"თავისი ნებით­ წამლის წამომღები არავინ არის" - ირანიდან მოდის ქარავანი, ანუ "თეთრი მორიელის" გზა საქართველოს გავლით - კვირის პალიტრა

"თავისი ნებით­ წამლის წამომღები არავინ არის" - ირანიდან მოდის ქარავანი, ანუ "თეთრი მორიელის" გზა საქართველოს გავლით

ბათუმის პორტში ტრაილერიდან 356 შეკვრად დაფასოებული 178 კგ ჰეროინი ამოიღეს

ბათუმის ოპერაციამ ცხადყო, რომ ხელისუფლება არ აპირებს ნარკომაფიასთან თანამშრომლობას, თუმცა დამაფიქრებელია ისიც, რომ გარანტიების გარეშე არც ერთი ნარკოსაქმოსანი არ გარისკავდა ასეთი ძვირად ღირებული ტვირთის საქართველოს ტერიტორიაზე გატარებას...

"გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ნარკოსაქმოსნები აუცილებლად გამოიყენებენ გამარტივებულ მარშრუტებს ირანსა და საქართველოს შორის. გარდა ამისა, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით საქართველო შეიძლება უნებურად გახდეს ნარკოტიკების გადაადგილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დერეფანი ევროპასა და აზიას შორის".

აშშ-ის სახელმწიფო

დეპარტამენტის მოხსენებიდან

"მსგავსი რამ სერიოზული მფარველების გარეშე არ ხდება. ალბათ, აქ ჩართულია პირთა ძალიან დიდი ჯგუფი - როდესაც ასეთი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება სახელმწიფო საზღვარს კვეთს, მას ჰყავს სერიოზული ბერკეტების მქონე მფარველები"."

ექსპერტი კახა კახიშვილი 2014 წლის 12 აგვისტო

"ძალიან მეცოდება ყველა ის მძღოლი, რომელთა მანქანაშიც ნარკოტიკს იპოვიან, თავისი ნებით წამლის წამომღები არავინ არის, ტვირთი ჩვენ უკვე გამზადებული გვხვდება, როგორ წარმოგიდგენიათ, მოვლენ და გვეტყვიან, ახლა თქვენ ჩაის ნაცვლად ნარკოტიკი მიგაქვთო?! სამწუხაროდ, ხშირად რას დავატარებთ, ჩვენც არ ვიცით, საზღვარზე შემოწმებას რომ გავდივართ, სიცოცხლეს ვამთავრებთ, არასდროს ვიცით, რას აღმოაჩენენ და სად გიკრავენ თავს, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, რა შეგვიძლია? პურის ფულს საჭის ტრიალით ვშოულობთ"."

რობინზონ თეთრაძე, გადამზიდი ფირმის თანამშრომელი

2016 წლის 18 ივნისი

2016 წლის 12 ივნისს ბათუმის პორტში სამართალდამცავებმა ტრაილერი გააჩერეს. მანქანას, რომელსაც ჰოლანდიელი მძღოლი მართავდა, ევროკავშირის ნომრები ჰქონდა. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ტრაილერს საქართველოს გავლით 9 ტონამდე ბრინჯი გადაჰქონდა უკრაინაში, თუმცა, ბრინჯის გარდა, სამართალდამცავებმა მანქანის მისაბმელში ნარკოტიკული საშუალების დიდი სამალავი აღმოაჩინეს, სადაც 356 შეკვრად დაფასოებული 178 კგ ჰეროინი ინახებოდა(?!).

როგორც გაირკვა, ტვირთი ირანიდან მოდიოდა, სავარაუდოდ, ნარკოტიკიც ირანული ან ავღანური წარმოშობის უნდა იყოს. ბათუმის პორტში ჩატარებული ოპერაცია უკვე მესამეა 2012 წლის შემდეგ და წინა შემთხვევების მსგავსად, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ირან-საქართველოს ნარკოსატრანზიტო მარშრუტი ნარკოსაქმოსნებისთვის კვლავ მიმზიდველია.

სავარაუდოდ, ამჯერადაც საქმე გვაქვს კონტროლირებადი მიწოდების ოპერაციასთან, რადგან ამ რაოდენობის ტვირთის შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთვის ქართველ სამართალდამცავებს შესაბამისი რესურსი არ გააჩნიათ (ერთი ვერსიით, ინფორმაცია ახლაც თურქი სპეცსამსახურების მიერ იყო მოწოდებული, რომლებიც ტვირთის მოძრაობას ჯერ კიდევ ირანიდან ადევნებდნენ თვალს). გამოძიება დაწყებულია, თუმცა საქმის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოძიება დამნაშავე პირებზე გავიდეს.

"თეთრი მორიელი"

პირველად ირანული ჰეროინის შესახებ ფართო საზოგადოებამ 2006 წლის იანვარში შეიტყო. იმხანად შს სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარნეულში მსუბუქი ავტომანქანა გააჩერეს, სადაც ქარხნული წესით დამზადებული უმაღლესი ხარისხის ჰეროინის ფილა აღმოაჩინეს, რომელიც 4 კგ-ს იწონიდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ნარკოტიკი არა ავღანური, როგორც სამართალდამცავები ამტკიცებდნენ, არამედ ირანული წარმოშობის იყო. საინტერესოა, რომ ჰეროინის ფილას მორიელის ლოგო და ხარისხის ნიშანი ჰქონდა, ხოლო მანქანას მართავდა აზერბაიჯანელი მძღოლი, რომელმაც თავიდან წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, თუმცა მისი დაკავება მაინც მოხერხდა. "თეთრი მორიელის" საქმეს თვალს ექსპერტებიც ადევნებდნენ, რადგან სახეზე იყო საქართველოში ახალი ნარკოსატრანზიტო მარშრუტის ამოქმედება. სანამ გამოძიება ტვირთის მეპატრონეებსა და მის მფარველებს დაეძებდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ამ საქმეში გარეული იყო იმხანად ცნობილი ბარიგა, მეტსახელად "ტაქსა". სწორედ "ტაქსას" "თეთრი მორიელი" ამოიღო პოლიციამ. იმასაც ამბობდნენ, რომ "ტაქსას" უკან გავლენიანი პირები იდგნენ. გაწბილებული "ტაქსა" გაჩუმებას არ აპირებდა. ჩვენების მიცემას აპირებდა მძღოლიც, რომელსაც "გუბერნსკში" ჯდომა სულაც არ ხიბლავდა, თუმცა 2006 წლის 26 მარტს, ცნობილი ციხის ბუნტის დროს, ეზოში პატიმარს ჯერ გვარი ჰკითხეს და შემდეგ იქვე დახვრიტეს(?!).

ავტოკოლონები დაიძრა

ირანული ჰეროინი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ურთიერთობებმა ფართო მასშტაბები მიიღო და ირანიდან ავტოკოლონები დაიძრა.

2013 წლის 3 ივლისს ახალციხის ტერიტორიაზე ქართველმა სამართალდამცავებმა ტრაილერიდან 117 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს, რაც მაშინ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო იყო. ირანული წარმოშობის ნარკოტიკი თურქეთში გადაჰქონდათ.

2014 წლის 18 ივნისს სომეხმა მებაჟეებმა საზღვარზე შემოწმების დროს ტრაილერში, რომელიც ირანიდან საქართველოში მოდიოდა, 900 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინეს. ტრაილერს ქართველი მძღოლი მართავდა. დაკავებული აცხადებდა, რომ უკანონო ტვირთის შესახებ არაფერი იცოდა - ირანში სამი დღის წინ ხის მასალა ჩავიტანე და უკან ახალი ტვირთით ვბრუნდებოდიო.

"ჯოხი მხოლოდ მძღოლებზე ტყდება"

საქართველოში გადამზიდი ფირმების მძღოლები ნარკოტიკებთან დაკავშირებულ რისკებზე საჯაროდ საუბარს ერიდებიან, პირად საუბრებში კი აცხადებენ, რომ მათი სამუშაო ძალიან სახიფათო გახდა.

რობინზონ თეთრაძე, მძღოლი: - როგორც კი გავიგებთ, რომ ირანში უნდა წავიდეთ, ელდა გვეცემა ხოლმე, დაზღვეული არავინ ვართ. არც აქედან ვიცით, რა მიგვაქვს და მით უმეტეს, არც იქიდან. ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ირანიდან მოვდიოდი და ეტყობა, აზერბაიჯანში რეიდი იყო - ტრაილერები ჰყავდათ გაჩერებული და ამოწმებდნენ. უამრავი ხალხი ირეოდა. მახსოვს, ერთი ტრაილერი ბოლომდე დაშალეს. წამალს ეძებენო, - თქვა ერთმა თურქმა მძღოლმა. ჩემ წინ ერთი ლაგოდეხელი მძღოლი იყო, შუახნის კაცი. მანქანა შეუმოწმეს და არაფერი... მერე სხვა მანქანასთან მივიდნენ, მაგრამ უცებ ორი კაცი მოტრიალდა, იმ ლაგოდეხელს უთხრეს, მანქანას გაეცალეო და ტრაილერის სახურავზე ავიდნენ. საწყალი მძღოლი გამშრალი იდგა, ჩვენც დავიძაბეთ. პატრონი ჩვენ არა გვყავს, ენა ჩვენ არ ვიცით, თავი რომ დავიცვათ და ვართ ასე, ერთმანეთის იმედად. თუ სადმე ახლოს თურქი მძღოლები აღმოჩნდებიან, გვიხარია, გვეხმარებიან ხოლმე... მოკლედ, სახურავზე ასულებმა რაციით ჯგუფი გამოიძახეს. მივხვდით, რომ საქმე ცუდად იყო... მერე ისევ ძირს ჩამოვიდნენ, მძღოლს საბუთები გადასცეს და ანიშნეს, თავისუფალი ხარო... რა გინდა, გეშველა-მეთქი, მხარზე ხელი დავარტყი. მოულოდნელად ეს კაცი წაიქცა და გაშავდა... ატყდა ერთი გინება და ვაი-ვიში, მოვიდა სასწრაფო - იმ საწყალს ნერვიულობისგან ინფარქტი მიუღია...

ჯოხი მხოლოდ ჩვენზე ტყდება. არადა, წამალს ხომ ჰყავს პატრონი, მაგრამ რა გინდა, იქამდე ვერასდროს მიდიან... ამიტომ ყველაფერში დამნაშავე მძღოლია. დამიჯერეთ, არც ერთი მძღოლი, ვისაც ოჯახი, შვილები ჰყავს, წამალს არ წამოიღებს, ამხელა ცოდვას არავინ ჩაიდენს. სულ გზაში ვართ და ღვთის საზღაური სად დაგვეწევა, არავინ იცის.

P.S. ბათუმის ოპერაციამ ცხადყო, რომ ხელისუფლება არ აპირებს ნარკომაფიასთან თანამშრომლობას, თუმცა დამაფიქრებელია ისიც, რომ გარანტიების გარეშე არც ერთი ნარკოსაქმოსანი არ გარისკავდა ასეთი ძვირად ღირებული ტვირთის საქართველოს ტერიტორიაზე გატარებას. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ბათუმის სპეცოპერაციისას ამოღებული ჰეროინი ევროპისთვის იყო განკუთვნილი... მოხვდება თუ არა ის ადგილობრივ ბაზარზე, სამართალდამცავთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული - ახალციხის სპეცოპერაციის დროს პოლიციის მაღალჩინოსნებმა 12 კილოგრამი ჰეროინი მოიპარეს და მოგვიანებით მალულად ყიდდნენ.

ნინო ბურჭულაძე