"იფიქრა, ამ ბავშვით კაცი სულ გამოჭერილი მეყოლება და ცხოვრებას მოვიწყობო, თუმცა..." - კვირის პალიტრა

"იფიქრა, ამ ბავშვით კაცი სულ გამოჭერილი მეყოლება და ცხოვრებას მოვიწყობო, თუმცა..."

მაკა ნინუა თბილისის ძველი უბნის სკვერში გავიცანი. მე მეგობარს ველოდებოდი, ის ტყუპს ასეირნებდა. ძიძა მეგონა, რადგან დედა და შვილები არ ჰგავდნენ ერთმანეთს. მაკას გაეცინა, - ფაქტობრივად, ასეც არის, ძიძა ვარ, ოღონდ სამუდამოო. მერე ლაპარაკს შევყევით... მომინდა, მაკას ამბავი თქვენთვისაც მომეთხრო. მან მარტოობის წამალი იცის და სიამოვნებით გაუზიარებს მკითხველს...

მაკა ნინუა: - სამი შვილის დედა ვარ და მეოთხეს ველოდები. სამიდან არც ერთი არ არის ჩემი ბიოლოგიური შვილი. პირველი ვაჟი ჩემი ბავშვობის მეგობრისგან ვიშვილე, რომელსაც ცოლი ჰყავდა, როცა ერთ ფეხმსუბუქ ქალს აეკიდა და დააორსულა. კაცმა უთხრა, - გააჩინე და გიპატრონებო. იმანაც იფიქრა, - ამ ბავშვით კაცი სულ გამოჭერილი მეყოლება და ცხოვრებას მოვიწყობო, თუმცა, მალევე მიხვდა, რომ დედად არ ვარგოდა და ბავშვის მამას სთხოვა, ძიძა დამიქირავეო. იმ პერიოდში უმუშევარი ვიყავი. ლევანი კი ჩემთვის ძმასავით ახლობელი იყო. მთხოვა, ცოტა ხნით ჩემს შვილს მიხედეო. შვილი არასოდეს მყოლია და ბავშვს არასდროს მივკარებივარ, როგორ მოვუარო-მეთქი. ვიცი, რომ შეძლებ და ბავშვს მზრუნველობას არ მოაკლებ. ცოტა დრო მჭირდება, რომ ოჯახში ვითარება დავალაგო და პატარა წავიყვანოო, - მემუდარებოდა.

ცოლი ვერც მალე დაიყოლია და ვერც გვიან, მე კი ლუკა ისე შემიყვარდა, მის მშობლებს შევთავაზე, მომაშვილეთ-მეთქი. დედა სიამოვნებით დამთანხმდა, თვითონ დაჰკრა ფეხი და ცხრა მთას გადაღმა გაიქცა. მამამაც გაიხარა - გვივლის მეც და ჩვენს შვილსაც. ასე რომ ვამბობ ხოლმე, გვეცინება. გეფიცებით, ის მართლა ძმასავით მიყვარს. საშინლად ეჭვიანი ცოლი ჰყავს, მაგრამ ჩემი და ლევანის ურთიერთობაზე არასოდეს მრისხანებს, ხუმრობით მულსაც კი მეძახის. მოკლედ, ლუკამ დედა გააღვიძა ჩემში...

ამის შემდეგ ეს ტყუპი დარჩა მშობლების გარეშე. მამა უცხოელი ჰყავთ, დედა უტვინო გოგოა, რომელიც ცდილობდა ვიღაც უცხოელი კონტრაქტორის "მოჯადოებას, ის კი კონტრაქტის დამთავრებისთანავე გაუჩინარდა. თავიდან ტყუპის ძიძობით დავიწყე, მერე გადავწყვიტე, ისინიც მეშვილებინა. ლუკას დედისგან განსხვავებით, ამათი დედა ბავშვების გაზრდაში ფინანსურად მეხმარება.

- ანუ ტყუპის დედას ბავშვებთან ურთიერთობას არ უშლი?

- არა. ალბათ ფიქრობთ, რატომ არ მეშინია, რომ მერე გაზრდილებს წამართმევს. არ მეშინია. ამას გუმანით ვგრძნობ...

- როდესაც ბავშვები შვილად აჰყავთ, ცდილობენ, ბიოლოგიურ მშობლებთან შეხვედრის შანსი არ ჰქონდეთ, თქვენ კი...

- რატომ უნდა მქონდეს ამ პატარების მიმართ ეგოისტური დამოკიდებულება? მინდა ისინი პიროვნებებად გავზარდო, რომ მომავალში არ გაუჭირდეთ არჩევნის გაკეთება - მიმატოვონ, თუ მიპატრონონ... ბედნიერი ვარ ამ ბავშვებით, მათ ჩემი ცხოვრების საჩუქრებს ვუწოდებ.

- მითხარით, კიდევ ერთ შვილს ველოდებიო.

- დიახ, გოგონასგან, რომელიც ჯერ თვითონ არის ბავშვი... შეყვარებულს მიენდო და დაორსულდა. ოჯახი ამ ამბავმა აღაშფოთა, მაგრამ ჩვენმა საერთო ნაცნობმა შესთავაზა, - გაჩნდეს ბავშვი და მაკას გააზრდევინეთო.

- თქვენ კი მაინც არ გეშინიათ, რომ გაზრდილ ბავშვებს წაგართმევენ.

- მე მარტოობის მეშინოდა. თანაც ამ ბავშვებს ჩემთან ერთად ბავშვების პატრონებიც უვლიან და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მშობლებისა და ძმის ავტოკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ დიდხანს ვცხოვრობდი მარტო, დიდ სახლში, რომლის სიდიდეც მზარავდა. ახლა ყველაფერი სავსეა ბავშვების ხმებით და მიხარია, რომ მე მათთვის გავჩენილვარ, ისინი კი ჩემთვის მოევლინნენ სამყაროს.

სისულელეა, იჯდე და უყურებდე, როგორ მოდის სიბერე... სანამ ბავშვები მეყოლებოდა, სულ ავად ვიყავი, სულ ექიმებში დავდიოდი. ახლა ბედნიერი ქალი ვარ, სამი შვილის დედა. მე დავამარცხე მარტოობა და ეს შეუძლია ყველა ქალს, რომელმაც ჩემსავით თავის დროზე ვერ გადაწყვიტა, შვილის გაჩენა...

სოფო გამრეკელი