"ქმარს გამოვუცხადე, ახალი ქმარი მყავს და შინიდან წადი-მეთქი" - კვირის პალიტრა

"ქმარს გამოვუცხადე, ახალი ქმარი მყავს და შინიდან წადი-მეთქი"

"ყალბი ღიმილით მოიწევდა ჩემკენ. ხელით ვანიშნე, არ მომკარებოდა. ახლა აქ ჩემი ახალი ქმარი მოვა, შენ კი სახლი უნდა დატოვო და რაც შეიძლება მალე უნდა გავქორწინდეთ-მეთქი. რქები დამადგი, გოგოო? - სახე შეეცვალა და ისეთი ტონით მითხრა ეს სიტყვები, თითქოს ის უცოდველი კრავი ყოფილიყო, მისი კახპა - მართლა ბავშვების ძიძა და მე - ქუჩის მეძავი..."

ქვეყანა რომ აირია და ქალების უმრავლესობა ოჯახების სარჩენად უცხოეთში გადაიხვეწა, ლიკაც მათ გზას დაადგა.

ნიუ-იორკში ბავშვობის მეგობარი დახვდა, ერთი თვე თავისთან ჰყავდა, სამსახურიც თვითონ მოუძებნა - მოხუც ქალს, რომელსაც შვილები სხვადასხვა ქვეყანაში ჰყავდა მიმოფანტული, მარტო ყოფნა უჭირდა და სურდა, ვინმე სანდომიანი ქალი ჰყოლოდა მომვლელად, კარგ გასამრჯელოსაც ჰპირდებოდა.

ბებია ლუსი სულაც არ გამოდგა ჭირვეული და აბეზარი. ტკბილი მოხუცი იყო. ხელოვნების სფეროში მუშაობდა და მსოფლიოს ბევრ ცნობილ ადამიანს იცნობდა. როცა გაიგო, რომ მისი მომვლელი საქართველოდან იყო, ძალიან გაუხარდა - თქვენ საოცარი კულტურა გაქვთ, ვოცნებობ, ერთ დღეს საკუთარი თვალით ვნახო ყველაფერი და ალბათ, შენს ქვეყანაში დამპატიჟებო. თანაც ნასიამოვნები დარჩა, რომ ახალგაზრდა ქალი ძალიან განათლებული, მეტიც, მისი კოლეგა, ხელოვნებათმცოდნე იყო. მოკლედ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ლიკა მომვლელი კი არა, ლუსის უმცროსი მეგობარი გახდა. თუ მოხუცს მანამდე მუზეუმში, გამოფენაზე, თეატრსა და კინოში მარტო წასვლა ეზარებოდა, ახლა ყველა ღონისძიებაზე წინასწარ უკვეთდა ბილეთებს.

ლიკა: - ძალიან გამიმართლა, ლუსი ჩემი ცხოვრების საჩუქარი გახდა. მქონდა საუკეთესო შემოსავალი და რაში? მე იმ საოცარ ქალთან მეგობრობის მეტი საქმე არ მქონდა. დავდიოდით ერთად და ლუსი უამრავ რამეს მასწავლიდა. ერთ დღეს გამომიცხადა, - დროა, ინგლისური ენა კარგად შეისწავლო და პროფესიულ განვითარებაზეც იზრუნო, მე სულ არ გეყოლები გვერდით, შენი მომავალი უნდა დავგეგმოთო. სიხარულისგან სიტყვებს ვერ ვპოულობდი. ის ქალი, ფაქტობრივად, ჩემი მეორე დედა გახდა. ამასობაში თურმე თბილისში ოჯახი მენგრეოდა და არაფერი ვიცოდი. ჩემი ბედოვლათი ქმარი, ნაცვლად იმისა, ჩემი გამოგზავნილი ფულით რაღაც საქმე წამოეწყო, არხეინად ცხოვრობდა. საყვარელი გაიჩინა და არანაირ სიამოვნებას არ იკლებდა. ჩემი მშობლების ბინაში ცხოვრობდა, მე ვარჩენდი და ბავშვებსაც კი არ უვლიდა. ერთ დღეს თავისი კახპა შინ მიუყვანია, როგორც ბავშვების მომვლელი. თურმე ყველას ეუბნებოდა, ლიკამ მთხოვა, მომვლელი ამეყვანაო. თან ბავშვებს აფრთხილებდა თურმე, - დედა რომ დარეკავს, ამ ქალზე არაფერი უთხრათ, მარტო რომ ვერ გივლით და სხვა დავიხმარე, ეწყინებაო. ბავშვებმაც დაუჯერეს მამას, სანამ იმ ვითომ მომვლელთან ისეთ საქციელზე არ წაასწრეს, მომვლელის მოვალეობა რომ არ არის. როდესაც ბავშვებმა ეს ამბავი მითხრეს, კინაღამ გული გამისკდა. ლუსიმ ჩემი მღელვარების მიზეზი რომ გაიგო, დამამშვიდა. ასეთ კაცს უნდა გასცილდე და შენი ცხოვრების დანგრევის უფლება არ მისცეო. მოკლედ, ლუსიმ დასახა გეგმა: რამდენიმე თვეში მისი მეგობარი და კოლეგა ჯეიმსი კიევში მიდიოდა. ჯეიმსთან ვმეგობრობდი, ქვრივია, ორ შვილს თვითონ ზრდიდა და როდესაც მივლინებაში მიდიოდა, მე და ლუსის გვიტოვებდა. ლუსის გეგმით, მე ჯეიმსს კიევში გავყვებოდი, როგორც თანაშემწე, მერე ჯეიმსთან ერთად თბილისში ჩამოვიდოდი, სადაც ჩემს ქმარს გამოვუცხადებდი, რომ ჯეიმსი ჩემი ახალი ქმარია და ჯერ კიდევ კანონიერ, მაგრამ მოღალატე ირაკლის განქორწინებას მოვთხოვდი. ლუსის გეგმა წარმატებით განხორციელდა. კიევიდან თბილისში ჩამოვფრინდით. არავინ იცოდა, რომ დავბრუნდი, შინ მხოლოდ ბავშვები დამხვდნენ. კინაღამ შეიშალნენ სიხარულისგან. მერე ის კახპა მოვიდა, გაოცებულმა მკითხა, - თქვენ ვინ ხართო. მე ამ სახლის პატრონი ვარ, მაგრამ თქვენ ვინ ხართ-მეთქი. ჩემმა გოგონამ დაასწრო პასუხი და იყვირა, - დედიკო, ეგ მამიკოს ბოზია, მეზობლები ასე ჭორაობენო. გაგდებაც არ დამჭირვებია, ისე აკრიფა თავისი ნივთები და გაქრა. ამ დროს ჯეიმსი სასტუმროში იყო... ჩემმა ქმარმა, როგორც იქნა, ინება მოსვლა. გაოცდა: როდის ჩამოფრინდი, რატომ არაფერი მითხარი, არ უნდა დაგხვედროდიო? ყალბი ღიმილით მოიწევდა ჩემკენ. ხელით ვანიშნე, არ მომკარებოდა. ახლა აქ ჩემი ახალი ქმარი მოვა, შენ კი სახლი უნდა დატოვო და რაც შეიძლება მალე უნდა გავქორწინდეთ-მეთქი. რქები დამადგი, გოგოო? - სახე შეეცვალა და ისეთი ტონით მითხრა ეს სიტყვები, თითქოს ის უცოდველი კრავი იყო, მისი კახპა - მართლა ბავშვების ძიძა და მე - ქუჩის მეძავი.

მოკლედ, ჯეიმსის მოსვლამდე კარგი კონცერტი ჩავუტარე და სახლიდან მივაბრძანე.

თავი რომ არ შეგაწყინოთ, ირაკლის გავშორდი.

ლუსის დახმარებით ბავშვები ამერიკაში წავიყვანე. მე ჩემი პატარა საქმე მაქვს, საიდანაც მუდმივი და კარგი შემოსავალი მაქვს.

ჯეიმსი კვლავ ჩემი უანგარო მეგობარია. სამწუხაროდ, ჩემი დედობილი, ჩემი ცხოვრების საჩუქარი ლუსი ერთი წლის წინ დავკრძალეთ...

სოფო გამრეკელი