კატო და ლიკა სერიალში აღარ ითამაშებენ? - კვირის პალიტრა

კატო და ლიკა სერიალში აღარ ითამაშებენ?

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მერვე სეზონი რამდენიმე კვირაში დაიწყება.

ნიკა ყიფშიძისა და რეზო ნასიძის შემდეგ, სერიალის მთავარი პერსონაჟები - ლელა მებურიშვილი და ეკა ამირეჯიბი სამუშაოდ "იმედზე" გადავიდნენ, ისინი "ჩემი ცოლის დაქალებში" დებს თამაშობდნენ. რა ბედი ეწევა მათ პერსონაჟებს, ჯერჯერობით უცნობია.

რას გვთავაზობს ახალ სეზონზე "ჩემი ცოლის დაქალები", სერიალის პროდიუსერი ირაკლი საღინაძე გვესაუბრება:

- ახალი სეზონი შესაძლოა 2 ოქტომბერს დავიწყოთ. სიახლეები იგეგმება, ყველაფერი რომ გითხრათ, მაყურებლისთვის სიურპრიზი აღარ იქნება. ახალი პერსონაჟები გამოჩნდებიან, ძველები რებრენდინგს განიცდიან...

- რატომ გამოაცხადეთ კასტინგი?

- კასტინგი კონკრეტულ პერსონაჟზე არ გვაქვს. ყოველ სეზონზე ვაახლებთ ბაზას. სეზონის განმავლობაში უამრავი ადამიანი გვჭირდება, ამიტომ წინასწარ ვაკეთებთ ბაზას, რომ მუშაობის პროცესში არ დავიწყოთ მათი ძებნა.

- ნიკა ყიფშიძე, რეზო ნასიძე, ლელა მებურიშვილი და ეკა ამირეჯიბი სხვა არხებზე გადავიდნენ, ვინ შეცვლის მათ სერიალში?

- ახლა არხებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მსახიობები სხვა არხებ\ზე არიან თუ არა. თუ საკითხი არ მოგვარდა, სხვა გეგმა მაქვს მოფიქრებული. ეკა ამირეჯიბსა და ლელა მებურიშვილს "დღის შოუს" წამყვანობა შესთავაზეს. ნიკა ყიფშიძე "ჯი-დი-ესის" სერიალში თამაშობს, თუ საჭირო გახდება, ნიკას დავაბრუნებთ.

თამარ ბოჭორიშვილი