ვერ ვაპატიე დედას მამის ღალატი, არადა, თურმე როგორ ვცდებოდი - კვირის პალიტრა

ვერ ვაპატიე დედას მამის ღალატი, არადა, თურმე როგორ ვცდებოდი

ძალიან თავნებობა და აგრესიული ვიყავი, რასაც გარდატეხის ასაკს აბრალებდნენ. ახლობლები დედაჩემს საყვედურობდნენ, - შენი ბრალია, პატარაობიდანვე ანებივრებდი და აი, შედეგიცო...

ის მაინც ცდილობდა, ნაბოლარა შვილის საქციელის გამართლებას, - მამამისის სიკვდილის შემდეგ შეიცვალა, თორემ ასეთი არ იყო, გავა დრო და დამშვიდდებაო.

არავინ იცოდა, რომ დედის მიმართ აგრესია ჯერ კიდევ პატარაობაში გამიჩნდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ მამას ღალატობდა. ჩემთვის ბევრჯერ უკითხავს უახლოეს მეგობარს - რა გჭირს, გარეთ თბილი ხარ, ოჯახში კი ცივი და უხეშიო... მოკლედ მოვჭრიდი ხოლმე, - ალბათ მაქვს ამის მიზეზი-მეთქი. გვიან, როცა ჩემი სათაყვანებელი მამა მოულოდნელად გარდაიცვალა, გულში ჩაბუდებული დარდი ვეღარ დავიტიე, მინდოდა მეგობრისთვის მომეყოლა, მაგრამ მაინც ვერ შევძელი...

გავიდა დრო. გავთხოვდი, შვილი შემეძინა და მაინც... ვერ ვაპატიე დედას მამის ღალატი. მხოლოდ დედის გარდაცვალების შემდეგ გაირკვა სიმართლე, როცა მისი ჩანაწერები ვიპოვე. მხოლოდ ახლა გამიჩნდა სურვილი, თქვენთვის მომეყოლა ის, რაც წლების განმავლობაში მაწუხებდა: მამას დედა მგონი, შვილებზე მეტადაც კი უყვარდა. სანამ პატარა ვიყავი, სულ ვნატრობდი, დედას დავმგვანებოდი, მაგრამ, რაც ვიზრდებოდი, უფრო და უფრო მამას ვემსგავსებოდი. შვილებიდან ჩემი უფროსი ძმა ჰგავდა დედას და რაღაცნაირად მშურდა მისი. მერე მამა რუსეთში წავიდა და ჩემი ძმაც თან წაიყვანა. ძალიან უნდოდა, მთელი ოჯახი მის გვერდით ყოფილიყო, მაგრამ დედამ უარი უთხრა, მისი მშობლები ხშირად ავადმყოფოდნენ, ის მათი ერთადერთი შვილი იყო...

როცა შუათანა ძმამ სკოლა დაამთავრა და ისიც მამასთან წავიდა, დავრჩით მე და დედა. ერთხელ, მაშინ ათი წლის ვიყავი, შუაღამისას, ზარის ხმა ჩამესმა. რადგან არავინ შემოვიდა ჩემს საძინებელში, ვიფიქრე, მეზობელი გვესტუმრა-მეთქი და ძილი გავაგრძელე. ცოტა ხანში მამაკაცის ხმა ჩამესმა და მთვარეულივით წამოვხტი. სამზარეულოსკენ წავედი, მაგრამ სიტყვებმა - მე აღარ შემიძლია უშენობა, როდემდე უნდა გელოდო? მიატოვე ქმარი და წამოდი ჩემთან, არაფერს მოგაკლებო, - თითქოს მდუღარე გადამასხეს. კარი ოდნავ იყო შეღებული და უცნობი მამაკაცი დავინახე. არ ვიცი რამ შემაშინა, მაგრამ სასწრაფოდ გამოვტრიალდი და საწოლში ჩავწექი. დილით ყველაფერი ისე იყო, როგორც სხვა დროს. წამიერად ვიფიქრე, ხომ არ დამესიზმრა-მეთქი, მაგრამ საფერფლე სიგარეტის ნამწვით იყო სავსე, დედა კი არ ეწეოდა - დავიწყებოდა შუაღამის სტუმრის "ნაკვალევის" წაშლა...

იმის მერე ჩავიკეტე საკუთარ თავში. სამი წელი საშინლად ვიტანჯებოდი. მიკვირდა დედის საქციელი, ის ხომ მამას დიდი სიხარულით ხვდებოდა. გულში მატყუარას ვეძახდი, ხმამაღლა კი ამის თქმას ვერ ვბედავდი. ხშირად მარტო მყოფი ხმამაღლა ვლაპარაკობდი, დედას საქმეებს ვურჩევდი, მამის ღალატის გამო პასუხს ვთხოვდი. რამდენჯერმე სკოლაშიც არ წავედი და დედას ჩავუსაფრდი, დაველოდე სახლიდან მის გასვლას, კუდში მივდიე, ის კი ჯერ სილამაზის სალონში წავიდა, მერე იქიდან მამიდას შეხვდა, მერე კი შინ დაბრუნდა... ვერა და ვერ გამოვიჭირე. ამაზე უფრო ვბრაზდებოდი. მამა და ძმები ძველებურად არა, მაგრამ სამ თვეში ერთხელ მაინც ჩამოდიოდნენ. დედაც ისევ "სიხარულობანას" თამაშობდა. მერვე კლასში ვიყავი, შემთხვევით გავიგე, რომ აბორტი გაიკეთა. მეზობლის

ქალს ეუბნებოდა, - მუცელი მომეშალა, არადა, კიდევ მინდოდა ბავშვის გაჩენაო. უეჭველი იყო, იმ კაცისგან იყო ორსულად, ჩანს, მაინც ახერხებდა საყვარელთან შეხვედრას. იმ პერიოდში ჩემზე უბედური არავინ მეგონა.

მერე მამა მოულოდნელად, ინფარქტით გარდაიცვალა. დედის დანახვა არ შემეძლო, მას ვადანაშაულებდი მამის სიკვდილში. არადა, ძალიან სასოწარკვეთილი იყო, ბევრს ტიროდა, ვერ ამშვიდებდნენ... გულში თვალთმაქცს ვეძახდი. დედაზე არც წლები, არც დარდი არ მოქმედებდა, ძველებურად ლამაზი და მომხიბვლელი იყო. ეს კიდევ უფრო მაღიზიანებდა. მისი გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ საწერი მაგიდის უჯრა გავაღე და მისი ჩანაწერები წავიკითხე. სულმოუთქმელად წავიკითხე ასფურცლიანი რვეული.

გაგრძელება