"მოღალატე" დედა და შვილის უცნაური შურისძიება - კვირის პალიტრა

"მოღალატე" დედა და შვილის უცნაური შურისძიება

18 წლის თემომ შინიდან გასვლისას დაიბარა, მალე მოვალო, მაგრამ აღარ მობრუნებულა. ქვეყანა შეძრეს - კვალს ვერსად მიაგნეს. სასოწარკვეთილმა დედამისმა აღარ იცოდა, რა წყალში გადავარდნილიყო... მას შემდეგ, რაც ქმარს გაშორდა, მამას თემო აღარ გახსენებია, ეტყობა, ფიქრობდა, რახან ცოლს არ ვუნდივარ, სულაც არ ვარ ვალდებული, შვილზე ვიზრუნოო.

თემო 15 წლის იყო, მარიამი მეორედ რომ გათხოვდა. ბიჭი გამოიცვალა - თბილი, დამჯერი და მიმნდობი, შემტევი გახდა. მარიამიც და სხვა ახლობლებიც ამას გარდატეხის ასაკს აბრალებდნენ. ალბათ ასეც იყო, მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც დედის "სხვა კაცთან" ურთიერთობა გახლდათ. ბიჭი დასანახავად ვერ იტანდა მამინაცვალს.

რამაზს პირველი ოჯახიც ჰყავდა, რამდენჯერმე მოიყვანა კიდეც თავისი შვილები მარიამთან, უნდოდა, ბავშვები ერთმანეთისთვის დაეახლოებინა, მაგრამ თემო რამაზსაც გაურბოდა და მის შვილებსაც. მერე მარიამს და რამაზს ურჩიეს, - ნურაფერს დააძალებთ, დრო ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენსო. იმათაც თავის ნებაზე მიუშვეს და...

პირველად 16 წლის ასაკში ჩხუბის გამო დააკავეს და მის გამოსახსნელად ფული დასჭირდათ დედას და მამინაცვალს. მერე ნარკოტიკის მოხმარებისთვის დაიჭირეს და კვლავ სოლიდური თანხა დახარჯეს. ბოლოს ეს საშინელება დაატყდათ თავს - ბიჭი შინიდან გავიდა და ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო.

რამაზი საგონებელში იყო ჩავარდნილი: თუ ბიჭი ვინმემ მოიტაცა, რატომ არ უკავშირდებიან გამოსასყიდისთვის; ხოლო თუ ქუჩურ გარჩევას შეეწირა და სადღაც იყო ჩამარხული, აზრი არ ჰქონდა მის ძებნას...

თემოს ძებნა შვიდი თვის შემდეგ შეწყდა. მარიამი მაინც ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ მისი შვილი მკვდარი იყო. დღედაღამ თემოზე ფიქრობდა. ერთ დღეს, დარდით გულდამძიმებული მიუყვებოდა ქუჩას, ყურადღება არ მიაქცია გადასასვლელს და... საავადმყოფოში მოვიდა გონს. ექიმებს იმედი არ ჰქონდათ, თუ გადარჩებოდა. ორი კვირის შემდეგ მარიამი პალატაში გადაიყვანეს, რამაზიც და ახლობლებიც ისეთი ბედნიერი ღიმილით შეჰყურებდნენ, ცოტა არ იყოს, გაბრაზდა - ჩემი შვილი სად არის, ღმერთმა იცის, სჯობდა, არ გადავრჩენილიყავიო...

როგორც იქნა, გამოწერეს მარიამი. რამაზმა შინ მიიყვანა, მერე დამამშვიდებელი წამალი დაალევინა და უთხრა, - შენთვის სიურპრიზი მაქვსო. გული გამალებით აუჩქარდა ქალს. მის ოთახში თავჩაღუნული თემო რომ შემოვიდა, ეგონა - მეჩვენებაო. ბიჭი დედის საწოლთან მივიდა, დაიჩოქა და მარიამს პატიება სთხოვა. ქალმა ხელი შეახო მონატრებულ შვილს, მერე ტირილი აუვარდა, უხმოდ იხუტებდა შვილს და ეფერებოდა. ცოტა რომ დაწყნარდა, მერეღა ჰკითხა:

- თემო, რა მოხდა, სად იყავი ამდენი ხანი?

და თემომაც ყველაფერი უამბო: - შენი გათხოვება ვერ ავიტანე. მამაჩემის წასვლის შემდეგ შენ იყავი ჩემთვის დედაც, მამაც და ყველაფერიც. ყურადღებას არ მაკლებდი, მაგრამ მაინც მეტს მოვითხოვდი შენგან. ნერვები მეშლებოდა, რომ შენი ზრუნვა, სიყვარული და ყურადღება ჩემსა და რამაზს შორის ნაწილდებოდა, ამიტომ ხან ჩხუბით, ხან ნარკოტიკით ვცდილობდი შენთან დაახლოებას.

ბოლოს, გადავწყვიტე, შემეშინებინე და თურქეთში გადავედი. ერთ თვეში ვაპირებდი დაბრუნებას, მაგრამ იქ სამუშაო იოლად ვიშოვე და შევრჩი. მერე, ერთი ნაცნობი ვნახე და იმან მითხრა შენი ავარიის ამბავი. ვეღარ გავძელი და წამოვედი. გპირდები, ასეთი რამ აღარ განმეორდებაო. მარიამმა ვერ მოითმინა და ჰკითხა შვილს: - მანქანა რომ არ დამჯახებოდა, არ აპირებდი გამოჩენასო?

თემოს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ თავი გადააქნია...

- მაშინ ღმერთს მადლობას ვუძღვნი, რომ შენს გონს მოსასვლელად ასეთ განსაცდელში ჩამაგდო, - უთხრა დედამ.

იმ დღიდან ოთხი წელი გავიდა. თემოს არ უყვარს წარსულის გახსენება, მაგრამ ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ერთხელ კიდევ მოუწევს იმ დიდი შეცდომის გაცნობიერება, რამაც კინაღამ შეიწირა დედამისი. ალბათ, სხვებიც დაფიქრდებიან, ისინი, ვისაც მიაჩნიათ, რომ მშობლის ბედი მხოლოდ მათ უნდა განსაზღვრონ და მართონ.