"4 ქალს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს და ყოველ ჯერზე ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, რომ მეც იგივე ბედი მელოდა" - რას ჰყვება ჩამოხრჩობას გადარჩენილი ქალი?! - კვირის პალიტრა

"4 ქალს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს და ყოველ ჯერზე ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, რომ მეც იგივე ბედი მელოდა" - რას ჰყვება ჩამოხრჩობას გადარჩენილი ქალი?!

ჩამოხრჩობას გადარჩენილი დარეჯან კოხტაშვილი "კვირის პალიტრასთან" მალაიზიის სკანდალური საქმის უცნობ დეტალებზე ალაპარაკდა

"ვოცნებობდი შვილებთან შეხვედრაზე. მოზარდები ისეთ დროს დავტოვე, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ

დედა და ახლა უკვე თავად არიან დედები"

"მადლობას ვუხდი ჩემს ქვეყანას, ხალხს, რომ ბედის ანაბარა არ მიმატოვეთ, მგულშემატკივრობდით და ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდით, მალაიზიის ციხის კედლებში ცხოვრების გაგრძელების იმედი მომეცით და თქვენი წყალობით სამშობლოში, შინ დაბრუნება შევძელი".

დარეჯან კოხტაშვილი, 2016 წლის 17 ნოემბერი.

2010 წლის 28 ოქტომბერს მალაიზიელმა სამართალდამცავებმა პენინის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე, 37 წლის დარეჯან კოხტაშვილი დააკავეს - სურათების ჩარჩოებში 5 კგ მეტამფეტამინის შემცველი აბები აღმოუჩინეს. პარალელურად, ოპერაცია მიმდინარეობდა მალაიზიის კიდევ ერთ ქალაქ კოტაკინაბალუში - 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომერში 26 წლის ბაბუცა გორდაძეს ასევე სურათის ჩარჩოებში 5.5 კგ მეტამფეტამინის შემცველი აბები აღმოუჩინეს.

მალაიზიის კანონმდებლობით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ქართველ ქალებს საჯაროდ ჩამოხრჩობა ელოდათ. საქართველოში მომხდარის დაჯერება დიდხანს არ უნდოდათ. გაჩნდა კითხვები - როგორ მოხვდნენ თურქეთში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეები მალაიზიაში, იცოდნენ თუ არა ბარგში ნარკოტიკების არსებობის შესახებ და ა.შ. ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ სტამბოლიდან ჩამოვიდა და პოლიციას ჩაჰბარდა ბაბუცა გორდაძის მეუღლე გიორგი (ელდარ) დავითიანი, რომელმაც ჩვენებაში აღიარა - ნარკოტიკების შესახებ ქალებმა არაფერი იცოდნენ, მალაიზიაში სურათების წაღება მეუღლესა და მის მეგობარს მე ვთხოვეო.

მალაიზიური სასამართლო ქალბატონების უდანაშაულობაში მხოლოდ მას შემდეგ დარწმუნდა, რაც სურათებზე ჩატარებულმა ექსპერტიზამ კოხტაშვილის და გორდაძის თითის ანაბეჭდები ვერ აღმოაჩინა, 2012 წლის მარტში ბაბუცა გორდაძეს 8, ხოლო დარეჯან კოხტაშვილს - 9 წელი მიუსაჯეს.

წლები გავიდა, თუმცა საზოგადოების ინტერესი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ცნობილი ტუსაღების მიმართ, არ განელებულა. 2016 წლის თებერვალში სამშობლოში ბაბუცა გორდაძე დაბრუნდა, მაგრამ მედიასთან საუბარს თავი აარიდა; 2016 წლის ოქტომბერში დარეჯან კოხტაშვილიც ჩამოვიდა და თავისი ისტორიის უცნობი დეტალები "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად მოუყვა:

დარეჯან კოხტაშვილი: - გიორგი დავითიანმა თურქეთში სამუშაოდ წასვლა შემოგვთავაზა - იქ ჯინსების ფაბრიკაში მოეწყობითო (თვითონაც იქ მუშაობდა). წავედით. ერთი კვირა სამუშაო ვერ ვიშოვეთ, ძალიან ვნერვიულობდი. ვფიქრობდი, თუ ასე გაგრძელდა, შინ დავბრუნდები-მეთქი. ამ დროს ეს საქმე გამოჩნდა - გიორგიმ გვითხრა, სურათები უნდა გადაიტანოთ მალაიზიაშიო. დიდ ყურადღებას იჩენდა ჩვენ მიმართ. ამიტომ არაფერი მიეჭვია, მით უფრო, რომ მის მეუღლესთან ერთად უნდა წავსულიყავი. ჩემი უფროსი გოგონა სტუდენტი იყო, უმცროსი სკოლას ამთავრებდა და ორივეს სწავლისთვის ფული მჭირდებოდა. ვიფიქრე, სანამ მალაიზიიდან ჩამოვალთ (იქ მხოლოდ ორი დღით მივდიოდით), სტამბოლში იქნებ სამუშაოც გამოჩნდეს-მეთქი.

გაფრენის წინადღეს გულმა ავი მიგრძნო. ბაბუცას ვუთხარი, - რამე ცუდი არ მოხდეს-მეთქი...

აეროპორტში გიორგიმ გაგვაცილა. ერთი ჩემოდანი ჩემს სახელზე გაფორმდა და პირდაპირ ბარგს ჩაჰბარდა, მე თან მხოლოდ ტანსაცმლის პატარა ჩანთა მქონდა. დუბაის გავლით წავედით. კუალალუმპურში მე და ბაბუცა ერთად ჩავფრინდით, თუმცა ჩემოდნები სხვადასხვა ქალაქში უნდა მიგვეტანა, ბაბუცა ჩემამდე ორი საათით ადრე გაფრინდა, მე კუალალუმპურიდან პენინში უნდა ჩავსულიყავი. პირველად ეჭვი სწორედ კუალალუმპურის აეროპორტში გამიჩნდა:

პენინის რეისზე რეგისტრაციისას შევამჩნიე - მინის მიღმა მამაკაცები სურათს მიღებდნენ, თან ტელეფონზე საუბრობდნენ. დარბაზში მიმავალს ერთი ტიპიც გამომყვა.

პანინში რომ ჩავფრინდი, ჩემი ჩემოდანი ბარგთან ერთად არ იყო. მოვიკითხე. 15 წუთში იქნებაო, - მომიბოდიშა ადმინისტრაციამ და თან შემომთავაზა, - თუ გნებავთ, მიბრძანდით სასტუმროში და იქ მოგართმევთო. ჩემოდანს დავუცდი-მეთქი, - ძლივს მოვახერხე ინგლისურად მეთქვა. 5 წუთში აეროპორტის თანამშრომელი მოვიდა - თქვენი ჩემოდანი აქ არისო. მივედი, სახელურით გამოვწიე - აი, ეს არის-მეთქი და შესამოწმებლად გავედი, ოღონდ ჩემი ჩემოდანი სხვა დეტექტორზე შეამოწმეს, მაგრამ არც ხმა ყოფილა რამე და არც არაფერი. ტაქსის ჯიხურისკენ გავემართე (იქ ყიდულობ ბილეთს და თან მისამართს ეუბნები). ბილეთი ავიღე და აეროპორტიდან უნდა გავსულიყავი, რომ დამაკავეს. უცებ მომახალეს, - ნარკოტიკი გაქვსო. დავიბენი, რა ნარკოტიკი, საიდან უნდა მქონდეს ნარკოტიკი-მეთქი (ვცდილობდი, როგორმე გამეგებინებინა ჩემი ინგლისურით). ჩამავლეს ხელი, მეც გავყევი. თან თავს ვიმშვიდებდი, ალბათ რაღაც გაუგებრობაა-მეთქი. შემიყვანეს ოთახში. პირველად ჩემი ტანსაცმლის ჩანთა გაჩხრიკეს. ვერაფერი აღმოაჩინეს, მერე ჩემოდანი გახსნეს, იქ მხოლოდ სურათები იყო. ცოტა არ იყოს, დაიბნენ, მერე სურათები დაამტვრიეს და გამოჩნდა ნარკოტიკი. ძნელია სიტყვით გადმოვცე, რა დამემართა. თავი სიზმარში მეგონა. სიცოცხლეში არ მინახავს ნარკოტიკი და უცებ ჩემს ჩემოდანში 5 კილო აღმოჩნდა.

ოთახში მყოფნი მიხვდნენ, რომ ნარკოტიკის შესახებ მართლა არაფერი ვიცოდი. მაშინ არც ის ვიცოდი, მალაიზიაში ამ დანაშაულისთვის სიკვდილით თუ სჯიდნენ, საერთოდ არაფერი ვიცოდი ამ ქვეყანაზე. როცა გაიგეს, რუსულად შემეძლო საუბარი, თარჯიმანი მოიყვანეს და მივეცი ჩვენება, გიორგის გვარიც ვუთხარი. მერე მოვიდა ინტერპოლი, მაჩვენეს ბაბუცას სურათი - თუ იცნობო. ჩემი ამხანაგია-მეთქი. ეგეც შენს დღეშია, დააკავესო. მასთან ერთად მინდა ყოფნა-მეთქი. უარი მითხრეს.

ღამეები არ მეძინა, პირს ვერაფერს ვაკარებდი... წინასაპატიმრო ვადა 25 დღე იყო, შემდეგ გადამიყვანეს ციხეში, სადაც 5 თვე ველოდებოდი ექსპერტიზის პასუხს, რომელსაც უნდა დაედგინა იმ აბებში ნარკოტიკის ჯამური წონა. ერთ დღეს ციხის ზედამხედველმა გამიყვანა საკნიდან - შეხვედრა გაქვსო. გამიკვირდა - ამ ქვეყანაში ვის უნდა გავხსენებოდი. ოთახში ორი მამაკაცი დამხვდა. ქართულად რომ მითხრეს, - რამ ჩამოგიყვანა აქო, ტირილი ამიტყდა. საქართველოს პროკურატურიდან იყვნენ ირაკლი ჩილინგარაშვილი და გიორგი (გვარი არ მახსოვს).

მეუბნებოდნენ, - ამ უცხო ქვეყანაში არავინ გვყავს, არ ვიცით, მოვახერხებთ თუ არა შენს დახმარებას, სიკვდილით დასჯა გემუქრება, მაგრამ გვინდა გადაგარჩინოთ, თავს გაუფრთხილდიო. ვერც წარმოიდგენთ, რა შეგრძნებაა, როცა ასეთ მდგომარეობაში აღმოაჩენ, რომ მარტო არ ხარ, უპატრონოდ და შენს ქვეყანას ახსოვხარ. ირაკლი და გიორგი დამპირდნენ, ისევ მოვალთო.

დაკავებისას ყველაფერი ჩამომართვეს - ტანსაცმელი, ფული. ციხეში რომ გადამიყვანეს, იქ ფორმა მომცეს, საკანში მარტო ვიყავი (ჩემი სურვილი იყო) - არავის დანახვა არ მინდოდა.

ცემენტის იატაკზე ღრუბლის მოკლე და ვიწრო ლეიბი იდო. 5 თვე მხოლოდ ბოლთას ვცემდი.

შემდეგ მდგომარეობას შევეჩვიე და ზედამხედველს ვთხოვე, - სამუშაო მომეცით-მეთქი. სამკერვალოში გამიშვეს. პატიმრები რომ ხედავდნენ, არავინ მაკითხავდა, ცდილობდნენ, დამხმარებოდნენ... იქ წელიწადი და 5 თვე ვიჯექი. ცხადია, მეგობრებიც გავიჩინე. დრო გადიოდა. ჩემი სასამართლო პროცესი არ იწყებოდა. ამასობაში ჩემს სამეგობროში 4 ქალს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს და ყოველ ჯერზე ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, რომ მეც იგივე ბედი მელოდა. თუმცა, მოგვიანებით გავიგე, რომ მალაიზიაში სასჯელის აღსრულება მხოლოდ მამაკაცებზე ხდება, ქალებს კი სამი შანსი ეძლევათ, სასამართლოს მიმართონ. თუ გაუმართლათ და სასამართლომ წლები მიუსაჯა, ეს დიდი წყალობაა. თუ არადა, მიუსჯიან ჩამოხრჩობას - ეს კი სიკვდილამდე ციხეში დალპობას ნიშნავს.

2012 წლის მარტის დასაწყისში სასამართლო პროცესი განახლდა. მანამდე ირაკლი ჩილინგარაშვილმა დამირეკა და მომიკითხა. სწორედ იმ დღეებში ექსპერტიზის პასუხიც მოვიდა - სურათებზე ჩემი თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. გამომძიებელს სიხარულით დაავიწყდა, მათი ენა რომ არ მესმოდა და გაჰყვიროდა, - კარგია, კარგიაო. რომ მიხვდა, ვერაფერი გავიგე, ხელებით ამიხსნა სიხარულის მიზეზი. მისი გაბადრული სახით მხოლოდ იმას ვხვდებოდი, რომ ჩემს თავს რაღაც საიმედო ხდებოდა...

27 მარტს, ბოლო პროცესზე გასვლის წინ, ბადრაგს ვთხოვე, შვილებთან დამარეკვინე-მეთქი. ვფიქრობდი, არ ვიცი, რა მოხდება და ბავშვებს უკანასკნელად მაინც დაველაპარაკები-მეთქი... უფროსმა გოგონამ მითხრა, ჩვენი პროკურატურის წარმომადგენლები დაესწრებიან პროცესსო. დარბაზში რომ შემიყვანეს, თვალებით დავუწყე ძებნა ქართველებს. ვერავინ დავინახე. ის იყო, დავჯექი, რომ კარი გაიღო და ირაკლი და გიორგი შემოვიდნენ. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა - როგორც უნდა გადაწყდეს ჩემი ბედი, შვილებთან ამბის ჩამტანი მაინც გამომიჩნდა-მეთქი.

იმ დღეს ჩვენების მოთხოვნით პროცესი გადაიდო. ირაკლიმ მითხრა, რომ მათ ჰქონდათ ბაბუცას ქმრის ჩვენება, თუმცა ყოყმანობდნენ, არ ვიცით, დაგეხმარება თუ არა ეს ჩვენებაო. საბოლოოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია ექსპერტიზის დასკვნამ, მაგრამ საქმეს ის ართულებდა, რომ ჩემოდანი ჩემს სახელზე იყო გაფორმებული. საბოლოოდ, 9 წელი მომესაჯა... ყველა მილოცავდა.

სასამართლოს დამთავრების შემდეგ გადამიყვანეს სხვა ციხეში, სადაც 9 თვე დავყავი, ვმუშაობდი სამკერვალოში და ამ ხელობას კარგად დავეუფლე. პატიმარი ქალები სწავლობდნენ ნამცხვრების ცხობას, ხელნაკეთი ნივთების დამზადებას და ა.შ. დღეში 80 მალაიზიური ცენტი გვეძლეოდა, რითაც ყოველდღიური მოხმარების საგნებს ვყიდულობდი და შვილებთან ორიოდე წამით ვახერხებდი დარეკვას. პროცესის ბოლო დღეს ირაკლიმ და გიორგიმ მკითხეს, ხომ არაფერი გჭირდებაო. ლოცვანი ვთხოვე. დამპირდნენ, მოგაწვდითო. შვილებზე ვდარდობდი, ისეთ დროს დავტოვე, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ დედა.

ერთი თვის შემდეგ სინგაპურიდან მღვდელმა მინახულა, წიგნები გადმომცა და მითხრა, შენი ამბები კუალალუმპურში საქართველოს წარმომადგენელს უნდა მოვუყვეო. სწორედ მასთან საუბრის შემდეგ დავწერე განცხადება კუალალუმპურის ცენტრალურ ციხეში გადაყვანაზე. ვფიქრობდი, რომ დედაქალაქში უფრო მომაგნებდა ვინმე. 2013 წელს ცენტრალურ ციხეში შევხვდი. საკანში 13 ქალი ვიყავით, დიდი სასჯელი მხოლოდ რვას გვქონდა. ინტერნაციონალური საკანი იყო, ამიტომ ინგლისურში ყველა გავიწაფეთ. ვსაუბრობდით შვილებზე, ოჯახზე, იმედზე, ოცნებებზე, შინ დაბრუნებაზე, იქაური ენაც ვისწავლე.

ერთადერთი - არ ვსაუბრობდით მისჯილ წლებზე... ხშირად ვფიქრობდი ბაბუცაზე, არაფერი ვიცოდი მასზე, ბევრი კითხვა მქონდა და ვიმედოვნებდი, ოდესმე პასუხს მივიღებდი.

2013 წლის დეკემბერში დამირეკა საქართველოს კონსულმა მალაიზიაში ლევან მაჭავარიანმა და 2014 წლის მარტში მინახულა კიდეც. ერთხანს გულის პრობლემები მქონდა. მართალია, ციხეში ექიმი გვყავდა, მაგრამ ჩემი მდგომარეობა კვალიფიციურ ჩარევას მოითხოვდა. ლევან მაჭავარიანი ძალიან დამეხმარა, ჩემს ამბებს კითხულობდა, მოდიოდა და მამხნევებდა.

ციხეში საქართველოზე არაფერი იცოდნენ. სასაცილო კითხვებსაც მისვამდნენ, მაგალითად, არის თუ არა თქვენთან ტელევიზიაო.

საკმაოდ სიტყვაძუნწი ვარ, მაგრამ საქართველოზე კითხვებს ყოველთვის ვპასუხობდი და ქვეყნის ისტორიასაც დიდი მონდომებით ვყვებოდი... ერთ დღეს ციხის ზედამხედველმა მითხრა, შეხვედრა გაქვსო. გავედი და დავინახე მანანა კობახიძე, კონსულისგან ვიცოდი, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერი იყო. გადამეხვია და მომიკითხა. მისი წასვლის შემდეგ ციხის თანამშრომლებმა მითხრეს, - როგორ უყვარხარ შენს ქვეყანას, ამდენი წლის მერეც რომ გკითხულობენო.

კუალალუმპურის ათასობით პატიმარმა უკვე იცოდა, რომ არსებობდა სახელმწიფო საქართველო, რომელიც თავის მოქალაქეს ქვეყნის დასალიერშიც კი ჰპატრონობდა.

უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდი და თითქოს ჯიბრზე დრო არ გადიოდა. ჩვენი ქვეყნისადმი მადლიერების გრძნობა მავსებდა, ხან სირცხვილი მწვავდა, მაგრამ თავს ვიმშვიდებდი - ჩემი უდანაშაულობა ხომ სასამართლომაც აღიარა-მეთქი. ვოცნებობდი შვილებთან შეხვედრაზე. მოზარდები დავტოვე და ახლა უკვე დედები არიან.

წინადღეს გამაფრთხილეს, დილის 6 საათზე გაგიშვებენ ციხიდანო. ამიტომ წინაღამეს დავემშვიდობე ჩემს თანასაკნელებს, რათა დილით მათი ცრემლი აღარ დამენახა... ციხის კარი მიიხურა და უკან დარჩა ჩემი ცხოვრების ყველაზე ტრაგიკული და მნიშვნელოვანი პერიოდი, ადამიანები, რომლებმაც კვალი დატოვეს ჩემს ცხოვრებაში.

ახალი ცხოვრება იწყება. მინდა საქმეს მოვკიდო ხელი. რადგან საშუალება მეძლევა, მინდა პირველ რიგში თქვენს გაზეთს მადლობა ვუთხრა, საზოგადოებას ჩვენი თავი რომ არ დაავიწყეთ. ჩემს საქმეში "კვირის პალიტრის" სტატიაც იდო. მადლობა ყველას, ვინც მანუგეშებდა და გვერდით დამიდგა...

ნინო ბურჭულაძე