" დუბოვაია როშჩა" - კვირის პალიტრა

" დუბოვაია როშჩა"

(გაგრძელება, დასაწყისი #32, 33)

2008 წლის 8 აგვისტოს, 12 საათისთვის ქართული შეიარაღებული ძალები ცხინვალში შევიდნენ, პარალელურად მიმდინარეობდა რეზერვისტთა მობილიზაცია.

11 საათზე ვაზიანის აეროდრომზე შეკრებილი რეზერვისტები ტრანსპორტის მოლოდინში მიმდინარე ომზე საუბრობდნენ.

- ჩანს, დროულად წამოვსულვართ საბერძნეთიდან, - მიეგება გოგიტა მაჩხანელი ირაკლი ცარციძეს, - ერეკლე სადღაა? - იკითხა, როდესაც ახლომახლო ერეკლე დადვანი ვერ შეამჩნია.

- ერეკლე კოდორში ავიდა, შეიძლება იქ გახდეს საჭირო, - გადაეხვია ცარციძე მეგობარს. მოულოდნელად  გამაყრუებელი ხმა გაისმა, რასაც აფეთქებაც მოჰყვა.

- აეროდრომს ბომბავენ, - ჩაესმა ირაკლის, თუმცა განძრევა ვერ შეძლო. როცა გონს მოვიდა, დაინახა - გოგიტა მაჩხანელი და ვიღაც უცნობი თავს დასტრიალებდნენ. "ალბათ ექიმია", - გაუელვა.

- კარგად ხარ? - ჰკითხა უცნობმა. ცარციძემ გაღიმება სცადა.

- ექიმი-რეზერვისტი მურმან გელენავა, - გაეცნო უცნობი და ცარციძეს წამოსაყენებლად ხელი გაუწოდა.

- რუსებმა ჩვენი შეშინება სცადეს, ახლა ჩვენი ჯერია, - თქვა გოგიტა მაჩხანელმა, როდესაც აეროდრომის ტერიტორიაზე შემოსულ ყვითელ ავტობუსებს მოჰკრა თვალი.

- წავედით, წინ დიდი საქმეები გველოდება, - მიაძახა რეზერვისტებს და ავტობუსისკენ გაემართა.

- გახდა რა, ესეც ახალი ტალეირანი, - ჩაიცინა ცარციძემ და ზურგჩანთა აითრია....

ცხინვალის თავდაცვის შტაბში საგანგებო თათბირი მიმდინარეობდა. მურად ფლიევი რამდენიმე რუს სამხედროსთან ერთად სამოქმედო გეგმაზე მსჯელობდა.

ამ დროს ღია კარებში აღელვებული ფლიევის თანაშემწე გამოჩნდა:

- დაგვირეკეს, რომ ქართული ტელეარხები ჩვენი პრეზიდენტის განცხადებას ატრიალებენ, თითქოს უთქვამს, რუსებმა მიგვატოვეს და გვიშველეთო...

უეცრად ჩამოვარდნილი სიჩუმე ერთ-ერთი რუსი სამხედროს ხმამ დაარღვია:

- ჩვენ არსად წავსულვართ, პირიქით, ახლა მოვედით... ვფიქრობ, კოკოითის განცხადება ერთგვარი სატყუარაა მოწინააღმდეგის შეცდომაში შესაყვანად ისევე, როგორც ქართველების შემოსვლა ქალაქში...

მოთათბირეებმა შვებით ამოისუნთქეს. რუსმა სამხედრომ განაგრძო:

- ჩვენი მთავარი ამოცანა დილისთვის იყო, რომ მტრის რეზერვისტთა ძალები საბრძოლო პოზიციებამდე არ მოგვეშვა, ამიტომ  ჩვენმა ავიაციამ განახორციელა საჰაერო დარტყმები რეზერვისტების თავშეყრის ყველა ადგილას.

- ქართველებმა ჩვენი შეშინება სცადეს, ახლა ჩვენი ჯერია, - ორაზროვნად გაეღიმა მურად ფლიევს და თათბირის დამთავრების ნიშნად ფეხზე წამოდგა...

- 2008 წლის 8 აგვისტოს, შუადღისას,  ქართული შეიარაღებული ძალები გმირთა ქუჩით ცხინვალის ცენტრისკენ დაუბრკოლებლად მიიწევდნენ. მოულოდნელად მოწინააღმდეგემ ქალაქის მთავარი ადმინისტრაციული შენობიდან და მისი მიმდებარე ტერიტორიიდან ძლიერი ცეცხლი გახსნა.

- გადაეცით, რომ გმირთა და ისაკის ქუჩებზე მდებარე შენობებში მყოფმა ყველა სნაიპერმა ერთდროულად იმუშაოს, - რადიოკავშირით გასცა ბრძანება მურად ფლიევმა მას შემდეგ, რაც მოახსენეს, ქართველების შეტევა ცენტრში შეჩერებულიაო. ქართუUლი დანაყოფები სწრაფ გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. დაიწყო ქაოსი.

- შეეფარეთ შენობებში, ეცადეთ ცოცხლები დარჩეთ, - უყვიროდა ქართული სატანკო ბატალიონის მეთაური თანმხლებ ქვეითებს, რომლებიც სნაიპერების სამიზნეებად იყვნენ ქცეულნი, შემდეგ რადიოს საშუალებით ცდილობდა თავის ტანკებთან დაკავშირებას.

- ყველა ტანკს, ვისაც ჩემი ესმის... სროლის შემდეგ სწრაფად შეიცვალეთ ადგილები, რათა მტერმა თქვენი მიზანში ამოღება ვერ შეძლოს!..

- ვერ ვახერხებთ მანევრირებას, ქუჩა ვიწროა და ჯარისკაცებით არის სავსე, - გაისმა პასუხი.

- დაჭრილები გვყავს, ძლიერი ცეცხლის ქვეშ მოვყევით, - ჩაერთო რადიოკავშირში სხვა ხმა.

- სად ხართ? - ჩასძახოდა გამწარებული სატანკო ბატალიონის უფროსი, - იქნებ დახმარება  შევძლოთ.

რამდენიმე წამით რადიოკავშირი გაწყდა.

- არ ვიცით, რა ქუჩებია, სამი ტანკი ალყაში ვართ მოქცეული, ქვეითებში დაჭრილები და დაღუპულებიც გვყავს, - გაისმა ისევ ხმა. სატანკო ბატალიონის უფროსს ყელში სიმწრის ცრემლი მოაწვა. კავშირი ისევ გაწყდა..

ქართული სპეცდანიშნულების რაზმები, რომლებიც შედარებით ორგანიზებულად მოქმედებდნენ, ცდილობდნენ, ცხინვალის ცენტრში სასიკვდილოდ განწირულ ჯარისკაცთა კოლონებს დახმარებოდნენ, ჯავშანმანქანა "კობრა", რომელშიც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა მესამე ოპერატიული სამმართველოს მეომრები ისხდნენ, ჯიუტად მიიკვლევდა გზას ვაგზლისპირა ქუჩებისა და მოსკოვის ქუჩის გადაკვეთისკენ, როდესაც დამწვარ ტანკებს მიუახლოვდნენ, საშინელი სურათი გადაეშალათ, 3 ქართულ ტანკს ჯერ კიდევ ცეცხლი ეკიდა.

ჯავშანმანქანიდან ერთი მებრძოლი გადმოხტა და ცეცხლმოდებული ქართული დროშა ალის ჩასაქრობად გულში ჩაიხუტა, დანარჩენებს დახოცილები მანქანაში აჰყავდათ.

ერთ-ერთ ჯარისკაცს მიუახლოვდნენ. მოულოდნელად ის გაინძრა, უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, ყუმბარიანი ხელი მკერდთან მიიტანა და მის გახსნას შეეცადა.

- ქართველები ვართ, ბიჭო, შენიანები, -  გახარებული მებრძოლი ცრემლმორეული უყვიროდა დაჭრილს. ამის გაგონებაზე დაჭრილს გაეღიმა და... პირს ღიმილი შეაცივდა...

"დუბოვაია როშჩაში" მეოთხე ბრიგადის 42-ე ბატალიონი ისვენებდა. ცაში მოიერიშე Cу-25-ის გამოჩენამ ჯარისკაცები გაახარა.

- ჩვენები არიან. ეტყობა, ცხინვალზე მიფრინავენ, როგორც ამ დილით, - თქვა ერთმა და თვითმფრინავს მისალმების ნიშნად ხელიც დაუქნია, მას სხვა ჯარისკაცებიც აჰყვნენ. ასიოდე მეტრის სიმაღლეზე მფრინავ თვითმფრინავს თვალს ბატალიონის უფროსის მოადგილეც ადევნებდა.

- კიდევ კარგი, ჩვენია, რუსებისა რომ ყოფილიყო... თან არც ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები გვაქვს, არ უნდა დაგვეტოვებინა, - უთხრა  ბატალიონის უფროსს.

- სად გვეტარებინა ამ სიცხეში, - ჩაიბურტყუნა მეთაურმა და თვალი მილულა.

რუსულმა თვითმფრინავმა კიდევ ერთხელ გადაუფრინა "დუბოვაია როშჩას" და გეზი ცხინვალისკენ აიღო..

- შეიძლება ჩვენი არც იყო და გვზვერავდა, - ამოიხვნეშა ზემდეგმა გიორგი ბროლაძემ და ეჭვიანად გააყოლა თვალი თვითმფინავს...

- რომელი საათი იქნება, ასე რომ ცხელა? - იკითხა ზემდეგმა ბროლაძემ.

- ზუსტად ორია.

- ეტყობა, მილი დაზიანდა, წყალი არსად მოდის, - ჯარისკაცს სიტყვა დამთაAვრებული არ ჰქონდა, რომ გუგუნი გაისმა - ცაში მოიერიშე თვითმფრინავებს მოჰკრეს თვალი. შემდეგ ყველაფერი კვამლმა დაფარა. გიორგი ბროლაძეს ესმოდა, თუ როგორ  ითხოვდნენ შველას, მაგრამ კვამლის გამო ვერაფერს ხედავდა, დაბომბვა კი გრძელდებოდა.

- გაიქეცით, გაიქეცით, - ჩაესმა ბატალიონის მეთაურის ხმა. ბროლაძე ხმას მიჰყვა,  რამდენიმე ასეული მეტრი გაირბინა და უცებ გაჩერდა.

- ბიჭები, - წამოიძახა და უკან მიბრუნდა. ცდილობდა, დაჭრილები წამოეყვანა, მაგრამ ძალა არ შესწევდა, - მომეხმარეთ, მიშველეთ, - ყვიროდა განწირული ხმით. მის ხმაზე ჯარისკაცები მოცვივდნენ და რამდენიმე დაჭრილი გაიყვანეს.

ბატალიონი მეთაურთან ერთად ცდილობდა სოფელ ავნევამდე მიღწევას. რუსული თვითმფრინავები ახლა ტბეთის გზის და ცხინვალის შესასვლელის გადაკვეთაზე მდგარ სატანკო კოლონას ბომბავდნენ, გვარიანად შეთხელებული კოლონა ნიქოზისკენ მიიწევდა.

გაერთიანებულ შტაბში შემაშფოთებელი ცნობები მოდიოდა. ერთი საათის განმავლობაში ქართულმა სამხედრო დანაყოფებმა ცხინვალში დაკარგეს 7 ტანკი,  ორი ჯავშან  და ერთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა, იყო ცოცხალი ძალის დიდი მსხვერპლი (მარტო "დუბოვაია როშჩაში" 22 ჯარისკაცი დაიღუპა. - ავტ.).

მოგვიანებით შტაბში ქვეყნის მთავარსარდალმა დარეკა. შტაბის უფროსმა ზაზა გოგავამ მოკლედ მოახსენა შექმნილი მდგომარეობის თაობაზე და  სამხედრო ხელმძღვანელობის ახალი გადაწყვეტილება გააცნო - გაერთიანებული შტაბი დიდი დანაკარგების გამო სამხედრო დანაყოფების ცხინვალიდან გამოყვანას ითხოვდა. პრეზიდენტი სააკაშვილი ტელეფონში დიდხანს დუმდა.

- გამოიყვანეთ, - იყო პასუხი, - საქართველოს მთავრობა 15-დან 18 საათამდე მორატორიუმს გამოაცხადებს. იმედია, ამ დროისთვის გეცოდინებათ, რას გააკეთებთ, - პრეზიდენტის ხმას მღელვარება ეტყობოდა. გაერთიანებულმა შტაბმა ცხინვალის სასწრაფოდ დატოვების ბრძანება გასცა, თუმცა იქ მყოფ სამხედრო ძალებს ქალაქის დატოვება გაუჭირდათ - ზოგმა ამ ბრძანების შესახებ არაფერი იცოდა. ჯავშანმანქანა "კობრა" ისევ მიიკვლევდა ცხინვალის ქუჩებში გზას და დაჭრილების აყვანას ცდილობდა...

რამდენიმე წუთში "კობრა" გაანადგურეს. მანქანაში მყოფი მებრძოლები სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს და სტალინის ქუჩაზე ბრძოლით ცდილობდნენ გზის გაგრძელებას.

- აქ შემოდით, - მოესმათ მოულოდნელად ხმა. სტალინის ქუჩის 60 ნომრიდან მათ მამაკაცი უქნევდა ხელს.

"მახე ხომ არ არის?" - გაიფიქრა ერთ-ერთმა მეომარმა. თუმცა სხვა გზა არ იყო და მეომრები სახლში შევიდნენ...

- დაგვეხმარეთ, დაჭრილები დაგვრჩა - ეხვეწებოდა ზემდეგი ბროლაძე პირველსავე შემხვედრ ჯარისკაცებს.

- სად არიან? - მოესმა უკნიდან. მობრუნდა. ტანკზე მსხდომი ჯარისკაცები დაინახა.

- "დუბოვაია როშჩაში", - ამოიგმინა ბროლაძემ.

- წავედით, - მოჭრა ჯარისკაცმა და ბროლაძეს ანიშნა, ტანკზე ამოდიო.

- საიდან ხართ? - ჰკითხა ზემდეგმა.

- პირველი ბრიგადის სატანკო ბატალიონის ჯარისკაცები ვართ...

გორის სკოლაში დაბანაკებული რეზერვისტები ამაოდ ელოდნენ ბრძანებას.

- იქნებ თავად გავიდეთ პოზიციაზე, - თქვა გოგიტა მაჩხანელმა და დანარჩენებს გადახედა, მერე მურმანს მიუბრუნდა, - რამდენი ექიმი-რეზერვისტი ხართ?

- აქ ორმოცნი ვართ. რეზერვში სამოცდაათნი კი ვიყავით, მაგრამ დანარჩენები არ მოვიდნენ, - მიუგო უხალისოდ ექიმმა.

მოულოდნელად ეზოში სამხედრო სამედიცინო მანქანა შემოვარდა.

- სამი ვაჟკაცი ექიმი მჭირდება წინა ხაზზე გასასვლელად, - მანქანიდან გადმოუსვლელად დაიყვირა სახმელეთო ჯარების სამედიცინო სამსახურის უფროსმა ჯეჯიამ.

მურმანი წამოდგა, მას კიდევ ერთი ქირურგი მიჰყვა. გოგიტა მაჩხანელმა მიმოიხედა და მწარედ გაიფიქრა, - რა დაგვეტაკა ქართველებსო და მურმანს დაედევნა.

- შენ ხომ არ ხარ ექიმი, - ჩუმად უთხრა მურმანმა.

- არა უშავს, ეგებ რამეში გამოგადგეთ, - დაასწრო გოგიტას ერეკლე ცარციძემ და სამედიცინო მანქანის საბარგულზე ისიც ავიდა.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)