წლების შემდეგ ნაპოვნი და, რომელმაც ჯერაც არ იცის, რომ ძმები ჰყავს - კვირის პალიტრა

წლების შემდეგ ნაპოვნი და, რომელმაც ჯერაც არ იცის, რომ ძმები ჰყავს

"ქალს ვიღაც უგვანი მანქანით დასტაკებია, თავად გაქცეულა და დასახიჩრებული უპატრონოდ დაუგდია. მას შემდეგ ჩვენი და კომაშია"

ამას წინათ მეგობრის ოჯახში ახალგაზრდა მამაკაცი გავიცანი. საუბრისას ექიმებზე ჩამოვარდა სიტყვა და გავიგე, რომ და საავადმყოფოში ეწვა. მერე კი რატომღაც თავისი ამბავი გულახდილად გვიამბო.

ნოდარი და ალექსანდრე ძმები არიან. ერთი წლის წინ გაიგეს, რომ უფროსი და ჰყავდათ, ირინე. დიდხანს არ უძებნიათ. მალევე მიაგნეს, მაგრამ საავადმყოფოში. უკვე ერთი წელია, ქალი კომაშია. მის შვილებთან ერთად ძმებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი და გამოჯანმრთელდეს. მოლოდინი ძალიან მტკივნეული გახდაო.

ნოდარი: - რაც დრო გადის, უფრო და უფრო გვეშინია, რომ ირინე ვერასოდეს გაგვიცნობს. ნეტავ გონს მოვიდეს. მე და ჩემმა ძმამ ბოდიში უნდა მოვუხადოთ. გვინდა ვუთხრათ, რომ მარტო აღარ არის და ძმები ვყავართ.

ირინეს შესახებ ერთი წლის წინ შევიტყვეთ. ჩვენი მშობლები რაიონში ცხოვრობენ. მე და ჩემი ძმაც სოფელში გავიზარდეთ. მამა სოფელში სანაქებო ადამიანადაა ცნობილი. ერთ საღამოს მამასა და რამდენიმე მეზობელთან ერთად მოვილხინეთ. სტუმრები გავაცილეთ და მამა თავის ოთახში განმარტოვდა. კართან გავიარე და ანაზდად მისი ხმა გავიგე - თავისთვის ლაპარაკობდა. რამდენიმე სიტყვას მოვკარი ყური, როდემდე უნდა ვატარო ეს ტვირთიო. იმ დღეს არაფერი მითქვამს. მეორე დღეს შეპარვით ვკითხე, - მამა, გუშინ რა ტვირთზე ჩიოდი-მეთქი. სახე მიტკლისფერი გაუხდა და - წამო, ეზოში გავიდეთ და დაგელაპარაკებიო. და თავისი დიდი საიდუმლო გამიმხილა.

მამა 17 წლისა ჩამოსულა თბილისში, იმ წელიწადს გამხდარა სტუდენტი. ბინა ერთ ოჯახში უქირავებია. ბინის პატრონის ქალიშვილი მისი ტოლა ყოფილა. ერთმანეთი შეუყვარდათ. ჩუმად ხვდებოდნენ. ერთ დღეს გოგომ შეყვარებულს გაანდო, რომ ფეხმძიმედ იყო. დიასახლისმა ახალგაზრდების ამბავი რომ შეიტყო. გამწარებულმა მდგმური სახლიდან გააგდო. შეშინებულ ბიჭს მშობლებისთვის ეს ამბავი დაუმალავს. მალე გოგონას დედას ბინა გაუყიდია და სხვაგან გადასულა. მამას ბევრი უცდია, მაგრამ მათი ასავალ-დასავლისთვის ვერ მიუკვლევია.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მამა სოფელში დაბრუნდა და დაცოლშვილდა. მაგრამ, როგორც ჩანს, იმ გოგონას ძებნას განაგრძობდა. რამდენიმე წლის შემდეგ შემთხვევით ძველ ნაცნობს გადაჰყრია და მისგან შეუტყვია, რომ შეყვარებულს გოგონა გაუჩენია და ერთი წლის წინ გათხოვილა. იმ დღის შემდეგ მამას ძებნა შეუწყვეტია.

მამა შარშან გარდაიცვალა. სიკვდილამდე გვითხრა ირინეს დედის ვინაობა.

ბევრი ვეძებეთ ირინე დედის გვარით. ვერ მივაგენით. მერე ჩემმა ძმამ თქვა, ისევ ძველ მისამართზე მივიდეთ, იქნებ ძველმა მეზობლებმა კვალზე დაგვაყენონო. ერთმა მოხუცმა ქალმა გვითხრა, - ირინეს მისამართი არ ვიცი, მაგრამ მისი შვილი შემხვდა ქუჩაში. ირინე ცუდად ყოფილა და ექიმებიც თურმე საიმედოს ვერაფერს ეუბნებიანო. თავზარი დაგვეცა. იმ ქალმა ირინეს გვარი გვითხრა, - მამინაცვლის გვარს დღემდე ატარებს. ვიპოვეთ საავადმყოფოში. შვილები ადგნენ თავზე. ვინ ხართო? ჩვენს დანახვაზე გაოცდნენ. როდესაც ვუთხარით, ვინც ვიყავით, გვითხრეს, - ეტყობა, გეშლებათ, დედას ძმები არ ჰყოლიაო.

ისღა დაგვრჩენოდა, ყველაფერი დაწვრილებით მოგვეთხრო.

ირინეს ვიღაც უგვანი მანქანით დასტაკებია, გაქცეულა და ჩვენი და უპატრონოდ დაუგდია. მას შემდეგ კომაშია. ერთი თვეა, ჩემი და ჩემი ძმის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, ახლა მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს - ირინეს გამოჯანმრთელებისთვის ვიბრძოლოთ და ჩვენს დისშვილებს, რომელთაც მამა ცოტა ხნის წინ სიმსივნით გარდაეცვალათ, გვერდით დავუდგეთ. ექიმები გვეუბნებიან, ირინე გონს მოვა, მაგრამ უნდა დაველოდოთო. ზოგჯერ იმისიც გვეშინია, ჩვენს ამბავს რომ გაიგებს, საწყალს ელდა არ ეცეს და უარეს დღეში არ ჩავარდეს. როგორია, მთელი სიცოცხლე გგონია, რომ მარტო ხარ (დედამისს ირინეს გამზრდელთან, კანონიერ ქმართან შვილი არ ჰყოლია), ამ დროს გაიგებ, რომ კაცი, რომელსაც სიცოცხლეზე მეტად უყვარდი და მშობელი მამა გეგონა, მხოლოდ შენი გამზრდელია, ბიოლოგიურმა მამამ კი ვერ შეძლო სიყვარული დაეცვა.

- დედათქვენმა როგორ გადაიტანა ეს ამბავი?

- რამდენადაც შესაძლებელია, მშვიდად. ზოგჯერ წუხს, - მამათქვენი მატყუებდაო, ზოგჯერ კი იტყვის, რა საცოდავი ყოფილა, მთელი სიცოცხლე ამხელა ტვირთს როგორ ატარებდაო...

სოფო გამრეკელი