"სა­დე­დამ­თი­ლოს ლა­მის უკან გა­უბ­რუ­ნე­ბია ხალ­ხი, ამ გოგოს სახლში როგორ შევუშვებო" - კვირის პალიტრა

"სა­დე­დამ­თი­ლოს ლა­მის უკან გა­უბ­რუ­ნე­ბია ხალ­ხი, ამ გოგოს სახლში როგორ შევუშვებო"

"მიხარია, რომ არსებობთ. მინდა, ბებიაჩემის შესახებ გიამბოთ, რომელიც გარიგებით გაათხოვეს. მისი მონაყოლი იმდენად საინტერესო მეჩვენება, რომ მსურს, თქვენი ჟურნალის მკითხველსაც გავუზიარო. გამიხარდება, თუ მოგეწონებათ და დაბეჭდავთ", - 38 წლის ია ალასანია ბებიაზე სასაუბროდ რედაქციაში მოვიწვიე.

- ჩემი ბებო 16 წლის ყოფილა, როცა თვალი დაადგეს: ქალაქში, ქორწილში წაუყვანიათ მშობლებს და იქ მოეწონათ მომავალი ქმრის ნათესავებს, ცოტა ხანში შინ მიადგნენ, თანაც - გაუფრთხილებლად. ამ დროს ბებია ბლის ხეზე მჯდარა. სტუმრები რომ მიადგნენ კარს, თურმე, მათ ზევიდან დაჰყვირა, - ვინ ბრძანდებით და რამ შეგაწუხათო? სადედამთილოს ლამის უკან გაუბრუნებია ხალხი, - ეს ახტაჯანა გოგო გინდათ ჩემი შვილისთვის? სოფლელია, გაუთლელი. ვერ ხედავთ, როგორ ტყიურივით იქცევაო? არადა, მის შვილს ისე მოსწონებია პატარა გოგო, რომ დედისთვის ჩაუჭიდია ხელი, ლამის ძვლებში გადაუმტვრევია ქალი, - მოიცადე, ადამიანო, ამის გარდა, სხვას არავის შევირთავო. გაჩერებულა ქალიც, იმ იმედით, რომ ახლოდან უფრო უშნო იქნებოდა და მისი შვილიც განიხიბლებოდა საპატარძლოთი. ბებო მიყვებოდა: თმა გიჟივით ისე მქონდა აწეწილი და თეთრი კაბა ისე გამჭუჭყიანებოდა, რომ მართლა ეშმაკს ვგავდი. მიკვირს, რომ არ გაიქცნენ ჭიშკარს მომდგარი სტუმრებიო. შეიპატიჟა თურმე, - ახლავე მშობლებს დავუძახებ, მანამდე კი თუ გინდათ, სულის მოსაბრუნებლად ჭის წყალს მოგიტანთო. თურმე, ჭის ცივი წყალი იყო უმნიშვნელოვანესი, რომ თაკარა მზეში სტუმარს გამასპინძლებოდი. აბა, მაშინ სად იყო ყავა და შოკოლადი, ხალხს წყალზე ეპატიჟებოდნენ და მერე ღვინოსა და პურმარილზეც - ასეთი მასპინძლობის გარეშე არავინ გამოგიშვებდა, თუ ძალიან არ უჭირდა ოჯახს.

თურმე, ბებოს მშობლებს თავიდან ელდა ეცათ, მოულოდნელი სტუმრები რომ დაადგნენ თავს. როცა გაიგეს, რა საქმეზეც იყვნენ მოსული ქალაქიდან, გაოგდნენ თურმე, - ჯერ რა დროს ამის გათხოვებაა? ბიჭებთან ერთად, ისევ ფეხბურთს თამაშობსო, მაგრამ სტუმრებს პატივისცემის გარეშე ხომ არ გაუშვებდნენ და დაუძახეს მეზობლებს, მათი დახმარებით როგორღაც სუფრაც გააწყვეს. ბებო ამბობდა, - მაშინ მეზობლობაც სხვანაირი იცოდა ხალხმა. სტუმარი რომ მოგივიდოდა, ყველა შენს დახმარებას ცდილობდა, სოფლის და უბნის სახელი რომ არ შერცხვენილიყო და ვისაც რა გააჩნდა, ის მოჰქონდაო. იმ დღესაც ასე მომხდარა: ზოგს ხაჭაპური გადმოუტანია, ზოგს კერძი, ზოგს პური, რაღაც ალბათ, მასპინძლებმა თავად შემატეს სუფრას და ყველამ კარგად მოილხინა. კაცები ისე დამთვრალან, რომ ბოლოს თურმე, სტუმრებს აღარ ახსოვდათ, რისთვის მოადგნენ მასპინძლების სახლს. მხოლოდ სასიძო არ სვამდაო და იმასაც, ქალზე ეჭირა თვალი. როცა სუფრა აირია, დრო იხელთა და დაიმარტოხელა ბებია. გამოჰკითხა თურმე, როგორ ცხოვრობდა, რა აინტერესებდა, შეყვარებული ჰყავდა თუ არა. ბებომ თქვა, - უნებურად, ყველაფერზე ცინიკურად ვპასუხობდი და ვეხუმრებოდა, უშნოდ ვიჯღანებოდი. მეგონა, ბიჭი ამის გამო ჩემზე გულს აიცრუებდა, შემეშვებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა: ასეთმა საქციელმა და სიველურემ უფრო მეტად ააფორიაქა, გულში ჩავუვარდი. იმ დღის მერე რამდენჯერმე მომადგა სახლში, მაგრამ ყოველ ჯერზე ისე ვმაიმუნობდი, არ მეგონა, თუ კიდევ გარისკავდა ჩემთან მოსვლასო. ერთხელ თურმე, ცივი წყალიც შეასხა პირდაპირ ვედროდან: თუ შეყვარებული ხარ, აჰა, გაგრილდიო. მეორედ ტალახში აგორავა თურმე: ფეხბურთის თამაშზე დაუყოლიებია და მერე, ახტაჯანამ ტალახშიც ამოსვარა. იმ დღეს ისეთი მოთხუპნილი დაადგა ქალაქის გზას, რომ სახლში დედა მწყევლიდა, ეს რა გააკეთეო და ალბათ ქალაქში, დედამისი გაჰკიოდა ჩემს სახელსო. ჰყვებოდა ამას ბებო და თან, კისკისებდა. ასეთ დროს ეშმაკუნები უბრწყინავდა თვალებში.

- ბოლოს და ბოლოს, გააყოლეს იმ ბიჭს?

- სამწუხაროდ, ერთმანეთის ბედი არ ყოფილან... თურმე, ისე მოხდა, რომ ბებოს არ მოეშვა მანამ, ვიდრე თავი არ შეაყვარა, "მაგრამ მამაჩემს და დედასაც ისე არ მოსწონდათ ჩემი შეყვარებული, რომ გადაწყვიტეს, სასწრაფოდ, სულ სხვა ვინმეზე გავეთხოვებინე. არადა, საოცარი კაცი იყო. მხოლოდ ის თუ გამიგებდა ბოლომდე, თორემ ხომ იცი, ბაბუაშენმა მხოლოდ რამდენიმე წელი გამიძლო და მერე მიმატოვა... ისე შემაყვარა იმ ბიჭმა თავი, რომ უკვე თავს ვარიდებდი ჩემთვის მანამდე საყვარელ გასართობებსაც კი..." - მიყვებოდა სევდიანად ჩემი საყვარელი ბებო... მის გამო მზად იყო, ყველაფერი დაეთმო და ნაადრევად დაქალებულიყო. იხსენებდა: გვერდით რომ დამიდგებოდა, სულ ჟრუანტელი მივლიდა. ერთხელ მაკოცა კიდეც და იმ კოცნის გემო ამ სიბერემდეც მომყვება მე საცოდავს. იცოდე, არასდროს გათხოვდე უსიყვარულოდ, თორემ ბედნიერებას ვერ ეღირსებიო... დავპირდი, რომ დავუჯერებდი და უსიყვარულოდ არაფრის დიდებით არ გავთხოვდებოდი, თუმცა, პირობა ვერ შევუსრულე და ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩენილ ადამიანს გავყევი ცოლად, მშობლებზე გაბრაზებული. თუმცა, ამას სულაც არ ვნანობ, რადგან კარგი ქმარი მყავს. მან შეძლო და თავი შემაყვარა.

- ბებიაშენისთვის საქმრო როგორ იპოვეს? (გაგრძელება)