"დედამთილმა მითხრა, ჩემი შვილი მოატყუე, ხელმოცარული სავსე ოჯახში შემოგვეტენეო" - კვირის პალიტრა

"დედამთილმა მითხრა, ჩემი შვილი მოატყუე, ხელმოცარული სავსე ოჯახში შემოგვეტენეო"

"ჩემმა მულმა და დედამისმა ხმაშეწყობილად რომ დამიწყეს ლანძღვა, საძინებელში ჩავიკეტე ქმრის მოსვლამდე. მეუღლე რომ მოვიდა, აყალმაყალი ატყდა..."

6 წელია, გათხოვილი ვარ, მყავს კეთილი და კარგი მეუღლე, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ არ გამიმართლა, - ამბობს ქეთი, რომელიც შიშობს, რომ დედამთილი და მული ოჯახს დაუნგრევენ.

ქეთი ლ.: - 6 წელია სიცოცხლე ჯოჯოხეთად მექცა. მომავალი ქმარი ძალიან მიყვარდა, მისი ოჯახის წევრებიც დიდი სიყვარულით შემხვდნენ... სანამ ბანკში კარგი თანამდებობა მეკავა, კარგი ხელფასი მქონდა და ჩემი ქმრის ოჯახის წევრებს საჩუქრებს არ ვაკლებდი, ყველას მზე ამოსდიოდა ჩემზე. უმუშევარი რომ დავრჩი, მანუგეშებდნენ, შენ ისეთი კარგი დოსიე გაქვს, მალე უკეთესს იშოვი, ცოტა ხანი დაისვენეო. დასვენება"რომ გამიგრძელდა, დედამთილმა მკითხა, შინ ჯდომით არ დაიღალეო? გაოცებულმა ვუპასუხე, დავიღალე, მაგრამ რა ვქნა, როცა კრიზისია და სამუშაო ადგილები ჭირს-მეთქი. ნიჭიერი და გავლენიან ხალხთან დაკავშირებული მეგონე, შენ რა უმარიფათო ყოფილხარო. ერთი კვირის შემდეგ ისევ მითხრა, შეაწუხე ვინმე, როდემდე უნდა იყო ჩემი შვილების კმაყოფაზეო. ვეღარ მოვითმინე და შევეპასუხე, - თუ ასე ფიქრობთ, თქვენ რატომ არასდროს მოგინდომებიათ, გემუშავათ-მეთქი. ენის შემობრუნებასაც ბედავ, შე უტვინოო? ჩემ წინ სულ სხვა ადამიანი იდგა, აგრესიული, სიძულვილით სავსე.

- ქმარს უთხარი?

- იმ საღამოსვე. ჩემმა მულმა და დედამისმა ხმაშეწყობილად რომ დამიწყეს ლანძღვა, საძინებელში ჩავიკეტე ქმრის მოსვლამდე. მეუღლე რომ მოვიდა, აყალმაყალი ატყდა. თემომ მითხრა, წამო, ცალკე ვიცხოვროთ, თუნდაც სამსახური ვერასოდეს იშოვო, არაფერს მოგაკლებო. დედამთილი და მული გასუსულები იყვნენ, რადგან თუ ჩემი ქმარი ოჯახიდან წავიდოდა, მათ ძალიან ბევრი რამ მოაკლდებოდათ.

მალე სამსახური გამოჩნდა, მაგრამ 6 თვის წინ ისევ შემამცირეს... ახლა ჩემი მეუღლის ბიზნესიც დამუხრუჭებულია. ცალკე რომ გადავიდეთ, საოჯახო ხარჯებს თემოს შემოსავალი არ ეყოფა და იძულებით ვცხოვრობთ ორ მონსტრ ქალთან ერთად. ჩემმა ძმამ თემოს შესთავაზა, ჩვენთან გადმოდითო, მაგრამ თემო უარზეა... ერთ დღეს დედამთილს დავუდე ფურცელი, რომელზეც თვიდან თვემდე პირადად ჩემთვის გაწეული ხარჯები მეწერა, დავუთვალე, რისთვის რამდენი თანხა მჭირდებოდა. ამისთვის მჭამ-მეთქი? არა, ბოროტი ხარ, ჩემი შვილი მოატყუე, ვითომ წარმატებული ქალი იყავი და ხელმოცარული სავსე ოჯახში შემოგვეტენეო. დავიჯერო, ყველა დედას უყვარს შვილი? რატომ ვერ ხვდებიან, როგორ სტკენენ გულს?

სოფო გამრეკელი