შხამის კვალი გახმაურებულ მკვლელობებსა თუ მკვლელობის მცდელობებში - მაირანოვსკის მარადიული შხამები და პოლიტიკური მიზნები
შხამის კვალი გახმაურებულ მკვლელობებსა თუ მკვლელობის მცდელობებში - მაირანოვსკის მარადიული შხამები და პოლიტიკური მიზნები
ციანიდის სკანდალური საქმის და დაკავებული სასულიერო პირის ბრალდებამ გაგვახსენა როგორ გამოჰყავდათ КГБ -ს ლაბორატორიაში წლების განმავლობაში შხამები, რომელთაც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებდნენ.

"სამედიცინო ტახტზე რამდენიმე წუთი დაყო. უცებ ამოიხროტინა, სული შეეხუთა, ტუჩები გაულურჯდა, ხელები გაასავსავა, თითქოს უფრო მეტი ჰაერის ჩასუნთქვა უნდოდა. სასიკვდილო აგონიაში მყოფი მოიკრუნჩხა, შემდეგ მოეშვა და თვალები გადაატრიალა... ყველაფერი დამთავრებული იყო.

პროფესორმა მაირანოვსკიმ გარდაცვლილი კარგად შეათვალიერა, - აშკარად ჩანს შხამით მოწამვლის ნიშნები. რას იტყვით, ჰგავს
You must have Flash Player installed in order to see this player.
ახლა ეს გულის უკმარისობით მკვდარს? - იქ მყოფებს ხმა არ ამოუღიათ, - უბრალო მედდაც კი მიხვდება, რომ საწამლავის დაუხმარებლად საქმე არ გამოვიდოდა. ასე არ გამოვა, მოგვიწევს შხამის დოზის შემცირება. მოამზადეთ მორიგი პაციენტი"...
ლაბორატორია #12, КГБ-ს საარქივო მასალებიდან

"ჩვენს შხამებს ვადა არასდროს გაუვა. ისინი ჩემს მერე, თქვენს მერეც დიდ საქმეებს გააკეთებენ. და სანამ სახელმწიფოს მტრები ეყოლება, ჩვენი მუშაობა არა მარტო საჭირო, ჰაერივით აუცილებელი იქნება".
გრეგორ მაირანოვსკი, წერილი ბერიას, 1953 წ

ციანიდის სკანდალური საქმის და დაკავებული სასულიერო პირის ბრალდებამ გაგვახსენა როგორ გამოჰყავდათ КГБ -ს ლაბორატორიაში წლების განმავლობაში შხამები, რომელთაც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებდნენ.
გრეგორ მაირანოვსკი
საუკუნეების განმავლობაში შხამს მკვლელობის ყველაზე დახვეწილ იარაღად მიიჩნევდნენ, თითქმის ყველა დროსა და ქვეყანაში მოიხმარდნენ. მასზე უარი არც ბოლშევიკებს უთქვამთ და 1921
წელს შექმნეს პირველი ტოქსიკური ლაბორატორიაც, რომელსაც პირადად ლენინი აკონტროლებდა. 1927 წელს სახალხო კომისარიატის ექიმები, რომლებიც ცდებს საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენებით აწარმოებდნენ, დილემის წინაშე აღმოჩნდნენ, - ვისზე უნდა ჩაეტარებინათ სასიკვდილო ექსპერიმენტები. გამოსავალი უცებ მოინახა. საბჭოთა პრესაში გაჩაღდა საინფორმაციო კამპანია: ექიმები მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერების დაბალი დოზები ეფექტიანი იყო რამდენიმე სახის მძიმე დაავადების სამკურნალოდ(?!)! "ცნობილია, რომ თაგვის წამალი მცირე დოზით სამკურნალო ეფექტს ახდენს ბევრ დაავადებაზე, ასევე საბრძოლო შხამები, თუ მას შერჩევითი დოზით მიიღებთ, დადებით შედეგს მოიტანს.

ასობით ადამიანი, რომელთაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ ექიმთა ზრახვებზე, ლაბორატორიებში სასიკვდილო ცდების მსხვერპლი გახდა.

1930 წელს სახალხო კომისარიატმა გამოცადა ახალი ტოქსიკური შხამი,"ნივთიერება 409", მაშინ საცდელი ობიექტები მოსკოვის გარნიზონის წითელარმიელები იყვნენ(?!). როდესაც სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელად ლავრენტი ბერია დაინიშნა, შეიქმნა შხამების და ნარკოტიკების ახალი "ლაბორატორია #12" (მას მოიხსენიებდნენ, როგორც "ლაბორატორია X"-ს და "კამერას"). სწორედ მისი დახმარებით ხორციელდებოდა ტერაქტების სერიები საზღვარგარეთ.

ლაბორატორიის ხელმძღვანელად დაინიშნა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პოლკოვნიკი გრიგორი მაირანოვსკი (მას მოგვიანებით "სიკვდილის ექიმი" შეარქვეს). სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ლეგენდარული "R-2". ამ შხამის მიღების შემდეგ ადამიანი თითქოს პატარავდებოდა, სუსტდებოდა და 15 წუთში კვდებოდა, გვამის გაკვეთა კი სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობას აჩვენებდა. ლავრენტი ბერიას ბრძანებით, შხამებს ბუტირკის იზოლატორის სიკვდილმისჯილ პატიმრებზე ცდიდნენ (თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მათ რიცხვში ჯაშუშობაში "შემჩნეული" უცხოეთის ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებიც იყვნენ).

 ალექსანდრ ალიოხინილაბორატორიის შხამის მსხვერპლი გახდა მსოფლიოს "ჭადრაკის მეფე" ალექსანდრ ალიოხინიც. ის 1946 წელს მოწამლეს პორტუგალიის ერთ-ერთ რესტორანში სადილობისას.

1951 წლის 13 დეკემბერს პოლკოვნიკი მაირანოვსკი დააპატიმრეს და ბრალად წაუყენეს მომწამვლელი ნივთიერებების შენახვა(?!) და 1953 წელს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს (ლაბორატორიის თანამშრომელთა უმრავლესობამ თავი მოიკლა, ზოგი მოგვიანებით დახვრიტეს).

"მე რამდენიმე წინადადება მაქვს შხამების (როგორც საძილე, ისე სასიკვდილო მოქმედების) გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენი ტექნიკა - გამოვიყენოთ შხამი საკვებ პროდუქტსა და სასმელში, უკვე მოძველდა და არ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, ამიტომ საჭიროა ახალი გზების ძიება, მაგალითად, შხამის გამოყენება ჰაერის ჩასუნთქვით", - მისწერა მაირანოვსკიმ ლავრენტი ბერიას ციხიდან. ბედის ირონიით, სწორედ ეს წერილი და, მოგვიანებით, მაირანოვსკის ჩვენება გახდა ერთ-ერთი საფუძველი ბერიას დახვრეტისა. ბერიას სიკვდილის შემდეგ გაირკვა, რომ მაირანოვსკის ლაბორატორიაში შხამების გარკვეული რაოდენობა არ აღმოჩნდა, ცხადი იყო, რომ მათ გატანაზე ვიღაცამ იზრუნა (ეს შხამები საზოგადოებას ოთხი ათეული წლის შემდეგ შეახსენებს თავს!).

1959 წლის 15 ოქტომბერს, ლონდონში, უკრაინელ კონტრრევოლუციონერ სტეპან ბანდერას (რამდენიმე წლის წინ ის უკრაინის ეროვნულ გმირად აღიარეს) დილით, სეირნობისას, КГБ-ს თანამშრომელმა სპეციალური პისტოლეტით შხამიანი კაფსულა ესროლა. ბანდერა რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ბანდერას მოწამვლის ამბავი რამდენიმე წლის შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც მკვლელი საზღვარგარეთ გაიქცა და დანაშაული აღიარა.

1964 წელს "სიკვდილის ექიმი" გრიგორი მაირანოვსკი გარდაიცვალა გულის უკმარისობით (ერთი ვერსიით, თავისივე შექმნილი შხამით მოწამლეს).


1971 წელს ლონდონში მოკლეს ცნობილი ბულგარელი დისიდენტი გიორგი მარკოვი. მას ერთი უცნობი (КГБ-ს თანამშრომელი) ავტობუსის გაჩერებაზე "შემთხვევით" - ქოლგის წვერით შეეხო ფეხზე. მარკოვმა მხოლოდ ჩხვლეტა იგრძნო. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს - 4 საათში გარდაიცვალა. მარკოვის მოწამვლის შესახებ მოგვიანებით, აშშ-ში გაქცევის შემდეგ განაცხადა КГБ-ს გენერალმა ოლეგ კალუგინმა.

70-იანი წლების შუახანებში КГБ-ს სამსახურებმა შხამით ცნობილი მწერლის, ალექსანდრ სოლჟენიცინის მოკვლაც სცადეს.
ის მხოლოდ ტექნიკურმა შეცდომამ გადაარჩინა სიკვდილს - ზურგში მაშინ უჩხვლიტეს, როდესაც მაღაზიაში რიგში იდგა. თუმცა შხამი ბოლომდე ვერ შევიდა ორგანიზმში და ექიმებმა რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ მწერლის გადარჩენა მოახერხეს. მოწამვლის შესახებ ცნობილი მხოლოდ 90-იან წლებში გახდა, როდესაც მკვლელმა სოლჟენიცინს უკვე ამერიკიდან მოუხადა ბოდიში და საქვეყნოდ პატიება სთხოვა(!).

1979 წელს საბჭოთა კავშირის პოლიტბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, მოეშორებინა ავღანეთის პრეზიდენტი, სახალხო დემოკრატიული (პროკომუნისტური) პარტიის ხელმძღვანელი ჰაფიზულა ამინი. 1979 წლის 27 დეკემბერს (ავღანეთში საბჭოთა ჯარების შესვლამდე ერთი თვით ადრე) ქაბულის რეზიდენციაში ГРУ-ს სპეცრაზმთან ერთად შეიჭრა რაზმი "ალფა", რომელიც ადრე ვითომდა ამინის იცავდა. პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები ამოხოცეს. თუმცა მანამდე საბჭოთა ხელისუფლება შეეცადა, საქმე "უფრო ჩუმად" მოეგვარებინა: ამინი მოწამლეს - საჭმელში შხამი გაურიეს. იმ დროს მასთან იმყოფებოდა რუსი ექიმი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა "პარტიის გეგმებზე" და ამინის გადარჩენა მოახერხა.

90-იან წლებში, ველური კაპიტალიზმის დროს, შხამს არა მარტო პოლიტიკურად არასასურველი ხალხის მოსაშორებლად იყენებდნენ, არამედ კომერციული კონკურენტების დასახოცადაც.
alt
1995 წლის 1-ელ აგვისტოს, "როსბიზნესბანკის" ხელმძღვანელმა ივან კიველიდიმ თავი შეუძლოდ იგრძნო. ის ბანკიდან მოსკოვის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა.

ცნობილი სოხუმელი ბერძენი ვაჭრის შვილიშვილი, ივან კიველიდი იმ დროისთვის რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო. 1993 წელს მან კახა ბენდუქიძესთან ერთად დააარსა "მრგვალი მაგიდა - რუსეთის ბიზნესი" და აქტიურად იცავდა ბიზნესმენთა უფლებებს. 1994-1995 წლებში მკაცრად აკრიტიკებდა სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც საშუალებას აძლევდნენ კრიმინალურ ელემენტებს, ენადირათ წამყვან ბიზნესმენებზე.

უკანასკნელ ხანს კიველიდის და მის ორგანიზაციას უთანხმოება ჰქონდათ ე.წ. "რვიანთან" (რუსეთის ცნობილი კომერციული ბანკები) - საქმე რუსეთის ხელისუფლების კრედიტირებას ეხებოდა. რუსეთის ხელისუფლებისთვის სახელმწიფო ქონების გარანტიით 9 მილიარდი დოლარის კრედიტის გაცემის იდეა "ნიმექსბანკიდან" მოდიოდა. მას "მრგვალი მაგიდა - რუსეთის ბიზნესი" არ ეთანხმებოდა.

ივან კიველიდი ხშირად ავადმყოფობდა, ამიტომ მისი საავადმყოფოში მოხვედრა არავის გაჰკვირვებია, თუმცა ექიმებმა გამოთქვეს ეჭვი - პაციენტს ნელ-ნელა ხომ არ წამლავდნენო. 2 აგვისტოს კიველიდის ბანკში სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს. ამჯერად საავადმყოფოში კიველიდის რეფერანტი, 30 წლის ზარა ისმაილოვა მიიყვანეს. დილის 6 საათზე ისმაილოვა გარდაიცვალა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ კიველიდის მდივანი მძიმე მეტალის მარილებით იყო მოწამლული. ეჭვი, ბიზნესმენის მოწამვლის შესახებ, უფრო გაძლიერდა. კიველიდი 4 აგვისტოს ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა.

იმავე დღეებში გარდაიცვალა ბიზნესმენის დაცვის ორი წევრი და კიველიდის კაბინეტის დამლაგებელიც. გარდაცვლილთა ორგანიზმში იდენტური მომწამვლელი ნივთიერება აღმოაჩინეს. მოგვიანებით გარდაიცვალა სასამართლო ექსპერტიზის ის თანამშრომელი, რომელიც გარდაცვლილი კიველიდის ღვიძლს იკვლევდა. სიკვდილს ძლივს გადაურჩნენ შემთხვევის ადგილზე მისული საგამოძიებო ჯგუფის წევრებიც.

ისინი რამდენიმე დღით საავადმყოფოში მოათავსეს. კიველიდის მკვლელობამ რუსეთის საქმიან წრეებში დიდი ხმაური გამოიწვია. ბიზნესმენებმა მკვლელის პოვნისთვის ჯილდოდ ერთი მილიონი დოლარი დააწესეს. ამასობაში კი ექსპერტებმა დაადგინეს, რომ კიველიდი და მისი გარემოცვა მოწამლეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და იშვიათი საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებით, მაგრამ - როგორ, კითხვა უპასუხოდ რჩებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ შხამი წასმული იყო ტელეფონის ყურმილის მოსასმენ ნაწილზე. როდესაც ბიზნესმენი ტელეფონზე საუბრობდა, ყურმილის ყურთან მიდების დროს შხამი ნელ-ნელა შეიწოვებოდა კანში...

იმ პერიოდში რუსეთის საქმიანი წრეების კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემდეგი სამიზნე კიველიდის მეგობარი ბიზნესმენი კახა ბენდუქიძე უნდა ყოფილიყო. "კიველიდის დასაფლავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩემთან, "ნიმეკის" ოფისში, მოვიდა ერთი კაცი (ცნობილი ბანკის თანამშრომელი) და მითხრა, - როდესაც ბოლო დროს მომხდარი შეკვეთილი მკვლელობები გავაანალიზე, დავასკვენი, რომ ახლა შენი ჯერიაო. ამის შესახებ ინფორმაციაც კი ჰქონდა. სტუმარი მარწმუნებდა, რომ კიველიდის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფმა, რომელსაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა სურდა. მათთვის სულერთია, ვის მოკლავენ. თუ 20.000 დოლარს გადაიხდი, მაშინ შენ მაგივრად სხვას მოკლავენო.
ალექსანდრ ლიტვინენკო
2005 წლიდან სპეცსამსახურების საბრძოლო არსენალში ორკომპონენტიანი შხამები გვხვდება (საცდელ ნიმუშზე ჯერ კიდევ სიკვდილის ექიმის, მაირანოვსკის ლაბორატორიაში მუშაობდნენ). თავიდან მსხვერპლის ორგანიზმში შეჰყავთ ნეიტრალური ნივთიერება, ხოლო ორი თვის შემდეგ ადამიანი სვამს მეორე ასეთ ნეიტრალურ ინგრედიენტს (მაგ., ფინჯან ჩაის). ორგანიზმში ორი კომპონენტის ურთიერთქმედების შედეგად ადამიანი დაახლოებით ერთ კვირაში კვდება "ჩვეულებრივი"სიკვდილით" - გულის გაჩერებით.

2006 წლის 23 ნოემბერს დიდი ბრიტანეთი სკანდალში გაეხვია. ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა ФСБ-ს ცნობილი პოლკოვნიკი ალექსანდრ ლიტვინენკო. ის პოლონიუმ-210-ით მოწამლეს. ლიტვინენკოს მკვლელობა ყველაზე ძვირად ღირებულია კაცობრიობის ისტორიაში - 32 მლნ ევრო დაჯდა. დასავლეთის პრესა ლიტვინენკოს სიკვდილში პუტინს ადანაშაულებდა, რუსული სპეცსამსახურები - ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკის, ესპანეთის პოლიცია კი ლიტვინენკოს მოწამვლაში ტარიელ ონიანის კვალს ხედავდა. ФСБ-ს ოფიცრის მოწამვლის გარშემო ვნებათაღელვა არც იყო ჩამცხრალი, რომ ლონდონი კვლავ მოექცა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში - 2008 წლის 12 თებერვალს ინგლისის დედაქალაქიდან 29 კილომეტრში, ლაზერჰედში (სურეის საგრაფო) გულის შეტევით გარდაიცვალა ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი. ოლიგარქის სიკვდილი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ დიდხანს არ სჯეროდათ, რომ ბუნებრივად გარდაიცვალა.

"რადგან საქმე გვაქვს სიკვდილთან და გარდაცვლილი მხოლოდ 52 წლისაა, პოლიცია ფიქრობს, რომ სიკვდილი ძალიან საეჭვოა".
(რუდ კოპერვეიდი, სურეის საგრაფოს პოლიციის პრესსპიკერი)

პატარკაციშვილის მოწამვლაზე, პრესის გარდა, ექსპერტებიც დამაჯერებლად საუბრობდნენ. მისი პირადი ექიმი ირწმუნებოდა, რომ ბადრის გული არ აწუხებდა. გაჩნდა ეჭვი, რომ პატარკაციშვილის სიკვდილში ბერეზოვსკის ხელი ერია. სწორედ მან ნახა ის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. სავარაუდოდ, ბერეზოვსკის არ მოსწონდა ბადრისა და რუსეთის დამთბარი ურთიერთობა და ფიქრობდა, რომ რუსეთის ასეთი პოზიციის საპირწონედ ბადრი ლიტვინენკოს სიკვდილის საიდუმლოს აუცილებლად გაამხელდა.

თავად ბერეზოვსკი ამ ვერსიას უარყოფდა:

"ჩვენ შევხვდით სიკვდილამდე 6 საათით ადრე არა სახლში, არამედ ოფისში. თუ ვის ოფისში, ამას გამოძიების დასრულებამდე არ ვიტყვი. რაც უნდა მოხდეს, რა ვერსიებიც უნდა დაიდოს, მაინც არაფერს ვიტყვი".

მართალია, ბერეზოვსკი მალავდა ბადრისთან შეხვედრის ადგილს, მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გარდაცვალების დღეს ბადრი, ბერეზოვსკი და მათი ორი კომპანიონი - იური დუბოვი და ნიკოლოზ გლუშკოვი (აეროფლოტის ყოფილი ხელმძღვანელი; მისი ციხიდან გაქცევა ბადრის ჰბრალდებოდა და რუსეთში საქმეც იყო აღძრული) ერთ-ერთ საადვოკატო კანტორაში იყვნენ. ბადრის თან ახლდა ინგლისის ყოფილი გენპროკურორი ლორდი გოლდსმიტი, რომელიც ბადრის ადვოკატი იყო. მათ მოგვიანებით ლორდი ბელიც შეუერთდა. როგორც ბელი იხსენებს:

"ოთახში ძალიან ცხელოდა, ჰაერი ჩახუთული იყო. ბადრიმ თქვა, - კარგად ვერ ვარო და დაბლა ჩავიდა სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად. როდესაც ამოვიდა, ნორმალურად გამოიყურებოდა".

არსებობს ეჭვი, რომ თავად ბერეზოვსკიც სპეცსამსახურების მსხვერპლად იქცა... იხილეთ ასევე

ნინო ბურჭულაძე

მკითხველის კომენტარი (2)
.........
19 თებერვალი 2017 00:51
ბრიტანელების დამპალ პოლიტიკას აშშ-ც კი ვერაფერს უგებს ზოგჯერ. განტევების ვაცი კი ყოველთვის ჩკ და მისი მემკვიდრეები არიან. გაიგე ახლა რუსები არიან თუ ბრიტანელები "რადიაქტიული არმაგედონის" შემოქმედები.
gavazeli
17 თებერვალი 2017 15:27
რავა ყველა მსხვერპლი ლონდონში მოკლეს? ამდენი დამთხვევა?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა