აღარ ვი­ცი, რო­გორ მო­ვიქ­ცე, ჩემმა შვილმა შე­უ­ფე­რე­ბელ გო­გო­ნას და­ად­გა თვა­ლი და მის შერ­თ­ვას აპი­რებს - კვირის პალიტრა

აღარ ვი­ცი, რო­გორ მო­ვიქ­ცე, ჩემმა შვილმა შე­უ­ფე­რე­ბელ გო­გო­ნას და­ად­გა თვა­ლი და მის შერ­თ­ვას აპი­რებს

"მე და ჩემს ერთადერთ შვილს ურთიერთობა დაგვეძაბა"

ინეზა, 47 წლის:

"მე და ჩემს ერთადერთ შვილს ურთიერთობა დაგვეძაბა. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე და იქნებ მირჩიოთ რამე. საქმე ის არის, რომ შეუფერებელ გოგონას დაადგა თვალი და მის შერთვას აპირებს. არადა, ვეუბნები: ჯერ ნაადრევია შენთვის ოჯახის უღელი. გაიარ-გამოიარე, თვალს წყალი დაალევინე, ისწავლე, მუშაობა დაიწყე... 2 თვის წინ გახდა 19 წლის და რა აუცილებელია, ცოლი შეირთოს? ერთი წლის წინ ერთად მეცადინეობდნენ რეპეტიტორთან. ჰოდა, არ ვიცი, რა ნახა მასში ამისთანა, მაგრამ გადარეულია. იყვნენ შეყვარებულები და სწავლას რომ მორჩებიან, თუ ისევ ეყვარებათ ერთმანეთი, მერე შექმნან ოჯახი, ხომ შეიძლება? ვეუბნები, - შვილო, სადა მაქვს იმის საშუალება, რომ სწავლის საფასური ორივეს გადაგიხადოთ-მეთქი? - შენ არ იდარდო, იმას თავისი მშობლები გადაუხდიანო. ეგ თავიდან ჭიკჭიკებენ გოგოს მშობლები ასე, თორემ შვილს თავიდან რომ მოიცილებენ, მერე უბრუნდებათ ფეხიც და გონებაც; ათას მიზეზს გამონახავენ, რომ ქირის გადახდა როგორმე გადმოგაბარონ - არც პირველი ვიქნები და არც უკანასკნელი, ვისაც ასე მოექცევიან.

მისი ოჯახი გავიკითხე და მითხრეს, რომ მამა ხშირად სვამს, მერე მათი სახლიდან ისმის ჩხუბის ხმა. დედა კარგი ჰყავს, მაგრამ ქმრის უხასიათობის გამო, თურმე, ეს ქალიც დაჩაგრულია. შვილის გათხოვებაც ამიტომ ეჩქარება, მაგრამ მე მკითხოს ერთი, როგორ მინდა, რომ ჩემმა ვაჟმა ცოლი მოიყვანოს 19 წლის ასაკში.

შვილის სიჯიუტემ თავგზა ამირია. უკვე ხშირად ვკამათობთ. ვხედავ, ნელ-ნელა როგორ მშორდება და ამის გამო, უკვე ვეღარც ვუკრძალავ შეყვარებულთან ურთიერთობას. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ჩემზე გაბრაზებული, იმ გოგოს სახლში მიდის, სადაც სავარაუდოდ, კარგად უმასპინძლდებიან. ერთი-ორჯერ ნასვამიც მოვიდა და ლამის გადავირიე, მაგრამ დამცინა, - შენ გგონია, ისევ მეორეკლასელი ვარ და ყურით მათრევ? თვალი გაახილე, დიდი ბიჭი ვარო. ჰო, დიდია, მაგრამ დედაზე დამოკიდებული. ეს ხომ უნდა გაითვალისწინოს? ჩამოყალიბდეს, პიროვნება გახდეს და მერე ხელს აღარაფერში შევუშლი.  გაგრძელება