ცოლად მოვიყვანე ქალი, რომელიც გაუთხოვარი მეგონა, ის კი 3 შვილის დედა ყოფილა - კვირის პალიტრა

ცოლად მოვიყვანე ქალი, რომელიც გაუთხოვარი მეგონა, ის კი 3 შვილის დედა ყოფილა

ჩემმა მეუღლემ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. 30 წლის ვიყავი, როცა 3 წლით უფროსი ქალი შემიყვარდა. ეს იყო ნამდვილი, ძლიერი სიყვარული, რომლის მსგავსიც წინათ არასოდეს განმიცდია.

ლელა სრულიად შემთხვევით გავიცანი. ფოსტაში ტელეფონის დავალიანების დასაფარავად მივედი. რიგი დამხვდა. ლელამ ჩემ შემდეგ დაიკავა რიგი. გამოველაპარაკე, რიგი დავუთმე და როდესაც მოლარეს თავისი ტელეფონის ნომერი უთხრა, დავიმახსოვრე. იმავე საღამოს დავურეკე, მაგრამ ჩემი ვინაობა არ გამიმხელია. შემდეგ პაემანი დავუნიშნე, შევხვდი და იმ დღიდან დაიწყო ჩემი აღმაფრენა. ძალზე ბევრი კარგი თვსება აღმოვაჩინე ამ ქალში. კარგად მსჯელობდა, საღად აზროვნებდა, მოკრძალებულად იქცეოდა და საკმაოდ სადად ეცვა. მასში სწორედ ის ქალი დავინახე, რომელზეც ვოცნებობდი. თავის შესახებ კი მითხრა, რომ გასათხოვარი იყო, არ მუშაობდა, დედა საზღვარგარეთ ჰყავდა და ის უგზავნიდა ფულს, რომ თავი შეენახა. მთელი არსებით მიყვარდა და ბედნიერი ვიყავი. გარეგნობით მშვენიერი გოგო იყო, ისეთი მოკრძალებული და მორცხვი, რომლის მსგავსიც ჯერ არ მენახა

მისი ქცევით აღფრთოვანებული ხშირად ვეკითხებოდი: ასეთი კარგი გოგო ამდენ ხანს გაუთხოვრად ვინ დაგტოვა? ნუთუ ვერავინ შეგნიშნა, რომ ასეთი კარგი ხარ-მეთქი? - ამ დროს მორცხვად გაიღიმებდა ხოლმე. - მეგობრები გამაცანი-მეთქი, ვთხოვდი, მაგრამ უარს მეუბნებოდა. მიზეზი კი თურმე ის იყო, რომ მე ისეთი კარგი ვიყავი, მისი მეგობრები ჩემს დანახვაზე გადაირეოდნენ და შებმას დამიწყებდნენ. ის კი ჩემს ყველა მეგობარს იცნობდა და ყველანი აღფრთოვანებული იყვნენ მისით.

მთელი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ თითიც არ დამიკარებია. ერთ დღეს კი ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე წავედით. დავთვერი და... დილით თვალი რომ გავახილე, ჩემს ლოგინში თვალცრემლიანი ლელა აღმოვაჩინე. მისმა ცრემლებმა გამაგიჟა. თვალები დავუკოცნე და სამუდამო ერთგულება შევფიცე. სულ მალე კი ქორწილიც გადავიხადეთ და დავიწყეთ ერთობლივი ცხოვრება.

ლელა ხშირად მიდიოდა სოფელში, დეიდასთან და 2-3 დღე რჩებოდა. ვეუბნებოდი, - წმოვალ, შენს ნათესავებს გავიცნობ-მეთქი, მაგრამ ყოველთვის რაღაც მიზეზს პოულობდა იმისთვის, რომ არ წავეყვანე. ამის გამო არ ვნერვიულობდი...

ერთ დღეს, როცა ლელა ცოტა ხნით მეზობელთან გავიდა, მის ტელეფონზე მესიჯი მოვიდა: "2 დღეა, ბავშვს სიცხე აქვს, ვერაფერს ვშველით, სასწრაფოდ სჭირდება..." და ჩამოთვლილი იყო 5-6 პრეპარატი. ეჭვიც არაფერში შემპარვია. ვიფიქრე, რომ მის დეიდაშვილს გაუხდა ბავშვი ავად. ლელა რომ დაბრუნდა და ვუთხარი, ბავშვს სიცხე ჰქონია და წამლები სჭირდება-მეთქი, - შეშინებული სახე მიიღო, თვალები გაუფართოვდა, ნიკაპი აუკანკალდა და ენა ისე დაება, რომ გამიკვირდა. ჩავეკითხე, ჩავეძიე, მაგრამ კრუნჩხვა დაემართა, ტიროდა, ხელებს სახეზე იფარებდა... გონზე რომ მომეყვანა, სახეში შემოვარტყი. მართლაც, უცებ მოგონდა და დაწყნარდა. მეკი მეორე ოთახში გავედი და დამშვიდება ვაცადე, თან მისი საქციელის ახსნას ვცდილობდი. ცოტა ხანში მოვიდა, მუხლებში ჩამივარდა და - მაპატიეო, - მევედრებოდა. სულ მთლად დავიბენი.

აღმოჩნდა, რომ ბავშვი მისი შვილი ყოფილა. თანაც - უმცროსი... მასზე უფროსი კი ორი ჰყოლია. წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა? ცოლად მოვიყვანე ქალი, რომელიც გაუთხოვარი მეგონა, ის კი 3 შვილის დედა ყოფილა. და ამ ამბავს ქორწინებიდან 1 წლის მერე ვიგებ! შინიდან გავიქეცი და 1 კვირის მერე უკან მტკიცე გადაწყვეტილებით დავბრუნდი - მისი შვილები საცხოვრებლად ჩვენთან გადმოვიყვანე და ამის მერე ისიც გავიგე, რომ სოფელში დეიდასთან კი არა, დედასთან და შვილებთან დადიოდა. ასე გავხდი 3 შვილის მამა. ხშირად ვფიქრობ ხოლმე: წინასწარ რომ ეთქვა ამის შესახებ, მაინც დავქორწინდებოდი მასზე? პასუხი ერთია - ვერავითარი ძალა ვერ მაიძულებდა ამას!

იხილეთ ასევე: ქმარმა ყველაფერი მაპატია