"ჭო­რე­ბიც ამი­გო­რეს, იქ­ნე­ბა და, მაზ­ლ­თან აქვს ფა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, თო­რემ სხვა კაცს რა­ტომ უვ­ლი­სო"? - კვირის პალიტრა

"ჭო­რე­ბიც ამი­გო­რეს, იქ­ნე­ბა და, მაზ­ლ­თან აქვს ფა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, თო­რემ სხვა კაცს რა­ტომ უვ­ლი­სო"?

ქმარმა წლების წინ მიატოვა. როგორც ამბობს, მან ღირსეულად გაუძლო ტკივილს, ჭორებს, ბარიერებიც გადალახა და პრობლემებს ვაჟკაცურად გაუმკლავდა:

- ქმარმა წლების წინ მიმატოვა. დავრჩი ორ ბავშვთან ერთად. მათ გაზრდაში ხელის შემშველებლები კი მყავდნენ, მაგრამ ხომ იცით, როცა ქალს ქმარი უდგას მხარში, როგორი უვარგისი კაციც უნდა იყოს, მაინც გგონია, რომ ძლიერი ხარ, მაინც სხვანაირად ამაყი დააბიჯებ ამ ქვეყანაზე... ფრთამოტეხილივით დავრჩი ქმრის სახლიდან წასვლის შემდეგ. თავს ვიტყუებდი, რომ დამიბრუნდებოდა და ამიტომაც გადავწყვიტე, მამამთილის სახლიდან არსად წავსულიყავი, მით უმეტეს, რომ ქალის ხელი სჭირდებოდათ. დედამთილი ცოცხალი არ იყო და ვუვლიდი მოხუცს, არც მაზლს ვტოვებდი უყურადღებოდ, რომელსაც არც ცოლი ჰყავდა და არც შვილები. თავიდან ყველა მაქებდა, მაგრამ გავიდა რამდენიმე წელი და დაიწყეს ჩურჩული: ეს გოგო ან შტერია, ან წასასვლელი არსად აქვს. აბა, მაზლს და მამამთილს მოსამსახურედ რატომ უდგასო? არადა, მშვენივრად იცოდნენ, რომ ძლიერი ოჯახიდან ვიყავი და ჩემი წაყვანა მშობლებისთვის პრობლემა არ იქნებოდა. უბრალოდ, ენას ხომ ძვალი არ აქვს და ჭორებიც ამიგორეს, - იქნება და, მაზლთან აქვს ფარული ურთიერთობა, თორემ სხვა კაცს რატომ უვლისო?

- ამ ჭორებმა თქვენამდე როგორ მოაღწია?

- მეზობელმა გოგომ მითხრა, შენზე ძალიან ვდარდობ და ვერ დაგიმალავ, რასაც უბანში ამბობენო. გავმწარდი. ბევრი ჩუმად ვიტირე, მაგრამ ბოლოს სიმართლე ვერ დავმალე და როცა მამამთილი ჩამაჯინდა, - ქმრის გარდა, კიდევ რა სადარდებელი გაქვს? ხომ არაფერი გაწყენინეთო? - ვერ დავუმალე და ვუთხარი, რასაც სამეზობლოში ამბობდნენ. გადაირია ეს ავადმყოფი კაცი და იმ ღამეს მისი საავადმყოფოში წაყვანა მოგვიხდა, გულის შეტევა დაემართა. მადლობა უფალს, გადარჩა და მე არ გავხდი მისი სიკვდილის მიზეზი. შინ რომ მოვიყვანეთ, მართალია, სუსტად იყო, მაგრამ მეზობლები მის სანახავად რომ მოდიოდნენ, ყველას ელაპარაკებოდა ჩემს სათნოებაზე: ვეცოდები, ავად რომ ვარ. თან, შვილის სახლიდან წასვლის შემდეგ დავუჩოქე, რომ არ მივეტოვებინე და აჰა, ხომ ხედავთ, როგორი კეთილია, გვერდიდან აღარ მშორდება. თუმცა, ახლა ვხვდები, ჩვენ გამო მსხვერპლის გაღება არ ღირს. ჩემმა შვილმა ქალის გამო მიატოვა და ახლა, ამანაც უნდა იფიქროს სხვა ადამიანთან ურთიერთობაზე. ბინას ვუყიდი ქალაქში და გავუშვებ დალოცვილსო. არ ვიცი, მისმა სიტყვებმა ხალხს გული მოულბო თუ არა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, მოხუცმა სიტყვა შეასრულა: ცოტა დანაზოგი ჰქონია, ცოტაც დაამატა - ძროხა გაყიდა, ღორიც და ერთოთახიანი, კოხტა ბინა მიყიდეს რაიონში. ჩემს მაზლზე აუგი არ მეთქმის. ძალიან განიცადა, სახლიდან რომ უნდა წავსულიყავი და ერთხელაც არ დასცდენია საყვედური იმის გამო, რომ მამამ ძროხა ან ღორი გაყიდა ჩვენთვის... მითხრეს, - ვიცით, მშობლებიც გიპატრონებენ, მაგრამ შვილიანი ქალისთვის ძნელია თუნდაც, დედ-მამასთან ერთად ცხოვრება და ვიღაცის დამადლებული ლუკმა. ჯობია, მარტო იყო და ყველანი დაგეხმაროთ, ვიდრე ჩვენ გვერდით იცხოვრო და უმადურები ვიყოთ იმით, რასაც აკეთებო. თუმცა, ამ ოქრო ადამიანებისთვის უმადურობა არასდროს შემიტყვია და არც არასდროს დაუმადლებიათ რამე...

- საოცარი მამამთილი გყოლიათ, ძალიან გულისხმიერი და გაბედულიც.

- ასეა. მამაჩემი გიჟდებოდა, - გათხოვილი ქალი ცალკე რატომ უნდა ცხოვრობდესო? მას ჩემში ეჭვი ეპარებოდა, მამამთილმა კი ეს ნაბიჯი თამამად გადამადგმევინა. ის მეგობრულადაც ამომიდგა მხარში და მამაშვილურადაც. თვეში ერთხელ, სოფლის პროდუქტებს გვიგზავნიდა. მეც არ ვივიწყებდი ამ კეთილ მოხუცს და ვიდრე ცოცხალი იყო, შვილებთან ერთად, კვირაში ერთხელ მაინც ჩავდიოდი სოფელში, სახლს ვულაგებდი, თბილ საჭმელს ვუმზადებდი. როცა ლოგინად ჩავარდა, ჩემთან წავიყვანე და ბინაში ვუვლიდი. როგორც მერე თანასოფლელმა მეგობარმა მითხრა, სწორედ ამის შემდეგ დაიჯერეს მეზობლებმა ჩემი სათნოება და ირწმუნეს, რომ კეთილი გული არ მიშვებდა ქმრის ოჯახიდან, თორემ საქმე გასაქცევად ნამდვილად მქონდა. მამამთილი ჩემი სახლიდან გავასვენეთ და მადლიერმა მაზლმაც, ხალხის გასაგონად მაქო და მადიდა. მამის გასვენებამაც ვერ მიიყვანა საკუთარ სახლში ჩემი ქმარი. არადა, ყველამ ვიცოდით, რომ საქართველოში იყო და ჩვენ შესახებაც სავარაუდოდ, ყველაფერი იცოდა.

- შეიძლება გკითხოთ, თქვენი დაშორების მიზეზი რა იყო?

- კი, ბატონო, გეტყვით: მიზეზი ქალი აღმოჩნდა. მე და ელგუჯამ ერთმანეთი ავტობუსში გავიცანით. (გაგრძელება)