26 დღე სიკვდილის მოლოდინში - კვირის პალიტრა

26 დღე სიკვდილის მოლოდინში

"ლაბრა მტრის ხელში იყო. სამი დღე უსმელ-უჭმელები სივიწროვეში გაუნძრევლად ვისხედით. მოთოვა, ფეხები მოგვეყინა. "ბათინკები" დანით ჩავჭერი. ისე მტკიოდა, მეგობარი პირზე ხელს მაფარებდა, რომ არ მეყვირა... ავტომატების გარდა სამი ხელყუმბარაც გვქონდა და თუ საჭირო გახდებოდა, თავს ავიფეთქებდით"

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით აფხაზეთში დამთავრდა ომი, რომელსაც 4 ათასი აფხაზი და 15 ათასი ქართველი შეეწირა, 250 ათასი მშვიდობიანი მოსახლე კი დევნილად იქცა. მას შემდეგ აფხაზეთის ომზე ბევრი დაიწერა, თუმცა საზოგადოებამ ამ ომის "ღიმილის ბიჭებზე" ცოტა რამ თუ იცის. ამჯერად გვინდა მოგითხროთ ორი ჯარისკაცის თავგადასავალი, რომელთა სამხედრო გზა აფხაზეთის ომში დაიწყო და მოგვიანებით კოსოვოს, ერაყისა და ავღანეთის ნატოს სამხედრო ოპერაციებში გაგრძელდა.

ზურაბ ხალიზოვი

ზურაბ ხალიზოვი:

- სოხუმში 1993 წლის თებერვალში ჩავედით (წვევამდელები ვიყავით) სამხედრო პოლიციის ბრიგადის შემადგენლობაში. ჩვენი მოვალეობა მოროდიორობა-ყაჩაღობის აღკვეთა იყო. რამდენჯერმე მოგვიხდა გაწევ-გამოწევა ჩვენს ჯარისკაცებთან. ჩვენმა დანაყოფმა მოვითხოვეთ, სანამ ქართველებს ერთმანეთი არ დაგვიხოცავს, წინა ხაზზე გაგვიშვითო... სოხუმი-ოჩამჩირის ცენტრალური ტრასის დასაცავად გაგვგზავნეს. გამატანეს ნაღმით დატვირთული სატვირთო მანქანა და 4 ჯარისკაცი. მანქანის ძარაზე ვიჯექი. გზაზე მოულოდნელად სროლა აგვიტეხეს. ქართველები გვესროდნენ, რადგან ვერ გაარკვიეს, ვინ ვიყავით. ამდენი ასაფეთქებელი ნივთიერება იდო ძარაზე და რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით! სკოლას შევაფარეთ თავი და იქიდან ძლივს გავაგებინეთ, თქვენიანები ვართ, არ დაგვხოცოთო.

2 მარტს ლაბრაში შევედით - დიდი სომხური სოფელია. მოსახლეობა აფხაზების მხარეს იბრძოდა. სოფელი ცარიელი დაგვხვდა. დანაყოფში 100 კაცი ვიყავით, თუმცა მთელი სოფლის გასაკონტროლებლად არ კმაროდა. ჩეჩნები, აფხაზები, რუსები და სომხები - სოფელს გარს შემორტყმოდნენ. ფაქტობრივად, ალყაში ვიყავით. კანტიკუნტ სროლებს თუ არ ჩავთვლით, რამდენიმე დღე სოფელში სიმშვიდე იყო. 9 მარტს, 7 საათი იქნებოდა, ყუმბარმტყორცნებით ცეცხლი გახსნეს აფხაზებმა. შენობებიდან ვერ გამოვდიოდით. მოგვიანებით ქვეითებმა შემოგვიტიეს - ჩეჩნები იყვნენ. იმ დროს სოფლის კლუბთან ვიყავი, სადაც ჩვენი შტაბი იყო. შევვარდი შიგნით და აღმოჩნდა, რომ დახმარებას ვერ გამოვიძახებდით - რადიოსადგური დამჯდარიყო. ერთადერთ ხსნას კილომეტრში "სამაჩაბლოელების" საგუშაგო წარმოადგენდა. რადიოსადგურის წამოსაღებად გამგზავნეს. ტყვიის წვიმაში ფორთხვა-ფორთხვით მივდიოდი, მალე ოფიცერი წამომეწია, უკან ნუღარ დავბრუნდებით, იქიდანვე მოვითხოვოთ დახმარებაო. საგუშაგომდე ვერ ჩავაღწიეთ (მერე გავიგე, რომ საგუშაგოზე უკვე აფხაზები იდგნენ). გადამწვარ სახლს მივადექით და კიბისქვეშა მინაშენს შევაფარეთ თავი... სული მოვითქვით და ჩეჩნური საუბარიც გავიგონეთ. გავიხედე - ფოთლებით შენიღბული 50-მდე მებრძოლი ამოვიდა ხეობიდან. იმდენი ტყვია-წამალი არ გვქონდა, რომ მათ შევბრძოლებოდით. ზემოდან მანდარინების ტოტებით შენიღბული ტანკიც დაიძრა. ჩეჩნები და რუსები იყვნენ, იქაური მოსახლეობაც შემოჰყვათ - სომხები. სახლი შუა სოფელში იდგა, გზასთან ახლოს და ყველაფერს ვხედავდით, რამდენჯერმე სახლშიც შემოვიდნენ, გადამწვარი ოთახებიც დაათვალიერეს, მაგრამ კიბის ქვეშ შემოხედვა არ უფიქრიათ.

ლაბრა მტრის ხელში იყო. სამი დღე უსმელ-უჭმელები სივიწროვეში გაუნძრევლად ვისხედით. მოთოვა, ფეხები მოგვეყინა. "ბათინკები" დანით ჩავჭერი. ისე მტკიოდა, მეგობარი პირზე ხელს მაფარებდა, რომ არ მეყვირა... ავტომატების გარდა სამი ხელყუმბარაც გვქონდა და თუ საჭირო გახდებოდა, თავს ავიფეთქებდით. ჩემი მეგობარი თავიდან თანახმა არ იყო - ცოლი ახალი მოყვანილი მყავს და დატოვება არ მინდაო... მეხუთე დღეს გარეთ გავიდა, მე მოძრაობა არ შემეძლო. მახლობლად, მიტოვებულ სახლში, ქილით შაქარი და ხატები იპოვა - იმან გადაგვარჩინა. შემდეგ სამოქალაქო ტანსაცმელს და თევზის ქონს მიაგნო. იმედი, რომ ჩვენები სოფელს დაიბრუნებდნენ, მალე გადაგვეწურა...

ძაღლი შემოგვეჩვია. ერთხანს ვიფიქრეთ, ხომ არ შევჭამოთო. ვერ გავიმეტეთ, უკვე ჩვენიანად ვთვლიდით.

ჩემი მეგობარი ახალამოსულ ნიორს იპარავდა და იმას ვჭამდით. მერე მანდარინიც გაჩნდა... გარეთ თუჯის კასრი იდგა და იქიდან წვიმის წყალს ვსვამდით. როცა რამდენიმე დღე არ წვიმდა, კასრის წყალი ყვითლდებოდა და ყარდა. ცხვირზე ხელმოჭერილნი ვსვამდით. ჩემმა მეგობარმა საიდანღაც თამბაქო და სომხური გაზეთები მოიტანა. ეს ნამდვილი დღესასწაული იყო. კარტიც ვიპოვეთ და ვთამაშობდით, საჭმელს დანატრებულ კაცს რაზე უნდა გვეთამაშა? ხინკალზე ვთამაშობდით. შვიდგზის ლოცვები მქონდა თან. ხატის და ლოცვის ძალამ გადაგვატანინა ის უბედურება...

მარტის შუა რიცხვებში ქართულმა მხარემ სოფლის დაბომბვა დაიწყო. რამდენიმე ჭურვი ჩვენს ეზოშიც ჩამოვარდა. გვიხაროდა. აღარ ვჩიოდით, თუ ჩვენებური ჭურვების მსხვერპლი გავხდებოდით...

ამასობაში, ჩემი ძმა, რომელიც ასევე იბრძოდა, მეძებდა. არც მკვდრებში ვიყავით, არც გადარჩენილებში. აფხაზებთან მოლაპარაკება დაიწყო ცხედრების გადაცემაზე. აფხაზები უარობდნენ - ის ორი კაცი ჩვენ არ გვყავს ტყვედო... ჩვენი გარდაცვლილი ბიჭები 10 დღის შემდეგ იპოვეს - ყანაში ყვავებს დაეკორტნათ.

ასე გავიდა 23 დღე...

იმ ღამეს ცუდი სიზმარი ვნახე - ვითომ აფხაზებმა გვიპოვეს.

საშინელ გუნებაზე გამეღვიძა. 24-ე დღე გათენდა, დარი იყო. შუადღისას სახლთან ხმა გავიგონე - ეზოსთან რამდენიმე კაცი საუბრობდა. შემდეგ ერთი შემოვიდა და სახლის თვალიერება დაიწყო. ჩემს ავტომატთან ქილები ეწყო, მისი აღება ხმაურს გამოიწვევდა, ამიტომ მეგობარს ხელი მივარტყი, ავტომატი მომაწოდე-მეთქი. ამასობაში ჩვენთანაც შემოიხედა. ვინაიდან მუყაო გვქონდა აფარებული, ვერ გვხედავდა, ხელში რა გვეჭირა. სახეები გაარჩია. აქ რას ზიხართო, - გვკითხა რუსულად. აბა, რა ვაკეთოთო, - მიუგო მეგობარმა. სამივე დაბნეული ვიყავით, რა უნდა გვექნა, არ ვიცოდით. მე იარაღი მეჭირა და აფხაზი როგორც კი გაინძრა, ვესროლე. ხმაური ატყდა. ჩემმა მეგობარმა დამიძახა, მომყევიო და ფანჯრიდან გადახტა, რის ვაი-ვაგლახით გავყევი, ფეხშიშველები ვიყავით. გადავირბინეთ ბაღები და სახლს შევაფარეთ თავი. ერთ ოთახში იატაკი იყო ამოჭრილი, შიგ ჩავწექით და ფიცრები დავიფარეთ. მთელი სოფელი გვეძებდა. ვიღაც კაცი და ქალი შემოვიდნენ, კარადები გადააადგილეს. სახლი დაათვალიერეს და წავიდნენ, სახლში ხავერდის ფარდები იყო, დავჭერით, ფეხებზე შემოვიხვიეთ და სხვაგან გადავინაცვლეთ. ამჯერად ვიღაცის სხვენში დავიმალეთ. სახურავი ისე იყო დაჩვრეტილი ტყვიებით, რომ ყველაფერი კარგად ჩანდა. მალე ეზოში ტრაქტორი შემოვიდა, რამდენიმე კაცი მოჰყვა. სახლი დაათვალიერეს, ერთი სხვებს აფრთხილებდა - იფხიზლეთ, ისინი ეგრევე ისვრიანო... როგორც იქნა, წავიდნენ. იმ ღამეს ძალიან ძლიერი წვიმა მოვიდა და გადავწყვიტეთ, წავსულიყავით, თორემ ადრე თუ გვიან მაინც დაგვიჭერდნენ და წამებაში ამოგვხდიდნენ სულს...

არ ვიცოდით, სად გადიოდა იმ დროს ქართული პოზიციები, რომელ სოფლებში იყვნენ აფხაზები. 26-ე დღე ღამდებოდა. სოფელ ქვემო ლაბრაში, მდინარეს მივადექით. ვიცოდით, ზღვაში რომ ჩადიოდა, ჩავწექით მდინარეში და გავუყევით. ერთგან თითქოს სანგრები შევამჩნიNეთ და წყლიდან ამოვედით. იქვე, მაღალ გორაზე ქართული პოზიციები ყოფილა (მერე გავიგეთ). აფხაზების მზვერავები ვეგონეთ და სროლა აგვიტეხეს. ისევ მდინარეში შევცვივდით. ტამიშთან ამოვედით, სადაც ქართული დანაყოფი იდგა. სოხუმამდე შორი იყო, ამიტომ როგორც კი ტრასაზე გავედით, ოჩამჩირისკენ გავწიეთ. ერთ სოფელში ლამპის შუქი შევამჩნიეთ, და ქართულად - აქ რა გინდათ, ბიჭოო, - გავიგონეთ. იმ ღამეს თითქოს თავიდან დავიბადეთ. არც გვჯეროდა, რომ ჩვენებთან ვიყავით... ტანსაცმელი მოგვცეს და თბილი რძე დაგვალევინეს - ნაშიმშილევზე ჭამა არ შეიძლებოდა. კარგად მახსოვს ის დღე - 4 აპრილი იყო..

მეორე დილით მეთაურებმა დაწვრილებით გამოგვკითხეს ლაბრაში აფხაზური პოზიციების მდებარეობა. თუმცა, სოფელზე შDეტევა მაინც უშედეგოდ დამთავრდა.

...ექიმმა გამსინჯა - განგრენის ნიშნები გაქვს, გაგიმართლებს, თუ მხოლოდ ფეხის თითებს დაკარგავო. მერე ჩემი ძმაც მოვიდა და ოჩამჩირეში გადამიყვანა, იქიდან ავტობუსით გამომიშვეს თბილისში. ზუგდიდის ცენტრში ავტობუსები გააჩერეს და დაიწყო გაუთავებელი დაკითხვები, მებრძოლებს ნერვები აღარ ჰყოფნიდათ. ატყდა ჩხუბი. ლამის მომკლეს. სამხედრო გამოჩნდა, კადრის ოფიცერი. იმან გადაგვარჩინა... თბილისში სამი თვე დამწვრობის ცენტრში ვიწექი. ფეხი შემინარჩუნეს. 1995 წელს კი კვლავ დავბრუნდი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სადაც დღემდე ვმსახურობ.