"ჩემი არაკაცი ქმარი მამის ანდერძს მიმალავდა" - კვირის პალიტრა

"ჩემი არაკაცი ქმარი მამის ანდერძს მიმალავდა"

"გიჟივით მომვარდა, მუშტი ჩამარტყა, მერე კი მკლავზე მიმაწვა სიგარეტი"

როდესაც უცნობი ქალი მირეკავს და ხმააკანკალებული მესალმება, ვხვდები, რომ ძალადობის შესახებ უნდა მიამბოს... ვცდილობ, დავარწმუნო, ფსიქოლოგებს, უფლებადამცველებს და სამართალდამცველებს უამბოს, რაც გადახდა. ზოგჯერ მიჭირს მსხვერპლის დარწმუნება და დაჟინებით მთხოვენ, ყველას გავაგებინო მათი სატკივარი, თან არ გავამხილო, ვინ არიან.

მაია: - ძალიან ახალგაზრდები დავქორწინდით. თავიდან მშობლები გვეხმარებოდნენ და სადარდებელი არ გვქონდა. მერე ავტოავარიაში ერთდროულად დაიღუპნენ ჩვენი დედები და მამაჩემი. გიგას მამა საწოლს მიეჯაჭვა. უცებ აღმოვჩნდით მკაცრი რეალობის წინაშე. გიგას ოჯახი უნდა ერჩინა, მამის საქმეები განეგრძო. 23 წლის გულარხეინი ბიჭი დაიბნა, ნერვიულობდა. მამა არიგებდა, ამხნევებდა, მეც გვერდით ვედექი, მაგრამ რადიკალურად შეიცვალა. სიგარეტის მოწევა დაიწყო. ბავშვთან, საძინებელშიც კი ეწეოდა. ხშირად უმიზეზოდ მიყვიროდა.

ერთ ღამეს სიგარეტის ბოლში დაძინება რომ გამიჭირდა, ბავშვთან ერთად მეორე ოთახში გავედი. დილით თავზე დამაცხრა, - აღარ გინდივარ, მღალატობო? რას ბოდავ-მეთქი. შესაძლოა, ჯერ არ მღალატობ, მაგრამ ქალი რომ ქმარს საძინებლიდან გაექცევა, უღალატებს კიდეცო. ისედაც გარეთ არ გავდიოდი, ბავშვს და მამამთილს ვუვლიდი და სულ ამიკრძალა გარეთ გახედვა.

- მამამთილი არ გიცავდათ?

- ლოგინად ჩავარდნილი კაცი ჩემი ფარი იყო. მამასავით მზრუნველი. რომ გარდაიცვალა, გიგა საერთოდ აუტანელი გახდა. ვერიდებოდი, რომ ჩემს ძმას არ გაეგო, რაც მჭირდა, თორემ არ აპატიებდა. სამწუხაროდ, გვიან მივხვდი, რომ არასწორად ვიქცეოდი.

ერთ დღეს რაღაცაზე ამიხირდა, გიჟივით მომვარდა, ჯერ მუშტი ჩამარტყა, მერე კი მკლავზე მიმაწვა სიგარეტი. გამწარებულმა ხელი მოვუქნიე. გაცოფებულმა ძირს დამაგდო და წიხლებით შემდგა.

- არ უჩივლეთ?

- ჩემმა ძმამ და ბიძაშვილებმა ისე გაუერთიანეს ძვალ-რბილი, რომ ერთხანს ეჭვობდნენ, ფეხზე ვეღარ დადგებაო. ამის მერე მაინც გაბედა მოსვლა, - მაპატიე და ყველაფერს გამოვასწორებო. ჩემმა ძმამ ეს რომ გაიგო, - თუ მაგისკენ კიდევ გაიხედავ, აღარ მომეკაროო. ჩემს ცხონებულ მამამთილს უზრუნია ჩემზე და ბავშვზე. თითქმის ყველაფერი ჩვენს სახელზე გადაუფორმებია. ეს არაკაცი კი მამის ანდერძსაც მიმალავდა, მეტიც, როგორც ჩანს, ჩემი მოკვლა უნდოდა. ვერანაირი ქონება ვერ ამინაზღაურებს იმ ტკივილს, რაც ჩემმა გარეწარმა ქმარმა მომაყენა, ამიტომაც ყველა ქალს ვურჩევ, ნუ აფიქრებინებთ მოძალადე ქმრებს, რომ დაუცველები ხართ, ნუ შეგეშინდებათ. ყველა განსაცდელი დროებითია, მოძალადე ქმართან შეგუების გარდა.