"ერთ დღესაც გამო­ვუცხადე, - მინდა ჩემი ქმარი იყო-მეთქი" - კვირის პალიტრა

"ერთ დღესაც გამო­ვუცხადე, - მინდა ჩემი ქმარი იყო-მეთქი"

"გაოცებულმა შემომხედა: ნუთუ ვერ ხვდები, რომ ქვრივობის რისკზე მიდიხარო?"

ქალი 28 წლის არის, კაცი 31-ის. კაცი მძიმე სენით არის დაავადებული. ისინი მეგობარმა გამაცნო. ირაკლი მეუბნება, რომ მისი წამალი სიყვარულია და ამიტომაც გამოიყურება იმაზე უკეთ, ვიდრე მასავით დაავადებული პაციენტები.

ელენე - ერთ დღეს "ფეისბუკში" ვნახე განცხადება, ლეიკემიით დაავადებული ბავშვის მშობელს შვილის გადასარჩენად სისხლი სჭირდებოდა. სწორედ ის ჯგუფი, რომელიც მე მქონდა. მითითებულ მისამართზე წავედი, იქ ჩემს მსგავსად უამრავი ადამიანი მისულიყო. თურმე ირაკლიც მათ შორის იყო.

ირაკლი - ელენე ისეთი ფერმკრთალი იყო, ვიფიქრე, ასეთი სუსტი სხვის დასახმარებლად რომ მოდის, რა კეთილი უნდა იყოს-მეთქი. გამოლაპარაკება მინდოდა, მაგრამ, ვერ გავბედე. ორი თვის შემდეგ, კიდევ ერთხელ რომ მივედი სისხლის ჩასაბარებლად, ელენე ისევ შევნიშნე. ისე მოხდა, რომ ჯერ მე ამიღეს სისხლი და მერე ელენე შეიყვანეს. ოთახიდან გამოვიდა თუ არა, შევთავაზე, გაგაცილებთ, მანქანით ვარ-მეთქი. მეც მანქანით ვარო, მითხრა ღიმილით. მაშინ ისღა მოვიფიქრე, რომ შოკოლადი, რომელიც ძალების მოსაკრებად ხელში მეჭირა, გავუწოდე, ეს გამომართვი-მეთქი. გაეცინა, მეც მაქვსო და ჩანთიდან ამოიღო.

ელენე - იმ დღეს მე და ირაკლი კაფეში წავედით, დაღამებამდე ვსაუბრობდით. ჩვენ ერთი სისხლის ჯგუფი გვაქვს, ერთნაირი ხასიათი და საერთოდ სამყაროს ერთნაირად აღვიქვამთ. ჩვენი ურთიერთობა, რომელიც ქველმოქმედებით დაიწყო, არ მინდა ტრაგიკულად დასრულდეს და ამისთვის ვიბრძვი.

ირაკლი - როდესაც გავიგე, რომ ავად ვიყავი, მიჭირდა ელენესთვის თქმა. იმასაც ვფიქრობდი, ხომ არ დავშორდე-მეთქი, როცა ამ თემას შევეხე, ელენემ პირზე ხელი ამაფარა, დიდი თვალები უფრო გაუფართოვდა და მტკიცედ მითხრა, ერთად დავამარცხებთ ყველა პრობლემასო.

ელენე - ერთ დღესაც გამოვუცხადე, - მინდა ჩემი ქმარი იყო-მეთქი. გაოცებულმა შემომხედა: ნუთუ ვერ ხვდები, რომ ფაქტობრივად, ქვრივობის რისკზე მიდიხარო? ამ საშინელი სიტყვებით სცადა ჩემი თავიდან მოშორება, მაგრამ ამაოდ...

ირაკლი - ჯვარი დავიწერეთ. ახლა ელენე არა მხოლოდ ჩემს გულისცემას უსმენს, მისი გულის ქვეშაც ახალი სიცოცხლე ჩქეფს.

ელენე - მინდა, ადამიანებს ვუთხრა, რომ ყველა სენის წამალი არსებობს და ეს სიყვარულია, რომელიც დაუნანებლად უნდა გასცე და სასწაული მოხდება. ირაკლის დაავადება რეგრესირებადი გახდა. ვიცი, ერთ დღესაც ვიტყვი, ვაშა, ჩვენ შევძელით!