"ლოთმა დედამთილმა ცხოვრება გამიმწარა" - თანამედროვე "რძალ-დედამთილიანი" - კვირის პალიტრა

"ლოთმა დედამთილმა ცხოვრება გამიმწარა" - თანამედროვე "რძალ-დედამთილიანი"

სტატიაში, რომელშიც გამოყენებულია საარქივო მასალაც, გთავაზობთ ოჯახური ძალადობის რეალურ ფაქტებს.

საზოგადოებაში რატომ მიიჩნევა რძალ-დედამთილი ერთმანეთის მტრად ან კონკურენტად, დღემდე ამოუხსნელი ფენომენია. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს ერთგვარი ეჭვიანობის მომენტი და შვილის თუ ქმრის დაკარგვის შიშია. ჩვენში დედამთილის ურთიერთობა ყოველთვის აქტუალური თემაა, რომელზეც ხშირად საუბრობენ, წერენ და ანეკდოტებსაც ჰყვებიან. თუმცა, სინამდვილეში, დიდი პრობლემაა, რომელიც არაერთ ქართულ ოჯახში დგას.

როგორც 112-ის პრესსამსახურში აცხადებენ, ზარები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე საკმაოდ ხშირია. წელიწადში საშუალოდ ამ შინაარსის ზარები 5000-ს სცდება, თვეში კი -350-დან 432-მდე მერყეობს.

მათივე ინფორმაციით, 112-ის ოპერატორებს ხშირად უწევთ იმ რძლების მოსმენა, რომლებიც შველას ითხოვენ და ამბობენ, რომ დედამთილი სცემთ; ზოგჯერ პირიქითაც ხდება. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, ოჯახური ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გამოვლინდა.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს ციფრები რეალურ სიტუაციას არ ასახავს და ოჯახური ძალადობის შემთხვევები გაცილებით მეტია, რადგან ძალადობის მსხვერპლნი სამართალდამცავსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ. იგულისხმება ჯანმრთელობისთვის ან სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხე.

მანამდე ყველა ცდილობს, კონფლიქტი ჩუმად და პოლიციის გარეშე მოაგვაროს.

ამ ორიოდე წლის წინ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარებული გამოკითხვით

დადგინდა, რომ საქართველოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია. ოჯახური ძალადობის რამდენიმე კონკრეტულ ფაქტსაც გთავაზობთ.

კახეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 36 წლის ქალბატონი, რომელსაც 2 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, ამბობს, რომ მეუღლე ბავშვების თანდასწრებით მოკვლით ემუქრება.

"ქორწინების შემდეგ, რამდენიმე წელია, მცემენ ქმარიც და დედამთილიც, მაგრამ ვითმენდი. ცოტა ხნის წინ დედამთილი საძინებელში შემომივარდა ფიჩხით და ბენზინით სავსე ბალონით და ცეცხლის წაკიდებით და დაწვით დამემუქრა.

ფანჯრიდან გადავხტი და გავასწარი. ჩემი ქმარი ნაჯახით დამდევს, უნდა მოგკლაო. "დუბინკითაც" მცემს, რომელიც არ ვიცი, საიდან მოიტანა. დედა-შვილი საჭმლის ფულსაც არ გვაძლევს, ბავშვები ხმელა პურით გავზარდე. ნათესავებთანაც ხშირად გამითევია ღამე.

ბოლოს ქმარი რამდენიმე დღის წინ დამესხა თავს, ბავშვების თანდასწრებით მემუქრებოდა, უნდა გამოგშიგნოო. პატრულის გამოძახება მოვახერხე. პოლიცია მოვიდა და დამშვიდდა, მაგრამ როგორც კი წავიდნენ, ისევ მცემა. ერთხელ ცხვირიც გამიტეხა".

გორის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 21 წლის ელენე თავის ამბავს თვალცრემლიანი მიყვება. მიუხედავად პატარა ასაკისა, ბევრის გადატანა უწევს. სიდუხჭირესთან ერთად, ოჯახში შექმნილმა დაძაბულობამ, რომელიც ხშირად ძალადობაში გადადის, რამდენჯერმე თვითმკვლელობამდე მიიყვანა. თუმცა, საბედნიეროდ, ახლობლებმა მისი გადარჩენა შეძლეს:

"დევნილი ვარ, ამიტომ გათხოვებამდეც არ მიცხოვრია ფუფუნებაში. არ ვიცი, როგორ უნდა ვთქვა გარდაცვლილ

დედაზე ცუდი, მაგრამ ბავშვობა გამიმწარა, მთელი ოჯახის სიმძიმე ჩემს კისერზე იყო, დიდი ქალივით ვშრომობდი ეს ერთი ბეწო ბავშვი.

ვერ გავუძელი და 15 წლის ასაკში გავთხოვდი. მეგონა, ჯოჯოხეთს თავი დავაღწიე, მაგრამ უარეს ჯოჯოხეთში მიწევს ცხოვრება. უკვე 3 წლის ანანო გვყავს. ჩემი მეუღლე ჩემზე 5 წლით უფროსია და ჯარში მსახურობს. თვეობით უწევს წასვლა და სახლში დედამთილ-მამამთილთან ერთად ვრჩები. ორივეს დალევა უყვარს. ჩაიკეტებიან, სვამენ, დათვრებიან და მერე გამუდმებით მეჩხუბებიან.

დედამთილმა თუ დამინახა, რომ სარკეში ვიყურები, მაშინვე ჩხუბს იწყებს - ვის ეპრანჭები, ჩემი შვილი აქ არ არისო. მეზობელთან გადასვლაც კი არ შემიძლია. თუ არ დავუჯერებ და წავალ, დაბრუნებულს შინ ორომტრიალი მხვდება. რამდენჯერმე ხელჩართული ჩხუბიც გვქონდა, ყველაფერს მესვრის, რაც კი ხელში მოხვდება.

თავს ვიკავებ ჩემი მეუღლის ხათრით, მაგრამ უკვე აუტანელია მათთან ცხოვრება. დედამთილმა იმდენი ქნა, ჩემი მეუღლეც აეჭვიანა. ოჯახის შესანარჩუნებლად ვცდილობ, აღარ ვიარო მეზობლებთან და მეგობრებთან.

რამდენჯერმე ისეთ მდგომარეობამდე მიმიყვანეს, თავის მოკვლა ვცადე. წამლები დავლიე, მაგრამ გადავრჩი. მოკლედ, ლოთმა დედამთილმა ცხოვრება გამიმწარა".

სამეგრელოში მცხოვრები 40 წლის თინათინი ძალადობაში რძალს ადანაშაულებს. ამბობს, რომ რძალს მისი სახლიდან გაგდება და სახლ-კარის დაპატრონება უნდა:

"5 შვილის დედა ვარ. უფროსი ვაჟი 21 წლისაა, ძალიან მშრომელი და ჭკვიანი ბიჭია. სოფლის საქმეებსაც აკეთებდა და საქონელსაც შვილივით უვლიდა. ერთ დღეს თბილისში წასვლა გადაწყვიტა. მითხრა, ვიმუშავებ და რამეს შევძენ ოჯახსო. მარნეულში დაიწყო მუშაობა, რამდენიმე თვე ნაქირავებში ცხოვრობდა.

იქ 15 წლით უფროსი, სამშვილიანი ქალი გაიცნო. რამდენიმე თვე ერთად ცხოვრობდნენ თბილისში. ვფიქრობდი, ერთობა, მობეზრდება და მიაგდებს-მეთქი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს სოფელში ჩამოვიდნენ და შვილმა გამომიცხადა, ჩემი ცოლიაო. ხმა ვერ ამოვიღე, გადავყლაპე ეს სირცხვილი. თავიდან თაფლივით ტკბილი იყო, ყველას თავზე გვევლებოდა, მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით გაავდა.

შვილიც ჩემს წინააღმდეგ განაწყო, უნდა, მე და ჩემი შვილები სახლიდან გაგვყაროს და თავისი 3 შვილი მოიყვანოს, რასაც, რა თქმა უნდა, არ დავუშვებ. 2 კვირის წინ ისევ ვიჩხუბეთ, ვერ მოვითმინე და უშვერი სიტყვებით გავლანძღე.

ეგ რომ ნორმალური ყოფილიყო, სამი შვილის დედა 21 წლის ბავშვს ცოლად არ გაჰყვებოდა. ამ ჩხუბის მერე დანით გამომეკიდა მოსაკლავად. მეზობლები რომ არა, ალბათ მართლა მომკლავდა.

პოლიცია გამოიძახეს და ძლივს გადავურჩი კახპა რძლის ხელით სიკვდილს. მას მერე დედას მივეკედლე. ახლა პოლიციასთან ერთად ვაპირებ მისვლას, რომ ჩემი ნივთები წამოვიღო. იმედია, დრო გავა და ჩემი შვილი მიხვდება, რა ჯადოქარი ჰყავს ცოლად".

მაკა ქობალია