"5-ვარსკვლავიანი ჯიჰადი" (ექსკლუზიური ფოტოები)
"5-ვარსკვლავიანი ჯიჰადი" (ექსკლუზიური ფოტოები)
"კვირის პალიტრამ" მოიპოვა სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ექსკლუზიური ფოტოები

2011 წლის თებერვალში სამხრეთ სირი­ის პატარა ქალაქ დარაში, კედელზე გაკეთებული ოპოზიციური წარწერების გამო რამდენიმე სკოლის მოსწავლე (12-15 წლის) დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში "ჭკუა ასწავლეს". აღშფოთებული მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და მოსწავლეების გათავისუფლება მოითხოვა. სამართალდამცავებმა­ ცეცხლი გახსნეს... იყო მსხვერპლიც. 25 მარტს დარას ქუჩებში უკვე 100 000 კაცი იდგა. მიტინგის დაშლას 20 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა... მაშინ ვინ იფიქრებდა,­ რომ სწორედ მოსწავლეების დაკავება გახდებოდა სირიაში "არაბული
You must have Flash Player installed in order to see this player.
გაზაფხულის" დასაწყისი, რომელსაც მსოფლიოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლიანი სამხედრო კონფლიქტი მოჰყვებოდა...

მარცხნიდან: რამზან ბაღაკაშვილი, მუსლიმ კუშტანაშვილი

თუმცა დღე, რომელმაც მთელი გეოპოლიტიკა თავდაყირა დააყენა, 2012 წლის აგვისტოში დადგა - სირიიდან მსოფლიო "მუსლიმ ძმებს" სირიაში ჩასვლისა და "ჯიჰ­ადში" მონაწილეობისკენ მოუწოდეს... მას შემდეგ სირიაში, სადაც უკვე ორმოცამდე ქვეყნის ინტერესები იკვეთება, ყველა­ ყველას წინააღმდეგ იბრძვის. თუმცა, ტერორისტული ორგანიზაცია­ "ისლამური სახელმწიფოს" "ჟღალი გენერლის", თარხან ბათირაშვილის, 2014 წლის ივნისში ერაყში შეჭრისა და 29 ივნისს ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე "ისლამური ხალიფატის" გამოცხადების შემდეგ, მსოფლიომ
ცხადად დაინახა, რომ მას დიდი საფრთხე ელოდა. "ხალიფატი" ნამდვილად არ ჰგავდა სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს. ამოუწურავი ფულადი რესურსი, მასობრივი კომუნიკაციების სრულად ათვისება და "ხალიფატის" იდეების მთელ მსოფლიოში ქადაგება იმხანად "ისლამური სახელმწიფოს" წარმატების გარანტად იქცა. "ხალიფატის" იდეების დასაცავად სირიას ათასობით მოხალისე მიაწყდა.
სამწუხაროდ, ამ ავანტიურაში ჩართული საქართველოს მოქალაქეებიც აღმოჩნდნენ.

პანკისელი ახალგაზრდებისთვის ხშირად ხელმიუწვდომელი იყო სწავლა-დასაქმება და მხოლოდ "ხალიფატის" წევრობით შეეძლოთ ფულის შოვნა. მათთვის (არა მარტო მათთვის) სირიის ომი "5-ვარსკვლავიანი ჯიჰადი" იყო - საუკეთესო იარაღი, ბინა, მანქანა, მონები, სექსჯიჰადში მონაწილე გოგონები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და უმთავრესი - ყოველთვიური ხელფასი 2.000 დოლარი, რომელიც მათ ოჯახებს­ საქართველოში ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა. ახალგაზრდები, რომლებმაც თოფის დაჭერაც კი არ იცოდნენ, სირიაში ერთ კვირაში საზარბაზნე ხორცი ხდებოდნენ. ამის მიუხედავად, პანკისიდან სირიაში "მეომრების" იმპორტი არ წყდებოდა და ეს მეტწილად რეკრუტორების დამსახურება იყო, რომლებიც თითო მოხალისეში "ხალიფატისგან" პრემიად 1.000 დოლარს იღებდნენ. 2014 წლის ბოლოს, როდესაც სირიაში საქართველოს მოქალაქეთა შორის მსხვერპლმა იმატა, პანკისში საგანგაშო მდგომარეობა შეიქმნა. ბევრი ოჯახი ცდილობდა, შვილები გროზნოში გაეხიზნა, რათა ხეობაში რეკრუტორების მსხვერპლი არ გამხდარიყვნენ, ბევრისთვის კი ვაჟის ყოლა სანანებელი გახდა. ცხადია, შინ არავინ ამბობდა, სირიაში საომრად რომ მიდიოდა. ახალგაზრდები ვითომდა თურქეთში სამუშაოდ მიდიოდნენ. მშობლები ხშირად მხოლოდ მაშინ იგებდნენ შვილების ნამდვილ ადგილსამყოფელს, როდესაც სირიიდან მათი დაღუპვის ამბავი მოვიდოდა. მიცვალებულთა ჩამოსვენება არ ხერხდება, დედებს შვილების საფლავებიც კი არა აქვთ.

ავღანეთი, 2010 წ. მარცხნიდან: ელიხან მუთოშვილი, ახმედ ფარეულიძე (სირიაში თარხან ბათირაშვილის დაცვის წევრი იყო), აიუფ ბორჩაშვილი

2015 წლის მარტის ერთ დღეს 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი სკოლიდან შინ არ დაბრუნებულან. აფორიაქებულმა მშობლებმა შვილების კვალს ვერსად მიაგნეს. რამდენიმე დღის შემდეგ მუსლიმმა მოიწერა, სირიაში ვარო(?!) და თანატოლებს ვიდეომიმართვა გამოუგზავნა - სირიაში ჩამოდითო. არასრულწლოვნის სირიაში წასვლას საზოგადოების დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. სახელმწიფო, რომელიც აქამდე პანკისში მიმდინარე პროცესებს მხოლოდ თვალს ადევნებდა, იძულებული გახდა, ხელი გამოეღო. სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები ეფექტიანი, თუმცა საკმარისი არ იყო, რადგან "ხალიფატის" იდეებს მხოლოდ პანკისში აღარ ქადაგებდნენ. "ისლამური სახელმწიფოს" ემის­რები გამო­ჩნდნენ ქვემო ქართლში, გურიაში, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში. ამასობაში პანკისის ხეობიდან სირიაში პატარძლების გაყვანაც დაიწყეს. 2015 წლის მაისში მომხდარმა კი ყველა მოლოდინს გადააჭარბა - ორი ყარაჯალელი ქალბატონი - დიანა­ ღარიბოვა­ და ანა სულეიმანოვა გაემგზავრნენ სირიაში საომრად(?!), ოჯახებს კი წერილები დაუტოვეს. ცოტა ხნის წინ სულეიმანოვა შინ დაბრუნდა...

2015 წლის 14 ივნისს თბილისის აეროპორტში დააკავეს თურქეთში მიმავალი სამი ახალგაზრდა ეთნიკური ქართველი. სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ ისინი სირიაში საომრად მიდიოდნენ. დაკავებულებმა ქისტი თანატოლებისგან განსხვავებით, ვერ დაასახელეს მიზეზი, თუ რატომ აპირებდნენ ომში წასვლას.

იმავე დღეს სპეცსამსახურებმა სოფელ გომბორთან დააკავეს პანკისელი აიუფ ბორჩაშვილი, ხეობაში ჩატარდა სპეცოპერაცია, გაიჩხრიკა რამდენიმე სახლი. სამართალდამცავების თქმით, აიუფ ბორჩაშვილი 2013 წელს, უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ, თავს "ხალიფატის" წარმომადგენლად აცხადებდა (სწორედ ეს გახდა ჯამაათებში განხეთქილების მიზეზი). ბორჩაშვილის რეკომენდაციით, აჭარაში ჯამაათის ლიდერი ხვიჩა გობაძე გახდა. ბორჩაშვილის დაკავების შემდეგ ის ორ თანამოაზრესთან ერთად სირიაში გაემგზავრა, სადაც სიკვდილამდე (2016 წლის იანვარი) მისი მოვალეობა ქართულ ენაზე მუქარის შემცველი ვიდეომიმართვების ჩაწერა-გავრცელება იყო.
ჩვენი ინფორმაციით, კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩატარდა - ამჯერად მაღალმთიან აჭარაში, სადაც "ხალიფატის ჯამაათის" 4 ლიდერი დააკავეს, მათ შორის ემირი გიორგი ბახუნტარიძე და ე.წ. ნაიბი ლაშა გობაძე. სწორედ მათი გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად გახდა ცნობილი იმ მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ, რომელსაც "ხალიფატის" აჭარული ფრთა საქართველოში გეგმავდა. თურქეთის არხის ჩაკეტვის შემდეგ, 2016 წელს, "ხალიფატმა" ამჯერად ახმედ ჩატაევის მეოხებით სცადა აემუშავებინა ე.წ. უკრაინული მარშრუტი. მოხალისეები ახლა უკვე კიევის გავლით მოხვდებოდნენ თურქეთში.

მარცხნიდან: ჯამბულ აბდულაევი, გოჩა გობაძე, გიორგი ბახუნტარაძე, ბედირა ირემაძე, ლაშა გოგაძე

"ხალიფატის" წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის და რუსეთის გააქტიურებამ სირიულ "ჯიჰადში"­ მონაწილეობის სურვილი ბევრს გაუქრო, გარდა ამისა, არც საქართველოს ციხეებში წლობით გამოკეტვის პერსპექტივა ხიბლავდა ვინმეს. "ხალიფატი" დიდხანს ვერ ეგუებოდა პანკისელების ურჩობას, 2016 წლის ივნისში მუქარის წერილებიც კი გამოგზავნეს ხეობაში, სადაც იქაურებს "სწორ გზაზე" დადგომას და სირიაში ჩასვლას ურჩევდნენ, თუ არა - ჩამოვალთ და დაგსჯითო!
29 ივლისს, თარხან ბათირაშვილის სიკვდილთან ერთად, "5-ვარსკვლავიანი ჯიჰადის საგა" საქართველოში წარსულს ჩაჰბარდა.
წელს საერთაშორისო ორგანიზაციების­ და სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამებმა ძირეული გარდატეხა მოახდინეს მოსახლეობის, კერძოდ, ახალგაზრდების განწყობებში. დღეს არავინ ლაპარაკობს სირიაში წასვლაზე, თუმცა ხეობა ყოველდღე შიშით ელოდება იქიდან ამბავს ახალი მსხვერპლის შესახებ.

"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ დღეს "ხალიფატში" ჩვენებურების მდგომარეობა მძიმეა, მათი უმრავლესობა მოსულსა და რაყაშია თავმოყრილი, რომელთაც ყოველდღე ბომბავს საერთაშორისო კოალიციის ავიაცია, არის მსხვერპლიც. 13 დეკემბერს მოსულთან მოკლეს რამზან ბაღაკაშვილი... წელს სირიის ფრონტებზე 11 საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, 2012 წლიდან დღემდე ომს 25 ახალგაზრდა ემსხვერპლა, უმრავლესობა 18-26 წლის იყო.

2016 წელს საქართველომ "ხალიფატის" საფრთხეების პრევენცია შეძლო, თუმცა, შეინარჩუნებს თუ არა ამ მდგომარეობას, ძნელი სათქმელია, რადგან, როგორც ბოლო დროს სირიაში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, "ისლამური სახელმწიფო" არსად წასვლას არ აპირებს, მეტიც - მზად არის, კიდევ არაერთხელ შეაძრწუნოს მსოფლიო...

ნინო ბურჭულაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები