"შვილს პრობლემები ვერ ავარიდეთ და უპატიებელი შეცდომაც დაუშვა" - კვირის პალიტრა

"შვილს პრობლემები ვერ ავარიდეთ და უპატიებელი შეცდომაც დაუშვა"

"ჩემს ქალიშვილზე მინდა გიამბოთ. მან უცნაური რამ ჩაიდინა წლების წინ და ჩვენც, ვინაიდან "თავზე გადაგვიარა", ოჯახიდან მოვიკვეთეთ. თუმცა, ცხადია, ძალიან განვიცდი მის დაკარგვას. უფალს ყოველდღე ვევედრები შვილის კარგად ყოფნას. მისი ნახვის სურვილიც მაქვს, მაგრამ არც თავმოყვარეობა მაძლევს ქალიშვილთან მისვლის უფლებას და ეს ჩემმა ვაჟებმა ან მეუღლემ რომ გაიგონ, მგონი, მეც მომიკვეთენ. ჰოდა, ორცეცხლშუა ვარ. მინდა, გული თქვენ მაინც გადაგიშალოთ", - ქალბატონ მაკას შინ ვესტუმრე და მისი შვილებიც გავიცანი. თუმცა, რასაკვირველია, არ იცოდნენ, რომ ჟურნალისტი ვარ. მათ ჩემი თავი ბიბლიოთეკის თანამშრომლად წარუდგინა, მერე თავის სამუშაო კაბინეტში შემიყვანა, სადაც ინტერვიუ ჩავწერეთ.

- აქ სპეციალურად მოგიყვანე. მინდოდა გენახა ის გარემო, რომელშიც ჩემი შვილი გაიზარდა. არასდროს არაფერი აკლდა, მაგრამ ხომ ხედავ, მაინც გაგვექცა, თან ისე, რომ მშობლებზე წამითაც არ დაფიქრებულა. ჩვენთვის მიუღებელი იყო მისი საქციელი და ამიტომაც ვკარით ხელი. არადა, შვილებს შორის ყოველთვის გამორჩეულად კარგად ვექცეოდით. ის ნაბოლარაა და მეტ მზრუნველობას ვიჩენდით, ვეფოფინებოდით. ყველაზე მეტად, ჩემი გოგონა მეიმედებოდა და ყველაზე მეტად, სწორედ მან გამიცრუა იმედი. 14 წლის იყო, როცა ძალიან შეიცვალა. უცნაურად ჩაცმა-დახურვა დაიწყო. ვიფიქრეთ, რომ ეს ასაკის ბრალი იყო და გაუვლიდა. მისი კლასელებიც უცნაურად იჩაჩებოდნენ და ალბათ, ამიტომ ვიმშვიდებდით თავს მე და ჩემი მეუღლე. სახლში დაგვიანება რომ დაიწყო, ეს ძალიან არ მოგვწონდა და ჯერ სიტყვიერ გაფრთხილებას ვაძლევდით, მერე ჩხუბზე გადავედით. ჩემმა ქმარმა რამდენჯერმე დასაჯა კიდეც, მაგრამ რაც უფრო მეტად ვეწინააღმდეგებოდით მის ახირებას, ის მით მეტად გვიჯიუტდებოდა და ყოველ ჯერზე იმას აკეთებდა, რაც არ მოგვეწონებოდა. ძმებიც გადაიმტერა. მეუბნებდნენ: დედა, შენს შვილს მიხედე, თორემ ერთხელაც თავს მოგვაკლევინებს, ისე იქცევაო. ბიჭები კუდში დასდევდნენ, გოგოს ეს არ მოსწონდა და მათ თავს არიდებდა, ეკაპასებოდა, ჩხუბს შუა ქუჩაშიც არ ერიდებოდა. მოკლედ, რადიკალურად შეიცვალა და ამან მთელი ოჯახი აგვაფორიაქა. ბიჭებთან, მათი გარდატეხის ასაკში არ გვქონია ისეთი გაწევ-გამოწევა, როგორი პრობლემებიც გოგონამ შეგვიქმნა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს საკითხი მტკივნეულია და ბევრს ექნება გამოცდილი.

- ასეთ დროს მშობლები ცდილობენ, შვილი ფსიქოლოგს დაალაპარაკონ ან სხვა რაღაცებით დააინტერესონ. დარწმუნებული ვარ, შვილის კეთილდღეობისთვის ძალას თქვენც არ დაიშურებდით.

- დიახ, ასე იყო, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ. ვერც ფსიქოლოგმა გვიშველა და ვერც ჩვენ ვუშველეთ შვილს. ვერ ავარიდეთ პრობლემები და უპატიებელი შეცდომაც დაუშვა. ხან ვეჩხუბებოდით, ხან ვეფერებოდით, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო. თავისნათქვამა გახდა და გარშემო არაფერი აინტერესებდა. თავს მხოლოდ იმით ვინუგეშებდით, რომ დროთა განმავლობაში გონს მოეგებოდა, დამშვიდდებოდა.

- ისეთი რა ჩაიდინა, რომ ვერ აპატიეთ? გაგრძელება