პანკისელი გოგონები მოჯაჰედებისთვის - როგორ გზავნიან პატარძლებს საქართველოდან სირიაში - კვირის პალიტრა

პანკისელი გოგონები მოჯაჰედებისთვის - როგორ გზავნიან პატარძლებს საქართველოდან სირიაში

"მუდმივად იზოლირებული ყოფნა იმდენად აუტანელია, ოღონდ კაცმა ხეობიდან გააღწიოს და თანახმაა, თუნდაც სირიაში წავიდეს“

"უკვე ვიცით, რომ კადიროვმა ხეობაში შემოთვალა, - თუ ადგილობრივი ხელისუფლება ვერ გპატრონობთ, მე გიპატრონებთო."

მამუკა არეშიძე, ექსპერტი, 2010 წ.

"პანკისის ხეობაში უცხოეთიდან შემოსულ ფულს ვაჰაბიტები ქართველ ჩინოვნიკებს უყოფენ. ვიცი, სამი წილი მაგათია, ერთი - ვაჰაბიტებისა. ვაჰაბიზმი მოდური გახდა ხეობაში, ფულიც მაგათ აქვთ და ძალაუფლებაც, კარგი მანქანებითაც ეგენი დადიან და მეტი რა უნდა გამოუცდელ ახალგაზრდას?

მე შენ გეტყვი, რამე ალტერნატივა აქვს, ვაჰაბიტებს არ მიეკედლოს! ხან 100 დოლარს მისცემენ, ხან 200-ს და დამთავრებულია საქმე. პანკისში 90% გაჭირვებულია, წელში გამართვის ერთადერთი გზა აქ ვაჰაბიზმია."“

პანკისის ხეობის მცხოვრების ნაამბობიდან, 2010 წ. "კვირის პალიტრა"

"ჩვენ აქ კარგად ვართ, საჭმელიც ბევრი გვაქვს. რა ამბები ატეხეთ მანდ? კაცებს გეუბნებით - ჭორიკანებს ნუ დაემსგავსეთ, ჩვენ  ჯიჰადისთვის“წავედით სირიაში და ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებთ, ჯიჰადში მიიღონ მონაწილეობა და სირიაში წამოვიდნენ."

- ამ შინაარსის ვიდეოს ნახვა პანკისის ხეობის ბევრი ახალგაზრდის ტელეფონში შეიძლება.

სანამ საზოგადოებაში პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებზე ვნებათაღელვა არ ცხრება, ცნობილი გახდა, რომ 28 აპრილს ხეობა ამჯერად სოფელ ჯოყოლოში მცხოვრებმა, 17 წლის მე-11 კლასის მოსწავლე გოგონამ დატოვა - მშობლების თანხმობით სირიაში საქმროსთან გაემგზავრა.

როგორც ამბობენ, გოგონა სირიაში მეომარ საქმროს სადედამთილომ ჩაუყვანა (იქაური წესის მიხედვით მოჯაჰედის მონახულება მხოლოდ დედას და მეუღლეს შეუძლიათ).

პატარძალს სირიაში ბექა ტოხოსაშვილი ელოდება, რომელიც ერთი წელია, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძვის. როგორც თემურ ბათირაშვილმა (ომარ ალ შიშანის მამა) პირად საუბარში თქვა, ბექა თარხან ბათირაშვილთან არის. მან ასევე გვითხრა, რომ პანკისიდან სირიაში პატარძლების ჩაყვანა პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა ვერ გაუგია, რატომ გზავნიან გოგონებს მშობლები იმ ქვეყანაში, სადაც ომი და სისხლია.

ნათელა, სოფ. დუისი: - "ვერ დავიჯერებ, რომ მშობელს შვილი, მით უმეტეს, გოგონა, ომისთვის ემეტებოდეს, მაგრამ გაჭირვებას რა ვუთხარი... აქ ხალხი სიღატაკის პირასაა (არის შემთხვევები, როცა ვაჟის ოჯახი საპატარძლოსთვის გარკვეულ თანხას იხდის). ისე, შეიძლება გოგოს ოჯახიც ვაჰაბიზმის მიმდევარი იყოს და შვილის მოჯაჰედისთვის მითხოვებაში ცუდს ვერაფერს ხედავდეს."

კითხვაზე, რატომ თანხმდებიან გოგონები სირიაში წასვლაზე, პანკისელი ახალგაზრდების პასუხი ასეთია: - ხეობა ჩაკეტილია, აქ არაფერი ხდება, ახალგაზრდებს შეზღუდული აქვთ ურთიერთობები. მუდმივად იზოლირებული ყოფნა იმდენად აუტანელია, ოღონდ კაცმა ხეობიდან გააღწიოს და თანახმაა, თუნდაც სირიაში წავიდეს.“

მოჯაჰედური კანონებით, გარდაცვლილი მეომრის ქვრივი ორი-სამი თვის შემდეგ სხვა მოჯაჰედმა უნდა შეირთოს ცოლად და ასე გრძელდება ყოველ ჯერზე. საინტერესოა, რომ მოჯაჰედის ქვრივის ცოლად მოყვანა მამაკაცს ჯიჰადში ეთვლება.

ბოლო დროს პანკისის ხეობაში სირიის თემის გააქტიურებამ სიტუაცია ძალიან დაძაბა. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ეს ხელოვნურად ხდება, და, როგორც ყოველთვის, ვიღაცას ამით დიდი ფულის შოვნა უნდა. ამასობაში, მოხდა ასეთი შემთხვევა:

პანკისის ხეობაში, პირველად ამდენი წლის მანძილზე, ხმამაღლა გაისმა მოწოდება ქართულ მიწაზე შარიათის კანონების გამოყენების შესახებ.

ზელიმხანი, სოფელი ბირკიანი:"ხალხი დაძაბულია, ერიდება ხმის ამოღებას, რადგან შეიძლება ერთი სიტყვაც კი დაპირისპირების მიზეზი გახდეს. ადრე ასე არ ყოფილა - ხეობაში სტუმარი ყველას უხაროდა, ყველა შინ ეპატიჟებოდა, არც საუბრისა ეშინოდა... ახლა ხალხი გაუცხოვდა, ყველას ეჭვის თვალით უყურებს, იმიტომ, რომ ათასი სპეცსამსახური შემოვიდა პანკისში, რა მიზნით, არავინ იცის. ყოველი უცხოელის ან ჟურნალისტის დანახვა დაძაბულობას იწვევს.

ხეობაში არ არის ისეთი პრობლემა, რომელიც ხელისუფლების ჩარევით არ მოგვარდება, მაგრამ აქ ყველას ჰგონია, რომ ხელისუფლებას ხელს აძლევს ის, რაც აქ ხდება და ხმას არ იღებს, ან გარიგებულია ვიღაცასთან.

ვაჰაბიტები ძალიან გაღიზიანებულები არიან, ეგენი მეომრები არიან და უკან არაფერზე დაიხევენ და ვატყობ, სწორედ ეგ უნდათ.

ბოლო დროს ხელისუფლება ცდილობს, ხეობის უხუცესთა საბჭო აქტიურად ჩართოს პრობლემების მოგვარებაში, მაგრამ უხუცესთა საბჭომ კარგა ხანია, დაკარგა ავტორიტეტი. იმ ლეგენდარული უხუცესთა საბჭოსგან, რომელმაც პანკისში კრიმინალური ანკლავის დროს შეძლო, ხეობაში მართვის სადავეები ხელში აეღო და იმხანად ხეობაში მყოფი რუსლან გელაევისთვის წესრიგის დაცვისთვის მოეწოდებინა, მხოლოდ სახელი დარჩა,

ხეობაში ყველამ იცის, როგორ იყო უხუცესთა საბჭოს ზოგიერთი წევრი ქვეყნის საზიანოდ  მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებთან კორუფციულ გარიგებებში ჩართული.

ამიტომ აქაურები ფიქრობენ, რომ უხუცესთა საბჭოს განცხადებები შედეგს ვერ მოიტანს. მეტიც, ის კიდევ უფრო დაძაბავს ხეობაში ისედაც გამწვავებულ მდგომარეობას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დროდადრო ჰპირდება ხეობის მცხოვრებლებს, რომ აუცილებლად გამოიძიებს სირიაში ახალგაზრდების რეკრუტირების საქმეს და დამნაშავეებს დასჯის. დუისელები კი ფიქრობენ, რომ ესეც ცრუ დაპირებაა.

მარგო, სოფელი დუისი: "ყველამ იცის პანკისში, ვინ ურევს ამ ბიჭებს ტვინს, მათ შორის პოლიციამაც, მაგრამ ხმას არავინ იღებს. კიდევ ბევრი ახალგაზრდა წავა  სირიაში და კიდევ ბევრის სიკვდილის ამბავს გავიგებთ. მაგრამ ესენი თითს არ გაანძრევენ. მე ჩემი შვილი გროზნოში გავგზავნე. აბა, რა მექნა! მირჩევნია, იქ იყოს, ვიდრე სირიაში გამეპაროს... რატომ უნდა გვჭირდებოდეს ბიჭების გახიზვნა? რომელ ერთს ვებრძოლოთ - შიმშილს, თუ ამათ?"

პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს მეზობელი ჩეჩნეთიც ადევნებს თვალს. რამზან კადიროვი, რომელიც პანკისის ხეობაში სალაფიტების (ვაჰაბიტების) არსებობას საფრთხის წყაროდ მიიჩნევს, ადრეც ცდილობდა (და არაერთხელ!), პანკისში თავისი ინტერესები გაეტარებინა. 2011 წლის ნოემბერში ხეობაში გროზნოდან ხმა ჩამოვიდა, რომ კადიროვი ყველა მსურველს ხეობიდან ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას სთავაზობდა, სადაც სახლს, მიწას და ფინანსურ დახმარებას ჰპირდებოდა. მაშინ 300-მდე ოჯახმა გამოთქვა სურვილი, ხეობა დაეტოვებინა, წამსვლელთა სიაც კი შეიქმნა პანკისში. ახლა კადიროვი გროზნოში სპეციალურად შექმნილი ფონდის დახმარებით ცდილობს პანკისელების გულის მოგებას და როგორც გროზნოში ამბობენ, მზად არის, სურვილის შემთხვევაში ხეობის მცხოვრებლებს პასპორტებიც კი დაურიგოს და პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს(?!),

რაც მშიერი ხალხისთვის მართლაც რომ მაცდუნებელი წინადადებაა.

საქმეში ჩახედულნი ამბობენ, რომ კადიროვს შორს მავალი მიზნები აქვს - ის ერთ დღეს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად პანკისის ხეობაში შემოვა...

5 მლნ დოლარი თარხან ბათირაშვილზე ინფორმაციის სანაცვლოდ

ვაშინგტონი პანკისელი თარხან ბათირაშვილის, იმავე ომარ ალ-შიშანის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ჯილდოდ 5 მილიონ დოლარს აწესებს. "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ჯილდოდ სულ 20 მილიონი დოლარია გამოყოფილი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ასევე 5 მილიონს მიიღებს ინფორმატორი, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ პრესმდივან აბუ მუჰამედ ალ-ადნანზე ინფორმაციას მოიპოვებს. ჯიჰადისტთა მეთაურ მუსტაფა კადულიზე ინფორმაციის მიმწოდებელი კი 7 მილიონით დასაჩუქრდება.