"ჩემმა ქმარმა სავაშზე იეჭვიანა" - კვირის პალიტრა

"ჩემმა ქმარმა სავაშზე იეჭვიანა"

მხოლოდ მე როდი ვაფრენდი სავაშზე. ჩემი მეგობრების უმრავლესობას ქმრები გადაერიათ. კაცები ცოლებს ვერ ცნობდნენ და სავაშის გინებაში იყვნენ 24 საათი...

შეიძლება ტელესერიალმა დაანგრიოს ოჯახი? რა სისულელეა, იტყვის ბევრი, ამის გამო ოჯახს ვინ ანგრევს?! - კვერს დაუკრავენ სხვები. თურმე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუ ქმარი ეჭვიანია და ცოლი არ ერიდება ქმრის თანდასწრებით მსახიობებით ხმამაღლა აღფრთოვანებას.

რამდენიმე თვის წინ, როდესაც ქართულ ტელესივრცეში ცნობილი თურქული სერიალი "სიყვარული და სასჯელი" გადიოდა, ქალების უმეტესობამ კინაღამ კერპად აქცია მსახიობ მურატ ილდირიმის გმირი - სავაშ ბალდარი. მათ შორის ბევრი საქმიანი ქალბატონიც იყო, რომელთაც თურმე საყვედურებიც კი მიუღიათ პარტნიორებისგან იმის გამო, რომ სერიალის ცქერაში გართულთ, შეხვედრების განრიგი შეუცვლიათ, ან სულაც ჩაუშლიათ. ფსიქოლოგები მსგავს ფაქტებს სულაც არ მიიჩნევენ პათოლოგიად, მაგრამ ყველა ქმარს როდი შეუძლია გაგებით მოეკიდოს ცოლის აციმციმებულ თვალებს, როდესაც ეკრანზე მისი კერპი ჩნდება, ქმარი კი ყოველგვარი ყურადღების გარეშე რჩება.

აი, რა გვიამბო სავაშის ცქერით გართულმა თამარ ჯ.-მ.

- არასდროს ვყოფილვარ გატაცებული სერიალებით, მაგრამ დაქალებისგან მუდმივად მესმოდა, ვაიმე, ეს სავაში რა მაგარი კაციაო. დამაინტერესა და ფილმის ყურება დავიწყე. იმდენად გამიტაცა ამ კაცის გულშემატკივრობამ თუ ტრფობამ, რომ მორიგ სერიამდე სული მელეოდა და მომდევნოებს ინტერნეტით ვუყურებდი. სამსახურში უფროსები გამიგიჟდნენ, თამარ, რა გჭირსო? ოთახში ვიკეტებოდი და ფილმს ვუყურებდი, ეგონათ ვმუშაობდი, არადა, ყველაფერი გვერდზე მედო. შესრულებულ საქმეს რომ მოითხოვდნენ, ათას სისულელეს ვიგონებდი. იქ კიდევ ვახერხებდი თავის დაძვრენას, მაგრამ ქმარი გამიგიჟდა...

- ეჭვიანობდა?

- თავიდან არც მიუქცევია ყურადღება, მაგრამ ეჭვის თვალით მას შემდეგ შემომხედა, როცა შინ მშიერი და დაქანცული მოვიდა, მე კი ეკრანისთვის თვალიც არ მომიცილებია. თაკო, მშიაო, სამზარეულოდან გამომძახა ღონემიხდილმა. ერთი კი გავიფიქრე, საწყალი, დაღლილია, ვაჭმევ-მეთქი, მაგრამ სერიალში ისეთი დაძაბული სიუჟეტი იყო, გავატარე... ეს ჩემი ქმარიც არ მომეშვა - მშია, მშია, მაჭამეო, აღრიალდა ბოლოს. რა მექნა, ლეპტოპი ხელში ავიღე, ისე, რომ თვალი არ მომიცილებია ეკრანისთვის, სამზარეულოში გავედი და ცალ ხელში ლეპტოპმომარჯვებული, მეორე ხელით სუფრას ვუწყობდი. სამზარეულოდან გამოსვლა რომ დავაპირე, მითხრა, შენც დაჯექიო... მაგიდაზე ლეპტოპი დავდე და ფილმის ყურება გავაგრძელე. გაოცდა, რას უყურებ ასეთს, ვერ გცნობო. ვუთხარი, თურქული სერიალია, ძალიან მაგარი კაცი თამაშობს-მეთქი. არც მიმიქცევია ყურადღება, ამ დროს რა სახე ჰქონდა ლევანს... ფილმის ცქერით რომ დავიღალე, სავაშით აღფრთოვანებულმა დაქალს დავურეკე და ნანახი მოვუყევი.

მეორე დღესაც ასე მოხდა... მესამე დღეს სამზარეულოშიI ისევ ლეპტოპით რომ შევედი, ლევანს მოთმინებამ უღალატა, დააგდებ მაგ ლეპტოპს და მომაქცევ ყურადღებას, თუ მივანარცხო კედელსო? ამაზე გავგიჟდი, როგორ მელაპარაკები-მეთქი. ისე ვიჩხუბეთ, იმ ღამეს ერთ ოთახში არ გვეძინა. მეორე დღეს ლევანი გვიან მოვიდა, ნასვამი. არც გავნძრეულვარ, წინადღის წყენა მონელებული არ მქონდა. მაჭამე რამეო, დამიძახა კარიდან, არადა, აშკარად დანაყრებულ-ნაქეიფარი იყო. კარგად გამძღარხარ და შემეშვი-მეთქი. შემოვარდა ოთახში, ლეპტოპი გამომგლიჯა ხელიდან და კედელს მიანარცხა. ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ იქნება ჩემი რეაქცია... ყვირილზე ბავშვები გამოცვივდნენ და აღრიალდნენ, ასეთი რამ არასდროს ენახათ, გვეხვეწებოდნენ, არ იჩხუბოთო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მდგომარეობა უკიდურესად დაგვეძაბა, არადა, ახლა რომ ვფიქრობ, ჩემი ქმარი მართალი იყო. მოდიოდა კაცი შინ, რომელსაც ცოლის მზრუნველობა  და ალერსი სჭირდებოდა, მე კი ვიღაც სავაშზე ვაფრენდი. არადა, მასზე ნაკლები თვისებები არც ჩემს ქმარს ჰქონდა.

- გამოუტყდი ქმარს, რომ თავს დამნაშავედ გრძნობდი?

- არა, რას ამბობ, კინაღამ გავიყარეთ... მისი დანახვა არ მინდოდა... მერე ტკივილები დამეწყო მკერდის არეში. ჯერ გული მეგონა, მერე მივხვდი, რაღაც სხვა იყო და გამოკვლევებზე გავიქეცი. აღმოჩნდა, რომ ძუძუს სიმსივნე მქონდა. როდესაც ლევანმა ეს ამბავი გაიგო, კინაღამ გაგიჟდა. რა თქმა უნდა, დაივიწყა ყველაფერი და თან გადამყვა. რომელი სავაში შეედრება ჩემს ქმარს?! გვერდიდან არ მომცილებია... უმძიმესი მკურნალობის კურსის შემდეგ, გადავრჩი. ლევანი რომ არ მყოლოდა, ალბათ, ვერ გადავიტანდი...

- გამოდის, სავაშმა კინაღამ ოჯახი დაგინგრიათ?

- ასე გამოდის... უფრო სწორად, ჩემმა აცეტებამ კინაღამ ოჯახი დამინგრია... საკვირველი ის არის, რომ მხოლოდ მე როდი ვიყავი ასეთ მდგომარეობაში, ჩემი მეგობრების უმრავლესობას ქმრები გადაერიათ. კაცები ცოლებს ვერ ცნობდნენ და სავაშის გინებაში იყვნენ 24 საათი.

სისულელეა ეს ყველაფერი - ფილმი და ყოველდღიური ცხოვრება განსხვავდება ერთმანეთისგან. ხანგრძლივი თანაცხოვრების მანძილზე ისე ვეჩვევით ერთმანეთს, ისე უბრალოვდება ურთიერთობები, რომ თითქმის ვეღარ ვამჩნევთ ჩვენი ქმრების ღირსებებს.

ქალებო, გირჩევთ, სერიალების ცქერას, სჯობს ქმრებს ვუყუროთ თვალებში და ვუბიძგოთ, რომ ისინიც კინოგმირებს დაემსგავსონ.

სოფო გამრეკელი