”ჩემი შვილები სუროგატი დედის მუცლიდან თავად ამოვიყვანე” - კვირის პალიტრა

”ჩემი შვილები სუროგატი დედის მუცლიდან თავად ამოვიყვანე”

”უკვე სამი შვილის დედა ვარ, არადა, ბავშვის ლოდინში ისეთი ჯოჯოხეთური წლები გამოვიარეთ, რომ სუროგატი დედის დახმარებით ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა ნამდვილი შვება აღმოჩნდა”

საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება იმ ქალის ამბავი, რომელმაც სუროგატი დედის მეშვეობით სამი შვილი გააჩინა.

ნინო სუხიაშვილი: - ოჯახი 30 წლისამ შევქმენი. დედობა ჩემი ოცნება იყო, თუმცა 8 წელმა ისე ჩაიარა, შვილი არ გვეყოლა. სტრესებით აღსავსე პერიოდი გამოვიარეთ. თავდაპირველად ამ საკითხს ოპტიმისტურად ვუყურებდი, რადგან მეან-გინეკოლოგი ვარ და ამ სფეროში მეცნიერული მიღწევები ჩემთვის უცხო არ არის. თუმცა შემდეგ ნერვებმაც მიღალატა, ფინანსებმაც და ასაკმაც შემაშინა. მე და ჩემმა მეუღლემ ვცადეთ ყველაფერი, მკურნალობა, ხელოვნური განაყოფიერება, თუმცა უშედეგოდ.

- ხელოვნური განაყოფიერების მეთოდს საქართველოში მიმართეთ?

- ჯერ საქართველოში, თანაც არაერთხელ და შემდეგ თურქეთშიც. ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და გადავწყვიტეთ, სუროგატი დედის დახმარებით გაგვეჩინა შვილი.

- ხელოვნური განაყოფიერებით შედეგის მიღწევა უკვე გამორიცხული იყო?

- მედიცინაში გამორიცხული არაფერია. უბრალოდ, ამის დრო აღარ გვქონდა. სხვათა შორის, ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ხელოვნური განაყოფიერება სახელმწიფო პროგრამებით ფინანსდება, ჩვენთან კი უშვილობის პრობლემის მოგვარებისთვის არაფერი კეთდება. მხოლოდ ჩვენს ერთ პატარა კლინიკაში 5 თანამშრომელს იგივე პრობლემა აქვს, რაც მე მქონდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩემ ირგვლივ უამრავი უშვილოა. ჩვენ ბავშვის ლოდინში ისეთი ჯოჯოხეთური 8 წელი გამოვიარეთ, რომ სუროგატი დედის დახმარებით ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა ნამდვილი შვება აღმოჩნდა.

- როგორ ხდება სუროგატი დედის შერჩევა და რა უნდა გაითვალისწინონ ამ დროს ბავშვის ბიოლოგიურმა მშობლებმა?

- ამ მხრივ არავითარი სირთულე არ არსებობს... არის ოფისები, რომელთაც მიმართავ და სუროგატ დედას აირჩევ. პირველად ვინც შევარჩიეთ, რატომღაც გვეეჭვებოდა, ჩვენი მცდელობა წარმატებით დასრულებულიყო და კიდევ სხვა სუროგატი დედა ავირჩიეთ. საბედნიეროდ, ორივე მცდელობა შედეგიანი აღმოჩნდა. პირველად ბიჭი შეგვეძინა, მეორედ კი ტყუპი ბიჭი. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერება წინ წავიდა, ბევრი რამ დღემდე შეუცნობელია. ალბათ იმიტომ, რომ არც ერთი სიცოცხლე ღვთის ნების გარეშე არ ჩნდება. ბევრს კარგად არ ესმის ეს საკითხი და ამიტომ განვმარტავ: სუროგატი დედა მხოლოდ ”ჭურჭლის” ფუნქციას ასრულებს, მუცლით ატარებს ბიოლოგიური მამის სპერმით და დედის კვერცხუჯრედით შექმნილ ემბრიონს, ნაყოფს. ამ დროს მნიშვნელოვანია სუროგატ დედაზე ზრუნვა, რადგან ბავშვმა მუცლადყოფნის პერიოდშიც იგრძნოს, რომ მშობლებს ძალიან უყვართ...

ჩვენთან სუროგატი დედის მეშვეობით შვილის გაჩენა ზედმეტად ტაბუირებულია. ამიტომ ხშირად გვიწევს იმის დამალვა, რაც დასამალი არ არის. დიახ, ჩვენ გვყავს 3 შვილი, რომლებიც სუროგატი დედის მეშვეობით გავაჩინეთ. სამივე ძალიან კარგი და ჯანმრთელი ბავშვია...

- გამორიცხულია, ბავშვი სუროგატ დედას დაემსგავსოს?

- გამორიცხულია, რადგან როგორც უკვე გითხარით, სუროგატი დედა მხოლოდ ”ჭურჭლის” ფუნქციას ასრულებს.

- თქვენი ამბავი განსაკუთრებულია იმითაც, რომ თქვენი შვილები სუროგატი დედის მუცლიდან თავად ამოიყვანეთ.

- ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ ოპერაცია ჩემს ნაცვლად სხვა ექიმს გაეკეთებინა. პირველად ბავშვის თავს ხელი რომ მოვკიდე, ხელი ამიკანკალდა-მეთქი, რომ გითხრათ, მართალი არ ვიქნები. ერთი სული მქონდა, კიდევ როდის შევეხებოდი ჩემს პატარას, თანაც ვფიქრობდი, ხომ კარგად შევაფასე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა? როგორ არის? როგორ სუნთქავს? კიდევ ერთი შეხება პატარასთან და მივხვდი, რომ მასზე ტკბილი ამქვეყნად სხვა არაფერია. უდიდესი ბედნიერება მხვდა წილად, უკვე სამი შვილის დედა ვარ. ერთი ეგ არის, გოგოს ყოლაც გვინდოდა და არ გამოგვივიდა... თუმცა გვიან არ არის. სხვათა შორის, ჩვენმა ამბავმა არაერთ უშვილო წყვილს ბიძგი მისცა. მათაც იგივე გზა განვლეს, ზოგს უკვე ჰყავს პატარა, ზოგიერთი კი ამ ბედნიერების მოლოდინშია.

ეკა ასათიანი