ბარბარა ბრილსკას ბედის ირონია - კვირის პალიტრა

ბარბარა ბრილსკას ბედის ირონია

ელდარ რიაზანოვი: "სრულიად წამლეკა, გამაოგნა, შემარყია იმ გამოხმაურებების გიგანტურმა, მძლავრმა ნაკადმა, რომელიც "ბედის ირონიას" მოჰყვა"

"მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ და ვცდილობ, მომავალი კვირის იქით არ გავიხედო. ხანდახან ვფიქრობ წარსულზე. გამოგიტყდებით და, ეს არც ისე ხალისიანი ფიქრებია. წარსული ხშირად მიფორიაქებს სულსა და ნერვებს, ამიტომაც ვისწავლე ცხოვრება იმით, რაც მაქვს", - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა ბარბარა ბრილსკამ.

ის რომ სხვა დროში დაბადებულიყო, გრაფინია იქნებოდა. მისი ბებია, გრაფინია მარია ბრილსკა ფონ შტოიბერგი გახლდათ, მაგრამ სოციალიზმის ეპოქაში ასეთი ფესვებით ნამდვილად ვერ იამაყებდი. არც რაიმე ქონება რგებია მემკვიდრეობით. ბარბარას მშობლები ძალიან ღარიბულად ცხოვრობდნენ... გოგონა პოლონეთის ქალაქ ლოძის მახლობლად, სკოტნიკიში დაიბადა, 1941 წლის 5 ივნისს. მამა ხელოსანი იყო, დედა კერავდა. თავიანთ ორ ქალიშვილს ჭეშმარიტად კათოლიკური სიმკაცრით ზრდიდნენ.

სკოლის დამთავრების შემდეგ ბასიამ სწავლა სამხატვრო ლიცეუმში გააგრძელა. სასწავლებლის დირექტორი გამჭრიახი ქალბატონი გახლდათ და ანგელოზისსახიან გოგონაში მაშინვე დაინახა მომავალი მსახიობი - აიძულა ბარბარა, რომ თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ვარშავის უმაღლეს სკოლაში ჩაებარებინა. პირველსავე კურსზე ბასია გადაღებაზე მიიწვიეს. მან მხოლოდ ორი წელი ისწავლა და... წავიდა. სად? დიასახლისად! სიყვარულს რას გაუგებ! "მე ყოველთვის მომწონდა ლამაზი მამაკაცები" - აღიარა ჩვენმა გმირმა. ვის არ მოგვწონს ლამაზი მამაკაცები, მაგრამ ხალხური სიბრძნე ღაღადებს "ლამაზი ქმარი - სხვისია" და მასზე მონადირე ქალებსაც რა დალევს... როცა  პირველი ქმარი გაიცნო, ბარბარა 17 წლის იყო. გოგონა კლასთან ერთად ექსკურსიაზე მიდიოდა. მატარებლის ტამბურში ულამაზეს ყმაწვილს შეეფეთა. მან ბასიას თავისი სავიზიტო ბარათი მიაწოდა და სთხოვა, დაერეკა. მასწავლებელმა  გოგონას ბარათი ხელიდან გამოსტაცა და დახია, აქაოდა, უფროს ვაჟებთან სასაუბრო არაფერი გაქვსო, მაგრამ იანეკ ბოროველმა  მაინც იპოვა ბასია, სკოლაში მიაკითხა და უთხრა, რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო...

ახალგაზრდები დაქორწინდნენ. ბასიამ საყვარელი ქმრის გამო სწავლა მიატოვა, რადგან იანეკს მიაჩნდა, რომ ქალის ადგილი სამზარეულოში და აკვანთან იყო. ბარბარამ ორი წელი გაუძლო დიასახლისობას და ისევ სწავლას დაუბრუნდა. მას ისევ იწვევდნენ გადაღებებზე, ახალგაზრდა მეუღლეებს ფული არასდროს ჰყოფნიდათ - მათემატიკოს ქმარს გროშებს უხდიდნენ, ამიტომ ბარბარას ჰონორარები ოჯახისთვის ნამდვილი განძი იყო. მათი ქორწინება 11 წელს გაგრძელდა, უფრო სწორად, დღემდე გაგრძელდებოდა, რომ არა ერთი "მაგრამ" - ისინი ერთმანეთისთვის პირველები იყვნენ. ალერსიანი, კეთილი, მზრუნველი იანეკი სრულიად გამოუცდელი იყო "სასიყვარულო საქმეებში" და ქორწინებიდან 8 წლის შემდეგ ცოლის უჩუმრად, გვერდზე დაიწყო სიარული, ბარბარამ კი განქორწინება გადაწყვიტა...

ბრილსკას მეორე ქმარი ბულგარელი მეან-გინეკოლოგი ლუდვიგ კოსმალი გახდა, შავთმიანი, წარმოსადეგი ლამაზი მამაკაცი. ახალგაზრდა ექიმს მცირე ანაზღაურება ჰქონდა და ამჯერადაც  ბარბარას ჰონორარებით ცხოვრობდნენ. ქალს წარმატებით იღებდნენ კინოში... ლუდვიგი ეჭვიანობდა მის თაყვანისმცემლებზე, პარტნიორებზე... ეჭვიანობდა და ხშირად მართავდა სკანდალებს. თანაც ნამდვილი მუსუსი გამოდგა. პან კოსმალს შორს წასვლა არ სჭირდებოდა - სასიყვარულო ავანტიურისთვის პაციენტები იქვე ჰყავდა. ყველაფერი განქორწინებით დამთავრდა. ლუდვიგსა და ბარბარას ორი შვილი შეეძინათ, რომლებსაც თავიანთი სახელები დაარქვეს - ბარბარა და ლუდვიგი. მსახიობმა არ იცოდა, რომ ქალიშვილს დედის სახელი არ უნდა ერქვას... ბავშვები ჭკვიანები და ლამაზები იყვნენ, თითქოსდა ცხოვრებით უნდა დამტკბარიყვნენ, მაგრამ...

გოგონა სიცოცხლის მოკლე ხაზით

ბარბარას და მის მეუღლეს დიდი ხნის ნანატრი შვილი 1973 წელს შეეძინათ. მანამდე მსახიობს რამდენჯერმე მოეშალა მუცელი. ნანინანატრ გოგონას, ბარბარა უმცროსს ზეცამ მრავალი ნიჭი დააბერტყა - იყო ფოტომოდელი, 15 წლიდან თამაშობდა კინოში... ულამაზესი გოგონას კარიერა შესანიშნავად აეწყო, მაგრამ ერთი რამ აფიქრებდა: რატომ იყო მის ხელისგულზე სიცოცხლის ხაზი ასე მოკლე? ნუთუ მალე მოკვდება? - თავიდან ამოიგდე ეს სისულელე, - ურჩევდა უფროსი ბარბარა...

ყველაფერი ერთ საშინელ დღეს დასამარდა. 1993 წელს უმცროსი ბარბარა თავის მეგობარ ქსავიერთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრა. ერთ-ერთ მოსახვევში ქსავიერმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და მთელი სისწრაფით შეასკდა ხეს. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ბიჭს ნაკაწრიც არ ჰქონდა...

ბრილსკა იხსენებს, რომ იმ დილით ქალიშვილმა დაურეკა და მოუყვა, როგორ დასცვივდა სიზმარში ყველა კბილი. დედა ცდილობდა ავი ფიქრები გაეფანტა, მაგრამ... სიზმარი ახდა...

ბარბარა ნაცნობებსა თუ სრულიად უცნობ ადამიანებს ურიგებდა თავის ძვირფასეულობას -–რა თავში იხლიდა ოქროს, ვერცხლსა თუ ბრილიანტებს, როცა ყველაზე ძვირფასი ცივ სამარეში იწვა. ცრემლები, ცრემლები, ცრემლები. დამამშვიდებელი ნემსები, აბები. აუტანელი ტკივილი... დაუსრულებელი საუბრები შვილის ფოტოსურათებთან... ეს კოშმარი სამ წელს გაგრძელდა. 11 წლის ლუდვიგს არ ესმოდა, რატომ ვერ ამჩნევდა დედა. იქნებ დედას სრულიადაც არ სჭირდებოდა? და ბიჭუნა სახლიდან გაიქცა. ამან გონს მოიყვანა ქალი...

დაუვიწყარი საახალწლო ღიმილი

რეჟისორი ელდარ რიაზანოვი იხსენებს: "ხშირად მეკითხებიან: "რატომ მოიწვიეთ ლენინგრადელი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის როლზე პოლონელი მსახიობი, ნუთუ ჩვენს მსახიობებში არ მოიძებნა ისეთი, კარგად რომ ითამაშებდა ნადია შეველიოვას?"

დიახ, ბარბარა ბრილსკას სერიოზული კონკურენტები ჰყავდა: ლიუდმილა გურჩენკო, ალისა ფრეინდლიხი, ლარისა გოლუბკინა - საბჭოთა კინემატოგრაფის ნაღები. მაგრამ, რეჟისორის აზრით, სამივეს რაღაც არ ჰყოფნიდა. უპირველესად ეს იყო თანდაყოლილი სექსუალურობა, ქალური ხიბლი. მსახიობების შერჩევამ შედეგი რომ ვერ გამოიღო, რიაზანოვს უეცრად გაახსენდა სკანდალური პოლონური ფილმი "სიყვარულის ანატომია" და მიხვდა, რა სჭირდებოდა - დიახ, ბარბარა ბრილსკა, აი, ვის შეუძლია ერთ ღამეში მთელ ქვეყანას შეაყვაროს თავი. აკი შეაყვარა კიდეც!

"წარმატებაც ბევრი მინახავს, ნახევრად წარმატება, ჩავარდნაც, მაგრამ სრულიად წამლეკა, გამაოგნა, შემარყია იმ გამოხმაურებების გიგანტურმა, მძლავრმა ნაკადმა, რომელიც "ბედის ირონიას" მოჰყვა", - აღიარა ელდარ რიაზანოვმა.

ასეთი წარმოუდგენელი წარმატება ბარბარა ბრილსკასაც არც მანამდე და არც შემდეგ არ ჰქონია. ეს ფილმი ყველას ზეპირად ახსოვს, თუმცა, კიდევ და კიდევ უყურებენ, თანაც "პირველად". ნადენკას და მასთან ერთად ბარბარას, დღემდე ეძახიან "ქვეყნის მთავარ საახალწლო ღიმილს".

მას შემდეგ, რაც ბარბარა ბრილსკას საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია მიანიჭეს, პოლონეთში აღარ სწყალობდნენ - ვერ აპატიეს ესოდენ დიდი წარმატება და ფილმებში აღარ იღებდნენ. იწვევდნენ გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, საბჭოთა კავშირში, მაგრამ არა - სამშობლოში.

რამდენიმე წლის წინ მსახიობმა სიხარულით მიიღო თემურ ბეკმამბეტოვის წინადადება, გადაეღო "ბედის ირონიის" გაგრძელებაში. ჟურნალისტების შეკითხვას: "მაყურებელს რომ არ მოეწონოს ფილმი, თქვენს ნადიას ხომ მოაკლდება თაყვანისმცემელი? ბრილსკამ ასე უპასუხა: "თუკი ვინმეს არ მოეწონება ფილმი, არ მოვეწონებით ჩვენ, 30 წლით უფროსი გმირები, რას იზამ, ეს ხომ ცხოვრებაა... მე ამის არ მეშინია"...

ნადია შეველიოვასგან განსხვავებით, ბარბარა ბრილსკა შესანიშნავად ამზადებს თევზის მარინადსაც, ბორშჩსაც, ღვეზელებს კომბოსტოთი და სოკოთი... ვაჟიშვილი აღფრთოვანებულია დედის კულინარიული შედევრებით. დღეს ბარბარა ქალაქგარეთ, აგარაკზე ცხოვრობს. მისთვის პირველ ადგილზე ოჯახი და სახლია. უყვარს: სტუმრების გამასპინძლება, აგარაკზე ფუსფუსი, სოკოს შეგროვება... განა ყველას შეუძლია დედაქალაქიდან 70 კმ-ის დაშორებით აგარაკზე იცხოვროს მარტომ, ხის პატარა სახლში და სულაც არ ეცალოს მოსაწყენად. მხოლოდ ეს არის, რომ მსახიობს მწირი პენსია აქვს და იძულებულია ხან კონკურსების ჟიურიში იჯდეს, ხანაც ძვირად ღირებულ კოსმეტიკას რეკლამა გაუკეთოს, თუმცა, თავად დიდი ხანია, არანაირ კოსმეტიკას არ ხმარობს... ის ძლიერი ქალია! "ჩემს ცხოვრებაში ბევრი იყო  კარგიც და ცუდიც. ამდენი ყველას არ ხვდება წილად".

ნატა ენუქიძე

ჟურნალი "...და ქალი", #1