"ვინ იფიქრებდა, ამ პატარა ბიჭებს თუ ამხელა გულები ექნებოდათ..."
"ვინ იფიქრებდა, ამ პატარა ბიჭებს თუ ამხელა გულები ექნებოდათ..."
27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა

"გიორგი მიროტაძე 29 დეკემბერს დაგვეღუპა. სადღაც დაიძახეს - დაჭრილიაო და ისიც წამოდგა. 2-მეტრიან ბიჭს მტრის ტყვიამფრქვევმა ღვიძლი და ბარძაყი დაუზიანა. სამწუხაროდ, იმ ადგილამდე მანქანა ვერ მივიდოდა. ლადო კეკულაძემ და თანამებრძოლმა ექიმებმა გიორგი 6 კილომეტრი ხელით ატარეს ლაბადით. სამწუხაროდ, ამას დიდი დრო დასჭირდა... ის იყო პირველი ტკივილი ჩვენს სამსახურში..."

"იმ დღეს "ვამპირამ" ვიღაცის ღორი მოკლა ავტომატით. შუაღამისას ღორის
You must have Flash Player installed in order to see this player.
პატრონები მოცვივდნენ. ასეთი წყევლა აქამდე არ გამიგია - თქვენ არ ჩადით დედათქვენებთან ცოცხლები, პური და ღორი კი არა, სოხუმის მიწა გეჭამოთო... მთელი ღამე ტანში მბურძგლავდა - ვინ იცის, სად წამოგვეწევა იმ შავკაბიანი მეგრელი ქალის წყევლა".
კახა დვალიშვილი, "ნიუტონას" დღიურები", 1992 წ. 20-25 აგვისტო.


27 სექტემბერს სოხუმის დაცემით ქართული მიწისთვის 13-თვიანი ბრძოლა დამ­თავრდა... აფხაზეთის ომზე ბევრი რამ დაიწერა, თუმცა სათქმელი ჯერაც ბევრია. ამჯერად ამ უცნაური ომის თეთრხალათიან გმირებზე მოგითხრობთ.

ლაშა ქოიავა, 1992-93 წწ. ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსი:­
"სოხუმში 1992 წლის
15 აგვისტოს ბარჟით ჩავედით. იმხანად ბატალიონ "თეთრი არწივის" ექიმი გახლდით. ექიმები ძირითადად მოხალისეები ვიყავით და სოხუმში­ დაჭრილთა მოვლა-პატრონობა გვევალებოდა.

აგვისტოს შუა რიცხვებში ჩვენებმა ტყვარჩელის გზაზე დატყვევებული 27 აფხაზი სოხუმში ჩამოიყვანეს. სამარიამობოდ გია ყარყარაშვილმა გადაწყვიტა მათი რამდენიმე ადგილობრივ, ძირითადად ასაკოვან,­ ქართველებზე
გაცვლა... მოკლედ, როცა აფხაზი ტყვეები უსაფრთხოდ გადავიდნენ და თავისიანებმა სამშვიდობოს დაიგულეს, მოულოდნელად აჩადარიდან, ცეცხლი გაგვიხსნეს. დაგვეღუპა ორი მებრძოლი (ვერაფრით დავიჯერებდი, რომ ომის კანონის დარღვევა შესაძლებელი იყო). სექტემბრის დასაწყისში გია ყარყარაშვილმა­ ეშერა აიღო, "შავნაბადას" ბატალიონი კი პარალელურად ლესელიძეში შევიდა. როცა ქართული დესანტი ჯერ კიდევ გზაში იყო, თენგიზ კიტოვანმა ეთერით ამაყად განაცხადა, - ბიჭები ზღვა­ში არიანო და თან დესანტის გადასხმის კონკრეტული ადგილიც დაასახელა.­ შედეგად, აფხაზებიც "სტუმრების" დასახვედრად კარგად მოემზადნენ... როდესაც შავნაბადელები ბარჟით დათქმულ ადგილს მიადგნენ, აფხაზებმა ცეცხლი გაუხსნეს. მსხვერპლი დიდი იყო.

ქართულმა დაუდევრობამ იხსნა მეორე ბარჟა, რომელიც რატომღაც სხვაგან გაჩერდა და ჩვენებს უსაფრთხოდ გადმოსვლისა და ბრძოლის მიღების საშუალება მიეცა... საბოლოოდ, "შავნაბადას" ბატალიონმა გაგრაც დაიკავა, თუმცა მალე ქართულმა შენაერთებმა უკან დახევის ბრძანება მივიღეთ.

სოხუმში დაჭრილების სანახავად საავადმყოფოში შევიარე. ჩემს მანქანას ჭურვი მოხვდა... თბილისში, საავადმყოფოში გავიგე გაგრის დაცემის ამბავი, ისიც მითხრეს, გიას ძმა, გოჩა დაიღუპაო.


9 ოქტომბერს მოხალისე ექიმების ჯგუფი (მამუკა იოსელიანი, კობა კიკნაველიძე, ზაზა არუთინოვი...) ჩავიყვანე სოხუმში. მაშინ 26-27 წლისები ვიყავით. გია ყარყარაშვილს კონტუზია ჰქონდა და თან ძმის, გოჩას, ცხედრის გადმოსვენებას ელოდებოდა... ცხედრის გადმოსვენება დაჭრილის წამოყვანაზე რთულია, ამიტომ გიამ ძმის ცხედარი გზად დამალა და მოგვიანებით გადმოაფრინა.
მცირერიცხოვანი ჯგუფებით ბრძოლას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ თბილისის ზღვაზე მომზადდა სწრაფი რეაგირების ბრიგადა - 1 300 მეომარი. ეს მაშინ საკმაოდ დიდი ძალა იყო. მე ბრიგადის სამედიცინო სამსახურის აწყობა დამევალა, სწორედ მაშინ სამედიცინო ინსტიტუტმა გამოაცხადა მოხალისე სტუდენტთა ჩაწერა. მსურველი ბევრი იყო, III-IV კურსების 30-მა სტუდენტმა გაიარა სანინსტრუქტორის კურსი. ბრძოლის ველზე დიდ ოპერაციებს ვერ ჩავატარებდით, მაგრამ აუცილებელი იყო დაჭრილის სტაბილიზება. ჩემს მასწავლებელს, ანესთეზიოლოგ-რეანიმატორ ტატო ქაჯაიას ვთხოვე, იქნებ ერთად წავსულიყავით-მეთქი. დამთანხმდა. მთელი ომის მანძილზე მისი გამოცდილება დიდად გამოგვადგა. მაშინ ძალიან დაგვეხმარა ავთო ჯორბენაძე სახვევი მასალებით, წამლებით, მოგვიანებით აგუძერის სწრაფი რეაგირების ბრიგადის ბაზაში სასწრაფო დახმარების მანქანები გამოგვიგზავნა.

საბრძოლო ნათლობა"ბიჭებმა აძიუბჟა-კინდღის ბრძოლაში მიიღეს. ვინ იფიქრებდა, ამ პატარა ბიჭებს თუ ამხელა გულები ექნებოდათ და არც ერთ დაჭრილს ბრძოლის ველზე არ მიატოვებდნენ... მათ ხომ ომი მხოლოდ კინოში თუ ენახათ.

როცა ,,თეთრი გიორგის" "მეომრებს მინდორზე ცეცხლი გაუხსნეს და ისინი მიწაზე გაწვნენ, ერთმა აღმოაჩინა, რომ რაღაც მაგარზე იწვა. მეთაურმა კობა ბასილაშვილმა იყვირა, - ფრთხილად, ნაღმიაო. გაირკვა, რომ ყველა მეომარი ნაღმებზე იწვა. ამ დროს მეთაურმა დაიყვირა, ფრთხილად გამოდით მინდვრიდანო. ზაზა ბენდელიანმა მეთაურს გასძახა, - თქვენ გადით და მე გადაგფარავთო. აფხაზები ცეცხლს არ წყვეტდნენ. მიუხედავად მეთაურის მკაცრი უარისა, ზაზამ სროლისთვის ხელსაყრელ ადგილთან მაინც მიირბინა, თუმცა, ბენდელიანი ნაღმზე აფეთქდა...

როცა ეს ექიმმა ირაკლი წურწუმიამ დაინახა, დანაღმული მინდორი გადაირბინა, ზაზას ცხედარი თავის ხალათში გაახვია და გამოიტანა. ირაკლისთვის ზაზა იყო თანამებრძოლი, რომლის ცხედარსაც მტერს არ დაუტოვებდა.

დანაღმულ მინდორზე დათო კიკნაძეც აფეთქდა, თუმცა გადარჩა. ექიმმა გიორგი მიროტაძემ დაჭრილი სამშვიდობოს გამოიყვანა. გიორგიმ ბევრი დაჭრილი ატარა ზურგით, თავად კი 29 დეკემბერს დაგვეღუპა ბრძოლის ველზე - სადღაც დაიძახეს, დაჭრილიაო და ისიც საშველად წამოდგა. 2-მეტრიან ბიჭს მტრის ტყვიამფრქვევმა ღვიძლი და ბარძაყი დაუზიანა. სამწუხაროდ, იმ ადგილამდე მანქანა ვერ მივიდოდა. ლადო კეკულაძემ და თანამებრძოლმა ექიმებმა გიორგი 6 კილომეტრი ხელით ატარეს ლაბადით და მისი გადარჩენა დაგვიანდა. ის იყო პირველი ტკივილი ჩვენს სამსახურში...

იანვარ-თებერვალში, სესიების დროს, ბიჭები შვებულებით თბილისში ჩავიდნენ. ინსტიტუტში კი უტიფრად გამოუცხადეს, - ბევრი გაცდენა გაქვთ, მაგრამ შეღავათს გაგიკეთებთ, არ გაგრიცხავთ, მხოლოდ კურსზე დაგტოვებთო(?!). ამას ურცხვად ეუბნებოდნენ ბიჭებს, რომლებიც დღედაღამ ტყვი­ის­ ქარცეცხლში სიცოცხლეს სწირავდნენ.

რექტორმა ხეცურიანმა ჩვენთან შეხვედრაც არ ინდომა - ომში წასვლა ამ ბიჭების ახირება იყოო... ძალიან მინდოდა, მას საკუთარი თვალით ენახა ომი, რას ნიშნავს წელამდე წყალ-ტალახში ფორთხვა, დაჭრილის ზურგით თრევა...

პრობლემები სამედიცინო სამსახურში 1993 წლის მარტიდან დაიწყო. აღარ იყო სახვევი მასალა, წამლები, მანქანები. იყო შემთხვევა, როცა დაჭრილი "გრადის" მანქანითაც გამოგვიყვანია. ბიჭებიც ისეთი ენთუზიაზმით ვეღარ ჩამოდიოდნენ, რადგან ამდენი გაცდენით, ინსტიტუტიდან გარიცხვა ემუქრებოდათ...

2 ივლისს მოწინააღმდეგემ ტამიშთან დესანტი გადმოსხა და ქართული შენაერთები მძიმე ბრძოლებში ჩაერთნენ. დუშეთის ბატალიონიდან მოვიდნენ - ექიმები­ გვჭირდებაო. დათო თევზაძემ უარი უთხრა, მე ჩემები მყავსო, სტუდენტმა ვასიკო კილაძემ - ავტომატი არა, მაგრამ საექიმო ჩანთა ხომ მაქვს და მე წამოვალო... ვასიკო აღარ დაბრუნებულა. დუშეთის მთელი ბატალიონი ტამიშში მტერს შეაკვდა...
მაშინ უმძიმესი ორი დღე გვქონდა. დაჭრილების გამოსაყვანად ექიმები წითელჯვრიანი მანქანით წავიდნენ. გზაზე აფხაზებმა ცეცხლი გაუხსნეს და ბიჭები მანქანაში ამოწვეს. მათ შორის გიორგი მიროტაძის ძმა, ირაკლი დვალიძეც იყო...

სოხუმიდან ივლისის ბოლოს დავბრუნდი, როცა სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, ქართულმა შენაერთებმა სოხუმი დატოვეს. ჩემი ომი მაშინ დამთავრდა, თუმცა მერე გაგრძელდა პარტიზანებთან და ბოლოს "აგვისტოს ომში" ქართული არმიის საველე ჰოსპიტლის მეთაურის რანგში".

P.S. იმ თეთრხალათიანი ბიჭებიდან ბევრი დღეს ცნობილი ექიმია, გიორგი მიროტაძის და ზაზა ბენდელიანის სახელობის ქუჩებია თბილისში...

ნინო ბურჭულაძე
მკითხველის კომენტარი (1)
ლია
05 დეკემბერი 2016 00:07
ომში სასეირნოდ და დროის გასატარებლად ვინ მიდის? ომში წასული სტუდენტი ლექციებს როგორ დაესწრებოდა? და ამდენ გაჭირვება გადატანილ ადამიანებს ცხოვრებას რომ სამათხოვროდ გაუხდიან ამას ქვეყანა და მთავრობა ჰქვია?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები