"დედა, იყავი სანტა და მამა დაგვიბრუნე" - კვირის პალიტრა

"დედა, იყავი სანტა და მამა დაგვიბრუნე"

"ნაძვის ხეზე უზარმაზარი კონვერტი ეკიდა და დიდი ასოებით ეწერა - "დედას"

ნინომ რომ შეიტყო, ქმარს საყვარელი ჰყავდა, ელექტრონული ფოსტით წერილი მისწერა: "უკვე ვიცი, რომ არც საკუთარ თავს სცემ პატივს (ჩემს შეურაცხყოფაზე აღარაფერს ვამბობ!), ამიტომ გთხოვ, ბავშვებს ნუ დაუმახინჯებ ცხოვრებას. წადი, ვისთანაც გინდა, იცხოვრე, იზრუნე ბავშვებზე და ეცადე, აუხსნა, რაც მოხდა ჩვენ შორის"."

ლევანმა სცადა, ქალი დაერწმუნებინა, შენთვის არ მიღალატიაო, მაგრამ როცა ქალმა მამხილებელი ფოტოები გაუგზავნა, კაცმა ბრძოლა შეწყვიტა. კადრებში მოალერსეთაგან კაცი ცოლს ღალატობდა, ქალი კი ქმარს, თან ორივე ერთ საავადმყოფოში მუშაობდა და ფოტოები ამძაფრებდა ეჭვს, რომ მათი რომანი კარგა ხნის წინ დაიწყო.

ბავშვებმა ძალიან განიცადეს, მაგრამ დედას ამ თემაზე ვერ ელაპარაკებოდნენ - გული ეტკინებაო. უმცროსმა თორნიკემ მამას ჰკითხა, ხომ შეიძლება, ახლა ვინც გიყვარს, გადაგიყვარდეს და ისევ დედიკოსთან დაბრუნება მოგინდესო. დედა არ მომცემს ამის უფლებასო, იმართლა თავი მამამ. ბავშვებმა ვერ გაბედეს დედასთან შუამდგომლობა, მაგრამ მამა წააქეზეს, იქნებ ისეთი რამ ჩაიდინო, მისი გული ისევ მოიგოო. იფიქრა კაცმა და სამსახური შეიცვალა, იმ გარემოს დაემშვიდობა, სადაც იმ ქალთან უწევდა შეხვედრა. ნინო კი ქმრის გარეშე ყოფნას ეჩვეოდა და არც უფიქრია ღალატის პატიება.

ნინო: - მის შესახებ არაფერი მაინტერესებდა, თუმცა, ცდილობდა ახლობლების საშუალებით გამეგო, როგორ ვუყვარვარ, რომ მე სამყაროში საუკეთესო ქალი ვარ. ამაოდ, არაფერი მხვდებოდა გულზე... ცუდია, რომ კაცებს არ ესმით, ცოლისთვის რა საშინელებაა ღალატი...

- ქმარს მაინც შეურიგდით...

- არ ვფიქრობ, რომ ლევანმა გულწრფელად მოინანია, გულის სიღრმეში მგონია, თუ შესაძლებლობა მიეცემა, კიდევ მიღალატებს... შესაძლოა, ბანალურად ჟღერდეს, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ შევურიგდი შვილების გამო. ის ძალიან კარგი მამაა და ბავშვები ძალიან განიცდიდნენ უმისობას.

მეც ექიმი ვარ. როცა მორიგე ვიყავი, ლევანი ჩვენს სახლში რჩებოდა ბავშვებთან. ახალი წლის ღამესაც ვმორიგეობდი. ლევანი კი ჩვეულებისამებრ ბავშვებთან დარჩა. დილით რომ დავბრუნდი, ჩემს საძინებელში ეძინათ მამას და სამივე შვილს. ლევანს სანტა კლაუსის ფორმა ეცვა... გულისამაჩუყებელი სურათი იყო, მაგრამ ესეც ვერ მოახდენდა გავლენას, რომ არა... ნაძვის ხეზე უზარმაზარი კონვერტი ეკიდა და დიდი ასოებით ეწერა - "დედას". კონვერტში წერილი იდო. ბავშვები მწერდნენ: "საყვარელო დედიკო, დღეს აღმოვაჩინეთ, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს და მის ფუნქციებს ყოველთვის შენ და მამა ასრულებდით. არადა, ჩვენ წერილი მივწერეთ მას და ვთხოვდით, მამა დაებრუნებინა. სანტა არ გამოჩნდა, მაგრამ მოვიდა სანტას სამოსში გამოწყობილი მამა, რომელიც გამოგვიტყდა, რომ ამ ხნის განმავლობაში გვატყუებდით... იმდენად ლამაზი და საინტერესო ტყუილები იყო, სიამოვნებით გაპატიებთ, მაგრამ გთხოვთ, დედა, კიდევ ერთხელ იყავი სანტა და დაგვიბრუნე მამა".

დაღლილი, ღამენათევი დავჯექი და ავტირდი. კარგა ხანს ვზლუქუნებდი. თავი რომ ავწიე, ოთხივე ჩემ წინ იდგა, დაღონებული, სახეწაშლილი... იმდენად სასაცილოდ იყვნენ აჩაჩულ-დაჩაჩულები და გაბურძგნულები, სიცილი ამივარდა. მას შემდეგ ერთად ვართ და ვცდილობთ, ჩვენი შეწებებული ურთიერთობა არ დაიმსხვრეს. კარგია, თუ ბოლომდე შევძლებთ ამას...

სოფო გამრეკელი