"არ გვაქვს ცოლ-ქმარს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა და ალ­ბათ, უფ­ლის ნე­ბაა, ბავ­შ­ვიც რომ არ გვიჩ­ნ­დე­ბა" - კვირის პალიტრა

"არ გვაქვს ცოლ-ქმარს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა და ალ­ბათ, უფ­ლის ნე­ბაა, ბავ­შ­ვიც რომ არ გვიჩ­ნ­დე­ბა"

ალბათ ძნელია, როცა დედამთილთან ურთიერთობის დალაგებას ვერ ახერხებ, მაგრამ უფრო ძნელია, როცა ოჯახის წევრების უმრავლესობა ვერ გიგებს. ჩემი რესპონდენტი - 27 წლის ნანა ამბობს, რომ ოჯახში, სადაც 2 წლის წინ საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ ამოყო თავი, არაფრის უფლებას არ აძლევენ. გამუდმებით უწევს იმის დამტკიცება, რომ რაღაცის გაკეთება კარგადაც შეუძლია, მაგრამ მისთვის ყველაზე მეტად აუტანელი ის არის, რომ ექიმებთან, ექიმბაშებთან და მკითხავებთანაც კი ხშირად დაატარებენ, - შვილი არ უჩნდებაო...

- არადა, ექიმი ამბობს, რომ ბავშვი მეყოლება. უბრალოდ, ამისთვის დროა საჭირო. მეც და ჩემი ქმარიც ყველანაირად გამოგვიკვლიეს. არ გვაქვს ცოლ-ქმარს კარგი ურთიერთობა და ალბათ, უფლის ნებაა, ბავშვიც რომ არ გვიჩნდება. სულაც არ მინდა, პატარის გამო მივეჯაჭვო ამ ადამიანებს, მაგრამ არც დაშორება გამოდის და ორ ცეცხლშუა ვარ.

- თუ ქმრის ოჯახში თავს კარგად ვერ გრძნობ და არც მეუღლე გიყვარს, თავის დროზე რატომ გაჰყევი ცოლად?

- თქვენ გგონიათ, მე მინდოდა? უბრალოდ, სიტუაციამ მოიტანა ასე. მურადს წლებია, ვიცნობ. მას ყოველთვის მოვწონდი, მე კი მის მიმართ გრძნობა არასდროს მქონია. სულ სხვა ადამიანზე ვიყავი შეყვარებული, იმ ბიჭსაც მოვწონდი და გეგმებს ვაწყობდით. ჩემი რჩეული მშობლებს არ მოსწონდათ, გამუდმებით იმას მიკიჟინებდნენ, - ეს ბიჭი შენი შესაფერისი არ არის. მას თუ გაჰყვები, ცხოვრებას დაინგრევო. ჰოდა, ახლა ხომ ავიწყვე ცხოვრება მათი მოწონებული სასიძოს გვერდით? რატომღაც, მურადი ყოველთვის ესიმპათიურებოდა დედას. ამბობდა, მის ოჯახში ვინც შევა, ბედნიერი იქნებაო. ერთხელაც, ისე მოაწყვეს ყველაფერი, რომ მის სახლში მივსულიყავი, მერე კი იქიდან არ გამომიშვეს. მომავალ მძახლებს აწყობდათ დანათესავება. დაახლოებით ერთი კვირა არ მომკარებია ქმარი, ამის უფლებას არ ვაძლევდი და იმასაც, ჩემი მშობლების მხარში დგომის იმედი რომ ჰქონდა, ძალადობა არც უცდია. ერთი კვირის შემდეგ, როგორღაც მოვახერხე შეყვარებულთან დაკავშირება, მისმა სიტყვებმა კი ცხოვრებაზეც ამიცრუა გული: რას მირეკავ? სხვა კაცის ცოლი ხარ და ჩემგან რა გინდაო? შევეცადე, ამეხსნა მისთვის, რომ ძველებურად მიყვარდა და ქალიშვილი ვიყავი, მაგრამ არაფრის გაგონება არ ისურვა, ტელეფონი გამითიშა. ძალიან გავმწარდი. ვერ წარმოიდგენთ, რას ვგრძნობდი მაშინ. თითქოს, გული გამეხლიჩა. მერე თვითმკვლელობაც ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. ჩემთვის აღარაფერს ჰქონდა აზრი და ამიტომაც მივეცი მურადს უფლება, როგორც სურდა, ისე მომქცეოდა. აი, ასე გავხდით ცოლ-ქმარი და ერთი სარეცლის გამზიარებლები.

- დედა ვერ ამჩნევდა შენს ასეთ დიდ ტკივილს?

- როგორ არა, მაგრამ მეუბნებოდა: მეც არ მიყვარდა მამაშენი, მაგრამ კი ხედავ, შევაბერდით ერთმანეთს. შენც ყველაფერს შეეჩვევი, ასეთია ქალის ცხოვრებაო.

- მგონია, საუკუნეების წინ მომხდარ ამბავს მიყვები...

- (იცინის) არადა, ჩემს სიტუაციაში დღესაც არაერთი ქალია. მათ უწევთ ყველაფრის ატანა მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახი ჰყავდეთ, ვიღაცის ცოლი ერქვათ და მშობლებს გული არ ატკინონ... ჩემთვის ყველაფერი დასრულდა! ახლა უბრალოდ, სხვის გასახარებლად ვცხოვრობ. თუმცა, ზოგჯერ მაინც მიჩნდება პროტესტის გრძნობა და მინდა, გავილაშქრო არა მარტო ჩემი ქმრისა და მისი

ოჯახის, არამედ ჩემი მშობლების წინააღმდეგაც, რომლებსაც ისე გამოუვიდათ, თითქოს თავიდან მომიშორეს.

- დედმამიშვილები გყავს?

- და და ძმა მყავს. და გათხოვილია და ბედნიერი გახლავთ, რადგან თავის რჩეულს გაჰყვა. ძმა დასაქორწინებელია და სხვათა შორის, დედა მისთვისაც აქტიურად ეძებს შესაფერის საცოლეს.

- დედმამიშვილებმა არ სცადეს რაიმე ფორმით შენი დაცვა?

გაგრძელება