით პირსახოცის მეთოდზე სასაუბროდ, გვითხრეს რომ არ სურთ პარამედიცინაზე საუბარი...

-არ მიკვირს. ცალსახა ბუნებაში არაფერი არ არსებობს. რაც შეეხება პარამედიცინას, მედიცინაა ყველაფერი, რაც ადამიანის ჯანმრთელობას ემსახურება. ეს ჩვენი ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა, როდესაც კლასიკური მედიცინა უარყოფს მკურნალობის სხვა დანარჩენ მეთოდებს. მარტო ერთ რამეზე ჩაჭიდება, გაჯიუტება და იმის პანაცეად ქცევა მედიცინას წინ ვერ წაიყვანს. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მოსახლეობა მოჯადოებულ წრეში დადის. თავის ჯანმრთელობის პრობლემებს ვერ აგვარებენ და ამას ხან ერთ ექიმს აბრალებენ, ხან მეორეს.. ექიმი კი არა, ის მეთოდი არ ვარგა, რომელიც მხოლოდ ერთ მიმართულებაზეა ჩაციკლული.

- ანუ მოვსინჯოთ პირსახოცის მეთოდი და დაველოდოთ შედეგს?

- რა თქმა უნდა! თუმცა ნებისმიერ ადამიანს ვურჩევ, პირსახოცი კი არა, ბუმბულებიც რომ შემოგვთავაზონ, უნდა მოვითხოვოთ ექიმისგან, აგვიხსნანნ რა ფიზიოლოგიური პროცესები მიმდინარეობს იგივე იოგას ვარჯიშების, ცურვის, სწორი კვების დროს.. არ შეიძლება ასე თვალდახუჭული ყველაფერს ენდო. რაც მთავარია მოსახლეობამ უნდა შეიგნოს, რომ თეთრი ხალათი არ არის ცოდნის გარანტი! ბევრ მასწავლებელს აქვს დიპლომი, მაგრამ პედაგოგი არ არის, ყველა მოძღვარს აცვია ანაფორა, მაგრამ ყველა სასულიერო პირი მოძღვარი არ არის...

ასევე იხილეთ: მუცლის სწრაფად მოშორების საოცარი მეთოდი პირსახოცით - იაპონელი ექიმის უნიკალური აღმოჩენა

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)