"მესიზმრება, ხელს მაფარებს პირზე, - არაფერი თქვა, თორემ მოგკლავო..." - კვირის პალიტრა

"მესიზმრება, ხელს მაფარებს პირზე, - არაფერი თქვა, თორემ მოგკლავო..."

მარი ძალიან ახალგაზრდა გათხოვილა. მასზე ასაკით ბევრად უფროს კაცს მოუტაცია. მიუხედავად ამისა, ბედნიერად ვცხოვრობდი მის გვერდით, დიდებულ ქმრობას მიწევდა და რომ არა უბედური შემთხვევა, მთელი სიცოცხლე მისი, როგორც ჩემი ცხოვრების საუკეთესო მეგზურის, მადლიერი ვიქნებოდიო, - ამბობს ნაადრევად დაქვრივებული ქალი.

ქმარი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ქალი გულწრფელად გლოვობდა საყვარელ მეუღლეს და მაშინ ისიც არ გაჰკვირვებია, მაზლი სათუთად რომ იკრავდა გულში და ცდილობდა, ენუგეშებინა. მეტიც, იმედი ჰქონდა, რომ ბიძის მზრუნველობა არ მოაკლდებოდა მის ობლებს.

თამაზი დიდხანს ცხოვრობდა რუსეთში. ძმის დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე სამშობლოში დაბრუნებული თამაზი რძლის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა.

მარი: - ის ყოველთვის თბილი, ალერსიანი და მზრუნველი იყო. ძმასავით ვუყურებდი, ამიტომაც მის ქცევაში რაიმე არაბუნებრივს ვერ ვამჩნევდი.

- როდის მიხვდი, რომ საქმე სულაც არ იყო, ისე, როგორც შენ გეგონა?

- შოთიკოს ორმოცზე, ცხადია, სუფრა გაიშალა. როდესაც ჩემი დედამთილ-მამამთილი და სტუმრები წავიდნენ, თამაზი დარჩა, ბავშვებს ეთამაშებოდა. მერე ისინიც მივაძინე და სუფრის ალაგება გადავწყვიტე. თუმცა თამაზს დაესწრო და თითქმის ყველაფერი მიელაგებინა. შევიცხადე, - რატომ შეწუხდი, დაგესვენა, ან შინ წასულიყავი, უკვე გვიანია-მეთქი. ხელები მომხვია მხრებზე... მეხამუშა ნასვამი კაცის ასეთი საქციელი, თუნდაც მზრუნველი მაზლისგან და ვცადე მომეშორებინა. უფრო მომეხვია. საზიზრად იქცეოდა, ვერც ვყვიროდი, მეშინოდა, ბავშვებს არ გაღვიძებოდათ... როგორც იქნა, მოვახერხე გასხლტომა და სააბაზანოში შევვარდი. მთხოვდა, გამოვსულიყავი, მაპატიე, ცუდად მოვიქეცი, გამიჭირდა თავის შეკავებაო.  ახლავე წადი და აქ აღარასოდეს მოხვიდე-მეთქი. როგორც იქნა, წავიდა...

აკანკალებული გამოვედი სააბაზანოდან და შემოსასვლელის კარი ურდულით ჩავკეტე. არ ვიცოდი, რა მექნა. ვტიროდი ჩემს უბედურებას, რომ ქმარი, საოცარი ადამიანი გვერდით აღარ მყავდა და ამ უსირცხვილო კაცის გვერდით დაუცველი ვიყავი.

- რას ითხოვს?

- ერთსა და იმავეს გაიძახის, მიყვარხარო.  უცხოეთში წავიდეთ, ბებია-ბაბუებთან დავტოვოთ ბავშვები, შორიდან არაფერს მოვაკლებო. ამას რომ მეუბნება, მეზიზღება. რას აღარ ვიგონებ, რომ ხელიდან დავუსხლტე. ტელეფონს რომ ვუთიშავ, მესიჯებს მიგზავნის, წერილებს მიტოვებს კართან და გული მისკდება ბავშვებმა არ ნახონ. ზოგჯერ ისეთ გუნებაზე მაყენებს, რომ მინდა მოვკლა.

- მაზლი რომ არ იყოს, ასეთი დამოკიდებულება გექნება მის მიმართ?

- ქმარი ძალიან მიყვარდა. მის სახელს ახლაც უზომოდ დიდ პატივს ვცემ. სულ რაღაც წელიწად-ნახევარია გასული მისი დაღუპვიდან. ისე მტკივა უმისობა, რომ ზოგჯერ სიცოცხლეც არ მინდა. არ აქვს მნიშვნელობა, მაზლი იქნება თუ სხვა, მე არავინ მაინტერესებს. რამდენჯერ მინატრია, ნეტავ ეგ იდოს მიწაში და ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს-მეთქი...

- ჩვენთან რატომ ჰყვებით ამ ამბავს?

- ვიღაცას რომ არ ვუთხრა, გული გამისკდება. ძნელია გულში დაიტიო ეს ყველაფერი. იქნებ წავიდეს უცხოეთში, შემეშვას და აქ მშვიდად ვიცხოვრო ჩემს შვილებთან და დედამთილ-მამამთილთან ერთად. მართალია, ისინი სხვა სახლში ცხოვრობენ, მაგრამ გადამკვდარი არიან ჩემზე და ბავშვებზე. რა ვუთხრა იმ საწყლებს, ერთი შვილი დამარხეთ და მეორე ნაძირალა გყავთ-მეთქი? ან ჩემს მშობლებს და ძმას რა ვუთხრა? ხომ მოსჭრიან თავს იმ ავადმყოფს, მის გამო ციხეში გავუშვა მამა და ძმა?

ერთხელ მთვრალი მოვიდა, ვიღაც გოგო ახლდა, ზარი რომ გაისმა და სათვალთვალოში გავიხედე, ის გოგო დავინახე მხოლოდ და იმიტომ გავაღე კარი. მერე გოგო უცებ კიბეზე დაეშვა და ეგ შინ შემომივარდა. ბედად ბავშვები სახლში იყვნენ და იმათი მოერიდა. ვუთხარი, ვიყვირებ და ქვეყნიერებას შეგიყრი-მეთქი. სააბაზანოში მიმათრევდა, ბავშვები იქ ვერ დაგვინახავენო. ვიმარჯვე, კარზე მივაკვრევინე თავი და გავექეცი. ბავშვების საძინებელში შევვარდი და იმათ გადავეფარე. წაეთრა. იმის მერე აღარ მოსულა, მაგრამ მითვლის, \- ვერსად წამიხვალო. მეშინია, იმ ზომამდე არ მიმიყვანოს, რომ მოვკლა. ეგეც ბევრჯერ მიფიქრია. მე პოლიციას და ქალების უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვერ დავუძახებ, არ მინდა ქვეყანამ გაიგოს ჩემი ამბავი.  მოსვენება მაქვს დაკარგული. მესიზმრება, რომ ყველა ჩემს საყვარელ ადამიანს კლავს და მერე ხელს მაფარებს პირზე, - არაფერი თქვა, თორემ  მოგკლავო...

სოფო გამრეკელი