ეტლს მიჯაჭვული 48 ბედნიერი წელი - კვირის პალიტრა

ეტლს მიჯაჭვული 48 ბედნიერი წელი

როგორც წესი, მამაკაცები იშვიათად გვწერენ, უფრო იშვითად გვიამბობენ თავის შესახებ, ამიტომ რედაქციაში შუახანს მიტანებული მამაკაცის გამოჩენამ ძალიან დაგვაინტერესა. ღიმილით გვითხრა, მინდა ჩემი ოჯახის შეესახებ მოგითხროთ, მაგრამ კარგი მოსაუბრე არ გახლავართ, თანაც საუბრისას შესაძლოა რამე გამომრჩეს, ამიტომაც წერილი ინებეთო. აი, რას წერს ბატონი დავითი:

დედა მამამ ცოლად მაშინ შეირთო, როდესაც დედა ავტოკატასტროფის შედეგად დასახიჩრდა და გაიგო, რომ ვერასოდეს გაივლიდა. მაშინ 26 წლისა ყოფილა, მამა კი 31-ის. იმ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე უჩხუბიათ. დედას ვიღაც გოგოსთან ერთად უნახავს ”ლაღიძეში,”მაგიდასთან ისხდნენ და ისე ჭუკჭუკებდნენ, რომ თვალთ დამიბნელდა, არც დავინტერესებულვარ, ვინ იყო ის გოგო, რატომ ჰქონდა ჩემს შეყვარებულს ბედნიერი სახე, რატომ უციმციმებდა თვალები... საშინლად გავლანძღე ორივე, ისე გავკიოდი, გარშემომყოფები გაკვირვებით მომჩერებოდნენო, - წლების შემდეგ მიყვებოდა დედა. საღამოს კი მამა მივარდნია შინ და ისე უჩხუბიათ, შეწუხებულ მეზობელს ტელეფონით დაურეკავს, ან გაჩერდით, ან არადა მილიციას გამოვიძახებო. მაშინ მამას არც უცდია აეხსნა, ვინ იყო ის გოგო.

შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, ვერავინ წარმოიდგენდა. რამდენიმე კვირის შემდეგ დედაჩემი, ნინო, ავტოკატასტროფაში მოხვდა. 6 თვე ებრძოდა სიკვდილს. გონს რომ მოვიდა და გაიგო, რაც ელოდა, სიკვდილი ინატრა. ეს სურვილი უფრო გაუმძაფრდა საავადმყოფოს პალატის კარში ყოფილი შეყვარებულის, მამაჩემის, ზურას, დანახვისას. თურმე გამწარებული უკიოდა ზურას - წადი, არ დამენახო, გაიხარე ჩემი უბედურებითო. ზურა იქვე კარის უკან ჩაიკეცა და ელოდებოდა, როდის გაუვლიდა ნერვული შოკი.

ექიმებისა და მშობლების თხოვნა-მუდარით, როგორც იქნა, ნინომ ზურა პალატაში შეუშვა. საავადმყოფოდან გამოსვლამდე მამა გვერდიდან არ მოსცილებია, მაგრამ დედა ნერვიულად მხოლოდ ერთს გაიძახოდა - მომშორდიო. თავის მოკვლაც კი უცდია...

დრომ თავისი ქნა და როგორც იქნა, დედა ბედს დამორჩილდა. შეეგუა, რომ ვეღარასოდეს გაივლიდა, მამას მიმართაც ისეთი აგრესიული აღარ იყო და მასაც ერთ დღეს ხელი უთხოვია, მაგრამ უარი მიუღია - სიცოცხლეს ჯოჯოხეთად ვერ გიქცევო, უთქვამს დედას. მაშინ მამამაც დედას მშობლებს სთხოვა, დასასვენებლად წავიყვან ბიჭვინთაშიო. გაატანეს... რომანტიკული არდადეგები მოუწყო თურმე შეყვარებულს. დედა იხსენებდა, ხელში ამიყვანდა და ისე დამატარებდა სანაპიროზე, ძალიან ბედნიერი ვიყავიო.

ბიჭვინთიდან დაბრუნებულები, მალევე დაქორწინდნენ, ჩემ შემდეგ ჩემი და-ძმა გაჩნდა. ისე დავიზარდეთ, არ გვიგრძნია დედას შეზღუდული შესაძლებლობები. მას მხოლოდ ხელების მოძრაობა და ჯდომა შეეძლო, მაგრამ მაინც საოცრად გვივლიდა. მამაც ისე უყვარდა, არ გვახსენდება ერთი დღეც, რომ თუნდაც წაკინკლავებულიყვნენ.

ყოველ ზაფხულს მამას დედა ზღვაზე მიჰყავდა. ჩვენ თან არასოდეს წავუყვანივართ. ვგრძნობდით, რომ მხოლოდ ორნი, ძალიან ბედნიერები იყვნენ.

გამოხდა ხანი და ჩვენც შევქმენით ოჯახები, გავმრავლდით... ხუთი წლის წინ, მამას ინსულტი დაემართა. მოხუცები შინ მარტო იყვნენ. დედამ დაურეკა სასწრაფო დახმარებას, ჩვენც შეგვატყობინა. სასწრაფო ჩვენზე ადრე მივიდა, ექიმებს კარი შეღებული დახვედრიათ, დედა კი იატაკზე ღონემიხდილი იწვა. თურმე მამას გონება რომ დაუკარგავს და დაცემულა, დედა ეტლიდან ჩამოცურებულა, რომ მამასთვის ეშველა, მერე ისღა მოახერხა, რომ ტელეფონამდე ტანჯვით მიხოხებულიყო, დაერეკა და სასწრაფოსთვის კარი ღია დაეტოვებინა. წარმოიდგინეთ, მისი უღონო ხელებისთვის რა ძალა უნდა მიეცა სიყვარულს... კარის გაღების შემდეგ უგრძნია საშინელი ტკივილი ხერხემლის არეში... მას მერე დედა ვეღარც ჯდება.

ახლა ჩვენ ვუვლით ისე, როგორც ოდესღაც მამა უვლიდა. რომ არა მისი გულმოდგინება და დაჟინება, ვერ გავჩნდებოდით ამ ქვეყანაზე და დედა, რომელსაც 48 წელია ფეხზე არ გაუვლია, ვერ იტყოდა, რომ ძალიან ბედნიერად იცხოვრა. მამა თვე-ნახევარი ებრძოდა სიკვდილს, ვერ გადავარჩინეთ საოცარი ადამიანი, რომელიც არასოდეს იმჩნევდა დაღლას, ფიქრსა და სადარდებელს”...

ცნობისმოყვარეობამ არ მომასვენა და ბატონ დავითს ვკითხე, ნუთუ თქვენც არასოდეს გიცდიათ გაგეგოთ, ვინ იყო ის გოგო, ”ლაღიძის წყლებში”რომ შეყვარებულების სკანდალის მიზეზად იქცა-მეთქი? პოლონელი ტურისტი აღმოჩნდა, რომელიც ჭაბუკობის დროს გადაურჩენია მამას ბიჭვინთაში, მაშინ პატარა გოგონა ყოფილა, რომ წამოზრდილა საქართველოში ჩამოსულა, რომ თავისი მხსნელი ახლოს გაეცნო. ამ ამბავს არც ერთი არ იხსენებდა. დედას დღემდე ტანჯავს დანაშაულის გრძნობა იმ სკანდალის გამო, - მითხრა ბატონმა დავითმა.

სოფო გამრეკელი