ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
11-01-2010
დედობის უფლება და სასიკვდილოდ გამეტებული შვილი
დედობის უფლება და სასიკვდილოდ გამეტებული შვილი კიდევ ერთი გამომძიებელი, ბატონი კობა დაგვეთანხმა თანამშრომლობაზე. იგი არცთუ ისე ასაკოვანია და ალბათ კიდევ შეეძლო დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე უამრავი საქმე გაეხსნა, მაგრამ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მანაც ვერ შეინარჩუნა სამსახური:
- როცა სამსახურიდან გამომიშვეს, მიკროინფარქტიც მივიღე, ისე განვიცადე, მაგრამ ხომ იცით, ჭირმაც კი შეჩვევა იცისო...
უსამართლობას ვერასოდეს ვეგუებოდი და ამიტომაც ავირჩიე გამომძიებლის ურთულესი პროფესია. ვაღიარებ, ხშირად სასტიკიც ვყოფილვარ დამნაშავისადმი, მიცემია კიდეც, მაგრამ ამ დროს პოლიციელი კი არა, კაცი იჯდა ჩემში, ვინც არაკაცობას ვერავის აპატიებდა.

რამდენიმე საქმეს გავიხსენებ ჩემი პრაქტიკიდან, რომლებიც განსაკუთრებული სიმძაფრით მახსენებს თავს. ერთ-ერთია ახალგაზრდა ქალის, ლალი აბრალავას ტრაგედია, სასიკვდილოდ რომ გაიმეტეს ქმარმა და მისმა ახლობლებმა, და არა მხოლოდ ის...

...მეზობლების ყურადღება ბოსელში გამოკეტილი პირუტყვის ბღავილმა მიიპყრო. გალინა ზოდელავა ყოჩაღი ქალი იყო და ამ დრომდე პირუტყვს უყურადღებოდ არ დატოვებდა. გამთენიისას დგებოდა და ყველას ასწრებდა ძროხების მოწველასა და საძოვარზე გაგდებას. შეუძლოდ რომ ყოფილიყო, ქმარი გააკეთებდა მის საქმეს, ამიტომ დაუფიქრებლად შეაღო მათი ჭიშკარი ნინა კეკუამ:
- გალინა-ა, სიმონ!.. სადა ხართ, ხალხო, დაიხოცეთ თუ რა უბედურებაა თქვენს თავს?!
არც გალინასა და არც სიმონს მეზობლის დაძახებაზე არ გამოუხედავთ. ცოტა ხანში მათი 7 წლის შვილიშვილი ნიკო გამოჩნდა ღია კარში. ნამძინარევ თვალებს იფშვნეტდა.
- სადაა ბებია?! - ჰკითხა ბავშვს ნინა კეკუამ და სანამ ბავშვი უპასუხებდა, ეზოში მკვდარი ძაღლი დაინახა. საბრალო ყურშასთვის ვიღაცას ნაჯახით გაეჩეხა თავი და იქვე მიეგდო საშეშეზე...

შიშმა შეიპყრო ნინა და როცა მეზობლების საძინებლის კარი შეაღო, შემზარავი სურათის დანახვისას გული წაუვიდა: ვიღაცას ნაჯახით გაეპო თავები მძინარე ცოლ-ქმრისთვის - სიმონი და გალინა ზოდელავები საკუთარი სისხლის გუბეში იწვნენ...

ნიკო კარგა ხანს დამუნჯებული იდგა და შეშლილი თვალებით უცქერდა ბებია-ბაბუას. ისევ გონს მოსულმა ნინამ გამოაფხიზლა, - გაიქეცი და ხალხი მოიყვანე, მთელი სოფელი შეყარეო!..

როცა ადგილზე მივედით, პირველ რიგში ოჯახის სხვა წევრები მოვიკითხეთ. მეზობლებმა კი აი, რა გვითხრეს:
- არ იყვნენ ცუდი ხალხი საცოდავები. მუხლჩაუხრელად შრომობდნენ. ორი ბიჭი გაზარდეს და ორიც გოგო. ქალაქში გაგზავნეს სასწავლებლად. უფროსი, ბაკური მოხდენილი ვაჟკაცი იყო, გაღმასოფლელ გოგოს, ლალის უყვარდა. ბაკურმა საინჟინროზე შეიტანა საბუთები, გოგომაც ლამის თავი მოიკლა და იმდენი ქნა, ერთად ჩაირიცხნენ. ჰოდა, ბიჭის კუდში დევნამ ის შედეგი გამოიღო, რომ მალე დაფეხმძიმდა კიდეც ლალი. ბაკური თუ ხელს მკრავს, შვილი მაინც დამრჩება საყვარელი ბიჭისგანო. აბრალავებისთვის ეს დიდი ტრაგედია იყო, მიუცვივდნენ ოჯახში ბაკურს. სისხლი დაიღვრებოდა, ხალხი რომ არ ჩამდგარიყო შუაში. ბაკურმა აღიარა, ლალი ჩემგანაა ფეხმძიმედ, მაგრამ სამწუხაროდ, მის ცოლად შერთვას არ ვაპირებო. ვიღაც მდიდარი ოჯახის დედისერთა ქალიშვილი შეჰყვარებოდა თბილისში... გააგებინეს იმ ოჯახს აბრალავებმა ბაკურის ამბავი და ჩაეშალა ქორწილი, უარი თქვა იმ გოგომ, - უნამუსო კაცს ცოლად არ გავყვებიო!.. მაშინ უთქვამს ბაკურს, მოვიყვან ცოლად ლალის და ძვირადაც დავუსვამ ჩემს გამწარებასო!..
ორი წელი იცხოვრეს ერთად და ამ ორ წელიწადში საცოდავ გოგოს არც ლანძღვა დაჰკლებია და არც ცემა. ქურდობაც დააბრალეს, გათხოვილ მულს ოქროულობა მოჰპარაო. ციხეში არ ჩაუსვამთ, მაგრამ პოლიციაში კარგა ხანს ატარეს. მერე კახპობაც დააბრალეს, - ბაკურის ბიძაშვილმა "აღიარა", არ მომასვენა და მეც შევცდი, მთვრალი ლოგინში ჩავუწექიო... მოკლედ, სკანდალით გააგდეს გალანძღული და რაც მთავარია, ბავშვი არ გაატანეს. ფულიც კი დახარჯეს მაშინ, რომ ქურდი და ქმრის მოღალატე ქალის ხელში არ დაეტოვებინათ ბიჭი. მოკლედ, ლალის დედობის უფლება ჩამოართვეს. სანამ პატარა იყო ნიკო, ხან ერთ მამიდასთან მალავდნენ და ხან - მეორესთან. როცა წამოიზარდა, იმდენი შხამი ჩააწვეთეს დედაზე, სიახლოვეს აღარ იკარებდა. მის დანახვაზე ატირებული გარბოდა და დადევნებულ დედას ქვებსაც კი ესროდა...

ამის მოსმენის შემდეგ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, - შეეძლო თუ არა ლალი აბრალავას შურისძიების მიზნით დაეხოცა დედამთილ-მამამთილი?
გადაჭრით ვერავინ თქვა ვერც უარი და ვერც თანხმობა. ორაზროვნად გვიპასუხეს, - ისე ამწარებდნენ იმ უბედურს, გამორიცხული არაფერიაო!..
...როცა ზოდელავების შვილები მოვიდნენ, აღმოჩნდა, რომ სახლიდან ფული და ძვირფასეულობა იყო წაღებული. ქალიშვილებმა იცოდნენ, სად ინახავდა დედა თუ რამ ღირებული ჰქონდა. ბაკურ ზოდელავა მოგვიანებით ჩამოვიდა. ის დედაქალაქში ცხოვრობდა. სამი წლის წინ დაქორწინებულა. თავისი "ოცნება" მაინც მოეყვანა სისრულეში - საკმაოდ შეძლებულ ოჯახში შესულიყო ზედსიძედ და უკვე შვილიც ჰყავდა. მოვიდა თუ არა, ღიად დასდო ბრალი ლალი აბრალავას: ის იქნებოდა. ცოტა ხნის წინაც დამემუქრა, რომ თუ შვილს არ დავუბრუნებდი, გამამწარებდა. მარტო შვილს კი არა, წილსაც მთხოვდა ქორწინებიდან, რაც მას და ბავშვს ეკუთვნოდა ვითომ...

ლალი აბრალავა რაიონულ ცენტრში ვიპოვეთ. ინჟინრის დიპლომი ვერაფერში გამოეყენებინა და მაღაზიაში მუშაობდა გამყიდველად. რომ მივედით, ისე მშვიდად უწონიდა კლიენტს კარაქს, შეუძლებელი იყო მისთვის ბრალი წინა ღამით ჩადენილ მკვლელობაში წაგვეყენებინა... ეს აზრი კიდევ უფრო განგვიმტკიცდა, როცა ვუთხარით, რა საქმეზეც ვიყავით მისულები. გაფითრდა, მაგრამ წონასწორობა არ დაუკარგავს:
- ბევრი მიზეზი მქონდა მათ დასახოცავად, მაგრამ მე არ გამიკეთებია. ჩემს ქმარყოფილს ძალიანაც ენდომება, სამუდამოდ გამომკეტოს ციხეში და შვილი წამართვას, მაგრამ არ გამოუვა...
ასე რომ, ძიება სულ სხვა მიმართულებით წავიდა: რადგან ფული და ოქროულობა მოისაკლისეს, სავსებით შესაძლებელი იყო, საქმე ძარცვასთან გვქონოდა. იმ პერიოდში საკმაოდ გახშირებულიყო ძარცვა-ყაჩაღობის ნიადაგზე მომხდარი მკვლელობები.

გალინა და სიმონ ზოდელავები დაასაფლავეს. 7 წლის ნიკო მამიდებმა შეიფარეს. მამას მისი ქალაქში წაყვანა აზრადაც არ მოსვლია, რადგან თავიდანვე შეთანხმებული იყო მეორე ცოლთან, რომ შვილით არასოდეს "შეაწუხებდა"...

ლალი აბრალავამ სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომ ბავშვზე მისი უფლებები აღედგინათ. უამრავი ცნობა და დახასიათება წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ყველა დადებითად ახასიათებდა. ქმართან განშორების შემდეგ არც გათხოვილა და არც სხვა მამაკაცთან ურთიერთობაში ყოფილა შემჩნეული. რაიონულ ცენტრში პატარა სახლიც იყიდა და იმ დღეზე ოცნებობდა, როცა შვილს დაიბრუნებდა.

ამჯერად, არც ბაკურ ზოდელავას და არც მის დებს კატეგორიული წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და ფაქტობრივად თანახმანი იყვნენ, ნიკო დედას წაეყვანა. აშკარა იყო, ბიჭი ზედმეტი გამხდარიყო მამისთვისაც და მით უმეტეს, მამიდებისთვის, მაგრამ ბავშვი არ გაეკარა დედას, ისტერიკა დაემართა: - არ ვიცხოვრებ კუდიანთან და ქურდთან, ცუდი ქალია და მისი მეშინიაო!..

მოკლედ, ბავშვს ისე ჰქონდა მოწამლული გულიც და გონებაც, დედის ხსენებაც აღარ უნდოდა. სასამართლოზე ისე შემეცოდა ლალი, დარბაზიდან გამოსულს შინ წაყვანა შევთავაზე. დაუფიქრებლად ჩამიჯდა მანქანაში. თითებს ნერვიულად იმტვრევდა:
- არაფერი გაქვს ჩემთვის სათქმელი? - ვკითხე შეფარვით.
- ერთბაშად სამართალი არ დაადგინოთ! - შემომხედა სიბრაზით, - თვითონ მივხედავ ჩემს თავს. თქვენ კიდევ არ იცით, რას ნიშნავს უსამართლოდ უარყოფილი დედის სასოწარკვეთა...

სახლთან რომ ჩამოვსვი, ვეღარ მოვისვენე. იყო რაღაც ისეთი მის ხმაში, მეტი სიფრთხილე უნდა გამომეჩინა. მეორე დღეს სამსახურში მისულმა, გავანდე კიდევაც ჩემი ეჭვი კოლეგებს და ვთქვი, რომ აბრალავას უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლებოდა, მაგრამ დავაგვიანეთ...

ცოტა ხანში შეტყობინება შემოვიდა, რომ ნაჯახით თავგაჩეხილი, მაგრამ ცოცხლად გადარჩენილი ბაკურ ზოდელავა მიუყვანიათ საავადმყოფოში...
ცუდად იყო, მაგრამ მაინც მოგვცა ჩვენება.

- ის იყო, ლალი... მძინარეებს დაგვადგა მე და ნიკოს თავზე... ყვირილიც ვერ მოვასწარი, ისე ჩამარტყა თავში ნაჯახი. გონი დავკარგე. როცა გამოვფხიზლდი, ბავშვი ოთახში აღარ იყო. როგორღაც გავაგებინე მეზობლებს მომხდარი...
- ღია კარში გეძინათ?!
- ჰო. სოფელში, ჩემს სახლში რისი უნდა მშინებოდა...
- კი მაგრამ, თქვენს სახლში ცოტა ხნის წინ დახოცეს თქვენი დედ-მამა. დარწმუნებული იყავით, მკვლელი ჩემი ცოლყოფილიაო და არ იფიქრეთ, რომ თქვენზეც იძიებდა შურს?!
- ასეთი რამ მაინც ვერ წარმოვიდგინე...

...მაშინვე გავეცი ბრძანება, რომ ბავშვთან ერთად გაქცეული ქალი, სავარაუდოდ, საშიში დამნაშავე უნდა გვეპოვა... სამწუხაროდ, ხუთი დღის განმავლობაში ლალი აბრალავა და მისი შვილი ვერც ცოცხლები და ვერც მკვდრები ვერ ვიპოვეთ. მხოლოდ მეექვსე დღეს გამორიყა მდინარემ დამხვრჩალი ნიკო ზოდელავას გვამი მისი სოფლიდან საკმაოდ მოშორებით. კარგა ხნის ძებნის შემდეგ, შორიახლოს ვიპოვეთ ლალი აბრალავას ცხედარიც. ერთი შეხედვით აშკარა იყო, სასოწარკვეთილმა ქალმა, ამდენი დანაშაულის შემდეგ, შვილთან ერთად სიკვდილი გადაწყვიტა, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა: ლალი აბრალავა ყელში წაჭერილი მავთულით იყო დამხრჩვალი და ამის შემდეგ ბავშვთან ერთად წყალში გადაგდებული. ეჭვგარეშეა, მკვლელი სხვა იყო და ამის შესახებ ყველაზე კარგად ბაკურ ზოდელავამ იცოდა, მის მოსაკლავად მოსული ლალი აბრალავა რომ "დაინახა"...

საავადმყოფოში მოსულებს ბაკურ ზოდელავა ექიმის კაბინეტში დაგვხვდა გაყვანილი. ექიმს მისთვის გატეხილი თავი უკვე გადაეხვია და მარჯვენა წვივზე ახალ ნაიარევზე ეკითხებოდა, საიდან ჰქონდა! ჩვენი დანახვისას შეცბა და ფეხის დამალვა სცადა, მაგრამ გვიანი იყო: აღმოჩნდა, რომ ძაღლს ეკბინა მისთვის და... თუმცა ამის დაჯერება ძნელი იყო, მაინც იქვე წავუყენე ბრალი როგორც საკუთარი დედ-მამის, ისევე ცოლ-ყოფილისა და შვილის მკვლელობაში... იუარა, თუმცა, მალევე ალაპარაკდა და თავისი თანამზრახველი, უმცროსი ძმა ბაჩუკიც ჩაუშვა... ბაჩუკ ზოდელავა სოფელში კარგა ხანია არავის ენახა. გამოუსწორებელი ნარკომანი იყო და მშობლებთან ამის გამო მუდმივი უკმაყოფილება ჰქონდა. სიმონი და გალინა არც უფროსი შვილის კმაყოფილები იყვნენ, - რაც შეძლებულ ოჯახს ჩაესიძა, მათ ამბავს აღარ კითხულობდა, მეტიც, უთქვამს კიდეც, თქვენს თავს თქვენვე უპატრონეთო.

განაწყენებულ მშობლებს ქონება ქალიშვილებზე გადაუფორმებიათ და ძმები მემკვიდრეობის გარეშე დაუტოვებიათ. ვალებში ჩავარდნილმა ბაჩუკიმ ისევ მშობლებს მიაკითხა და რადგან იცოდა, ფულიც ჰქონდათ და ოქროც, წილი მოითხოვა. მათ, რა თქმა უნდა, უარი უთხრეს და სახლიდანაც გააგდეს...

ნაშუაღამევს მობრუნდა გონებაარეული, მშობლები დახოცა და თუ რამ ღირებული ნახა, გაიტანა. თბილისში ღამის ორ საათზე ჩასული პირდაპირ ძმას მიადგა. არ დაუმალავს მისთვის მომხდარი... იმის ნაცვლად, დედ-მამის მკვლელი ძმა ემხილებინა, ბაკურმა მომხდარის სათავისოდ გამოყენება სცადა და მაშინვე გადაწყვიტა, ყველაფერი ცოლყოფილისთვის დაებრალებინა. ძმასთან ერთად სოფელში დაბრუნდა, რადგან უკვე თენდებოდა, მანქანა შორიახლოს დატოვეს, შინ შეიპარნენ და პირველ რიგში მკვლელობის იარაღი - ნაჯახი გამოიტანეს, კვალი რომ წაეშალათ. სწორედ ამ დროს დაესხათ თავს გაბოროტებულ ძმებს საკუთარი ძაღლი და დაკბინა. ბაკურმა ძაღლსაც გაუჩეხა თავი... მერე ნაჯახი წყლით სავსე კასრში ჩააგდო, რომელიც სახლის კუთხეში იდგა საწვიმარ მილთან და ისევ უკანა კარიდან გაიპარა. იმ დროს, როცა დახოცილები ნინა კეკუამ იპოვა, ძმები ზოდელავები უკვე თბილისში შედიოდნენ ალბათ...

რაც შეეხება ლალი აბრალავას, არავინ იცის, რა ჰქონდა ჩაფიქრებული და მართლა აპირებდა თუ არა შურისძიებას წართმეული დედობის უფლებისა და დანგრეული ცხოვრების გამო. ბაკურ ზოდელავა მას სახლში ბაჩუკისთან ერთად მიადგა. ქალი ბაკურმა დაახრჩო, ბავშვი კი ბაჩუკიმ გადააგდო წყალში: "ძმისშვილი იყო და ვერ შევძელი მასზე ხელის აღმართვაო!" - "იმართლა" თავი.

როცა მოსამართლე დაინტერესდა, რა საჭირო იყო ბავშვის მოკვლა, აღმოჩნდა, რომ ნიკო ზოდელავა ერთადერთი მოწმე იყო ბებია-ბაბუისა და ბიძის ჩხუბისა. მას ყოველ წუთს შეეძლო რაიმე ისეთის თქმა, რაც გამოძიებას ბაჩუკი ზოდელავას კვალზე გაიყვანდა... ბაკურისთვისაც ძმას გაეჩეხა თავი, რომ კიდევ უფრო დაემძიმებინათ ლალი აბრალავას "დანაშაული"...

იმდენად "მშვიდად" აღიარებდნენ ძმები ზოდელავები ამდენი ახლობელი ადამიანის მკვლელობას, მოსამართლეს მათ ნორმალურობაშიც კი შეეპარა ეჭვი. თუმცა, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ჯანმრთელები იყვნენ. ამიტომ კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯნენ...


raulreal07
18 იანვარი 2010 14:30
მე პირადად ამ გაზეთის კითხვას რო ვიწყებ პირველ რიგში რუბრიკა "ვერსიას" ვეცნობი!! ძალიან საინტერესოა და ამიტომ!!
machabeli
16 იანვარი 2010 00:55
ხალხო
რად წამლავთ ჟურნალისტს?

მაინცდამაინც შერლოკ ჰოლმსის ჩახლართულ დეტექტივები თუ გინდათ, იკითხეთ შერლოკ ჰოლმსი.
რასაც წერენ, ძალიან რეალური ისტორიებია.

თუ არ მოგწონთ და ვინ გაძალებთ წაკითხვას?


davit
12 იანვარი 2010 11:00
"ერთი გამაგებინა კვირის პალიტრა გქვიათ და კვირას რითი ხართ დაკავებული, რომ ტექსტის აკრეფას რომ ვერ ახერხებთ...."

ჩემი აზრით, მარტო ტექსტის აკრეფაში არაა საქმე.
რესპონდენტთან შეხვედრის შემდეგ მასალის დამუშავებას დრო სჭირდება.

ეგ რუბრიკა ანონსივით არის ხოლმე, რა არის ამაში ცუდი?

რა გიშლით ხელს, რომ ორშაბათის ნაცვლად სამშაბათს წაიკითხოთ მასალა? :LOL:

სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge ჩეჩნეთში გადასვლის უიღბლო მცდელობის შემდეგ ჰამზათ გელაევი თავს ჯერ კიდევ შეუძლოდ გრძნობდა და ხეობის ახალ ამბებსაც აბუ ბაქარისგან უხალისოდ ისმენდა.
KvirisPalitra.Ge 2001 წლის 17 ივლისს, შებინდებისას, სარქალი ნოშე აზიკოვი მეცხვარეებთან საუბრით იქცევდა თავს, როცა მოულოდნელად შორიახლო რამდენიმე შეიარაღებული კაცი შენიშნა.
KvirisPalitra.Ge 2001 წლის 15 მაისს სოფელ დუისში, ერთ-ერთ სახლში, პანკისის ხეობის უხუცესებს მოეყარათ თავი. სახლის გარშემო ასეულობით აAდგილობრივი მოსახლე და ლტოლვილი შეკრებილიყო და მოთმინებით ელოდა უხუცესთა გადაწყვეტილებას.
KvirisPalitra.Ge 1999 წელს ჩეჩნეთში ომის განახლებამ ათასობით მშვიდობიანი მოსახლე აიძულა, თავშესაფარი ქვეყნის გარეთ მოეძია, მათ შორის მეზობელ სახელმწიფოებში. საქართველო-ჩეჩნეთის საზღვრებს უამრავი ლტოლვილი მოაწყდა. საქართველოს ხელისუფლება მოსალოდნელი საფრთხის გამო ცდილობდა, ლტოლვილები არ მიეღო, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლით, საბოლოოდ უარი თქვა განზრახვაზე.
KvirisPalitra.Ge 2000 წლის 25 ოქტომბერი თენდებოდა. საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ჯერ კიდევ კაბინეტში იმყოფებოდა და უკვე მერამდენედ კითხულობდა საზღვრებიდან მიღებულ ინფორმაციებს. დაცვის უფროსმა მოახსენა, უშიშროების საბჭოს მდივანი ნუგზარ საჯაია მისაღებში გელოდებათო. უსიტყვოდ ანიშნა, -  შემოვიდესო.
KvirisPalitra.Ge 1999 წლის 11 ნოემბერს რუსეთის არმიის ნაწილებმა გუდერმესი აიღეს. ქალაქი ფედერალურ ძალებს ძმებმა იამადაევებმა ჩააბარეს, რომლებიც იმ დროისთვის ჯერ კიდევ საველე მეთაურები და გუდერმესის ფაქტობრივი პატრონები იყვნენ.
KvirisPalitra.Ge 1996 წელს ჩეჩნეთში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ იჩქერია კრიმინალურმა ტერორმა მოიცვა: ადამიანების გატაცება (ძირითადად უცხოელი მოქალაქეებისა) და მასობრივი მკვლელობები ყოველდღიური ცხოვრების წესად იქცა.
KvirisPalitra.Ge 1995 წლის 3 ივლისს ბუდიონოვსკის ტერაქტიდან ორიოდე კვირის შემდეგ, პრეზიდენტმა ელცინმა ხელი მოაწერა #663 ბრძანებას ჩეჩნეთის ტერიტორიაზე რუსეთის საჯარისო ნაწილებისა და სამხედრო ორგანიზაციების დისლოკაციის შესახებ.
KvirisPalitra.Ge 1996 წლის იანვარში გროზნოსთვის სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობდა, გარემოცვის მოთხოვნით იჩქერიის პრეზიდენტი ჯოჰარ დუდაევი გუდერმესში გადავიდა, სადაც შედარებით სიმშვიდე იყო. გროზნოს უკანასკნელი დამცველები, შამილ ბასაევის მეთაურობით, რუსეთის არმიის ნაწილებმა ალყაში მოაქციეს. გაჟლეტისაგან ისინი სულეიმან იამადაევის რაზმმა იხსნა - რუსების ალყის გარღვევა მოახერხა და თანამოძმეების დასახმარებლად გროზნოში შეიჭრა.
KvirisPalitra.Ge 1994 წლის 1-ელ დეკემბერს  გროზნოში, პრეზიდენტის რეზიდენციაში, იჩქერიის საგარეო დაზვერვის შეფი ხოჯა ნურაევი გამოიძახეს. ჯოჰარ დუდაევი უგუნებოდ იყო.