2012 - "ნიანგის" წელი საქართველოში?! - კვირის პალიტრა

2012 - "ნიანგის" წელი საქართველოში?!

საქართველოში ნარკოტიკების გაქრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბოლო დროს ნარკობაზარს თავად სამართალდამცავები აკონტროლებდნენ

"სტატისტიკის მიხედვით, ჩვენთან 100 გოგონაზე 98 ბიჭი მოდის. აქედან 10 ნარკომანია და მათგან 8 - 30 წლამდე ვერ მიაღწევს. დავფიქრდეთ, რა მოგველის მომავალში."ამ შინაარსის პლაკატები ცოტა ხნის წინ გამოჩნდა რუსეთის დიდ ქალაქებში. ბოლო დროს, ნარკოსიტუაციის გაუარესების გამო, პოსტსაბჭოური სივრცის ზოგიერთი ქვეყანა (რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, შუა აზიის ქვეყნები) მზად არის, ნარკომანია პანდემიად გამოაცხადოს. ამ ფონზე ბევრი ექსპერტის დიდ ინტერესს და ზოგჯერ გულწრფელ გაკვირვებასაც იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოში უკვე მესამე წელია, ნარკოტიკები აღარ შემოდის (საუბარია ადგილობრივ ნარკობაზარზე და არა სატრანზიტო ნარკოტვირთებზე).

ეს ინტერესი უსაფუძვლო არ არის, რადგან საქართველოს ყველა მეზობელი ქვეყანა ან თავად აწარმოებს ნარკოტიკს, ან ჩართულია ნარკობიზნესში. როგორც ცნობილია, ჩვენი ქვეყანა ნარკოსატრანზიტო მარშრუტ "აბრეშუმის გზის" სამხრეთ განშტოებაზე მდებარეობს და, თუ დასავლელ ექსპერტებს დავუჯერებთ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით სატრანზიტო ნარკოტვირთები 6 მიმართულებით მოძრაობს. ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს საზღვრები დღემდე არ არის დაცული ნარკოტიკების კონტრაბანდისაგან.

დაახლოებით 20 წელი აზერბაიჯანი საქართველოში ოპიუმის ძირითად მომწოდებლად რჩებოდა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მას თურქეთი ჩაენაცვლა. გაეროს ნარკოტიკების და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ოფისის მონაცემებით, ევროპაში ჰეროინის 85% თურქეთიდან შედის, ევროპული ნარკობიზნესის 93%-ს თურქული მაფია აკონტროლებს.

გარდა ამისა, მსოფლიოში ლეგალურად წარმოებული მორფინის 2% თურქეთის რესპუბლიკაზე მოდის. ბოლო დროს, თურქეთიდან საქართველოს გავლით, ნარკოტვირთები უკრაინასა (ფოთის პორტი-ილიჩოვსკი) და სომხეთში ხვდება. როგორც სომეხი სამართალდამცავები ირწმუნებიან, ბოლო დროს მათ თავის ტკივილად იქცა სწორედ თურქული მარიხუანა და ჰაშიში.

საქართველოს კიდევ ერთი მეზობელი ქვეყანა ჰეროინის მოხმარებით პირველ ადგილზეა მსოფლიოში -

რუსეთის ნარკობაზარზე ყოველწლიურად 75-80 ტონა ჰეროინი ილექება. ვინაიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საზღვრები ღია აქვთ, ნარკოტიკების შემოდინება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოდ ხდება.

გაეროს მონაცემებით - მსოფლიოში ნარკობიზნესის მოგება ყოველწლიურად 600 მილიარდს შეადგენს (ზოგიერთი მონაცემით, 800 მილიარდიდან ტრილიონამდე), რაც მსოფლიო ვაჭრობის 7.6%-ია.

საქართველოს ნარკობაზარი არასდროს იქცევდა საერთაშორისო ნარკომაფიის ყურადღებას და ამ საქმით ძირითადად ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფებები და სამართალდამცავები იყვნენ დაკავებულნი. ზოგიერთი სპეციალისტის მოსაზრებით, საქართველოში ნარკოტიკების გაქრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბოლო დროს ნარკობაზარს თავად სამართალდამცავები აკონტროლებდნენ და სახელმწიფოს ნების შემთხვევაში, პრობლემა მოიხსნა. ეს მოსაზრება საფუძველს მოკლებული არ არის, რადგან საქართველო ამ მხრივ პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი პრეცედენტია მსოფლიოში. ნარკოტიკების მოწოდების თუნდაც შეზღუდვას ისეთი სახელმწიფოებიც ვერ ახერხებენ, რომლებიც ასეულმილიონობით დოლარს ხარჯავენ ამ მიმართულებით. მაგალითად, აშშ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ყოველწლიურად 10 მილიარდამდე დოლარს ხარჯავს, ირანი - 200 მილიონ დოლარს, ცენტრალური აზიის ქვეყნები - 260 მილიონ დოლარს, რუსეთი - 1 მილიარდ რუბლს.

თუმცა, მედალს მეორე მხარეც აქვს:

საქართველოში ნარკოტიკულმა შიმშილმა და რეპრესიულმა ზომებმა (ყველა ნარკომანი - ციხეში) ნარკოტიკების ასობით მომხმარებელი აიძულა, თავშესაფარი მეზობელ თურქეთში ეძებნა (თურქეთში ნარკოტიკების მოხმარება არ ისჯება, გარდა ამისა, "წამალი" იაფია და ყოველი ფეხის ნაბიჯზე იყიდება).

ნარკოემიგრაციამ თურქეთში ადგილობრივ სამართალდამცავებს პრობლემები გაუჩინა. თურქეთში ჩადენილ დანაშაულში ეჭვმიტანილ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა ნარკოტიკების მომხმარებელია. გარდა ამისა, თურქული პოლიციის განცხადებით, ქვეყნის დიდ ქალაქებში ჩამოყალიბდა თურქულ-ქართული, ჩეჩნურ-ქართული კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც, სხვადასხვა დანაშაულთან ერთად (ტრეფიკინგი და ადამიანებით კონტრაბანდული ვაჭრობა), ნარკოტიკების რეალიზაციაშიც არიან ჩართული.

სამწუხაროდ, ნარკოტიკების მოწოდების შეზღუდვამ დადებითად ვერ იმოქმედა ნარკოსიტუაციაზე - ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი არ იკლებს. ნარკომანიის პრობლემამ უფრო მწვავედ იჩინა თავი ე.წ. აფთიაქური ნარკომანიის სახით. ვინაიდან ტრადიციული ნარკოტიკები ძნელად ხელმისაწვდომი არ არის, ნარკოტიკების მომხმარებელთაA უმრავლესობა გადავიდა კუსტარულად დამზადებულ ნარკოტიკებზე, რომელთა ძირითადი ინგრედიენტები აფთიაქში ლეგალურად ნაყიდი პრეპარატებია. ესა თუ ის კუსტარული ნარკოტიკი ჩვენთან ძირითადად უკრაინიდან და რუსეთიდან შემოდის (ევროპაში ამგვარი ნარკოტიკების მოხმარების გამოცდილება არ არსებობს). საქმე ისაა, რომ კუსტარული ნარკოტიკისგან მიღებული ზიანი სავალალოა და ბევრი მათგანი (მაგალითად, ვინტი, ჯეფი, დეზომორფინი) მრავალ დაავადებასთან ერთად, უმოკლეს დროში სიკვდილსაც იწვევს... საქართველოში ნარკომანიის პრობლემისადმი არაჯეროვანმა მიდგომამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ რეგიონებში მოზარდებში მოიმატა ამა თუ იმ პრეპარატის მავნედ მოხმარების შემთხვევებმა. ამ მხრივ განსაკუთრებით დაზარალდა კახეთი. უკვე მესამე წელია, ამ რეგიონში "ტრიგანის", "ლირიკას" და "ანდანტეს" მოხმარებამ მოზარდებში საგანგაშო ზღვარს მიაღწია.

ნარკოტიზაციის ახალი ტალღა არის პანკისის ხეობაშიც. იქაური მოზარდები "კაიფის" მისაღებად ერთ ჯერზე ტრიგანის 40-50 აბს სვამენ და წარმოდგენაც არა აქვთ პრეპარატის მავნებლობაზე... აღშფოთებული მშობლები აფთიაქის მეპატრონესაც არაერთხელ მიუცვივდნენ და მოზარდებისთვის წამლის მიყიდვა აუკრძალეს, მაგრამ ამაოდ. საყურადღებოა ერთი რამ: კუსტარული ნარკოტიკების მომზადება იმდენად იაფი ჯდება, რომ ბევრი ალკოჰოლის მომხმარებელი მათზე გადავიდა. ნარკოტიკების მოხმარების ზრდა შეიმჩნევა ქალებშიც.

ვინაიდან საქართველოში ნარკოტიკების შემოდინების შეზღუდვას სამართალდამცავები როგორღაც ახერხებენ, 2011 წელს სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული ნარკოტიკზე მოთხოვნის შემცირება უნდა ყოფილიყო; თუმცა, სპეციალისტების აზრით, ამ მხრივ ბევრი არაფერი გაკეთებულა. ხელისუფლებამ ვერ გაითვალისწინა, რომ მხოლოდ ნარკოტიკების ბაზრიდან გაქრობით ქვეყანაში ნარკომანიის პრობლება არ დაიძლევა. ათასობით ნარკოტიკის მომხმარებელს, სურვილის შემთხვევაში, მკურნალობაზე ხელი არ მიუწვდება. ნარკომანიით დაავადებული პირისთვის დეტოქსიკაციის კურსის (14 დღე) ფასი სტანდარტულია - 2.250 ლარი. ჯანდაცვის სამინისტრო უკვე მეორე წელია აფინანსებს დეტოქსიკაციის უფასო პროგრამას, რომელიც ჯეროვნად 2011 წლის მეორე ნახევარში ამოქმედდა და თვეში 25 პაციენტის მომსახურებას ითვალისწინებს. ვინაიდან ნარკოლოგიური კლინიკები მხოლოდ ბათუმსა და თბილისშია, ამ პროგრამით სარგებლობა სხვა რეგიონების მომხმარებლებს უჭირთ. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ სარეაბილიტაციო ღონისძიებების გარეშე ეს კურსი არაეფექტიანია და ხშირ შემთხვევაში ექიმის მონდომებაც და ფულიც წყალში გადაყრილია (სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ბაზალეთის ტბაზე გაურკვეველი დროით გადაიდო). გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს ჯანდაცვის სამინისტრო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებზე (ე.წ. მეტადონის და სუბუტექსის პროგრამები). 2005 წლიდან დღემდე საქართველოში მოქმედებს გლობალური ფონდის უფასო (350 პაციენტი) და სახელმწიფო (850 პაციენტი) - თანადაფინანსებით. მართალია, მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები წლების განმავლობაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედებდა, მაგრამ მისი ნაკლებად ეფექტიანობის გამო ბევრმა სახელმწიფომ მასზე უარი თქვა. საინტერესოა, რომ ბოლო ორი წელია, საქართველოში მეტადონური ციებ-ცხელება მინავლდა, ბოლო ხანს პროგრამაში ჩართვის სურვილს ნაკლებად გამოთქვამენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ის არის, რომ ბევრისთვის მეტადონის სახელმწიფო პროგრამები ფინანსურად ხელმიუწვდომელია, პაციენტს თვეში პროგრამაში ყოფნა 150 ლარი უჯდება (დანარჩენს - 180 ლარს - სახელმწიფო აფინანსებს).

2011 წლის დასაწყისში ქალაქის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ თბილისის ბიუჯეტი მეტადონური პროგრამების დასაფინანსებლად 100.000 ლარს გაიღებდა, თუმცა განცხადება განცხადებად დარჩა.

ჯანდაცვის სამინისტროს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა 2 მილიონ ლარზე მეტი უჯდება (აქედან 800.000 ლარი მეტადონის შესასყიდად იხარჯება).

უკვე წლებია, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები საქართველოში ნარკოტიკების მოხმარებისგან მიღებული ზიანის პროგრამებს აფინანსებენ (მაგალითად, შპრიცების გაცვლის პროგრამა და სხვა სერვისები...). თუმცა იმის გამო, რომ დაფინანსებული პროექტები არ არის მორგებული ქართულ რეალობას, მიღებული შედეგი ძალიან მცირეა ან საერთოდ არ არის.

გასული წლის განმავლობაში ქართულ მედიასა და პოლიტიკურ წრეებში ხშირად კეთდებოდა განცხადებები მარიხუანის მოხმარების შესაძლო დეკრიმინალიზაციის შესახებ. იდეის ავტორებს ხშირად ერთ-ერთ არგუმენტად ჰოლანდიის მაგალითი მოჰყავდათ. 2012 წლის 1-ლი იანვრიდან ჰოლანდიის მთავრობამ უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეებისთვის მარიხუანის მიყიდვა აკრძალა. განაცხადა, რომ 2013 წელს ქვეყანა სრულიად თავისუფალი იქნება ნარკოტურიზმისგან.

ცნობისთვის: ყოველწლიურად ჰოლანდიაში საშუალოდ 265 ტონა მარიხუანა და ჰაშიში იყიდება. მათი საერთო ღირებულება 2 მილიარდი ევროა, აქედან სახელმწიფოს ბიუჯეტში 400 მილიონი ევრო შედის.

სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს ზუსტი მონაცემი ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ, რადგანაც ცხედრების გაკვეთა ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზის გამო არ ხდება და სიკვდილის დიაგნოზად ტრადიციულად გულის შეტევა ფიქსირდება. გვაქვს მხოლოდ 2008 წლის მონაცემი - ნარკოტიკების ზედოზირებით სავარაუდოდ 26 კაცი გარდაიცვალა. რაც შეეხება თურქეთში მყოფ ჩვენს ნარკოტიკების მომხმარებლებს, მათი სიკვდილიანობის რაოდენობა დამაფიქრებელია. სტამბოლის აქსარაის რაიონის სამართალდამცავთა თქმით, ქართველი ნარკომანების სიკვდილიანობა გაზაფხულ-ზაფხულზე მატულობს - კვირაში ორი კაცი მაინც კვდება. მეზობელ რუსეთში ყოველწლიურად ეს რიცხვი 30 000-დან 70 000-მდე მერყეობს.

დღეს ქართველ ნარკოტიკების მომხმარებელთათვის ახალ საფრთხეს დეზომორფინი ანუ ე.წ. "ნიანგი" წარმოადგენს. ეს კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი ადამიანს თვე-ნახევარში კლავს...

დეზომორფინის მოხმარებამ აფხაზეთშიც საგანგაშო მასშტაბებს მიაღწია.

იქნება თუ არა 2012 წელი საქართველოში "ნიანგის" წელი, დრო გვიჩვენებს...

გაეროს მონაცემები

(საერთაშორისო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით)

ავღანეთიდან ნარკოტიკი 113 მარშრუტით მოედინება, აქედან 39-ზე მეტი აზერბაიჯანზე მოდის (აშშ-ის დეპარტამენტმა აზერბაიჯანი ნარკოდერეფნად 2002 წელს დაასახელა!). 2010 წელს ავღანეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 41 ტონა ნარკოტიკი გადმოვიდა. გარდა ამისა, Aაზერბაიჯანში თავად მოჰყავთ მარიხუანა. 2010 წელს აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა 362 ტონა ეს მცენარე გაანადგურეს. გარდა ამისა, ბრიტანული სპეცსამსახურების მონაცემებით, რამდენიმე ქალაქში მეტადონის წარმოების მინილაბორატორიები მოქმედებს. 2010 წელს აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა უკანონო ბრუნვიდან 2,7 ტონა ნარკოტიკი ამოიღეს.

საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა 240-350 000-მდე მერყეობს

აშშ-ში 292 მილიონი მოსახლეა. აქედან 13 მილიონი ნარკოტიკების მომხმარებელია. ნარკობაზრის ბრუნვა 60 მილიარდი დოლარია.

უკრაინა. მოსახლეობა 45 მილიონ 745, 213 კაცი. 1,5 მილიონი - ნარკოტიკების მომხმარებელია (არაოფიციალური მონაცემები), ნარკობაზარზე 180 მილიარდი გრივნა ტრიალებს.

რუსეთი. მოსახლეობა 142 მილიონ 800.000 კაცი. 549 000 ნარკოტიკების მომხმარებელია, 2-5 მილიონამდე - არაოფიციალური მონაცემებით. ნარკობაზარზე 20 მილიარდი დოლარი (ზოგიერთი მონაცემით - 28-35 მილიარდი დოლარი) ტრიალებს.

აზერბაიჯანი. მოსახლეობა 9 მილიონ 165 000 კაცი, მომხმარებელი - 100 ათასამდე. ზოგიერთი მონაცემით, ნარკობაზარზე 200 მილიონამდე დოლარი ტრიალებს.

საქართველო. მოსახლეობა 3 მილიონ 700 000 კაცი (1 მილიონ 300 000 გასულია საზღვარგარეთ). ზოგიერთი მონაცემით, ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა 240-350 000-მდე მერყეობს (აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი). 2009 წლამდე საქართველოს ნარკობაზარზე 120 მილიონი დოლარი ტრიალებდა, თუმცა სახელდებოდა უფრო დიდი ციფრებიც.