შვილმა ჩემთვის ვერაფერი გაიმეტა - კვირის პალიტრა

შვილმა ჩემთვის ვერაფერი გაიმეტა

მე და ჩემს ქმარს 12 წლის ქალიშვილი ლეიკემიით გარდაგვეცვალა. ჩვენი ვაჟი მაშინ 8 წლის იყო. ქეთის სიკვდილმა თავზარი დაგვცა. ჩვენი ერთადერთი იმედი გიო იყო. მისთვის ვცოცხლობდით. ისეთ რძალზე ვოცნებობდი, რომ ჩემი ქეთი შეეცვალა... 24 წლის გიომ ცოლი შეირთო. რძალს ქეთინო ერქვა.

ნეტავ იცოდეთ, როგორ გამიხარდა, ასე მეგონა, მკვდარი შვილი გამიცოცხლდა.

რძალმა კი რამდენიმე თვეში გამოაჩინა ბრჭყალები. მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ერთად ვცხოვრობდით. დიდი, საკუთარი სახლი გვქონდა ვეძისში და თავიდანვე ვფიქრობდით, რომ გიოსთან ერთად ვიცხოვრებდით. თურმე, სასახლეც რომ გქონდეს, მაინც არ უნდა მოინდომო რძალთან ცხოვრება. რძლისა და სიძის ოჯახში შემოსვლამდე უნდა გაუნაწილო შვილებს, თუ რამ ქონება გაგაჩნია.

აგარაკი გვქონდა წყნეთში. გიოს სახელზე იყო აშენებული, ქეთისთვის ცალკე ვაპირებდით... მერე, ხშირად მიფიქრია, იქნებ, ღმერთმა იმიტომ დაგვსაჯა, რომ რაც გვებადა, ყველაფერს გიოს ვუმკვიდრებდით და მის სახელს ვარქმევდით, მაგრამ ქეთისთვისაც ხომ ვაპირებდით ყველაფრის მიცემას?! ამ ჩემმა რძალმა იმდენი ქნა, ერთ ოთახში შეგვყარა მე და ჩემი ქმარი, თვითონ კი სტუმრების მიღება-გასტუმრებაში იყო. სტუმრებს ვინ დაეძებს, რაიონიდან ვინც კი ჩამოვიდა მისი ნათესავი, ყველა ჩვენთან მოიყვანა.

ხმას არ ვიღებდი. შვილიშვილები რომ შეგვეძინა, ბავშვებს ჩვენთან ურთიერთობას უშლიდა. ამაზე გაჩუმება კი აღარ შემეძლო და მოხდა კიდეც უსიამოვნება. ჩემმა შვილმა ცოლს დაუკრა კვერი, - დედა შვილებს, როგორც უნდა, ისე გაზრდისო. ჩემი ქმარი ძალიან ცუდად გახდა. ამას არ მოველოდით გიოსგან. გადავწყვიტეთ, წყნეთში გადავსულიყავით. მაინც არ მოისვენა რძალმა, - აგარაკზე, როცა მინდა, მაშინ უნდა ავიდე და ესენი იქ რატომ უნდა დამხვდნენო.

კინაღამ გადავირიე, ჩვენს ნაჯაფს რას ეპოტინები, შენი შრომით ააშენე და იმას დაეპატრონე-მეთქი. ამაზე ისტერიკა დაიმართა და ისევ გიო აგვიმხედრა. იძულებული გავხდით, წყნეთის სახლიც გაგვეყიდა, ნაწილით პატარა სამოსახლო ვუყიდეთ წყნეთშივე, მეორე ნაწილით კი მუხიანში ვიყიდეთ სამოთახიანი ბინა. ამით საბოლოოდ გაწყდა ჩვენ შორის ის ძაფი, რომელიც ათი წელი ავად თუ კარგად გვაკავშირებდა.

მეუღლე სამი წლის წინ გარდამეცვალა. ჩემთან უმცროსი და ცხოვრობს. შვილი ათასში ერთხელ მაკითხავს, შვილიშვილებიც იშვიათად შემომირბენენ. გადაწყვეტილი მაქვს, ბინა დისშვილს გადავუფორმო ან ანდერძით დავუტოვო, რომელიც არ მაკლებს სითბოს, სიყვარულს და ყურადღებას. მე ჩემს შვილს ყველაფერი მივეცი სიყვარულთან ერთად, მან კი ჩემთვის ვერაფერი გაიმეტა, მარტოობისთვის გამწირა, დისა და დისშვილის იმედად დამტოვა.

ნანი თ.