"ომი რომ დამთავრდება, არ ვიცი, რა უნდა ვაკეთო, ალბათ ისევ სკოლაში წავალ" - გენოციდის ქრონიკები - კვირის პალიტრა

"ომი რომ დამთავრდება, არ ვიცი, რა უნდა ვაკეთო, ალბათ ისევ სკოლაში წავალ" - გენოციდის ქრონიკები

მკვლელი ბავშვები სიახლე არ არის სირიაში, მათ, უამრავ სკოლაში, მომავალ ჯიჰადისტებად ჩრდილოკავკასიელი მეომრები ზრდიან

"სოფლებში მამაკაცი აღარ დარჩა, ამიტომ დრო მოვიდა, სამხედრო მომზადება ბავშვებმა გაიარონ. ყველა ბავშვი, ვინც კი მინახავს, საუკეთესო ჯარისკაცია. ისინი ყველა ბრძანებას ემორჩილებიან. უფროსები კითხვებს სვამენ, რომელზეც პასუხები უნდა გქონდეს, ბავშვები კი ზედმეტ კითხვებს არ სვამენ".

აბდულაჰ რაზაკი, ტერორისტების ინსტრუქტორი, გაზეთი "ნაციონალი" (საუდის არაბეთი)

"ომი რომ დამთავრდება, არ ვიცი, რა უნდა ვაკეთო, ალბათ ისევ სკოლაში წავალ"

მეომარი აქრან აჰმედი, 16 წლის

"მე ყველაფერს ვეტყვი თქვენზე ღმერთს, მე მას ყველაფერს მოვუყვები", - სამი წლის სირიელი მომაკვდავი ბიჭუნას  ბოლო სიტყვებმა მსოფლიო შეძრა. ის მძიმედ დაჭრილი მიიყვანეს საავადმყოფოში. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სირიის ომში ფორმატით - "ყველა ყველას წინააღმდეგ", ბავშვებს ყველა მხარე ხოცავს: 2011 წელს, სირიაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების დროს, ბავშვებს ასადის რეჟიმი არ ინდობდა (ქალაქების დაბომბვისას ათასობით ბავშვი დაიღუპა და დასახიჩრდა), მოგვიანებით ასადს მისივე შეიარაღებული ოპოზიციაც არ ჩამორჩა - "სირიის თავისუფალმა არმიამ" რეჟიმის მომხრე მოსახლეობაში ბავშვების ჟლეტა დაიწყო...

2014 წლის შემოდგომიდან "ჯიჰადისტების" მორიგი სამიზნე ქრისტიანი პატარები გახდნენ. განსაკუთრებული სისასტიკით ბავშვთა მკვლელობები "ისლამური სახელმწიფოს" მეომართა ერთგვარ ხელწერად იქცა.

არაბული მედია მარტში ამაზრზენი ფაქტის შესახებ იუწყებოდა - ერთ-ერთ ქრისტიანულ სოფელში ასირიელი ბავშვები მკვლელ მოზარდებს დაახოცვინეს. სამწუხაროდ, მკვლელი ბავშვები სიახლე არ არის სირიაში, მათ უამრავ სკოლაში, მომავალ ჯიჰადისტებად ჩრდილოკავკასიელი მეომრები ზრდიან. არსებული ინფორმაციით, ერთი ასეთი სკოლა სირიაში "შამას ლომების" მეთაურს, მუსლიმ ალ შიშანს - მურად მარგოშვილსაც აქვს.

2013 წლის 2 ივლისს ჩეჩენმა და დაღესტნელმა მეომრებმა გაძარცვეს და შემდეგ დაწვეს კათოლიკური ეკლესია და ძალით მოყვანილი მოსახლეობის თვალწინ მოძღვარსა და ბერს თავები დააჭრეს. დანაშაული განსაკუთრებული სისასტიკით იყო ჩადენილი, რადგან მათ თავები ბლაგვი დანებით დააჭრეს. მოკლული მოძღვარი ფრანცისკანელი ბერი ფრანსუა მიურადი იყო. ტრაგედიის ადგილზე ერთი დაღესტნელის შეძახილი: "ამიერიდან ყველა ურჯულოს ეს ელოდება", გახდა დასაწყისი პროცესისა - "ქრისტიანები - ლომებს". მას შემდეგ "ისლამური სახელმწიფოს" მეომრების სამიზნე ნებისმიერი ასირიელი და არაბი ქრისტიანი გახდა. განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ სირიაში მცხოვრები ასირიელები. ევროპელი ექსპერტები დაუფარავად აცხადებენ, - საქმე გენოციდთან გვაქვსო.

20 მარტს ერაყში ჯიჰადისტებმა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი ძეგლი ააფეთქეს. ქალაქ მოსულიდან 15 კილომეტრში IV საუკუნის ქრისტიანულ ეკლესიაში ასაფეთქებელი ნივთიერებები შეიტანეს და მისი აფეთქება ადგილობრივ  ქრისტიანებს იძულებით აყურებინეს. ვინც უარი თქვა (9 კაცი), იქვე მოაჭრეს თავი. ლეგენდის მიხედვით, ეს ეკლესია მეფემ ააშენა საკუთარი შვილების მკვლელობის მოსანანიებლად (ისინი მხოლოდ იმიტომ დახოცა, რომ გაიგო, ქრისტიანები იყვნენ).

აღდგომა დღეს სირიაში ჯიჰადისტებმა ასირიელების დასახლებაში ჯერ ეკლესია ააფეთქეს, შემდეგ კი მთელი სოფელი ამოწყვიტეს.

ეს მეხუთე ეკლესიაა მდინარე ჰადურის აუზში, რომელიც ჯიჰადისტებმა გაანადგურეს.

ქრისტიანების დევნა სირიაში მებრძოლ ქართველებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. 2013 წლის ბოლოს "წითურმა გენერალმა" თარხან ბათირაშვილმა რუსლან მაჩალიკაშვილს (სეიფულაჰ ალ შიშანი) ბრალი დასდო, ადგილობრივ ქრისტიანებს განსაკუთრებული სისასტიკით ხოცავსო. მაჩალიკაშვილმა კი უპასუხა, - ბათირაშვილს გული იმიტომ აუჩუყდა, რომ თავად ქრისტიანიაო. დაპირისპირება დიდხანს გრძელდებოდა. ბოლოს, ბათირაშვილმა იმარჯვა და შარიათის სასამართლომ მაჩალიკაშვილი გაამტყუნა... მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სირიაში საბრძოლველად პანკისელებიც მიდიან, საზოგადოებაში ჩნდება კითხვა, მონაწილეობენ თუ არა "ჯიჰადისტი" საქართველოს მოქალაქეები ქრისტიანების დევნაში. სირიაში ნამყოფი მეომრები პირად საუბრებში აცხადებდნენ, რომ ქართველები მსგავს საქმეებს თავს არიდებდნენ, რაც არაერთხელ გამხდარა მოქიშპეებისგან მათი გაქილიკების მიზეზი.

ამჟამად "ისლამური სახელმწიფოს" მეომრებს მძევლად 300 ასირიელი ქრისტიანი ჰყავთ და არავინ იცის, რა ელოდება მათ.

სირიაში პანკისიდან არასრულწლოვნებიც გაჰყავთ

2011 წელს, სირიაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი "ჯიჰადისტების" რიგებში საქართველოს მოქალაქეებიც გამოჩნდნენ. პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლის შესახებ საზოგადოებისთვის 2012 წლის აგვისტოში გახდა ცნობილი.

2014 წლის სექტემბერში - მას შემდეგ, რაც "ისლამურმა“სახელმწიფომ" სირია-ერაყის ტერიტორიაზე სახელმწიფოს შექმნა გამოაცხადა - პანკისის ხეობაში ახალგაზრდების რეკრუტირებამ ორგანიზებული ხასიათი მიიღო. ჩეჩნურ წყაროებზე დაყრდნობით, პანკისის ხეობაში თითო ახალგაზრდის რეკრუტირებაში საუდის არაბეთის ფონდები 1.000 დოლარს იხდიან, ქალაქ კობანის ბრძოლების დროს კი - 2.000 დოლარს იხდიდნენ. არაოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად სირიის ტერიტორიაზე პანკისის ხეობიდან 200-მდე საქართველოს მოქალაქე იბრძვის. ოფიციალურად ცნობილია 10 გარდაცვლილის შესახებ. ბოლო დროს, ხეობიდან სირიაში არასრულწლოვნების გაყვანის შესახებაც გახდა ცნობილი.

შემზარავი ანგარიში

"ბავშვებს სცემენ ლითონის მავთულებით, რკინის და მეტალის ჯოხებით, იყენებენ ელექტროშოკს, ცემის დროს ძირითადად სასქესო ორგანოებზე ურტყამენ. ხელ-ფეხზე აძრობენ ფრჩხილებს, აუპატიურებენ ან ემუქრებიან გაუპატიურებით. ტანზე უქრობენ სიგარეტს, არ აძინებენ, ხშირად აიძულებენ, უყურონ ოჯახის წევრების წამებას".

გაეროს ანგარიშიდან, 2015 წ.

მკვლელი ბავშვები

12 წლის შაბან აბდულ ჰამიდის სახელი ბევრმა იცის სირიაში. ის ბიძამ მიიყვანა ტერორისტულ ორგანიზაციაში. 7 წლის შაბანმა დედა დაკარგა. იძულებული გახდა, სკოლა მიეტოვებინა და პლასტმასის ფაბრიკაში დაეწყო მუშაობა. შემდეგ ნათესავი უკეთეს სამსახურს დაჰპირდა - შაბანს სნაიპერობას ასწავლიდნენ, შემდეგ კი ალეპოში, ხიდთან, შენობის სახურავზე დასვეს და უთხრეს, ესროლა ნებისმიერი გამვლელისა და ტრანსპორტისთვის. ერთი სამოქალაქო პირის მოკვლისთვის 500 სირიულ რუპიას (2.5 დოლარი) უხდიდნენ, ჯარისკაცისთვის - 1.000-ს (5 დოლარს). შაბანთან კიდევ ორი მოზარდი მუშაობდა. ორი თვის განმავლობაში აბდულ ჰამიდმა 13 სამოქალაქო პირი და 10 სამხედრო მოკლა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, მალე მან ტყვეების მასობრივ დახვრეტაში დაიწყო მონაწილეობა. დღესდღეობით ის ერთადერთი ბავშვია, რომელსაც 200-ზე მეტი კაცი ჰყავს მოკლული.