მომაკვდინებელი გართობა - რას ყიდიან ქართულ კლუბებში "ექსტაზის" ნაცვლად? - კვირის პალიტრა

მომაკვდინებელი გართობა - რას ყიდიან ქართულ კლუბებში "ექსტაზის" ნაცვლად?

ცხადი ხდება, რომ ესაა არა ტრადიციული  "ექსტაზი", არამედ სხვა ნარკოტიკი, რომელსაც ღამის კლუბებში "ექსტაზის" სახელით ყიდიან

შპრიცებში, რომლებიც კლუბში მოამზადეს, დეზომორფინი ("კრაკადილი") კი არა, უბრალო ბენზინი იყო(?!)

"პარასკევს ან შაბათ საღამოს უნდა მიბრძანდეთ“არამიანცის”საავადმყოფოში და ნახავთ, რიგები არ წყდება. მეგობარი გაგვიხდა ცუდად, კაზინოში სასმლით მოიწამლა. საავადმყოფოში გავაქანეთ. 4 საათის განმავლობაში იქ 60 კაცი მოიყვანეს. ყველას ერთი და იგივე პრობლემა ჰქონდა - ბიო”ან სასმლით ინტოქსიკაცია."

Kკლუბური ცხოვრების მოყვარულის ნაამბობიდან,  ამბები.გე 2014 წ. 3 მარტი

"მტკიცებულებამ, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, უნდა იმოქმედოს როგორც იურისტებზე, ისე ნარკომომხმარებლებზე. პირველად დადასტურდა, რომ "ექსტაზი" მაინც საშიშია ადამიანისთვის, მეტიც, სხვა ნარკოტიკებისგან განსხვავებით მისი მავნე ზემოქმედება შეუმჩნევლად მიმდინარეობს და ტვინის დაზიანების შეუქცევადი პროცესები სტაბილური მოხმარებიდან უკვე რამდენიმე წელიწადში იჩენს თავს."

ჟოზეფ ბარდი, ავსტრალიის

ეროვნული უნივერსიტეტი

"თბილისში ათამდე ცნობილი ღამის კლუბია, მათი სტუმრები მეტწილად 18-25 წლის ახალგაზრდები არიან. გამოკითხულთა უმრავლესობამ დაადასტურა, რომ ღამის კლუბებში ნარკოტიკებზე მოთხოვნა მაღალია."”

ილიას უნივერსიტეტის კვლევიდან, 2012 წ.

"ორიოდე კვირის წინ შვეიცარიიდან სტუმრები მყავდა. გადავწყვიტე, სამ დღეში მთელი საქართველო დაგვეთვალიერებინა, ბოლო გაჩერება”ბათუმი და შავი ზღვა უნდა ყოფილიყო... მოგზაურობითა  და შთაბეჭდილებებით დაღლილები ბათუმში ღამის კლუბსაც ვეწვიეთ. შეზარხოშებულს მომინდა, ჩემი "პრადვინუტობა" კიდევ ერთხელ დამემტკიცებინა და სტუმრებისთვის "პოლნი რელაქსი" მიმეცა. გადავწყვიტე, "ექსტაზი" მეჩალიჩა. ამის გამო ბარმენთან საეჭვოდ მოტრიალე ორ უცნაურ ტიპთანაც მომიხდა საუბარი... მოკლედ, ნახევარი საათის შემდეგ ერთი მათგანი მრავლისმთქმელი ღიმილით და 4 სირჩა ალკოჰოლით მოგვიახლოვდა, რაც ნიშნავდა, რომ სასურველი "ექსტაზი" უკვე გვქონდა (ალკოჰოლში იყო გახსნილი), დავლიეთ და ცეკვის იშტაზე მოსვლის მოლოდინში გავყუჩდი... მოულოდნელად მოვდუნდი, ფერები ამერია, თითქოს დავმძიმდი, განძრევის თავი არ მქონდა. სტუმრებს გადავხედე. ისინიც ჩემს დღეში იყვნენ. მდგომარეობიდან რომ გამოვედით, ვერ ვიხსენებდით, რა მოხდა.  ვიყავით კი ღამის კლუბში? მერე მითხრეს, ეს "ექსტაზი" კი არა, სხვა რამე იყო და მადლობა უთხარი უფალს, რომ ძლივს გადაურჩი სიკვდილსო, რომელშიც როგორც ვატყობ, ფულიც გადამიხდია  - 150 დოლარი."

Pპაციენტის ნაამბობიდან

სამწუხაროდ, ბოლო დროს ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ღამის კლუბების სტუმრები, გარკვეული აბების მიღების შემდეგ, ჯანმრთელობის გაუარესებას და მეხსიერების დაკარგვას უჩივიან. ცხადი ხდება, რომ ესაა არა ტრადიციული  "ექსტაზი",”არამედ სხვა ნარკოტიკი, რომელსაც ღამის კლუბებში "ექსტაზის" სახელით ყიდიან. როგორც სპეციალისტები ფიქრობენ, საქმე უნდა გვქონდეს ევროპელი ნარკომომხმარებლისთვის უკვე კარგად ცნობილ გჰბ-სთან (გამა ჰიდრო-ოქსიბიტურატი), რომელსაც მსოფლიოში "პაემნის ნარკოტიკად" იცნობენ. უკვე დადასტურებულია, რომ ამ ნარკოტიკს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-შიც მოძალადეები ერთგვარ იარაღად იყენებენ - ურევენ მსხვერპლს კოქტეილში, რაც თითქმის ადამბლავებს მას და საერთოდ არ ახსოვს, რა მოხდა. გჰბ საშიში იმით არის, რომ ზედოზირებამ შეიძლება კომა და სიკვდილი გამოიწვიოს, განსაკუთრებით ალკოჰოლთან ერთად მიღების დროს. ჯერჯერობით "პაემნის ნარკოტიკის" გამოყენების ერთ შემთხვევაზეა ლაპარაკი და ნარკოლოგიური კლინიკებისთვის არავის მიუმართავს...

ბოლო 10 წელია, ქართული ღამის კლუბების პოპულარობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად არა გემოვნებიანი მუსიკა და პროფესიონალი დიჯეები, არამედ ნარკოტიკებზე ხელმისაწვდომობა იქცა.  2003-2005 წლებში ევროპული "ექსტაზის" შესახებ ცოტამ თუ იცოდა, ამიტომ ღამის კლუბებში ძირითადად  ე.წ. ტრადიციული ნარკოტიკების შოვნა შეიძლებოდა. დაახლოებით 8 წლის წინ საზოგადოება დიდი კლუბური სკანდალის მოწმე გახდა:  მოულოდნელად სამართალდამცავები იმხანად ერთ-ერთ ყველაზე რესპექტაბელურ ღამის კლუბში შეიჭრნენ და იქიდან დიდი რაოდენობის სუბუტექსი ამოიღეს (ამ ერთადერთი შემთხვევის შემდეგ სამართალდამცავებს  კლუბებში აღარც შეუხედავთ). ამ ფაქტმა დაადასტურა, რომ ღამის კლუბებში ნარკოტიკებით ვაჭრობა მხოლოდ ჭორი არ იყო... ცოტა ხანში ღამის კლუბებში საცეკვაო ნარკოტიკად ცნობილი "ექსტაზი" (მდმა) გამოჩნდა და კარგა დიდხანს კლუბურ ბაზარზე შეუცვლელი ნარკოტიკი იყო. "ექსტაზის" პოპულარობას ახალგაზრდებში ისიც განაპირობებდა, რომ არასოდეს ასოცირდებოდა მძიმე ნარკოტიკებთან, მეტიც, ვინაიდან მისი ყიდვა კლუბებში თითქმის ლეგალურად არის შესაძლებელი, საზოგადოების დიდი ნაწილი დღემდე ფიქრობს,  რომ ის ნარკოტიკი არ არის(?!).…

"ექსტაზი" 1912 წელს შეიქმნა და 1995 წლამდე ფსიქიატრიაში სამკურნალო საშუალებად გამოიყენებოდა. 1995 წლიდან ის ნარკოტიკად აღიარეს. "ექსტაზის" ფართო გავრცელება საზოგადოებაში სწორედ ფსიქიატრებიდან დაიწყო და ძალიან მალე დისკოთეკების და ღამის კლუბების ერთგვარ ატრიბუტად იქცა. წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ "ექსტაზი" არ იყო საზიანო ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუმცა, ბოლო დროის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მისი”ხშირი მოხმარება დროთა განმავლობაშIი შეიძლება პარკინსონის განვითარების ხელისშემწყობ ფაქტორად იქცეს, გარდა ამისა, უკვე დადასტურებულია, რომ "ექსტაზს" პირდაპირი კავშირი აქვს ჭკუასუსტობასა და მეხსიერების დაკარგვასთან. სამწუხაროდ, მეხსიერების აღდგენა "ექსტაზის" მოხმარების შეწყვეტის შემდეგაც არ ხერხდება..

ვინაიდან ღამის კლუბებში ახალგაზრდებს არავინ ეუბნებოდა, რომ "ექსტაზის" ალკოჰოლთან ერთად მოხმარებას შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყოლოდა, ხშირად მოზარდები ღამის კლუბებიდან პირდა[პირ საავადმყოფოში მოხვედრილან.

იმიჯის გამოსასწორებლად, ქართული ღამის კლუბები ხელისუფლების მიერ ჩატარებულ ჯანსაღი ცხოვრების წესის კამპანიებშიც მონაწილეობდნენ.  საზოგადოებას ჯერ კიდევ ახსოვს, რომ ასეთი აქციის დროს, რომელსაც ქობულეთში ერთ-ერთი ცნობილი კლუბი ატარებდა, რამდენიმე ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს "ექსტაზის" ჭარბი მოხმარების გამო(?!)

2011-2012 წლებში, როდესაც საქართველოში ე.წ. "კრაკადილის" მოხმარების მასშტაბებმა პიკს მიაღწია, "მკვლელ" აფთიაქებს არც ზოგიერთი ღამის კლუბი ჩამორჩა და  კლუბებში ერთჯერად შპრიცებში გამზადებული "ნიანგის"”გაყიდვა დაიწყეს. ერთ დღეს, როცა ნარკოლოგიურ კლინიკაში რამდენიმე ახალგაზრდა მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს, აღმოჩნდა, რომ შპრიცებში, რომლებიც კლუბში მოამზადეს, დეზომორფინი კი არა, უბრალო ბენზინი იყო(?!).

ბოლო ორი წელია ქართულ ღამის კლუბებში "ექსტაზი" აღარ გვხვდება, თუმცა, მისი სახელით ზოგიერთიI ბარმენი ან დიჯეი ძალიან მძიმე და ჯანმრთელობისთვის საშიშ პრეპარატს ყიდის. 2012 წლის ზაფხულში სასწრაფო დახმარების მანქანით მიხეილის საავადმყოფოში სამი ახალგაზრდა გადაიყვანეს. როგორც თავად ამბობდნენ, მათი ცუდად გახდომის მიზეზი შეიძლება კლუბში მოხმარებული "ექსტაზი" ყოფილიყო, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ  დაზარალებულებს "ექსტაზის" ნაცვლად ძლიერი ნეიროლეპტიკი - აზალეპტინი ჰქონდათ მიღებული, რომელიც ღამის კლუბში ბარმენმა "ექსტაზად" მიჰყიდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, კლუბებში "ექსტაზის" ნაცვლად ნეიროლეპტიკების გაყიდვა არახალი იყო, რითაც მავანნი ძალიან ბევრ ფულს შოულობდნენ. ვინაიდან "ექსტაზის" მოხმარების მასშტაბების გამო ევროპის ქვეყნებმა ზომები მიიღეს, მისი ჩამოტანა ჰოლანდიიდან და ისრაელიდან ძალიან სახიფათო და ძვირი იყო. უსიამოვნების თაAვიდან ასაცილებლად და ფულის საშოვნელად იოლ გზას მიაგნეს: კლუბებში დაიწყეს  "ექსტაზის" სახელით იაფფასიანი ნეიროლეპტიკების რეალიზაცია. სააფთიაქო ქსელებში სავსებით ლეგალურად, ხშირად 5-7 ლარად, ყიდულობდნენ ნეიროლეპტიკებს და ყიდდნენ 30-40 ლარად.  კლუბური თაღლითობის მსხვერპლნი ხშირ შემთხვევაში ის ახალგაზრდები ხდებოდნენ, ვისაც  თავად "ექსტაზი" გასინჯული არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, მოზარდებს ამჯერადაც არავინ აფრთხილებდა, რომ ალკოჰოლთან ერთად ნეიროლეპტიკის მიღებამ შეიძლება სუნთქვის დათრგუნვა, კომა და სიკვდილი გამოიწვიოს, უკეთეს შემთხვევაში კი ფსიქოზური აშლილობა..

თუმცა ყველაზე დიდი სკანდალი საზოგადოებას წინ ელოდა.

2014 წლის 14 თებერვალს თბილისის ერთ-ერთ კლუბში ახალგაზრდა გარდაიცვალა. მიზეზად თავდაპირველად  ბიონარკოტიკი - სინთეზური ანაშა დასახელდა (ხელოვნურად გამდიდრებული მარიხუანა).  სწორედ მაშინ გაიგო საზოგადოებამ, რომ ბიონარკოტიკი, რომლითაც ათეულობით ახალგაზრდა იღუპებოდა, ღამის კლუბებშიც იყო ხელმისაწვდომი, თუ საყიდლად არა, მოხმარებისთვის მაინც... თუმცა იმის გამო, რომ ბიოსინთეზური ანაშა სიკვდილიანობას არ იწვევს, ხოლო გავრცელებული ნარკოტიკი თვისებებით "ექსტაზსაც" წააგავდა, გაჩნდა ეჭვი - საქმე ხომ არ გვქონდა ბიოს სხვა სახეობასთან, განსაკუთრებით საშიშ მეფედრონთან, რომელსაც ნარკომომხმარებელთა წრეები "აბაზანის მარილების" სახელით იცნობენ. სამწუხაროდ, ნარკოლოგთა ეჭვი დადასტურდა...

Mმიუხედავად საზოგადოების დიდი ინტერესისა და საპროტესტო გამოსვლებისა, ღამის კლუბებში სიტუაცია არ შეცვლილა, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაინტერესებულა კლუბების მდგომარეობით და მხოლოდ რამდენიმე მუქარანარევი განცხადებით შემოიფარგლა.

ივლისის ხვატია. კლუბები სტუმრებს უკვე ელიან შავიზღვისპირეთში, სადაც ტრადიციულად ზღვის სეზონზე ე.წ. კლუბურ ნარკოტიკებზე მოთხოვნა დიდია, წინ კი კაზანტიპის ცნობილი ფესტივალია, რომელიც ევროპას სექსის და ნარკოტიკების გარეშე ვერ წარმოუდგენია. გახდება თუ არა გჰბ ანაკლიის კლუბების ჰიტი, კაზანტიპი გვიჩვენებს...