აკრძალული "რომანი" - კვირის პალიტრა

აკრძალული "რომანი"

ცოლ-ქმარმა კარგა ხანს არ იცოდა, რა უბედურება დატრიალდა მათ ოჯახში. 16 წელი მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდათ. მართალია, თემო ჩასიძებული გახლდათ, მაგრამ ისეთი კარგი ადამიანი იყო, - ჩვენი ნაშრომი ალალი და უსაყვედურო იყოს მისთვისო, - ამბობდა სიდედრ-სიმამრი. მოხუცები თბილისთან ახლოს, სოფელ გლდანულაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ერთადერთ ქალიშვილს - ლალის და სიძეს კი 3-ოთახიანი ბინა დაუტოვეს ქალაქში.

ჯერ ქალიშვილი შეეძინათ, თამარი, ორი წლის შემდეგ ვაჟი - გიორგი. მერე თემო სამსახურში დააწინაურეს და ოჯახიც წელში გაიმართა. ერთხელ თემომ ცოლს უთხრა, - ჩემი ძმისშვილი წელს სკოლას ამთავრებს, მინდა ჩემთან წამოვიყვანო, საღამოს სკოლაში ივლის და მისაღები გამოცდებისთვის მოემზადებაო. რა თქმა უნდა, ლალი მაშინვე დაეთანხმა ქმარს. რამდენიმე დღეში გოჩა ჩამოვიდა. იგი გიოს ოთახში დააბინავეს.

გოჩა 17 წლის იყო. მამამისი, თემოს უმცროსი ძმა, ადრე დაოჯახდა. ცოტა ხანში მშობლებს და უფროს ძმას გამოუცხადა, - მამაპაპეული სახლი ოჯახის ნაბოლარასია, ასე რომ, პრეტენზია არავის ჰქონდესო. თემო გულნატკენი წამოვიდა სოფლიდან. ძმებს ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა არ ჰქონდათ, მაგრამ დედის გარდაცვალების შემდეგ შერიგდნენ. თემომ წყენა დაივიწყა. უნდოდა, ძმისშვილზე მოგვიანებით ეზრუნა, ამიტომაც საკუთარ შვილებზე წინ გოჩას სურვილებს ითვალისწინებდა.

გოჩა დღისით რეპეტიტორებთან დადიოდა, საღამოს კი - სკოლაში. მშობლები მხოლოდ ერთი საგნის ფულს უხდიდნენ, დანარჩენი თემომ აიღო საკუთარ თავზე. ასე გავიდა 7 თვე...

ერთ დღეს ლალის სამსახურში შეშფოთებულმა მეზობელმა დაურეკა და  სასწრაფოდ მისვლა სთხოვა, - შენი ქალიშვილი ვერ არის კარგადო. როგორ მივიდა სახლამდე, აღარც კი ახსოვს. ათასი უსიამოვნო ფიქრი უტრიალებდა თავში. სახლთან სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა. გიჟივით ავარდა კიბეზე. გოგონა უგონოდ იწვა, სახეზე ფერი არ ედო, ექიმები თავს დასტრიალებდნენ. რა მოხდაო, - შეშლილივით იყვირა. მეზობელმა მეორე ოთახში გაიყვანა და წნევის აბების ცარიელი ფირფიტები აჩვენა, - თვითმკვლელობა სცადა, კიდევ კარგი, გიორგის კარი ღია დარჩენია, შემთხვევით შემოვედი. ჯერ მძინარე მეგონა, მაგრამ გულმა ცუდი მიგრძნო, ახლოს მივედი და პირიდან თეთრი ქაფი გადმოსდიოდაო...

ექიმებმა გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლალი და თემო თავზარდაცემულები იყვნენ. ვერ მიმხვდარიყვნენ, რა გახდა მათი გოგონას თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი. გვიან საღამოს, ექიმმა ისინი კაბინეტში იხმო და გაუგონარი რამ უთხრა: დამალვას აზრი არა აქვს. თქვენი ქალიშვილი ორსულადაა. წამლის დიდი დოზის გამო მუცელი მოეშალა და სასწრაფოდ აბორტი თუ არ გაკეთდა, შეიძლება სისხლი მოეწამლოსო. ეს მშობლებისთვის მართლაც იმხელა სტრესი იყო, რომ მოულოდნელობისა და ნერვიულობისგან დამუნჯდნენ.

...თამუნა შინ წაიყვანეს. არავინ არაფერს ეკითხებოდა. ექიმმაც და ფსიქოლოგმაც ურჩიეს, - ადროვეთ, მოვა დრო, დამშვიდდება და თავად გეტყვით ყველაფერსო. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, გოჩა ერთი კვირით სოფელში წავიდა. ასე რომ, მან ამ ინციდენტის შესახებ არაფერი იცოდა. გავიდა ორი კვირა. თამუნა კი დუმდა. გოჩაც არ ჩანდა. თემომ ძმას დაურეკა, - რა ხდება თქვენთან, გოჩა რატომ არ ჩამოდისო. იმან კი - ორი დღის წინ გამოვუშვითო... ახლა კი შეფიქრიანდა კაცი. მოვარდნილ ეჭვს შეებრძოლა - გოჩა ამას არ იკადრებდა, ბიძაშვილს როგორ შეურაცხყოფდაო... რამდენიმე დღის შემდეგ სოფლიდან რძალმა დარეკა: - არ ინერვიულოთ, გოჩა რამდენიმე დღით ბათუმში წასულაო. ამასობაში კი თამუნა ალაპარაკდა...

ერთ დღეს, როცა სახლში მხოლოდ გოჩა და თამუნა დარჩნენ, ბიჭმა "საიდუმლო" გაუმჟღავნა გოგონას: მართლა შენი ბიძაშვილი კი არ ვარ, მიშვილეს, მერე კი ღმერთმა წყალობის თვალით გადმოხედა ჩემს გამზრდელებს და ორი ქალიშვილი გაუჩნდათო... დაგინახე თუ არა, შემიყვარდი. ჩვენი რომანი საიდუმლოდ დარჩეს და სკოლას რომ დავამთავრებ, გავიპაროთო. "რომანიო", - ისე ამბობდა გოჩა, თითქოს გოგონასაგან თანხმობა ჰქონდა მიღებული. თუმცა, ფაქტია, რომ იმდენი ელაპარაკა თამუნას, რომ თავბრუ დაახვია. გოგოს სჯეროდა, რომ გოჩა სულ სხვა გვარის, სისხლის და ხორცის იყო. ის ხომ ჰპირდებოდა, დედაჩემს მოვპარავ ჩემს საბუთებს და გაჩვენებ, რომ სინამდვილეში სულ სხვა, უცხო ადამიანების შვილი ვარო...

როცა გოგონა მიხვდა, რომ ორსულად იყო, გოჩას უთხრა ამის შესახებ, იმან კი - იცი, თამო, ვერ გიმჟღავნებდი, მაგრამ ჩემი ეჭვები მცდარი აღმოჩნდაო... თამუნას ერჩივნა, მიწა გასკდომოდა. ჯერ ის კლავდა, რომ მშობლებს თავს ლაფი დაასხა, მერე ის, რომ საკუთარ ბიძაშვილთან ჰქონდა ურთიერთობა, ბოლოს, ხალხი რას იტყოდა 15 წლის ორსულ გოგოზე? თანაც გოჩა უნამუსოდ სთხოვდა, - აბორტი გაიკეთეო. ბევრი აღარ უფიქრია. მდგომარეობიდან გამოსავალი რომ ვერ იპოვა, გადაწყვიტა, სიცოცხლეს გამოსთხოვებოდა. წნევის წამალი შეიძინა აფთიაქში და ორმოცდაათი აბი ერთბაშად დალია... თემოს ძმისშვილისთვის არ უჩივლია, მაგრამ ძმასთან ძლივს აღდგენილი ურთიერთობა სამუდამოდ გაწყვიტა. ოჯახმა ბინა გამოიცვალა. თამუნას კი დიდხანს დასჭირდა ფსიქოლოგთან სიარული.