"ღვთისნიერ კაცს რომ არ გადაერჩინა, ხიდიდან ხტებოდა გოგო" - კვირის პალიტრა

"ღვთისნიერ კაცს რომ არ გადაერჩინა, ხიდიდან ხტებოდა გოგო"

"კორპუსის რომელიღაც სართულზე გასაყიდი მარწყვი აუტანია ლელას. ბიჭების, უფრო კი არაკაცების ხროვა დახვედრია. საწყალი გოგო სახლში შეიტყუეს და გააუპატიურეს"

მეგობართან ვიყავი სტუმრად. ეზოდან ქალის ხმა შემომესმა, მარწყვს ყიდდა. მეგობრის დედამ ფანჯრიდან გადაიხედა და შეიცხადა, - მარგო ისევ გამოჩნდა, ეტყობა, თავისას არ იშლისო. ცნობისმოყვარეობამ მძლია და ვიკითხე, - რატომ უნდა მოეშალა ეს საქმე, რამე დააშავა-მეთქი? ლილი დეიდამ მიამბო:

- დიდი ხანია, მარგო ჩვენს უბანში დადის. ლამაზი გოგო ჰყავს, ლელა. გოგომ სკოლა რომ დაამთავრა, დედამისს ამოუდგა გვერდში და ერთად ვაჭრობდნენ. ერთი ხანობა მარგო ავადმყოფობდა და ლელა მარტო დაატარებდა კალათებს. ერთ-ერთი კორპუსის ზედა სართულიდან თურმე ვიღაც ბიჭმა დაუძახა, - თუ შეგიძლია, მარწყვი ამომიტანეო. ასულა ლელა. მოატყუეს, ბიჭების, უფრო კი არაკაცების ხროვა დახვედრია. საწყალი გოგო სახლში შეიტყუეს და გააუპატიურეს. როგორღაც მისულა ლელა შინამდე. მარტოხელა დედა-შვილს უფიქრიათ, მაგ არაკაცებს პატრონები ეყოლებათ, ან ვაითუ, სიცოცხლესაც გამოგვასალმონო და ჩუმად ჩაუყლაპავთ ტკივილი. იმ დღიდან ლელა ჩვენს უბანში არ გამოჩენილა. კარგა ხანს არც მარგო ჩანდა.

გოგო დაორსულებულა. საწყალი კინაღამ გაგიჟებულა. დედისთვის წერილი დაუტოვებია და თავის დასახრჩობად წასულა. ღვთისნიერ კაცს რომ არ გადაერჩინა, ხიდიდან ხტებოდა გოგო. ლელას მხსნელისთვის უთქვამს, ორსულად ვარ და მინდა მოვკვდეო. კაცს დაყვავებით გამოუკითხავს თავგადასავალი. თურმე ატირებულ გოგოს გულში იხუტებდა და ეფერებოდა, - ასე როგორ გაგიმეტესო. იმ კაცს ცოლი და ვაჟი ყოლია ახალი დაღუპული, ავარიაში მოყოლილან საწყლები. უთქვამს, - მარტო ვცხოვრობ, ხანდახან ჩემი და მოდის სახლის დასალაგებლად. ვეტყვი, რომ ჩემი ვაჟისგან ხარ ორსულად და ბავშვს გვარსაც მივცემ, ოღონდ თავის მოკვლა აღარც იფიქროო.

- ეს ამბავი როგორ გახმაურდა?

- მარგო ჩვენს უბანში ერთ მეეზოვესთან მეგობრობს. ის ქალი საქმეს რომ მორჩება ხოლმე, ჩამოჯდება სკვერში, ჯიბიდან არყის ბოთლს დააძრობს და ყველთან და ძეხვთან ერთად მიირთმევს. თუ ამ ამბავს მარგო შეესწრო, მეეზოვე აუცილებლად მიიპატიჟებს. მერე მარგოც კარგად გამოიბრუჟება და ამ დროს ენას ვერ აჩერებს. ეტყობა, სიმთვრალეში ლელას ამბავი დაწვრილებით მოუყვა დაქალს, მას მაღაზიის გამყიდველისთვის უამბია. ასე მოედო მთელ უბანს ლელას ამბავი. მერე ბევრი ცდილობდა დაედგინა, რომელ კორპუსში ცხოვრობდა მოძალადე...

- მარგოზე რატომ თქვით, თავისას მაინც არ იშლისო?

- ლელას ამბავი რომ გასკდა, ბავშვი დაბადებული იყო. მანამდე მარგო ყველას ეუბნებოდა, ლელას ქმარი ავარიაში დაეღუპა და ორსულად დარჩაო. ერთ დღესაც უბანში ვიღაცას უთქვამს, - მარგო, გამოატარე შენი შვილიშვილი, იქნებ მამას ჰგავდეს და შევიცნოთო. საწყალი ქალი თურმე მოთქმით ტიროდა. მერე იმ ენაყრანტალასთვის ჭკუა უსწავლებიათ ჩვენი უბნის კაცებს. მარგო იმ დღიდან დაიკარგა. აღარ ჩანდა. თურმე ეშინოდა, ვინმემ კიდევ არ წამომაძახოსო, ახლა კი ისევ გამოჩნდა და ლელაზე ჭორაობაც ისევ განახლდება.

არავინ იცის, ლელა სად ცხოვრობს, მთავარია, როგორც დედამისი ამბობს, კარგად არის. ლელა უბანში რომ გამოივლიდა, ბევრი ამბობდა, - ასეთი ლამაზი მარგოს შვილი როგორ არისო, მაგრამ თავის დროზე არც მარგო იქნებოდა ურიგო, ქვრივობა-მარტოხელობამ და ჯაფამ დააჭკნო უდროოდ...

სოფო გამრეკელი