მეჩეთიდან ნამღერი მრავალჟამიერი - კვირის პალიტრა

მეჩეთიდან ნამღერი მრავალჟამიერი

რეზო, 27 წლის:

"თურქეთში 3 წლის წინ ჩამოვედი არც ენა ვიცოდი და ნაცნობიც მყავდა. სტამბოლში პანსიონში"დავბინავდი, სამოთახიანი ბინა ჰქონდა ქართველ ქალს ნაქირავები და შემდეგ საწოლებს აქირავებდა. ერთი თვე 150 ლირა ღირდა, თითო ოთახში 4 კაცს გვეძინა, სამზარეულო საერთო იყო, აქვე ცხოვრობდა დიასახლისიც. ასეთი პანსიონები ძირითადად ე.წ. დამსაქმებლებს აქვთ. როგორც მოგვიანებით გავიგე, ჩვენს დიასახლისს, რომელსაც თურქები მერიამს ეძახდნენ, ქართველები - კარინას (მისი ნამდვილი სახელი არავინ იცის), მთელი აქსარაი იცნობდა და რიდით ექცეოდნენ. ამბობდნენ, ყველაფერზე წამსვლელიაო. პანსიონებს ძირითადად ქართველი მორფინისტები ქირაობდნენ, Aასევე ქართველები პანსიონშივე ყიდიდნენ "წამალს".

კარინას პანსიონში თავისი წესები ჰქონდა. ცდილობდა, მგმურებად""არიფები" აეყვანა, რომლებიც პირველად იყვნენ თურქეთში, ენაც არ იცოდნენ და ცხადია, მათი მოტყუება ადვილი იყო. ფაბრიკების მეპატრონეებთან იყო შეკრული და თითო კაცის დასაქმებაში მათგან გარკვეულ თანხას იღებდა, ფაბრიკის მეპატრონეები კი მუშებს სამუშაოს შემდეგ სახლში სხვა მძიმე საქმეს აკეთებინებდნენ, თუმცა არაფერს უხდიდნენ.

ცოტა ხანში გავიგე, რომ კარინა ქალებითაც ვაჭრობდა. პანსიონში ერთი გოგო იყო, სამი შვილის დედა. კარინამ სადაც არ გაგზავნა სამუშაოდ, სულ ატირებული მოდიოდა, - თურქები მაწუხებენ, სექსს მთავაზობენო. კარინას ეხვეწებოდა, - მე აქ მართლა სამუშაოდ ჩამოვედი, სამეძაოდ კი არაო. რადგან მისი პასპორტი კარინას ჰქონდა (თურქეთში უპასპორტოდ დაღუპული ხარ), წასვლასაც ვერ ახერხებდა, ბოლოს, დარდი მე გამიმხილა, მართლა გამრჯე და პატიოსანი გოგო იყო. ამიტომ გადავწყვიტე, კარინასთვის მისი პასპორტი მომეპარა და შესაფერის დროს ველოდი.

კლიენტები კარინას ბევრი ჰყავდა, მოყვებოდნენ ყოველ საღამოს საქართველოდან ავტობუსებს 19-20 წლის გოგოები, აკითხავდნენ კარინას დასაქმებისთვის. ყველაზე მონური პირობები გოგოებს ფაბრიკაში ელოდათ. ისინი ხის მაგიდებზე დღისით ტანსაცმელს კერავდნენ, საღამოს კი მის ქვეშ ეძინათ. მაგიდას გვერდებზე ამისთვის ზეწრები ჰქონდა ჩამოფარებული. ხშირ შემთხვევაში ასეთ დღეში არიან ფაბრიკაში მომუშავე კაცებიც. მათ საღამოს ფაბრიკის დატოვება აკრძალული აქვთ, ხელფასიც მცირეა, 450-500 ლირა. ამის გამო ხშირად იპარავენ ტანსაცმელს და შემდეგ ავტოადგურზე 5 ლირად ყიდიან..

გოგონებს, რომლებსაც ფაბრიკაში შრომა ან სასადილოში ჭურჭლის რეცხვა არ ხიბლავდათ, კარინა სხვა რამეს სთავაზობდა, ის სასტუმროს მეპატონეებთან იყო შეკრული და თითო გოგოში 1500 დოლარს იღებდა ერთჯერად გასამრჯელოდ. შემდეგ ეს გოგონები სასტუმროში გადადიოდნენ საცხოვრებლად. მეპატრონეს ქართველი ქალი დღეში მხოლოდ 50 დოლარი უღირს, მნიშვნელობა არა აქვს, რამდენ კლიენტს მოემსახურება, თუ გოგო თვალში მოუვიდათ, მაშინ პროცენტზე თანხმდებიან...

ამ ყველაფრის შემდეგ მართლა გრცხევნია, რომ ქართველი ხარ...

თურქეთში ძალიან ცუდად გვექცევიან. ჟანდარმი თუ გაიგებს, რომ გურჯი ხარ, გელაპარაკება უხეშად, ცდილობს ფული გამოგძალოს... განსაკუთრებით ქართველ ნარკომანებს ვერ იტანენ, ქუჩაშიც რომ ეგდოს, ყურადღებას არ აქცევენ, ისე, თუ სადმე დაინახავენ, მიესევიან და ურტყამენ.

...როგორც იქნა, მოვახერხე და კარინას იმ გოგოს პასპორტი მოვპარე და სამსახურიდან მის დაბუნებას ველოდი. Mმანამდე კაფეში შევიარე. იქ ქართველი ბიჭები ისხდნენ. ორს ეტყობოდა, რომ თურქეთში ახალი ჩამოსული იყო. ცოტა ხანში ტუალეტში გავიდნენ და აღარ გამოვიდნენ. დამლაგებელმა ქალმა ყვირილი რომ ატეხა, მაშინ მივხვდით, რაც მოხდა, ზედოზირებით გარდაიცვალნენ, რადგან წესიერად მათზე არავინ არაფერი ვიცოდით, ვინაობაც ვერ დავადგინეთ. ჟანდარმებმა კი როგორც დახედეს, ჩაიბუზღუნეს, - ნარკომანებიაო. შავ ცელოფანებში გაახვიეს და წაიღეს...

გულდამძიმებული გამოვედი კაფედან და შეხვედრის ადგილისკენ გავემართე. აია სოფიასთან იმ საღამოს რამდენიმე ქართველი ისევ ვნახე. გოგოს მოლოდინში ჩვენს გაჭირვებაზე ვსაუბრობდით. ეს ის დროა, როცა სტამბოლის მეჩეთებში მოლები საღამოს ლოცვაზე იხმობენ მრევლს... ერთ მეჩეთს მეორე აჰყვება, მერე მესამე... და არის ერთი კაკაფონია. შემდეგ ჩუმდებიან და ორიოდე წუთის შემდეგ ისევ იწყებენ.

როდესაც მოლას კივილი შეწყდა, ჩავილაპარაკე, - როდის დამთავრდება-მეთქი. სიჩუმე ცოტა მეტხანს გაგრძელდა და მერე უცებ კუმკაპის მეჩეთიდან კახური "მრავალჟამიერი" გაისმა. თავიდან გონს ვერ მოვედით...

როდესაც დავინახე, რომ ჩემი მოსაუბრე სკამიდან წამოიჭრა და მარჯვენა ხელი გულთან მიიტანა, მივხვდი, რომ ეს სიზმარი არ იყო. დიახ, ვიღაცები მეჩეთში კახურ მრავალჟამიერს მღეროდნენ. როდესაც ერთი ტურისტი გაოცებული მოტრილდა და სიმღერაზე მკითხა, - ჯორჯიან? ვიგრძენი, როგორ დამებერა ძარღვები. თითქოს გულიდან რაღაცამ ამოხეთქა და უნებლიეთ პირიც გავაღე (როგორც მერე მითხრეს, პასუხის ნაცვლად სიმღერა დამიწყია). გონს პოლიციის სირენების ხმამ მომიყვანა და მეჩეთიკენ გავიქეცით. უამრავ ხალხს მოეყარა თავი. როდესაც ჟანდარმებმა დამნაშავეები გამოიყვანეს, ხალხმა იხუვლა..

ასობით გაბრაზებული თურქი იყო მოსული, მაგრამ ვიყავით ჩვენ, ქართველები (სიმღერის გაგონებაზე ყველა იქ მოსულა) ძალიან ამაყნი და ძლიერნი. თითოეულმა ვიცოდით, რომ იმ წუთში არ არსებობდა ძალა, რომელიც დაგვაკავებდა, თუ საჭირო გახდებოდა... ოთხი ბიჭი იყო... როდესაც ჩაგვიარეს, ვიღაცამ დაუყვირა ქართველებო, ასე სიმღერა სად ისწავლეთო. მახსოვს, ერთი მათგანი მოტრიალდა და გაგვიღიმა, - პირველად ვიმღერეო, მოასწრო თქმა...

როცა ჟანდარმერიის მანქანები თვალს მოეფარნენ, ყველა აქსარაის ავტოსადგურში გავიქეცით, რადგან ვიცოდით, ყველა ჩვენებური, ვინც ამ ამბავს შეესწრო ან გაიგებდა, იქ მოიყრიდა თავს, მართლაც ასე მოხდა. უამრავი ხალხი მოვიდა, ამბობდნენ, - როგორც კი ეს ამბავი გავიგეთ, სამსახურში როგორ გავჩერდებოდითო და აქეთ წამოვედითო, მალე მომღერალი ბიჭების ამბავიც გავიგეთ. თურმე ესპანეთიდან მოდიოდნენ, 10 წელი სამშობლოში არ ყოფილან, აქსარაის ავტოსადგურში ავტობუსის ბილეთები შეუძენიათ (მათი ჩანთები იქვე, ავტობუსთან ეწყო) რადგან გასვლამდე რამდენიმე საათი რჩებოდა, კუმკაპში საქეიფოდ წასულან. უკვე შესაზრხოშებულებს რამდენჯერაც საქართველოს სადღეგრძელოს თქმა დაუპირებიათ, იმდენჯერ მოლას კივილს შეუშლია ხელი. გულმოსულები მეჩეთში შესულან და რუპორთან, არავინ იცის, როგორ, მაგრამ სიმღერაც მოუხერხებიათ... მომდევნო დღეებში გავიგეთ, რომ ბიჭებს ციხეში ქართველები პატივით დახვედრიან. გარეთდან მუდმივად უგზავნიდნენ მოსაკითხს. სამწუხაროდ, იმ ბიჭების შესახებ მეტი არაფერი ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მათი სიმღერის ამბავი მთელ სტამბოლს კიდევ დიდი ხანს ეკერა პირზე.

მალე სტამბოლიდან ანკარაში გადმოვედი. თავიდან მეწაღედ დავიწყე მუშაობა, მერე მშენებლობაზე, იქვე გვეძინა ხოლმე ფარღალალა შენობაში. ბოლოს კი უპასპორტო, მშიერი, უფულო აქ, ნაგავსაყრელზე, მოვხვდი... ვინ თქვა, რომ არ არსებობს ამ ქვეყნიური ჯოჯოხეთი? ეს სწორედ ანკარის ნაგავსაყრელია... აქ 20-მდე ქართველი 4 უზბეკი და სამი უკრაინელი მუშაობს მონებად, გათენებიდან გვიან ღამემდე ვიქექებოდით ნაგვის გროვაში, ვახარისხებდით ნარჩენებს, სამრეწველო ნარჩენებს ცალკე ვაწყობდით, საყოფაცხოვრებოს - ცალკე, ტანსაცმლისთვის კიდევ ცალკე ადგილი იყო გამოყოფილი.

იმ ადგილებში, სადაც ვიქექებოდით, სავალდებულო იყო წითელი ალამი აღგვემართა, რადგან ნაგვის კოვშიან მანქანებს შიგ არ შევეყოლებინეთ...

(გაგრძელება იქნება)

(სპეციალურად საიტისათვის)