"ერთდროულად ვაჟკაციც ვიყავი და ლაჩარიც" - კვირის პალიტრა

"ერთდროულად ვაჟკაციც ვიყავი და ლაჩარიც"

სოხუმელი გახლავართ. იქ ერთ-ერთ სამმართველოში ვმუშაობდი. ყოველდღე, სამსახურში რომ მივსულიყავი, პარკი უნდა გამევლო. ერთხელაც, სამუშაოზე მიმავალს, გოგონების კისკისი მომესმა და იქით გავიხედე. დენდარტყმულივით გავშეშდი. საქანელაზე (ნავს რომ ეძახიან) ორი გოგონა იჯდა და გულიანად იცინოდა.

წვალობდნენ, ცდილობდნენ, გაექანებინათ ნავი, მაგრამ ვერ ახერხებდნენ. ერთ-ერთი, მოკლეთმიანი შავგვრემანი გოგონა ისეთი ლამაზი იყო, თვალი ვერ მოვწყვიტე. სადღა მახსოვდა სამსახური. ვიდექი და მონუსხული მივჩერებოდი მოკისკისეებს. მერე შავგვრემანმა გამომხედა და დამიძახა: - თუ ძმა ხარ, მოდი და გაგვაქანეო. მეც მეტი რა მინდოდა?.. გული რომ იჯერეს, ჩამოვიდნენ ნავიდან. შემომთავაზეს, ერთად გავისეირნოთო. მაშინ სად იყო მობილური, რომ დამერეკა სამსახურში და თანამშრომლები გამეფრთხილებინა - მაგვიანდება-მეთქი. ვიცოდი, საყვედური არ ამცდებოდა, მაგრამ ის მოკლეთმიანი გოგონა მაგნიტივით მიზიდავდა.

ნინო ერქვა, სოხუმში ათი დღით იყო დასასვენებლად ჩამოსული. გოგონები სახლამდე მივაცილე, საღამოს კიდევ დავთქვით შეხვედრა. იმ დღის მერე ყოველ დილა-საღამოს ვხვდებოდით ერთმანეთს. ბედნიერი ვიყავი ნინოს გვერდით. ეს მართლაც ერთი ნახვით შეყვარება იყო... ისეთი გიჟური ლტოლვა მქონდა, მინდოდა შევხებოდი, მეკოცნა, გულში ჩამეკრა, მაგრამ თავს ძალას ვატანდი და ზღვარს არ გადავდიოდი.

ვატყობდი, ნინოს უკვირდა ჩემი თავშეკავებულობა, მაგრამ არაფერს მეკითხებოდა. გული მეწურებოდა, როცა ვაცნობიერებდი, რომ ნინო მალე დამტოვებდა... მის გვერდით ბედნიერიც ვიყავი და უბედურიც... უბედური იმიტომ, რომ ცოლ-შვილი მყავდა. ცოლი კი მიყვარდა, მაგრამ ამ გრძნობას ვერ შევადარებდი. ოცდაათი წლის გახლდით და აქამდე არასოდეს დამტაკებია ასეთი გიჟური სიყვარული, რომელშიც ყველაფერი ერთად იყო თავმოყრილი - ინტერესიც, ლტოლვაც, ჟინიც, ამაღლებული გრძნობაც... თუმცა, ის აზრი, რომ ოჯახისთვის არ უნდა მეღალატა, ლურსმანივით მქონდა ჩაჭედებული თავში... გავიდა ათი დღე.

დადგა ჩვენი დამშვიდობების წუთი. ნინო ტუჩებს იკვნეტდა, ცოტაც და აქვითინდებოდა, მეც ძლივს ვიკავებდი თავს. ვერ შევძელი გამომშვიდობება. მატარებელი რომ დაიძრა, ვაგონში ავხტი და გულში ჩავიკარი ჩემი გოგონა, რომელიც სიგიჟემდე შემყვარებოდა. მატარებელში დავტოვე ტირილით თვალებდასივებული, მე კი გულდამძიმებული სოხუმში დავბრუნდი. მას შემდეგ ჩვენ ხშირად ვწერდით ერთმანეთს წერილებს, სიყვარულს ვეფიცებოდით. ის მთხოვდა, ჩავსულიყავი მასთან.

რამდენიმე თვის შემდეგ ჩავედი მის ქალაქში. მითხრა: - მე არ გთხოვ, ცოლად შემირთო, მიყვარხარ და მინდა შენი ვიყოო. იგი არაფერს მეკითხებოდა ცოლზე, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, ყველაფერი იცოდა. მაინც ვერ შევძელი ზღვარს გადაბიჯება, ჩემი სათაყვანებელი გოგონა საყვარლად ვერ გავიხადე... ის გათხოვდა, მაგრამ სამ თვეში გაშორდა ქმარს. ვერ დამივიწყა და ქმართანაც ვერ ააწყო ურთიერთობა.

მერე მეორედ გათხოვდა, მაგრამ არც ახლა გაუმართლა. ჩემში ყოველთვის ორი გრძნობა, ორი უკიდურესობა იყო - ერთდროულად ბედნიერიც ვიყავი და უბედურიც, ერთგულიც და მოღალატეც, ვაჟკაციც და ლაჩარიც... და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ორი ქალი მიყვარდა. ერთთან ოჯახი და შვილი მაკავშირებდა, ცოლი მიყვარდა და პატივს ვცემდი, მეორის მიმართ კი ენით უთქმელი, უსახელო და უზარმაზარი გრძნობა მქონდა. წლები გავიდა, ნინო კი ისევ მახსოვს, ისევ მიყვარს და ვაღმერთებ.

რ.ლ.