"ჩე­მი შვი­ლე­ბი უცხოეთში სხვებს უვ­ლი­ან, მე კი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის იმე­დად დავ­რ­ჩი" - კვირის პალიტრა

"ჩე­მი შვი­ლე­ბი უცხოეთში სხვებს უვ­ლი­ან, მე კი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის იმე­დად დავ­რ­ჩი"

"ძალიან მინდა, ჩემი სატკივარი გაგანდოთ. ამით არაფერი ეშველება ჩემს საყვარელ ქართველებს და არც მე, მაგრამ იქნებ, ერთი პოლიტიკოსი მაინც დავანამუსო. ხომ იცით, ადამიანი იმედით ცხოვრობს და მინდა, მეც იმედიანად ვიყო. ვიფიქრო, რომ ხვალინდელი დღე აჯობებს დღევანდელს და რაც მთავარია, სულ მალე დაგვიბრუნდებიან ის მონატრებული ემიგრანტები, რომლებიც სამშობლოში არსებულმა გაუსაძლისმა სიტუაციამ გაუყენა შორ გზას და ასე დაკარგა დედამ თუ მამამ შვილი, ქმარმა - ცოლი, მოხუცებულმა - საკუთარი იმედი და თვალისჩინი, ახალგაზრდამ - სამშობლოში დარჩენის სურვილი და ა.შ. ღმერთმა გაგახაროთ, "თავისუფალი თემის" დაარსებისთვის. მიხარია, რომ ჩემნაირ, უბრალო ადამიანებსაც აქვთ ჟურნალისტებთან დალაპარაკებისა და საკუთარი გულისტკივილის საზოგადოების ყურამდე მიტანის საშუალება. გმადლობთ".

ქალბატონი ნორა 72 წლის გახლავთ. პროფესიით ექიმმა ბევრი წელი იმუშავა ერთ-ერთ რაიონულ საავადმყოფოში. ამბობს, რომ მის ხელში ბევრმა ფეხმძიმემ გაიარა და ბედნიერია, როცა იმ ადამიანებს ხვდება ქუჩაში, ვის ამქვეყნად მოვლინებაშიც გარკვეული წვლილი მიუძღვის.

- გული მტკივა, ჩემი შვილები ემიგრანტები რომ გახდნენ და ამიტომ შეგაწუხეთ. ნუთუ, მე, მოხუცს არ მაქვს უფლება, სიბერე შვილების გვერდით, უზრუნველად გავატარო? მთელი ცხოვრება ვმუშაობდი და არა მარტო საკუთარ, არამედ სხვების შვილებზეც ვზრუნავდი. ქართველი ქალის სახელი არასდროს შემირცხვენია და ყველაფერს ვაკეთებდი საიმისოდ, რომ ე.წ. ჰიპოკრატეს ფიცისთვის არ მეღალატა. შვილების ნათელი მომავლისთვის არც ჩემი მეუღლე იშურებდა ძალ-ღონეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არაფერი გვიკეთებია; მათ ვერაფერი შევუქმენით ისეთი, რომ საკუთარი ქვეყნიდან გაქცევაზე არ ეფიქრათ. ჯერ ჩემი ქალიშვილი წავიდა საბერძნეთში სამუშაოდ, მერე - ვაჟის მეუღლე, მოგვიანებით ქმრებიც წაიყვანეს. კაცებმა საბერძნეთში კარგი სამუშაო ვერ იშოვეს და იტალიაში გაემგზავრნენ. ახლა ცალ-ცალკე არიან, კაცები რომში, ქალები - სალონიკში და იმაზე ფიქრობენ, რომ როგორმე საბუთები მოაწესრიგონ, რათა ცოლები იტალიაში წაიყვანონ. უნდათ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები გახდნენ. დარწმუნებული ვარ, მიზანს მიაღწევენ შვილების საკეთილდღეოდ, მაგრამ მეშინია, რომ ამით მათ საბოლოოდ დავკარგავ. ისე გავიდა წლები, ქალიშვილი არ მინახავს. ვაჟი კი ჩამოვიდა შარშან, მაგრამ მისი აქ ყოფნის დღეები ისე გაილია, მეგონა, მხოლოდ ერთი დღით გვესტუმრა; ვერ ვიგრძენი, დრო ისე შემომელია. არადა, სხვა დროს, როცა მისი მონატრება მკლავს, დღეები თითქოს ჩემს ჯიბრზე, კუს ნაბიჯებით გადის.

- თქვენს შვილებს ალბათ, საქართველოში ძალიან გაუჭირდათ თავის გატანა, მთელი ოჯახი საზღვარგარეთ რომ გაიხიზნა.

- გაუჭირდებოდათ, აბა, რა იქნებოდა, შვილო?! ბავშვები წამოიზარდნენ, ოჯახში სტუდენტები ჰყავდათ, ახალგაზრდებს კიდევ, გარდა სწავლის ქირის გადახდისა, საჭმელიც უნდათ, კარგი ტანისამოსიც, გზის ფულიც და ჯიბის თანხაც. ორ-ორი სტუდენტი რომ გეყოლება სახლში და სამსახურს ვერსად შოულობ, როგორ გინდა, ოჯახს გაუძღვე? ჰოდა, მიმატოვეს ეს ასაკოვანი ქალი და ახლა სხვებს უვლიან ჩემი ქალიშვილი და რძალი. კაცებმა ხელობა იციან და იტალიელებს ურემონტებენ სახლებს. არადა, საქართველოში ცოტა რამ არის ასაშენებელი? ახლა შვილიშვილების იმედად ვარ.

- თქვენ ხართ მათ იმედად თუ ისინი დატოვეს თქვენი მზრუნველობის ქვეშ?

- ჩემს იმედად მტერი იქნა, დედა. აღარც ძალა მაქვს და აღარც მახსოვრობა ისეთი, როგორიც ადრე მქონდა. შვილიშვილები მივლიან. უკვე დიდი გოგო-ბიჭები არიან და თავს მევლებიან. მეც ვცდილობ, მათ შეძლებისდაგვარად გამოვადგე, ყველაფერში შევუწყო ხელი. სხვა ბებია-ბაბუებიც მათ გვერდით არიან და ბავშვებს არაფერს გავუჭირვებთ, მაგრამ მშობლის ხელი მაინც სულ სხვა რამეა, ხომ იცით. მათ ახლა სჭირდებათ დედ-მამის გვერდით ყოფნა, მაგრამ ისეთ საქართველოში ვცხოვრობთ, როცა ესეც კი ფუფუნებაა. გულდასაწყვეტია!..

- თქვენ თუ ხართ საზღვარგარეთ ნამყოფი?

- არა, საქართველოდან ფეხი არასდროს გამიდგამს. ადრე საზღვარგარეთ დასასვენებლადაც არ გიშვებდნენ, ახლა კი თუ გინდა, სულ წადი, ვინ დაგიშლის? მგონი, მთავრობას სულაც არ ადარდებს, საქართველო ქართველებისგან თუ დაიცლება. მათ ხელს აძლევს უცხოელების შემოდინება - რაც უფრო მეტ ფულიანს გაატყავებენ, მით მეტი არ დარჩებათ თვითონ? ჰოდა, ღარიბი ქართველების ნაცვლად, მდიდარი უცხოელები შემოჰყავთ და ამით ორ კურდღელს იჭერენ - ქართველი ემიგრანტები ფულს რომ უგზავნიან ახლობლებს, ესეც ხომ მათ წისქვილზე ასხამს წყალს? შემოდის ქართველების ოფლით ნაშოვნი დოლარები და ევროები საქართველოში. დიახ, ის ფული, რომელსაც წლების მანძილზე, დიდი შრომის შედეგად შოულობენ ადამიანები. არადა, თუ დაჰკვირვებიხართ, გეცოდინებათ: რამდენიც უნდა გქონდეს, წამებში იხარჯება. საშინელება ხდება ქვეყანაში. ყველაფერი გაძვირდა, ლარი გაუფასურდა. უკვე ისეთი სუნი ტრიალებს, რომ მალე ვალუტას შეგვიცვლიან, არადა, მთავრობის წევრები ისე იქცევიან, თითქოს საგანგაშოდ სულაც არ გვქონდეს საქმე. არა, ბატონებო, სწორედაც რომ დროა, განგაშის ზარები შემოვკრათ. კარგა ხანია, ქართველებს ისე არ გაგვჭირვებია, როგორც ახლა გაგვიჭირდა. ამბობდნენ, ქართველ ემიგრანტებს სამშობლოში დავაბრუნებთო. რატომ დაივიწყეს ეს დაპირება? წასულების დაბრუნება კი არა, ვინც აქ იყო დარჩენილი, ისიც გარბის. ჩემ გარშემო ბევრი ოჯახი გადასახლდა უცხოეთში და იქ, როგორც ლტოლვილები, ისე ცხოვრობენ. თურმე, მათ გარკვეულ თანხას უხდიან ყოველთვიურად და არიან ბედნიერად. ახლა აქ დარჩენილები, ისევ რომ ეპოტინებიან ხავსს და სამშობლო არ ეთმობათ, უკვე წასვლაზე დაფიქრდნენ. ჰოდა, მითხარით, როდემდე უნდა ვაიძულოთ ქართველი, სამშობლოდან გაიქცეს? როდის დადგება ისეთი დრო, როცა ყველას დაასაქმებენ და მონობის უღელს გადავიგდებთ კისრიდან? მონები ვართ, აბა, რა?! უცხოელებს ვემსახურებით, თავს ვევლებით და იქ ნაშოვნ ფულს საქართველოში ვხარჯავთ. ნუთუ, რომელიმე ჩინოსანს ერთი ემიგრანტი ახლობელი მაინც არ ჰყავს? თუ სხვები არა, ის მაინც არ ებრალებათ? რამ გაუცივა ასე გული, მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე რომ ფიქრობენ და არ ადარდებთ, მათ გარშემო რას ჭამენ, როგორ გააქვთ დღეები?

- ქალბატონო ნორა, რამდენი შვილიშვილი გყავთ?

- 5 შვილიშვილი მყავს. 4 სტუდენტია, ერთი - სკოლის მოსწავლე. სამწუხაროდ, მეუღლე შარშან გარდამეცვალა და მას მერე მეც დავილიე, მაგრამ შვილიშვილების გამო, მაინც ვცდილობ, არ წავიქცე. ჩემს თავს აღარ ვდარდობ. აბა, რაღა დროს ჩემი მომავალზე ფიქრია, მაგრამ ბავშვებმა რა დააშავეს?! კარგი ვერაფერი უნდა ნახონ?! ახალგაზრდა რომ ვიყავი, მომავალზე მეფიქრებოდა, ახალ თაობას კი მხოლოდ დღევანდელი დღე ადარდებს, რადგან უწევთ ფიქრი იმაზე, რა ჭამონ, რა დალიონ, რომ ხვალ მშივრები არ დარჩნენ. ჩვენ შიმშილის არ გვეშინოდა! ყველა ვმუშაობდით და ვიცოდით, ეს სამსახური სტაბილური იყო. თუ დაგვითხოვდნენ, აუცილებლად გამოგვიძებნიდნენ სხვა საქმეს, რომლის წყალობითაც ოჯახის რჩენა იქნებოდა შესაძლებელი. უსაქმურად ვინ გაგაჩერებდა? წაგავლებდნენ ქეჩოში ხელს და იმდენს გამუშავებდნენ, ვიდრე არ იტყოდი, - თავი დამანებეთ, ნურაფერს მაძალებთ, მუშაობას ორგანიზმი უკვე ისედაც მთხოვსო. არ კარგავდნენ უქმად არც ერთ მუშახელს და ამდიდრებდნენ ქვეყანას, ახალ-ახალი საწარმოს გახსნაზე ფიქრობდნენ. ახლა რა ხდება? ქვეყანაში ისედაც ცოტა რაღაცას აშენებენ და მაშინაც, მუშახელი საზღვარგარეთიდან მოჰყავთ, თითქოს ქვეყანაში დაუსაქმებელი ქართველი არ ეგულებათ? ეს არ არის უნამუსობა? საკუთარ ხალხს აშოვნინე ფული, შე კაი ადამიანო, უცხოელზე რომ ზრუნავ...

გაგრძელება