"დედაჩემი არაადამიანია" - კვირის პალიტრა

"დედაჩემი არაადამიანია"

"მომინდა, დეიდა ნინო ყოფილიყო ჩემი დედა, მკერდში ჩავეკარი და ავბღავლდი... დედისგან მიტოვებული მეგობრის დედამ გამზარდა"

ლევანი მეგობართან გავიცანი. მალე მამა გახდება და ორსულ ცოლს თავზე ისე ევლება, აღვფრთოვანდი. ჩემს ემოციას მისი მადლიერება მოჰყვა და სიტყვამ მთელი თავგადასავალი მოიტანა.

ლევან კ.: - მე ის თაობა ვარ, მშობლები რომ ემიგრაციაში წავიდნენ და, ფაქტობრივად, ღვთის ანაბარად გავიზარდეთ. არავის შეუძლია შვილის ისე ესმოდეს, როგორც დედას, ისე სწრაფად მიუხვდეს სატკივარს, სიხარულის მიზეზს, გზაზე აცდენის საფრთხეს.

ოჯახს ძალიან რომ გაუჭირდა, მამაჩემმა გაყიდა მანქანა და იმის ნაცვლად, თვითონ წასულიყო სარჩო-საბადებლის მოსაძიებლად, დედა გაუშვა ამერიკაში. ამის შემდეგ ჩვენს ოჯახში ყველაფერი აირია - დედა ამერიკაში გათხოვდა და შემოგვითვალა, მე ახლა ქმარი მარჩენს, უკვე შვილსაც ველოდებით და ვერ დავავალდებულებ, თქვენც გარჩინოთო. მამაჩემი ჯერ იმან გაამწარა, რომ იოლი შემოსავალი აღარ ექნებოდა, მერე მიხვდა, თვითონ უნდა გაენძრია ხელი და... სმა დაიწყო. ხშირად უმიზეზოდ მეჩხუბებოდა, მცემდა. ერთხელაც ყელში ამომივიდა და ჩემს უახლოეს მეგობარს ვუთხარი, მამაჩემის მოკვლა მინდა-მეთქი. მეტიც, დედაჩემის მოკვლაზეც ვოცნებობდი, მაგრამ ვწუხდი, რომ ვერ მივწვდებოდი. მძულდა დედაჩემი, ვიცოდი, სხვა შვილი ჰყავდა, ჩემი ამერიკელი და, და ისიც მძულდა. უკვე 10 წლის ვიყავი. მეგობარმა შემომთავაზა, ჩვენთან წამოდი, დედა შენებს დაურეკავს და ეტყვის, რომ ჩვენთან იქნებიო. მართლაც, ჩემი ოჯახი, ბებია-ბაბუა, სიამოვნებით დათანხმდნენ. ლუკას დედამ დამამშვიდა, აპატიე შენს მშობლებს, წყენაზე მაღლა დადექი, სჯობია მომავალზე იფიქრო, მაგრამ თუ ვერ აპატიებ, მაშინ ცხოვრების ფსკერზე დარჩებიო. მაშინ კარგად ვერ გავიგე დეიდა ნინოს ნათქვამი, მაგრამ ისე მომინდა, ის ყოფილიყო ჩემი დედა, მკერდში ჩავეკარი და ავბღავლდი. იმ დღიდან შეიცვალა ჩემი ცხოვრება. დეიდა ნინო მამაჩემთან მისულა და უთქვამს, ნება მოგვეცით თქვენი ლევანი ჩვენთან გადმოვიდეს. ნუ გვიწყენთ, ვიცით, რომ გიჭირთ და დაგეხმარებით, რომ ბავშვს გზა არ აებნესო. დეიდა ნინოსა და ბიძია რეზოსაც უჭირდათ, ისევე, როგორც გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, მაგრამ ბევრს შრომობდნენ, რომ ერთადერთი შვილი ღირსეულად გაეზარდათ. მიუხედავად ამისა, მზად იყვნენ, ჩემთვის მეურვეობა გაეწიათ.

- მამათქვენი იოლად დათანხმდა?

- სიხარულით.. ასე რომ, დეიდა ნინო გახდა ჩემი დედა, ლუკა - ძმა, ბიძია რეზო კი მამა. მათი წყალობით გავხდი ადამიანი და სისუსტეების დამარცხება ვისწავლე.

- ახლა სად არიან თქვენი მშობლები?

- მამაჩემი ორი წლის წინ გარდაიცვალა, ღვიძლი დაეშალა. ბებია-ბაბუა წლების წინ დაიღუპნენ. იმათ არც ვერჩოდი, სითბოს არ იშურებდნენ, ისევე, როგორც მამიდაჩემი, რომელიც დეიდა ნინოს ხშირად ურეკავდა, დროდადრო მოდიოდა ჩანთებით დატვირთული, მე ტანსაცმელს მომიტანდა, ლუკას - საჩუქრებს, ოჯახისთვის - სურსათს. მასზე საყვედური არასდროს დამცდება, დედაჩემი კი არაადამიანი დარჩა.

მე და ლუკა ერთხანს ამერიკაში ვსწავლობდით. შემომიჩნდა, მოდი, დედაშენი მოვძებნოთო. არ მინდოდა. გული მიგრძნობდა, უფრო დიდ დარტყმას მივიღებდი. ლუკა ისე, რომ არ ვიცოდი, დედაჩემს მიადგა. უთქვამს, სასახელო შვილი გყავთ, მისი ძმობით ვამაყობო, დედაჩემმა კი თურმე ჰკითხა, რა გინდათ ჩემგან, ფულიო? ლუკა შემცბარი წამომხტარა და გამოქცეულა...

მისი ამბავი არ ვიცი. არც მაინტერესებს. მე ერთი დედა მყავს და ერთი ძმა - ლუკა, რომლისთვისაც სიცოცხლეს გავწირავ.

სოფო გამრეკელი