"თურქულმა სერიალებმა ოჯახი ამიწეწა" - კვირის პალიტრა

"თურქულმა სერიალებმა ოჯახი ამიწეწა"

ნანო და ლევანი ორი წლის წინ დაქორწინდნენ და მას შემდეგ ლევანის მშობლებთან ერთად ცხოვრობენ, მაგრამ ანანო ფიქრობს, რომ თუ დროულად არ გადავლენ, დედამთილი ოჯახს დაუნგრევს. ყველაფრის მიზეზი კი, მისი აზრით, თურქული სერიალები იქნება.

ანანო: - ლევანის დედას გათხოვებამდე ვიცნობდი. თბილი, საყვარელი ქალი იყო. ლევანმა რომ გამაცნო, ისე გულწრფელად მომეფერა, რომ ვიფიქრე, მის გვერდით არაფერი გამიჭირდება-მეთქი. ალბათ მშვიდად გაგრძელდებოდა ჩვენი ცხოვრება, რომ არა წყეული სერიალები. დედამთილმა აიხირა, თურქებს ოჯახის დიდი კულტი აქვთ, უფროსის პატივისცემა არ ეშლებათო. ლევანი შეეკამათა, რა გვჭირს სხვისი მისაბაძი და შესანატრი, განა ვინმესგან უპატივცემულობა გიგრძნიაო? მერე ლევანის ბიზნესში ცხვირის ჩაყოფა და მართვა მოინდომა, შვილს შემოსავლის თვლა დაუწყო. ტვინს უბურღავდა - ფული სად მიგაქვსო. ლევანი ყურს უყრუებდა, მაგრამ ვატყობდი, ღიზიანდებოდა, მაგრამ ერთ დღეს იჩხუბეს. შვილმა მიახალა, - შინ მოსვლა ნუ შემაძულეო.

ერთ საღამოს მე და ლევანს დედა წარბშეკრული დაგვხვდა. მივედი და ვუთხარი, - დედა, მინდა შენ და ლევანი შეგარიგოთ, შენი წყენინება არც ერთს არ გვინდა-მეთქი. მოდი, შვილოო, - უცნაურად მითხრა და ხელი გამომიწოდა - ხელზე მაკოცეო. ენა ჩამივარდა. ლევანმა უყვირა, - სულ გადაირიე, რას აკეთებო! აი, ხომ გეუბნებოდით, რომ უკულტუროები ხართ და ამ ფილმებიდან ბევრი რამ გაქვთ სასწავლიო, - მოგვახალა და ტელევიზორზე მიგვითითა. გულგახეთქილები გავერიდეთ.

ლევანმა მითხრა, - აქედან უნდა გადავიდეთო. მთელი ღამე არ მიძინია. წარმოვიდგინე, რა ამბავი მოჰყვებოდა ჩემი ქმრის გადაწყვეტილებას.

- ეჭვობდით, რომ დედამთილი შეგეწინააღმდეგებოდათ?

- ასეც ქნა. ჩემი მამამთილიც გააგიჟა - ჩვენი რძალი უწეწავს ცხოვრებას ჩვენს შვილსა და შვილიშვილებს. ბავშვებს თავისუფლებას აჩვევს, ღმერთს არ აყვარებს. აი, ნახე, თურქები როგორ ზრდიან შვილებსო.

რეალობის შეგრძნება დაკარგა. ფილმებში ცხოვრობს. გარეთაც აღარ გადის. მე მთელი დღე სამსახურში ვარ. ჩემი დედამთილი კი მთელი დღე ტელევიზორთან ზის და პულტს ხელიდან არ უშვებს, სერიალების გმირთა ცხოვრებით ცხოვრობს. აღარც  სადილის მომზადება უნდა და არც საოჯახო საქმეების გაკეთება. ის კი არა, მაღაზიაშიც კი არ გადის, რომ რომელიმე სერიალი არ გამოეპაროს. ჩემს მამამთილს შესთავაზა, მზარეული და მომვლელი ქალი ავიყვანოთო. გადარია კაცი, ყვიროდა, რატომ უნდა გადავყარო ფული იმიტომ, რომ შენ იჯდე მაგ ოხერ ტელევიზორთან და სერიალებს უყუროო?

რა ვქნათ, აღარ ვიცით. ფაქტია, დღითი დღე ღრმავდება მისი პრობლემები. ერთ დღეს თავწაკრული რომ დაგვხვდა, მივხვდით, საქმე სერიოზულად იყო. მერე დაიწყო დაქალების მოპატიჟება, მათთან ერთად საქმეების გარჩევა, ჩაის სმა.

ახლა უკვე დაქალებიც გაურბიან, რადგან იმათაც უქადაგებს, რომ რასაც სერიალებში ხედავენ, ის გადმოიღონ ოჯახებშიც. ქმარს ბატონობით მიმართავს, დაქალებს - ქალბატონოთი. მე მეუბნება, შენ ვერასოდეს ეღირსები ქალბატონობას, ძალიან ცანცარა ხარო. ჩემზე ამოსდიოდა მზე და მთვარე, მაგრამ ვერ მაპატია, რომ მის ახირებებს არ ავყევი და ახლა ლანძღვით მიკლებს. ჩემმა მულმაც კი ვერ გაუძლო, ჩვენთან აღარც მოდის, და არც ურეკავს.

- ვერ მოახერხეთ, ექიმთან მიგეყვანათ?

- ექიმი მოვუყვანეთ. დამამშვიდებლები  გამოუწერა, მაგრამ როგორ დავალევინოთ, ვერ მოვიფიქრეთ. მეც ნერვები აღარ მყოფნის. ლევანიც სულ გაღიზიანებულია. როგორც კი გადასვლაზე ლაპარაკს ვიწყებთ, დედამთილი თავის მოკვლით იმუქრება და მე მეუბნება, - წერილს დავწერ, რომ შენ მიმიყვანე აქამდე, შენ დამინგრიე ოჯახიო. არადა, რა შუაში ვარ...

სოფო გამრეკელი