ჩვენი სიყვარული კი დღითი დღე ძლიერდება, მაგრამ ოდესღაც ეს ლამაზი ზღაპარი დასრულდება - კვირის პალიტრა

ჩვენი სიყვარული კი დღითი დღე ძლიერდება, მაგრამ ოდესღაც ეს ლამაზი ზღაპარი დასრულდება

ინტერნეტმა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. არც ისე პატარა გოგო ვარ, უკვე 34 წელი შემისრულდა. დიდი ხანია, კომპიუტერთან ვმეგობრობ, მაგრამ არასოდეს მომსვლია აზრად, რომ რომელიმე სოციალური საიტის მეშვეობით ვინმე გამეცნო.

ერთ დღეს კი "ფეისბუკში" საკმაოდ სოლიდური ასაკისა და გარეგნობის მამაკაცი დამეკონტაქტა. რაღაც ისეთი მკითხა, რომ პასუხი გავეცი. ისევ მომწერა, ისევ ვუპასუხე და კარგა ხნის განმავლობაში ვიმესიჯეთ. შემდეგ "სკაიპის" მისამართებიც გავცვალეთ და დაიწყო ჩვენი ხანგრძლივი მიმოწერა და ურთიერთობა. ისე შევეჩვიე, რომ მის გარეშე არ შემეძლო. ასე მეგონა, მთელი ცხოვრება ვიცნობდი. როცა მას არ ველაპარაკებოდი, ძალიან განვიცდიდი და მენატრებოდა. შეხვედრას მთავაზობდა და არც მე ვიყავი უარზე, მაგრამ საქმე ის გახლდათ, რომ ის სხვა ქალაქში ცხოვრობდა და ან მე უნდა ჩავსულიყავი მასთან, ან ის უნდა ჩამოსულიყო. ორივე დაკავებული ადამიანები ვართ და ვერა და ვერ ვახერხებდით, რომ ერთდროულად გამოგვეძებნა დრო.

ერთხელ თბილისში ჩამოვიდა და დამირეკა, აქ ვარ და შენი ნახვა მინდაო, მაგრამ ვინაიდან წინასწარ არ შემითანხმდა, ძალიან გავბრაზდი და შეხვედრაზე უარი ვუთხარი. ისიც ძალიან გაბრაზდა, ამხელა გზა გამოვიარე, რომ შენთვის სიურპრიზი მომეწყო, შენ კი ასე ცუდად მექცევიო, მაგრამ პრინციპს არ ვუღალატე და არ შევხვდი.

მეორე დღეს თავის ქალაქში გაემგზავრა და ცოტა ხნით ჩვენი ურთიერთობა შეწყდა, რადგან ვერ მაპატია ჩემი საქციელი. აქა-იქ თუ მომწერდა 1-2 სიტყვას და მომიკითხავდა, ეგ იყო და ეგ. ძალიან განვიცდიდი, რადგან დამაკლდა. მეგონა, რომ ცხოვრება დამთავრდა და მისი მხრიდან ასეთ ცივ დამოკიდებულებას ძალიან მტკივნეულად განვიცდიდი. თუმცა ამის შესახებ არაფერს ვეუბნებოდი და როგორც თვითონ იქცეოდა, მეც ასევე ვპასუხობდი. ვითომ აქაც არაფერი, თავს ისე ვაჩვენებდი. ერთ დღეს მის ქალაქში ნათესავის ქორწილში დამპატიჟეს. ძალიან გამიხარდა, რადგან მიზეზი მქონდა, კობა მენახა. წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ცოტა ხნით "სკაიპში" ვილაპარაკეთ. მაშინ ვუთხარი, რომ მის ქალაქში ქორწილში ვაპირებდი ჩასვლას. მითხრა, თუ სურვილი გექნება, დამირეკე და შეგხვდებიო.

ის დღეც დადგა. საგანგებოდ გამოვიპრანჭე და გავემგზავრე. გზაში დამიმესიჯა, ქალაქს რომ მოუახლოვდები, დამირეკე და დაგხვდებიო.

გული გამალებით მიცემდა. იმ ადამიანს უნდა შევხვედროდი, რომელსაც მხოლოდ სურათით ვიცნობდი და მაინც ასე ძვირფასი იყო ჩემთვის. პირველივე წუთებიდან ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ნამგზავრი ხარ, მოშივებული იქნები და სადმე ვისადილოთო, მითხრა. რესტორანში წავედით. ისე მომეწონა მის გვერდით ყოფნა, რომ ლამის ქორწილში წასვლა გადავიფიქრე. გამიჭირდა მასთან განშორება, მაგრამ ვალდებული ვიყავი, ნათესავს ლხინში ვწვეოდი და დავემშვიდობე. თუმცა, თვითონ მითხრა, რამდენიმე საათით გემშვიდობები, მოგვიანებით ისევ გნახავო.

საღამოს 9 საათი იყო, დამირეკა და ქორწილიდან ძალით წამომიყვანა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი მასთან ერთად პრესტიჟული სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ამოვყავი თავი. ცოტა თავპატიჟი კი დავიდე თავიდან, რადგან მიმაჩნდა, რომ პირველივე შეხვედრაზე მასთან ღამის გათევაზე დათანხმება არ ღირდა, მაგრამ იმდენი ქნა, რომ დამითანხმა. დილით რომ გავიღვიძე, ძალიან ვინანე, ასე რატომ მოვიქეცი-მეთქი, მაგრამ თვითონვე დამამშვიდა და ცოტა დავწყნარდი. მეორე დღეს შინ დავბრუნდი და გულს მიღრღნიდა ის ფაქტი, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯი გადავდგი. მის ზარს ველოდი. თუ არ დარეკავდა, გასაგები იქნებოდა, რომ ჩვენი ურთიერთობა იქ დასრულდა, სასტუმროს ნომერში.

საღამოს დამირეკა. მისი ნომრის დანახვა ისე გამიხარდა, თითქოს ხელახლა დავიბადე. თბილისში ვარ, უშენოდ ვერ გავძელი და გამოდი, უნდა გნახოო, მითხრა. სიხარულით მეცხრე ცას ვეწიე. ამ ამბის შემდეგ წელიწადზე მეტია გასული. ჩვენი სიყვარული კი დღითი დღე ძლიერდება და ურთიერთობაც უფრო მყარდება. მართალია, სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობთ და ჩვენ შორის მანძილი 200 კილომეტრია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენს ურთიერთობას ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ახლავე ვნერვიულობ იმის გამო, რომ ოდესღაც ეს ლამაზი ზღაპარი დასრულდება. მას ხომ ცოლ-შვილი ჰყავს...