"ქალი ახლა მისთვის "სათადარიგო აეროდრომია" და როგორც კი შემთხვევა მიეცემა,­ წავა" - კვირის პალიტრა

"ქალი ახლა მისთვის "სათადარიგო აეროდრომია" და როგორც კი შემთხვევა მიეცემა,­ წავა"

კიდევ ერთი ცრუ წარმოდგენა, რომელიც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის დასრულებას უწყობს ხელს, საკუთარი თავისუფლების შენარჩუნებაა. კერძოდ, როდესაც ქალი ფიქრობს "ოჯახის მონად" არ მაქციონო, "მეც სამსახური მაქვს და ვიღლები" ან "თუ გშია, თვითონ მოიმზადე" - არ ამართლებს. რაც უნდა ახლოს იყოთ სულიერად, რაც უნდა კარგი ფიზიკური სიახლოვე გქონდეთ, თუ მამაკაცს მზრუნველობას მოაკლებ, ურთიერთობა გახუნებას იწყებს. მამაკაცი, შესაძლოა, საოჯახო საქმეში მაშინ მოგეხმაროთ, თუ ქალი მშვიდი და დიპლომატიურია - პრეტენზიებსა და ფეხების ბაკუნს მამაკაცები ვერ იტანენ.

ეჭვიანობა

ეჭვიანობასთან ქალებს რთული დამოკიდებულება აქვთ. ჯერ ერთი, ყველა ხერხით ცდილობენ მის გამოწვევას - "ეჭვიანობს, ესე იგი, ვუყვარვარ" კიდევ ერთი ცრუ წარმოდგენაა. მეორე მხრივ, თავად პარტნიორს ეჭვიანობით ქანცს აცლიან. წარმოიდგინეთ მამაკაცი, რომელსაც უწყობენ სკანდალებს, ეჭვიანობენ და გამუდმებით მიანიშნებენ, რომ ნებისმიერ წამს შეუძლიათ სხვასთან წავიდნენ.

ცხადია, ურთიერთობის გახუნება უცებ არ იწყება. ამას ჯერ წინ უსწრებს რომანტიკული პერიოდი, "ვარდისფერი სათვალე", მაგრამ დაახლოებით 3-6 თვის შემდეგ, მით უმეტეს, თუ პარტნიორები ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ, ნელ-ნელა მჟღავნდება არცთუ დადებითი მხარეები. ჯერ მამაკაცი მიიჩნევს, რომ ეჭვიანობა და პრეტენზიები შემთხვევითია. შემდეგ, როცა აღმოაჩენს, რომ კონფლიქტი არცთუ იშვიათად მეორდება, ცდილობს, ქალთან დალაპარაკებას და შედეგად ახალ სკანდალს იღებს.

ეს ქალი არ შემეფერება

სანამ პლუსები ჭარბობს, მამაკაცი ითმენს და კმაყოფილია, მაგრამ როცა მინუსები მატულობს, მამაკაცი თანდათან რწმუნდება, რომ ეს ქალი არ შეეფერება. ზოგი მამაკაცი ამ დასკვნამდე ადრე მიდის, ზოგი გვიან, მაგრამ ეს მომენტი მაინც დგება და მამაკაცში მტკიცდება რწმენა, რომ ურთიერთობა დასრულებულია. მას აღარ სურს, ასეთი ქალისთვის დახარჯოს ემოციები და სახსრები. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ქალებს ეს მომენტი ეპარებათ! ისინი წინანდებურად იქცევიან, ხანდახან მეტი ექსპრესიითაც - მამაკაცი ხომ თითქმის გულგრილი გახდა და მეტი მოქმედებაა საჭირო მისი ემოციების გამოსაწვევად. ეს კი უფრო არწმუნებს მამაკაცს საკუთარი დასკვნების სისწორეში.

ვინ დამშვიდობებას ამჯობინებს, ვინ კი უბრალოდ ქრება

მამაკაცი შეიძლება უცებ არ წავიდეს და ამ მომენტამდე წლებიც კი გავიდეს. ურთიერთობა დასრულებულია, მაგრამ ერთხანს კიდევ ცხოვრობენ ერთად, ამ დროს მამაკაცი სხვა ქალთან ახალი ურთიერთობისთვის მზად არის.

თუ პარტნიორები დაქორწინებული არ არიან და არ ჰყავთ საერთო შვილები, სიტუაცია მარტივია. ასეთ დროს მამაკაცს დიდი დრო არ სჭირდება ახალი სიყვარულის საპოვნელად. ამ დროს შეიძლება, უბრალოდ, გაქრეს, ვინც უფრო გაბედული და წესიერია, დამშვიდობებას ამჯობინებს. თუ ბავშვები ჰყავთ, საქმე უფრო რთულადაა და "ახალი ბუდის" გაჩენა შესაძლოა, წლობით გაგრძელდეს.

მეორე შანსი არ არსებობს

როცა მამაკაცი ეუბნება ქალს, რომ მეტი აღარ შეუძლია და ტოვებს, ბევრი ქალი ხვდება, რომ თავად მიიყვანა ურთიერთობა გაყრამდე, და გადაწყვეტს, "ყველაფერი დააბრუნოს". ქალი ისეთ სიყვარულსა და ძალას გრძნობს, რომ ეჩვენება, ქვეყანას გადავატრიალებო. ჰგონია, ამიერიდან სხვანაირად მოიქცევა, გაითვალისწინებს შეცდომებს და ბედნიერად იცხოვრებენ. მთავარია, კაცმა მეორე შანსი მისცეს.

სამწუხაროდ, ასე არ არის. მამაკაცები ქალებზე იშვიათად მანიპულირებენ განშორებით და თუ ის ალაპარაკდა, ქალები ამას სერიოზულად უნდა მოეკიდონ. როგორც წესი, ამ დროს ურთიერთობის აღდგენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალის ცრემლებს დაჰყვა და მეორე შანსი მისცა, მაინც არაფერი გამოვა. ჯერ ერთი, მამაკაცისთვის ფსიქოლოგიურად ურთიერთობა დასრულებულია და მის აღსადგენად არ დაიხარჯება. საუკეთესო შემთხვევაში ცოტას მოიცდის, ნახავს, მართლაც დაიწყო თუ არა ქალმა შეცვლა. ქალი კი, როდესაც დაინახავს მამაკაცის მხრიდან "გამომცდელ" პოზიციას, უცებ კარგავს მოტივაციას და მეორე შანსიც განწირულია.

"სათადარიგო აეროდრომი"

ხანდახან მამაკაცი გარკვეული ხნის შემდეგ ბრუნდება და რომანტიკული ქალი არასწორად აფასებს ამ ფაქტს - ჰგონია, მამაკაცი მიხვდა, რომ ის ყველაზე უკეთესია, მით უმეტეს, რომ მამაკაცებს ამის თქმა არ ეზარებათ. უბრალოდ, ქალი ახლა მისთვის "სათადარიგო აეროდრომია" და როგორც კი შემთხვევა მიეცემა, წავა.

ურთიერთობის მოშლის ყველაზე ხშირი მიზეზი შეუთავსებლობა და ეგოიზმია. ეცადეთ, კრიტიკულად შეხედოთ საკუთარ თავს. რამდენად შეესაბამება თქვენი ქცევა თქვენსავე ნათქვამს? მეტისმეტად მომთხოვნი და ეჭვიანი ხომ არა ხართ?

და გახსოვდეთ: თუ მამაკაცს წასვლა გადაწყვეტილი აქვს, მის დაკავებას ნუ შეეცდებით, თქვენ ვეღარ აღადგენთ ურთიერთობას.