როგორ გაჩნდა ქალაქში "სამინისტროს წამალი"?! - სამართალდამცავთა მიერ მოპარული ჰეროინის საქმის უცნობი დეტალები (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

როგორ გაჩნდა ქალაქში "სამინისტროს წამალი"?! - სამართალდამცავთა მიერ მოპარული ჰეროინის საქმის უცნობი დეტალები (ექსკლუზივი)

ახალციხის გახმაურებული სპეცოპერაციის დღემდე უცნობი დეტალები

"აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვანი ნარკოტრანზიტორები არიან". - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან, 2012 წ. ი

2013 წლის 3 ივლისს სამართალდამცავებმა ახალციხეში ტრაილერი გააჩერეს, რომელიც სომხეთიდან ნინოწმინდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა და, სავარაუდოდ, თურქეთში მიემართებოდა. ტრაილერს თურქი ეროვნების მძღოლი ადნან სიოსალი მართავდა, მას თან ახლდა ბულგარეთის მოქალაქე სემიონ ბალანი, ტრაილერს კი მოლდავეთის სახელმწიფო ნომრები ჰქონდა. რამდენიმე საათის შემდეგ შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ამოიღეს 116 კგ ჰეროინი, რომელიც 232 ე.წ. "ფილად იყო დანაწილებული. ამ რაოდენობის ჰეროინი ამოიღეს არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ მთელ კავკასიაში.

ახალციხის სპეცოპერაცია თითქოს ნიშანი გახდა იმისა, რომ ახალი ხელისუფლება საერთაშორისო ნარკომაფიასთან თანამშრომლობას არ აპირებდა და საქართველოზე გამავალ ნარკოსატრანზიტო მარშრუტებზე კონტროლის დაწესებას ცდილობდა. საზოგადოება დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს "ჰეროინის საქმის" გამოძიებას, რათა გარკვეულიყო, ვინ იყო ტვირთის მიმღები და ვინ მფარველობდა ტრაილერის უსაფრთხო გადაადგილებას საქართველოს ტერიტორიაზე. იყო კითხვებიც - როგორ მოახერხა შსს-მ ნარკოტიკით დატვირთული ტრაილერის გადაადგილებაზე ინფორმაციის მოპოვება, ხომ არ იყო ახალციხის სპეცოპერაცია კონტროლირებადი (როდესაც სპეცსამსახურები საწყისი წერტილიდანვე ადევნებენ თვალს უკანონო ტვირთის მოძრაობას და ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან მის დასაკავებლად)?

შსს კიდევ დიდხანს იწონებდა თავს ამ საქმით, ვიდრე... ოქტომბრის დასაწყისში ნარკოტიკების მომხმარებლებში ხმა გავრცელდა, რომ ქალაქში "სამინისტროს წამალი" იშოვებოდა (ნარკოტიკების მომხმარებლები "სამინისტროს წამალს" უწოდებდნენ პოლიციის მიერ უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ ნარკოტიკს", რომელიც განადგურების სანაცვლოდ ადგილობრივ ნარკობაზარზე მოხვდა. "სამინისტროს წამალი" გამოირჩეოდა ხარისხით და უფრო ხელმისაწვდომიც იყო...

2013 წლის 30 ოქტომბერს სამართალდამცავებმა დააკავეს პოლიციელი გოგიბედაშვილი, რომელმაც დაადასტურა, რომ ადგილობრივ ნარკობაზარზე გავრცელებული ნარკოტიკი ახალციხეში ამოღებული ჰეროინი იყო.(?!) მედიით გავრცელებულ ამ ინფორმაციაზე შსს განმარტებას კარგა ხანს არ აკეთებდა... მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ საქმეში ჩართული იყვნენ პოლიციის მაღალჩინოსნები, მოპარული ჰეროინის რაოდენობა კი 12 კგ-ს შეადგენდა...

გოჩა ჩათალაშვილი, გიორგი ბეჟანიშვილი და ბექა ქებაძე (ეს უკანასკნელი ახალციხის სპეცოპერაციის დროს კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გახლდათ) 2014 წელს დააკავეს. სარეალიზაციოდ გამზადებული ჰეროინი კი კასპში, კასრში აღმოაჩინეს. გავრცელდა ვერსია, თითქოს ნარკოტიკი საცავიდან მოიპარეს, არადა, იმ საცავიდან, სადაც ახალციხეში ამოღებული ნარკოტიკი ინახებოდა, მისი მოპარვა შეუძლებელი იყო - საცავს სპეცჯგუფი იცავდა. ცხადი გახდა, რომ ჰეროინი ახალციხეშივე მოიპარეს, თუმცა როგორ, ეს უცნობი იყო...

გოჩა ჩათალაშვილსა და ბექა ქებაძეს - 20-20 წელი, გიორგი ბეჟანიშვილს კი 18 წელი მიუსაჯეს. როგორც ამბობენ,"სწორედ "ჰეროინის საქმეს" შეეწირა შს მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ტაბატაძის სავარძელი (საინტერესოა, რომ ტაბატაძე შსს-ს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს უკანასკნელი ხელმძღვანელი იყო, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ბიურო გააუქმეს). მიუხედავად მაღალი ინტერესისა, ამ საქმეში ბევრი რამ გაურკვეველი დარჩა...

რამდენიმე ხნის წინ "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა "ჰეროინის საქმის" საინტერესო დეტალები. ერთ-ერთი ვერსიით, ახალციხის სპეცოპერაცია კონტროლირებადი იყო, ტვირთის გადაადგილებას თურქეთის სპეცსამსახურები ადევნებდნენ თვალს, ჩვენს შს სამინისტროსაც სწორედ მათ მიაწოდეს ინფორმაცია და, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, მისი შეჩერება მოითხოვეს. ამ ოპერაციისთვის სამართალდამცავები საგანგებოდ მოემზადნენ და ის უმაღლეს დონეზე ჩატარდა. თუმცა, თავდაპირველად, როცა ტრაილერი გაჩხრიკეს, ვერაფერი ნახეს. ბოლოს, მისი სახურავი გაჭრეს და საგანგებო სამალავში ნარკოტიკი აღმოაჩინეს. მის ამოღებას ორი პოლიციელი ესწრებოდა, სწორედ ისინი აწვდიდნენ ტრაილერის სახურავიდან თანამშრომლებს ჰეროინის "პლიტკებს", ნარკოტიკის მოპარვის იდეაც, სავარაუდოდ, მაშინ გაჩნდა... ამ ვერსიის მიხედვით, 232 ცალი "პლიტკის" ამოღების შემდეგ ტრაილერის სახურავზე მყოფმა პოლიციელებმა განაცხადეს, მეტი აღარ არისო და ჩამოვიდნენ. სამართალდამცავებს კი აზრადაც არ მოსვლიათ, სახურავის შიგთავსი გადაემოწმებინათ. ამოღებული ნარკოტიკი დათვალეს, მანქანაში ჩააწყვეს და დაცვის თანხლებით თბილისში ჩამოიტანეს. სახურავზე მყოფი პოლიციელები კი დაკავებულ ტრაილერს მიაცილებდნენ, რომლის სახურავშიც 12 კგ ჰეროინი იყო დარჩენილი.

სპეცოპერაციისას ამოღებული ჰეროინი საცავში გადაიტანეს, ტრაილერი კი სადგომზე მიაცილეს, საიდანაც პოლიციელებმა დარჩენილი ნარკოტიკული ნივთიერება ღამით ამოიღეს. მოპარული ჰეროინი დროებით კასპში შეინახეს, რათა მოგვიანებით თურქეთში გაეტანათ. ეს ამბავი შესაძლოა, დღემდე არ გახმაურებულიყო, რომ არა გოგიბედაშვილი, რომელმაც, ვალების გამო, სხვებთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა, ცოტ-ცოტა გაეყიდა...

კონტროლირებადი ოპერაცია

ნარკოტიკული ნივთიერების პირველი კონტროლირებადი მიწოდების ოპერაცია 1995 წელს განხორციელდა, როდესაც ნარკოტიკით დატვირთულმა ტრაილერმა საქართველოს ტერიტორია უსაფრთხოდ გაიარა და თურქეთში ჩავიდა. ტვირთის მოძრაობას ამერიკული სპეცსამსახურები თანამგზავრით ადევნებდნენ თვალს და ის უკვე თურქეთში გააჩერეს. ტვირთის გადაადგილების შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი იცოდა და ტრაილერის გაჩერება აზრადაც არავის მოსვლია, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ე.წ. გაიშნიკები იდგნენ. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გაიგო მსოფლიომ, რომ ყველაზე უსაფრთხო ნარკოსატრანზიტო მარშრუტები საქართველოზე გადიოდა. მას შემდეგ საქართველოში რამდენიმე ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ჩვენში ნარკოტრანზიტი დღემდე პრობლემურ საკითხად რჩება.

"ალაჰის ცრემლები"

2014 წლის 18 ივნისს სომეხმა სამართალდამცავებმა სომხეთის საზღვარზე, ტრაილერის შემოწმებისას, 900 კგ ჰეროინი აღმოაჩინეს. ტრაილერი, რომელსაც ქართველი მძღოლი მართავდა, ირანიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთში მიდიოდა. 2 თვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 78 კგ ჰეროინი (15 მლნ დოლარის ღირებულების) სადღაც გაქრა...

2014 წლის თებერვალში კვლავ ახალციხის ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა გააჩერეს ტრაილერი, სადაც 2 ტონა და 790 კილოგრამი ამჯერად კასრებში შენახული ე.წ. თხევადი ჰეროინი იყო (მსოფლიოში ის "ალაჰის ცრემლების" სახელით არის ცნობილი). ტვირთი, სავარაუდოდ, ავღანური წარმოშობისა გახლდათ.

ნინო ბურჭულაძე