"ასეთია ქურდი კაცის ბედი" - "თავისუფალი მხატვრის" გზა და ქურდული სამყარო ახალი ომის მოლოდინში - კვირის პალიტრა

"ასეთია ქურდი კაცის ბედი" - "თავისუფალი მხატვრის" გზა და ქურდული სამყარო ახალი ომის მოლოდინში

"ვლდიმირის ცენტრალში" ხშირად ვკამათობდით ვინ იყვნენ "ქურდები" და ვინ ვიყავით ჩვენ - დისიდენტები. ერთ საღამოსაც მითხრეს - იცით 40-50-იან წლებში "გულაგში" რა ხდებოდა? ახალ მოსულებს რიგში დააყენებდნენ და დაიძახებდნენ - "ქურდები ერთი ნაბიჯით წინ"! როგორც კი ისინი რიგს გამოეყოფოდნენ იქვე ხვრეტდნენ.. არადა, ყველა "ქურდმა" იცოდა რა დღე ელოდა მაგრამ სახელის უარყოფა ქურდული საძმოს და ქურდული პრინციპების უარყოფას ნიშნავდა .. დაგვისახელეთ თუნდაც ერთი დისიდენტი, რომელიც ამას გააკეთებს?... - მე გავჩუმდი და გავიფიქრე, -აი რატომ აქვთ ასეთი გავლენა ამ უცნაურ ხალხს"

ვლდიმერ ბუკოვსკის (რუსეთში დისიდენტური მოძრაობის დამაარსებელი) მოგონებებიდან.

"მე მხატვარი ვარ და ევროპის ქვეყნებში დიდი პეიზაჟების დასახატად დავდივარ. ჩემს საქმეში პოლიტიკურ თამაშებს აქვს ადგილი"

დავით გერლიანი, ე.წ. კანონიერი ქურდი დათო სვანი

"ნუ მიაწერთ ყველა დანაშაულს ქურდებს და ნუ ცდილობთ ისინი განტევების ვაცად გამოიყენოთ. ჯვარი, რომელსაც ქურდული საძმო ზიდავს ბევრად სუფთაა, ვიდრე თქვენი მთელი სახელმწიფო საჯინიბო. დღეს თქვენ გვაყოფინებთ თავს ყულფში, ხვალ კი ჩვენ როცა წავალთ, ეს ყულფი თქვენს კისრებზე შეიკვრება."

ვასილ ბაბუშკინის ( კანონიერი ქურდი ვასკა ბრილიანტი) და ნათან ფრენკელის ("გულაგის" დამამარსებლი) საუბრიდან, 1957 წელი.

19 ივნისს, თბილისის აეროპორტში, უკრაინიდან ჩამოფრენილ მგზავრებთან ერთად, საბაჟო შემოწმება დავით ჩაჩიბაიამაც გაიარა. თუმცა მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული მოქალაქე რამდენიმე წუთში ქვეყნის მედიასაშუალებების მთავარი გმირი გახდებოდა. ჩაჩიბაია აეროპორტიდან გამოსვლის დროს ტელეკამერამ დააფიქსირა და უმალ მოექცა პოლიტიკოსების, სამართალდამცავების და ქართველი ქალბატონების ყურადღების ცენტრში. უკრაინიდან ჩამოფრენილი მგზავრი არც მეტი არც ნაკლები ე.წ კანონიერი ქურდი დავით გერლიანი, მეტსახელად "დათო სვანი" აღმოჩნდა. იმ დღესვე გაჩნდა კითხვა, როგორ შეძლო კრიმინალურმა ავტორიტეტმა საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად შემოსვლა მაშინ, როცა საქართველოში "კანონიერი ქურდობა" და ქურდული სამყაროს წევრობა დასჯადია და საკმაოდ დიდ სასჯელს ითვალისწინებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი კრიმინალური ავტორიტეტი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში დაკავებული უნდა იყოს.

ძალიან მალე გაირკვა კიდეც რომ გერლიანი, რომელსაც პასპორტი ჩაჩიბაიას გვარზე ლეგალურად აქვს აღებული, ოდესიდან იყო დეპორტირებული.

სამართალდამცავების "უყურადღებობა" ოპოზიციის მწვავე კრიტიკის საგანი გახდა, თუმცა უკვე 22 ივნისს ქვეყნის პირველმა სამართალდამცავმა განაცხადა, რომ "კანონიერი ქურდი" "დათო სვანი" საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს.

სასამართლოზე დაცვის მხარე მზად იყო გირაოს სახით 50 000 ლარი გადაეხადა, თუმცა გერლიანს სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად გისოსებს მიღმა ყოფნა შეუფარდა. პროცესი კიდევ უფრო საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც ე.წ. კანონიერმა ქურდმა ერთგვარი პოლიტიკური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ოდესის ოლქის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე წინასაარჩევნოდ საქართველოში საბოტაჟების მოწყობას გეგმავს და მისი უცანურ გარემობებში დეპორტაციაც (გერლიანი ოდესაში რესტორანში სადილობისას დააკავეს და საქართველოში ისე გაუკეთეს დეპორტი, რომ ამის შესახებ ქართველ კოლგებს არ აცნობეს) "ნაციონალური მოძრაობის" მორიგი პროვოკაციაა.. (საინტერესოა, რომ ქურდულ სამყაროში პოლიტიკური განცხადებების კეთება და მით უფრო - პოლიციელის სანდო წყაროდ მოყვანა წლების განმავლობაში ქურდისთვის უღირს საქციელად ითვლებოდა). ასე რომ, გერლიანი 25 ივნისს საკუთარ 44-ე დაბადების დღეს საკანში შეხვდა.

სოხუმში დაბადებული დათო სვანი კრიმინალურ ავტორიტეტთა იმ კატეგორიას მიეკუთნებოდა, რომელიც ზედმიწევნით იცავდა ქურდულ კოდექსს, მან ცხოვრების თითქმის ნახევარი (საბოლოო ჯამში ოცი წელი) ციხეში გაატარა. მიუხედავად ამისა, ქურდული სამყარო მის "ოჯახში" მიღებას არ ჩქარობდა. ასეთ შემთხვევებში მიზეზი მარტივი იყო - ძლიერი მეტოქის გამოჩენაზე "ხელს არ მოაწერდნენ". გარდა ამისა, ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში კანონიერი ქურდის სახელის მოსაპოვებლად სულაც არ არის საჭირო "ბრადიაგულად" (ქურდულად) ცხოვრება და წლების ციხე - კოლონიებში გატარება, ამისთვის რამდენიმე ათეული ათასი დოლარი და კავშირებიც საკმარისია, განსაკუთრებით ქართველებში.

დავით გერლიანი იღბლიანი გამოდგა და მას ბოლოს მფარველი გამოუჩნდა, ეს ქურდული სამყაროს ძველი თაობის ერთ - ერთი ყველაზე გავლენიანი ქურდი ოჩამჩირელი (სოფ. ილორი) ვალიკო ჯეჯია - მეტსახელად "ვალტერი" გახლდათ. ჯეჯიამ 90 -იანი წლების შუა ხანებიდან შორეულ აღმოსავლეთს მიაპყრო თვალი და სულ მალე გავლენებისა და სერიოზული კავშირების წყალობით წყნარი ოკეანის აუზის ჩრდილოვან მმართველად იქცა. თუმცა პირველობამდე ჯერ შორს იყო, ჯეჯიას ხანგრძლივი კონფლიქტი ჰქონდა შორეული აღმოსავლეთის "პატრონთან" ვინმე ვასინთან, მეტსახელად "ჯემთან". მისი მკვლელობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ვალიკო ჯეჯია 1999 წელს ქურდულ სამსჯავროზეც დაიბარეს. მართალია მაშინ შეძლო "სახელის" შენარჩუნება, თუმცა იძულებული გახდა იქაურობა სანდო ადამიანისთვის ჩაებარებინა და მოსკოვში გადმობარგებულიყო. მას შემდეგ ჯეჯია ციხეში რამდენჯერმე მოხვდა, ბოლოს 2011 წელს. დათო გერლიანი ვალიკო ჯეჯიას სიძე გახდა, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ გერლიანის "კანონიერი ქურდობა" უკვე დროის საკითხი იყო, როგორც ცნობილია, მისი ქურდად "კურთხევა" 2014 წელს თურქეთში მოხდა.

მალე გერლიანს კიდევ ერთი თავსატეხი გაუჩნდა ქურდულ კლანებს შორის დაპირისპირებაში, (რომელსაც მესამე ქურდული ომები უწოდეს) ვის მხარეს დამდგარიყო, სიმამრის გემოვნებიდან და სოხუმელობიდან გამომდინარე დავით გერლიანი მერაბ ჯანგველაძის (სოხუმსკი) ბანაკში აღმოჩნდა. მართალია გერლიანის სახელი ნაკლებად არიც ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა მისი მეგობრის და თანამოაზრის როვშან ჯანიევის (ლენკორანსკი) სახელი ევროპის ოცდაათამდე ქვეყნის სპეცსამსახურების ანგარიშებში იკითხება. 2013 წლის 16 იანვარს მოსკოვში ქურდული სამყაროს უგვირგვინო მეფედ წოდებული ასლან უსოიანი - მეტსახელად, "დედ ჰასანი" მოკლა სნაიპერმა, რამდენიმე დღეში კრიმინალურმა წრეებმა ჰასანს მკვლელობაში ბრალი როვშან ჯანიევს დასდეს და მის მოსაკლავად ქურდული ბიუჯეტიდან 5 მილიონი დოლარი გამოყვეს კიდეც.

1-ელ თებერვალს სტამბოლში ჯანიევზე თავდასხმა განხორციელდა, ერთი ხანობა ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ის მოკლეს კიდეც, თუმცა მოგვიანებით თურქეთში გამართულ ერთ-ერთ ქურდულ შეკრებაზე უვნებელი გამოჩნდა... შაქრო კალაშოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ, კრიმინალურ სამყაროში შაქროსეული "რეფორმების" ხანა დაიწყო. კალაშოვმა აღიარა "დედ ჰასანის" მიერ ჩადენილი შეცდომები და ამ შეცდომების გამოსწორებას მიჰყო ხელი. ამ პროცესში კი მნიშვნელოვანი როლი როვშან ჯანიევს ენიჭება, რომლის უკან დათო გერლიანი დგას. დათო სვანი 2015 წელს მოსკოვში დააკავეს და მისი ირონიით ნათქვამი ფრაზა - მიყვარს რუსეთი! - კრიმინალურ წრეებში ლამის ჰიტად იქცა. ბოლო დროს ის უკრაინაში ცხოვრობდა, თუმცა მისი საქმიანობის არეალი ქურდული სამყაროს ე.წ. თურქული ფილიალი იყო. ("დედ ჰასანის" ბანაკისაა საბერძნეთის ფილიალი), 2015 წლის აპრილში თურქეთში გამართულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ქურდულ შეკრებაზე, დავით გერლიანმა ყველა გააოცა, (როგორც ამბობენ, ეს მისი მეორე შეკრებაა მოსკოვის მერე) მან თავის მეგობარს როვშან ჯანიევს ღიად მიმართა (რადგან მის წინააღმდეგაც არსებობდა პრეტენზიები) და ურჩია: - "როგორიც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, პრობლების მოგვარებაზე უნდა იზრუნო, სხვანაირად ამ ოჯახის სრულუფლებიან წევრად ვერ ჩაითვლებიო".

ჯერ არავინ იცის, რა როლს ითამაშებს დათო გერლიანი კიდევ ერთ მოახლოებულ ქურდულ ომში, სადაც მთავარი მოქმედი გმირი ამჯერად შაქრო კალაშოვი იქნება... რომელიც დღეს ქურდული სამყაროს ერთპიროვნული ლიდერია, თუმცა იმის გამო, რომ მისი მოწინააღმდეგეთა რიცხვი დღითი დღე იზრდება, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კრიმინალურ სამყაროს ცხელი დღეები კიდევ წინ აქვს...

ამასობაში ცნობილი გახდა, რომ იტალიის სასამართლომ ქვეყანაში მოკალათებული ქართველი კანონიერი ქურდების შედარება იტალიურ მაფიასთან არაკანონიერად ცნო და მათ მაფიოზებად აღარ მოიხსენიებენ(?!). კანონიერ ქურდებს ასევე ვერაფერი გაუგო ერაყის სასამართლომ, სადაც ორ კანონიერ ქურდს, რომლებმაც ერაყის ციხეში ორი წელი გაატარეს, ბრალი "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ედებოდათ. ადვოკატები ამაოდ უმტკიცებდნენ სასამართლოს, ესენი ტერორისტები კი არა, ქურდები არიანო. ვინაიდან საბოლოოდ "კანონიერი ქურდის" განმარტება მოსამართლისთვის მაინც გაუგებარი დარჩა, სასამართლომ ტიტულოვანი ტუსაღები დარბაზიდან გაათავისუფლა.

კანონზე, რომელიც წინა ხელისუფლებამ ქურდულ სამყაროსთან ბრძოლისთვის მიიღო, ძველი თაობის ქურდები ხანდახან ხალისობენ კიდეც -" ქურდის სახელი რომ ატარო ამისთვის ქურდული საძმოს აღიარება აღარ კმარა, შენი "ქურდობა" ეხლა სასამართლომაც უნდა დაამტკიცოსო..."

ნინო ბურჭულაძე (სპეციალურად საიტისთვის)