ბედიონოვსკის მძევლები
(გაგრძელება, დასაწყისი #20-21)
1994 წლის 22 დეკემბერს, შებინდებისას, გროზნოში, მთავარ მოედანზე, ზვიად გამსახურდიას საფლავთან რამდენიმე კაცს მოეყარა თავი.
- გადაწყვეტილია, პრეზიდენტი აქედან უნდა გადავასვენოთ, - თქვა გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენელმა გროზნოში სოსო თორიამ.
- სად? - ჰკითხა დავითმა.
თორია ჩაფიქრდა:
- ერთი იდეა მაქვს, ზვიადს აქვე ახლოს დავასაფლავებთ, - და როდესაც მოსაუბრის გაკვირვებული სახე დაინახა, დაამატა, - ვინ იფიქრებს, რომ პრეზიდენტი ორიოდე მეტრში გადავასვენეთ, მისი საფლავიც ასე უფრო დაცული იქნება. დროა, საქმეს მივხედოთ.
- გაიგეთ, იჩქერიის მუფთიმ აჰმედ ჰაჯი კადიროვმა დღეს რუსების წინააღმდეგ ჯიჰადი გამოაცხადა, - თქვა დავითმა და სიგარეტს მოუკიდა.
- რაო, რა თქვა? - დაინტერესდნენ სხვებიც.
- ყველას მოუწოდა, რომ თითოეული ჩეჩენი ვალდებულია, 150 რუსი მოკლას, სანამ ამ ერს საერთოდ არ გაანადგურებენ.
- მაგათ რა დახოცავს, რამდენი არიან, - ჩაილაპარაკა თორიამ და თანამოძმეებს შეახსენა, დროზე დავამთავროთო.
მუშაობაში გართულთ თავზე გროზნოს მერი ლეჩე დუდაევი წამოადგა, რამდენიმე შეიარაღებული პირი ახლდა.
- დახმარება ხომ არ გჭირდებათ?- ჰკითხა ღიმილით თორიას.
- გმადლობთ, თითქმის დავამთავრეთ, - შეაგება სიტყვა სოსომ და მოკლედ გააცნო თავისი მოსაზრება.
- რას არ მოიფიქრებენ ქართველები, - გაეღიმა ლეჩეს და ქართველებს მხლებლები წარუდგინა.
- ჯაბრაელ და ჰალიდ იამადაევები.
- რუსლანის ძმები ხომ არ ხართ? - დაინტერესდა სოსო თორია.
- კი ბატონო. გუდერმესის სამხედრო კომენდანტის რუსლან იამადაევის ძმები არიან, მოსკოვიდან ჩამოვიდნენ, - განმარტა ლეჩე დუდაევმა.
- მოსკოვში ბიზნესი გვაქვს და ძირითადად იქ ვართ, - ჩაურთო ჯაბრაელ იამადაევმა.
- ასეთ დროს აქ რა გინდათ? - იკითხა დავითმა.
- თავის დროზე მოსკოვში მე და ჰალიდი აზერბაიჯანელებს დავცინოდით, ბაქოში ომია, თქვენ კი ბაზარში პომიდორს ყიდით-თქო, ახლა ჩვენთან არის ომი და იქ რა გაგვაჩერებდა? - გაეცინა ჯაბრაელს.
- თუმცა გროზნოს ჩვენი ორი ძმა კიდევ იცავს, სულეიმანი და ისუ, - ამაყად დაურთო ჰალიდმა.
...1996 წლის იანვარში გროზნოსთვის სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობდა, გარემოცვის მოთხოვნით იჩქერიის პრეზიდენტი ჯოჰარ დუდაევი გუდერმესში გადავიდა, სადაც შედარებით სიმშვიდე იყო. გროზნოს უკანასკნელი დამცველები, შამილ ბასაევის მეთაურობით, რუსეთის არმიის ნაწილებმა ალყაში მოაქციეს. გაჟლეტისაგან ისინი სულეიმან იამადაევის რაზმმა იხსნა - რუსების ალყის გარღვევა მოახერხა და თანამოძმეების დასახმარებლად გროზნოში შეიჭრა. მათი გამოსვლის შემდეგ ქალაქი დაეცა.
ჩეჩნეთი პარტიზანულმა ბრძოლებმა მოიცვა. იჩქერია დანებებას არ აპირებდა. რუსეთში მიხვდნენ, რომ ჩეჩნეთში ომს ვერ მოიგებდნენ....
1995 წლის მაისის შუა რიცხვებში ჩეჩნეთსა და რუსეთს შორის არაფორმალური მოლაპარაკებები დაიწყო საომარი მოქმედებების შეწყვეტის და სამშვიდობო ხელშეკრულების დადების თაობაზე. ჩეჩნეთის მხრიდან მოლაპარაკებების ორგანიზატორი ყოფილი გენერალური პროკურორი უსმან იმაევი იყო, ხოლო რუსეთის მხრიდან - ცნობილი ბიზნესმენი და რუსეთის დუმის დეპუტატი არკადი ვოლსკი...
გუდერმესში, დუდაევთან შეხვედრისას ვოლსკი სიმწრით ინარჩუნებდა სიმშვიდეს.
- თქვენ გროზნო დაკარგეთ და ომის გასაგრძელებლად ძალა არ გეყოფათ; ამიტომ აჯობებს, თუ კაპიტულაციას გამოაცხადებთ და გადადგებით, - არწმუნებდა ვოლსკი დუდაევს, თუმცა საკუთარი ნათქვამისა თავადაც არ სჯეროდა.
კაპიტულაციის გაგონებაზე დუდაევის დაცვის უფროსი აბუ არსანუკაევი წამოენთო და იარაღის ტარი მოსინჯა. დუდაევს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია და არსანუკაევს ანიშნა, - მშვიდად იყავიო.
- სამაგიეროდ რას მთავაზობთ? - ჯიქურ ჰკითხა პრეზიდენტმა მოსაუბრეს.
- შეგეძლებათ, წახვიდეთ ნებისმიერ ქვეყანაში, - ამოილუღლუღა ვოლსკიმ.
- სადაც ნებავს, ოღონდ რაც შეიძლება შორს რუსეთიდანო - ასე თქვა, ხომ ბორიამ ჩემზე? - გადაიხარხარა ჯოჰარმა მოულოდნელად, - დღეს შენ პარლამენტარის მანდატმა გადაგარჩინა, - ცივად უთხრა ვოლსკის და ოთახიდან გავიდა.
- გროზნო ჩვენი იქნება, ასე გადაეცი შენს ძაღლებს, - გამოსცრა აბუ არსანუკაევმა და ვოლსკი მანქანამდე მიაცილა.
...7 ივნისს, ვედენოში მყოფ შამილ ბასაევს მოახსენეს, გუდერმესში პრეზიდენტი გელოდებათო. დუდაევთან შეხვედრამდე ბასაევმა ქალაქის ყოფილი კომენდანტი, ახლა უკვე დაზვერვის სამმართველოს უფროსი რუსლან იამადაევი ინახულა...
- რუსლან, საიდოვისთვის ხომ არ მოგიკრავს თვალი? - ჰკითხა იამადაევმა შამილს დამშვიდობებისას.
- ბოლოს შალიში იყო საქმეებზე, - მიუგო ბასაევმა.
რუსლან იამადაევი თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა. სხვა დროს იყოსო, - უთხრა ბასაევს და პრეზიდენტის შტაბისკენ წარუძღვა.
იჩქერიის პრეზიდენტი მარტო იყო. "მუსაც არ ჩანს, - გაუკვირდა კაბინეტში შესულ შამილ ბასაევს, - მოტეხილა არწივი", - გაიფიქრა შამილმა და ფანჯარასთან მდგომ დუდაევს მიესალმა.
- ვიცე-პრემიერი სოსკოვეცი და კომპანია, - საუბარი მოულოდნელად წამოიწყო დუდაევმა, - საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე ბრძანების გამოცემისთვის ფულს მთხოვდა, 8 მილიონ დოლარს.
- მიეცით? - ჩაეკითხა ბასაევი.
- გავუგზავნე, რათა მოსახლეობა დამეცვა, მაგრამ ბრძანება ჯერაც არ გამოსულა. ხალხი მეღუპება.
"აი, თურმე რატომ კითხულობდა იამადაევი საიდოვს", - გაუელვა ბასაევს.
- რა გამოდის...
- გამოდის, რომ ელცინის გარემოცვამ გადაგვაგდო, - გაცხარდა ჯოჰარ დუდაევი.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ბასაევმა არ იცოდა, რა ეთქვა. დუმდა ჩაფიქრებული პრეზიდენტიც.
- შამილ, რუსებს ფული უნდა დავაბრუნებინოთ ან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დავითანხმოთ, - თქვა დიდი ხნის პაუზის შემდეგ დუდაევმა და თან დაამატა, - ამას შენ მიხედავ.
ბასაევს არაფერი უთქვამს, თავი დაუქნია დუდაევს და ჩქარი ნაბიჯით შტაბიდან გამოვიდა.
...1995 წლის 14 ივნისს ბუდიონოვსკის (სტავროპოლის მხარე) საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში ოქსანა ოლეინიკოვას ექთანმა მეუღლის საჩუქრები მიუტანა - ხილი და ბებიის გამოგზავნილი ქაღალდის ნაგლეჯზე ნაჩქარევად დაწერილი "მამაო ჩვენო".
- ჩემს მეუღლეს გადაეცით, რომ პატარა ლარა კარგად გვყავს, შუადღისას მომიყვანენ საჭმელად. თავს მიხედოს.
შუადღისას საავადმყოფოში პანიკა შეიქმნა. სამშობიაროში ექთანს ბავშვები დედებთან მიჰყავდა და აღელვებული ძლივს ამბობდა, - საავადმყოფო ტერორისტებმა დაიკავეს, გამოსავალი არ არის, ბავშვები თან გყავდეთო. პალატებში ჩოჩქოლი ატყდა. მალე დერეფანში მთავარი ექიმი რაისა გონჩაროვა გამოჩნდა - პანიკის დრო ნამდვილად არ არის, მშობიარეები მაღლა სართულებზე უნდა გადავიყვანოთ, ვისაც დახმარება შეგიძლიათ, მოგვეხმარეთო.
ოქსანა ოლეინიკოვა მესამე სართულზე აღმოჩნდა. 6-საწოლიან პალატაში 20 ქალი მოათავსეს.
- კარები ჩავრაზოთ და საწოლები ფანჯრებზე ავაფაროთ, სროლის დროს მინის ნამსხვრევები ოთახში რომ არ ჩამოცვივდეს, ლეიბები კი ძირს დავაგოთ და ბავშვები დავაწვინოთ, - თქვა დაღესტნელმა ფატიმამ.
უსიტყვოდ დაუჯერეს.
- საცოდავი ბავშვები, ესენი ხომ სულ რამდენიმე დღის არიან, - ტირილს ვერ იკავებდა ექთანი.
მალე ჩარაზული კარი ტერორისტებმა შემოამტვრიეს. პალატაში შამილ ბასაევი და ორი მეომარი შემოვიდა.
- აქ ისხდებით, ცხვირს არსად გაყოფთ. საპირფარეშოში მხოლოდ ჩვენი ნებართვით გახვალთ, - ბრძანა ბასაევმა.
- ახლა უფლება გაქვთ, ოჯახებში დარეკოთ, მაგრამ როგორც კი უნებართვოდ თავს ასწევთ, მაშინვე გესვრით, - თქვა პირქუშად ერთ-ერთმა მეომარმა და ტერორისტებმა კარი გაიხურეს.
- ტელეფონი დერეფნის ბოლოში დგას და იქამდე როგორ მივიდეთ?- უიმედოდ იკითხა ერთ-ერთმა ქალმა და ტირილი აუვარდა.
- გავხოხდეთ, - მოუჭრა ოქსანამ, - შინ უნდა გავაგებინოთ, რომ ცოცხლები ვართ...
საავადმყოფოში გამოკეტილმა მძევლებმა (ასეთი 1000-მდე იყო) წესიერად არც იცოდნენ, რა ხდებოდა. მთავარი ექიმი ყველას არწმუნებდა, ხელისუფლება საავადმყოფოზე იერიშს არ მიიტანსო.
15 ივნისს, დილით 9 საათზე, ქალები სასადილოში ტელევიზორის საყურებლად ჩაიყვანეს. საინფორმაციო გამოშვებებში აცხადებდნენ, რომ სტავროპოლში 40-მა მეომარმა 20 კაცი მძევლად აიყვანა, რომელთა გათავისუფლება სამართAლადამცავებმა ოპერატიულად მოახერხეს. ნანახით გაოგნებული ქალები კარგა ხანს ხმას ვერ იღებდნენ.
- ხედავთ, თქვენი მთავრობა როგორ მალავს ყველაფერს? - გესლიანად თქვა ერთ-ერთმა ტერორისტმა. მხოლოდ საღამოს გავრცელდა ცნობა საავადმყოფოში მყოფთა მძევლად აყვანის შესახებ. უკვე ხმამაღლა საუბრობდნენ დაჭრილებსა და დაღუპულებზე. 20 ივნისს ხელისუფლებამ საავადმყოფოზე იერიშის მიტანა გადაწყვიტა. სპეცდანიშნულების რაზმი "ალფა" საავადმყოფოში შეიჭრა. პალატაში მყოფმა ქალებმა დაინახეს, როგორ დაიჩოქა ფატიმამ და ლოცვა დაიწყო.
- ის თავის ღმერთს ბავშვების გადარჩენას ევედრება, - თქვა მოულოდნელად ექთანმა. რამდენიმე წამში ფატიმას გვერდით ოქსანამ ჩაიმუხლა და ბებიის გამოგზავნილი "მამაო ჩვენო" ამოიღო, ცდილობდა, ხმამაღლა წაეკითხა. ზემო სართულიდან ტყვიამფრქვევის კაკანი მათ ხმებს ახშობდა.
მოულოდნელად პალატაში ერთი მეომარი შემოვარდა და ფატიმას ჩეჩნურად ყვირილი დაუწყო.
- მე ჩეჩნური არ მესმის, - მშვიდად უთხრა ფატიმამ.
- აა, დაღესტნელი ხარ? ახლავე მოგკლავ, შე ძუკნა, - მეომარმა ჩახმახი გადასწია. ქალები მიხვდნენ, რომ სიკვდილი ძალიან ახლოს იყო. უცებ ოქსანამ დაინახა, რომ ერთ-ერთი ქალი საწერ-კალმით ხელ-ფეხზე საკუთრ სახელს და გვარს იწერდა.
- რას აკეთებ? - ჰკითხა გაოცებულმა.
- მეომრებმა გუშინ თქვეს, რომ საავადმყოფო დანაღმულია და იერიშის შემთხვევაში ყველა ავფეთქდებით, ამიტომ ვიწერ სახელსა და გვარს, რათAა ჩემი ნაწილები იოლად იპოვონ. ბავშვებს ისედაც ხომ აწერიათ, - თქვა სევდიანად ქალმა. სიკვდილის მოლოდინში ყველა ქალმა მას მიჰბაძა.
..."ალფას" პირველი სართული უკვე გაწმენდილი ჰქონდა, რომ მოულოდნელად შამილ ბასაევს რუსეთის პრემიერი ვიქტორ ჩერნომირდინი დაუკავშირდა.
- ჩვენ მხოლოდ დაპირებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს ვითხოვთ... ჩვენს ქალებსა და ბავშვებს ასე ხოცავდით გროზნოში, -…ჩაჰყვიროდა შამილი ტელეფონში...
რამდენიმე წუთში საავადმყოფოში სროლები მინელდა, ბოლოს შეწყდა, შენობა კვამლში გაეხვია. მძევლებმა რომ გაიგეს, გვათავისუფლებენო, თავიდან დაჯერება გაუჭირდათ. ისინი ბავშვებიანად ჩამოიყვანეს პირველ სართულზე. ჩამოსვლისას კიბეებზე ოქსანამ რამდენიმე გარდაცვლილი ფეხმძიმე ქალი დაინახა.
ერთი მძიმედ დაჭრილი სისხლისგან იცლებოდა. კარში ერთი მეომარი იდგა და მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ამბობდა: - "გვაპატიეთ, ეს ჩვენ არ გვინდოდა." "დიდი მადლობა რომ არ დაგვხოცეთ", - უთხრა ოქსანამ მეომარს და ეზოში უგონოდ ჩაიკეცა.
შამილ ბასაევი ჩეჩნეთის გზას გაუყვა. სპეცდანიშნულების რაზმი "ვიტიაზი" მხოლოდ ბრძანებას ელოდა, რათAა ტერორისტები გზაში ამოეხოცა, მაგრამ ჩერნომირდინმა დანაპირები შეასრულა და ბასაევი უსაფრთხოდ გადავიდა ჩეჩნეთში.
1995 წლის 3 ივლისს ბორის ელცინმა ხელი მოაწერა 8 მილიონ დოლარად ნაყიდ ბრძანებას ჩეჩნეთში საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე.
იმავე ღამეს სერგეი სტეპაშინი ტელეფონის ზარმა გააღვიძა.
- მომაშორე დუდაევი, - ჩაესმა მას პრეზიდენტ ელცინის ხმა...
P.S. ბუდიონოვსკის ტერაქტს ემსხვერპლა 130 მშვიდობიანი მოქალაქე, 36 სამხედრო მოსამსახურე და მილიციის თანამშრომელი, 400 კაცი დაიჭრა...
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)